Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბედიანი’

მე გამიმართლა, ჩემი დედამთილი წიგნებს კითხულობს, ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ამ ბლოგში ცოტა რამ მინდა დავწერო ურთიერთობებზე, ჯერ თამარ დეიდაზე, მის თეატრზე, სადაც ის დგამდა ისეთ თოჯინურ სპექტაკლებს, როგორიცაა: ,,გოგონა და ბატისჭუკი“, ,,გოგონა და უმადური ვეფხვი“, ,,ბიძია ზღარბი“, ,,კატების წისქვილი“ და სხვა. ერთხელ მეც მოვხვდი მის რომელიღაც სპექტაკლზე და მახსოვს, როგორ გააცოცხლა მისმა პატარა თეატრმა ჩემთვის მაშინდელი აუტანლად პირქუში გარემო, არადა მაშინ მხოლოდ მეჩვენებოდა პირქუშად- ტყეში ჩადგმული პატარა დაბა…
ოთახში შესულს, პირველი რეაქცია ისეთი მქონდა, თითქოს სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ბევრი კარგი რამ მელოდა… ფორთოხლისფერ ფარდის მიღმა კი მისი შეკერილი თოჯინები, თავიანთ გამოსვლას ელოდნენ, ოთახში სიჩუმე იდგა, მგონი წითელქუდას დგამდნენ იმ დღეს, მგლის როლი ლაზარეს უნდა შეესრულებინა, მეოთხე შვილს. სპექტაკლისთვის თოჯინებს თავად კერავდა და რატომღაც, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ყველა თოჯინა უმცროს შვილს ილიას ემსგავსებოდა…. შემდეგ, ეს სახლში მოქმედი თოჯინების თეატრი სკოლაში გადაიტანა და იქ ერთ ოთახში ტარდებოდა სპექტაკლები და რეპეტიციები, სადაც უკვე თამარის შვილებს გარდა სხვა მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბედიანის სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად, ბერძენი, რუსი და სომეხი ბავშვებიც სწავლობდნენ, თამარ დეიდამ მოახერხა და ისინიც ჩართო თავის სპექტაკლებში. შემდეგ, კი სკოლის დირექტორმა, რომელმაც ჩათვალა, რომ თეატრის რამდენიმე გასტროლი ძეგვის და წყნეთის ბავშვთა სახლებში “ფინანსური სარგებელის მომტანი” იყო, ასეთი რამ უთხრა: ხომ, იცი თამარ, ერთი თეთრიც ფულია, სკოლას ფული უნდა გადაუხადო… ამის შემდეგ უკვე მუშაობის გაგრძელებაზე ლაპარაკიცზედმეტი იყო და კიდეც გაჩერდნენ. ახლა ამბობს რომ ენატრება ეს თეატრი, სადაც ძაფით ამოჰყავდა და ჩაჰყავდა მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სადაც ოჩოპინტრეს როლს თავად ასრულებდა და ვერასდროს გამოდიოდა ცარიელ ოთახში, იქ ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები, პატარა მაყურებლები, რომ მათთვის იმპროვიზებულად გაჩენილიყო მთხრობელის სათქმელი.

ფორთოხლისფერ ფარდიან თეატრს მაყურებელი არ აკლდა, ამიტომ თეატრის დირექტორმა, იმავდროულად დასის ხელმძღვანელმა და მსახიობმა თამარ დეიდამ სიმბოლური ფასი დააწესა სპექტაკლის სანახავად მოსული მაყურებლისთვის. ეზოში შემოსული ადამიანები ხურჯინში თითო კაკალს, ბღუჯა-ბღუჯა კამფეტებს ან სხვა რამეს ყრიდნენ.

დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით წიგნებს. მე რომ წავიკითხავ, მას ვუგზავნი. ის რომ წაიკითხავს_ მე. თამარ დეიდა წიგნებს ძირითადად გზაში კითხულობს, მეტროში, ავტობუსში, როცა ხან ერთი შვილის სანახავად მიდის, ხან მეორის, მესამის, მეოთხის, მეხუთის, მეექვსის, მეშვიდის. არ შეშინდეთ, როგორც ამბობს, შვილები სხვის იმედად არ გაუჩენია . არ გაუჩენია გარანტიების ხარჯზე, აი ასეთი ოცნებების ხარჯზე, როგორიც მე მაქვს: თუ მექნება დიდი სახლი აუზით, სტაბილური შემოსავალი და სხვა გარანტიები, მაშინ მეც გავაჩენ ბევრ შვილს…თამარ დეიდა მიდის თავის შვილებთან და დარწმუნებული ვარ, ისევე მიაქვს მათთან ნუგეში, სიმშვიდე, სიმყარე და სითბო, როგორსაც მე ვგრძნობ მასთან შეხვედრისას.

თავდაპირველად, მან გამაცნო მარი მეტრაია, ქალი შვეიცარიის ერთ-ერთი მთიანი სოფლიდან. უფრო სწორად მთლიანად დაშლილი წიგნიდან, გაცრეცილი, უამრავ ადამიანის ხელში მოხვედრილი, ცოტა გაჭუჭყიანებულიც, ძირითადად ქალების მიერ წაკითხული წიგნი. კაცები მგონი ასეთ წიგნებს არ უნდა კითხულობდნენ…წიგნი სულ სულ ფურცელ-ფურცელ იყო დაშლილი, მაგრამ არცერთი გვერდი არ იყო ამ წიგნში დაკარგული. როცა, მასზე – მარი მეტრაიაზე საუბრობს, აშკარად ჩანს, როგორ ემსგავსება სიძლიერით, გაბედულებით, გადაწყვეტილებების მიღებისას ევოლენის ყველაზე გაბედულ ქალს, რომელზეც სოფლის კაცები ასე ხუმრობდნენ : “ევოლენში ერთი კაცია და ისიც ქალი” . ემსგავსება რა, თვითონაც ასეთი იყო და ახლა მისნაირი იპოვა, შორეულ შვეიცარიაში, ქალი რომელიც დამყაყებულ ტრადიციებზე მაღლა დადგა და თავისი შესაძლებლობების რეალიზება შეