Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბებიაჩემი’

იატაკი უნდა ავყარო, იმ რეკლამის გამო კი არა,ფული რომ შევინახო, უბრალოდ ისედაც დაძველებულია,ზამთარში ზამთრის ბუზები ამოდიან,მსუქნები და დამრგვალებულები, ამათ ყველაზე საშინელი ბზუილი აქვთ მთელს დედამიწაზე, ყველაზე საშინელი სუნი მთელს სამწერეთში. დაბზუიან მანამ,სანამ ჭერის კუთხეში გაკვანძული ობობა არ შესანსლავს.
ჰოდა ასაყრელია,თან იმდენი ნაგავი ამოდის, გადაყრას ვერ ავუდივართ. ქინძისთავებით ვიღებ ჭრილებიდან ნაგავს და მერე ენით ვაწებებ,წმენდას ვერ ავუდივარ,სველი თითით ვამოწმებ და ორ წამში უკვე მტვრიანია.იმ დღემდე სანამ საბოლოოდ არ მოვათრევ სახლში ლამინირებულ პარკეტს და ამ გამხმარ ფიცრებს,პირდაპირ ფანჯრიდან არ გადავყრი,მანამდე სისუფთავე არ მეღირსება.
მერე ჩემი მეზობელი ლოთი ცოლ-ქმარი, მთელ დღეებს, რომ წისქვილში ატარებს,სადაც ნესტიან სიმინდს ფქვავენ,დედაჩემთან ამოვლენ და კითხავენ ცირა რას უშვრები მაგ ფიცრებსო,დედაჩემი კი დაფიქრდება და შემდეგ გადაწყვეტს რომ თვითონ ისედაც ვერ გამოიყენებს და აჩუქებს. მთელი ზამთარი,მათი სამზარეულოს ფანჯრიდან გამოსული კვამლი აივანზე გაფენილ სარეცხს გამიჭვარტლავს. სამაგიეროდ,მეცოდინება რომ მათ თბილი სამზარეულო აქვთ,გაღუღუნებული ღუმელით,სადაც ღამით,ჩვენს ნაჩუქარ,დაშლილ ზამბარიან დივანზე ქმარს სძინავს. მე კი მექნება ლამინირებული იატაკი.აღარც ბუზები შემაწუხებენ,აღარც ტარაკანები და იმ ქინძისთავებსაც გადავყრი,ნაგავს რომ ვიღებ.
ცოტა ფულს რომ შევაგროვებ,აუცილებლად ავყრი ამ დაჭიანებულ იატაკს,ბებიაჩემის პირადობას ამოვიღებ და ოქროს ბეჭედს,წლების წინ შიგნით ჩამივარდა.არავისთვის გამიმხელია.
ლურჯი ოთახის ოცნება მაქვს,ლურჯ ფარდებიანის,ლურჯ ჭერიანის და ლურჯ კედლებიანის.ჰოდა როგორმე სწრაფად უნდა ავისრულო ეს ოცნება,ლამინირებული პარკეტი დავაგო,ლურჯი ფარდები ვიყიდო,ბებიაჩემი ამოვიყვანო ამ დაჭიანებული იატაკიდან და ისევ ხატების კუთხესთან დავაბრუნო.

Read Full Post »

ალბათ, რომ არ მყავს ისეთი ადამიანი რომელსაც ტვინს გავუბურღავ, მაგიტომ ვხოცავთ მე და უტა ერთმანეთს არა შენ ხარ კარგი და არა შენთქო. არადა მართლა ამისთვის ვხოცავთ. ვინმე , რომ მყავდეს კუნძივით რომ იჯდებოდეს და რომ მომისმენდეს, ხოცვა-ჟლეტას გადავრჩებოდით. მოკლედ ფანტასტიური შეყვარებული მყავს. ვაკაკუნებ ხეზე სამჯერ, მერე ვამბობ ფუუი ფუუი ეშმაკს, თვალი არ ეცეს. შავი ქვა უნდა შევაბა, ანდა შელოცვები, რომ მეხერხებოდეს ბებიაჩემივით შევულოცავდი ,ბუხართან დავჯდებოდი, კალთაში ჩავისვამდი,ნახშირს ავიღებდი და შუბლზე ჯვარს გამოვსახავდი,მერე ვიტყოდი ”შეგილოცავ ალისასა მალისასა, თავლ წამწამისასა”,ჩემი ლოცვა გაჭრიდა და მთქნარება ამიტყდებოდა,დამღლიდა  მასზე ლოცვა, მერე ვეტყოდი ნახე როგორ გათვალულხარ სულ გამომაცალე ძალა. ”ჰოი მცირედ მორწმუნენო” ჩემზეა ნათქვამი. ვერაფრით ვეშვები ცრურწმენებს, ბებიაჩემის დამსახურებაა. აწი რაღას გადავეჩვევი. ხორცში მაქვს გამჯდარი. ფანტასტიურია თქო ზემოთ იმიტომ დავწერე, ვიცი ისევ ხოცვა-ჟლეტვა ატყდება ”ულამაზესზე” ამიტომ ეს იყოს, ვინ მიხვდება რა იგულისხმება ”ფანტასტიურში”. შეიძლება ვცდები, მაგრამ რატო არ შეიძლება კაცი იყოს ლამაზი? თან ამავე დროს თუ ძაან კაცურია, ძაან სექსუალურია და ძაან მომხიბვლელია. აი რატო არ შეიძლება სილამაზე ამ ყველაფერსაც გულისხმობდეს? მოკლედ სადაო თემა ნამდვილად არ არის.

გუშინ, მარიამს ვეუბნებოდი გაწვიმდებათქო და არ დაიჯერა. არადა მართლა გაწვიმდა. ბებიაჩემისგან მაქვს გამოყოლილი, ამინდის ცვალებადობას გუმანით ვხვდები.თან საშინლად გაწვიმდა, როგორ არაჩვეულებრივადაც თბილოდა გუშინ ისე არაჩვეულებრივად აცივდა. ჩიტები, რომ დაბლა დაიწყებენ ფრენას მაშინაც გაწვიმდება ხოლმე, სახსრების წამოტკიებითაც ხვდებოდა ამინდის შევლას ბებიაჩემი. რამდენჯერ ვახსენე ბებიაჩემი. ჯანდაბას იყოს ტავტოლოგია, ისე ძაან მომენატრა, ეშმაკსაც წაუღია ტავტოლოგია.

დილაა,იმ მენაგვე ქალს ისევ ვერ ავცდი, ნაგვებში იჯდა და რომ გავიარე რაღაც ჩაიბურტყუნა. გავიფიქრე ”ახლა ხასიათი გამიფუჭდებათქო”, მაგრამ გადავრჩი ხასიათის გაფუჭებას. ადრე მეცოდებოდა, და წესით ახლაც უნდა მეცოდებოდეს, მაგრამ იმუნიტეტი გამომიმუშავდა ასეთ რამეებზე, რაც არ უნდა შევეცადო ”დავგრუზო” თავი აღარ ”ვიგრუზები”. არადა შევძახებ საკუთარ თავს:”სადაა შენი ქრისტიანული თანაგრძნობამეთქი”, მაგრამ არაა და რა ვქნა. ძალით ხომ ვერ გამოვიხმობ, ანდა რომც გამიჩნდეს მე რას შევცვლი, მე რას ვუშველი იმ ქალს ნაგვებში რომ ზის ყოველ დილით და მთელი მისი ცხოვრება, ნაგავში რომ ტრიალებს. ვინ მეკითხება რამე შევუცვალო? ანდა რა ჭირს შესაცვლელი მის ცხოვრებას? აა პენსია გამახსენდა, აი დიდი პენსია რომ ჰქონდეს, ალბათ სახლში დაჯდებოდა და იმ ხელებით ნაგავს რომ ყრის ტომრებში, შვილიშვილებს გაუკეთებდა საჭმელს. ნეტა თუ ჰყავს შვილიშვილები?ანდა ჩემი რა საქმეა,რას ვერევი მის საქმეში. უბრალოდ ის ვთქვი, რომ არ ველოდი და უცებ ნაგვებში იჯდა და რაღაც ჩაიბურტყუნა, რომ გავიარე. ბებიაჩემს რძის და ბალახის სუნი ჰქონდა ხელებზე, კიდევ კვამლის, ბუხარში აცხობდა ჭადებს. არადა ისეთი საშინელი ბუხარი იყო, სულ კვამლი გამოდიოდა. ჩემთანაც ამოდიოდა ზემოთ, წიგნს რომ ვკითხულობდი. ბებიაჩემი კი მაინც აცხობდა ჭადებს, გიჟდებოდა ჩემზე და მეც ვგიჟდებოდი მასზე. ერთად ვსვამდით მის დაყენებულ შავ ღვინოს. მოკლედ ყურძნის ფოთლის გემოც ჰქონდა ხელზე. ისეთი დიდი ხელები ჰქონდა ყველაფრის სუნს იტევდა. სუ ვიხსენებ, ბოსტანში იყო და ყავა ჩავუტანე, ჩემი ჭკუით ვასიამოვნე, არადა ისე აუჩქარდაა გული. მახსოვს გული, რომ უჩაქრდებოდა. ნეტა ახლაც აუჩქარდეს და ისევ ისეთი სირბილით გავიქცევი მეორე სოფელში ექიმთან და წნევის დასაგდებ წამლებს გამოვართმევ. ისევ გამოვიქცევი და აღმართებს შემოვასკდები, ნეტა ცოცხალი დამხვდეთქო. კიდევ კაი, მაშინ ცოცხალი დამხვდა. ისევ იმ მწვანე ყვავილებიან პერანგში იწვა. პერანგებს ყიდულობდა და ინახავდა, რა იცი როდის გავხდები ცუდად ექიმი რომ მოვა ძველი ხომ არ მეცმევაო. უუუფ დამეგლიჯა მუცელში ნაწლავები. ბებიაჩემის დილაა, რახან სხვაზე ვერ ვწერ ბებიაჩემზე დავწერ, მეტი უკეთესი ვინ მყავდა.

ფოსტალიონს ერქვა როინი, ყველა და ბებიაჩემიც როინიას ეძახდა. ”აი როინია, რომ მოვა ბაზარში წავალ, აი როინია მოვიდეს და ფულს მოგცემ, როინია მომიტანს და გადმოგიტან შუქის ფულს”. მოკლედ როინიას ელოდებოდა ბებიაჩემი,ინკასატაროი,მე და კიდევ და უამრავი ხალხი. არადა როინიას სულ რაღაც 17 ლარი მოქონდა. ახლა აღარ ვიცი რამდენი აქვთ პენსია მოხუცებს ჩემს სოფელში და ვის მოაქვს ეს პენსია. არც ის არ ვიცი როინია რას აკეთებს, ისევ ფოსტალიონად მუშაობს და პენსიებს არიგებს თუ რამე საქმე გამოძებნა. იქ ისეთი ხალხია, უსაქმოდ ვერ ჩერდებიან, უეჭველი რამე საქმეს გამოძებნიდა. შეიძლება ახლა ამ წუთას თავის მსუქან ცოლთან ერთად სძინავს.  არა! არა, ძაან გვიანია. სოფლისთვის ძაან გვიანია. ბებიაჩემი მზეს ასწრებდა ადგომაში.

როინია გამახსენდა, ბებიაჩემის აშენებული სახლის ეზოს წინ, სკამზე რომ ცამოვჯდებოდით მე, ბებიაჩემი და როინია. და ბებიაჩემი რომ იკითხავდა, ვითომ მოგვიმატებენ პენსიას როინია. აბა რა იცოდა როინიამ პენსიებზე?!…

Read Full Post »

%d bloggers like this: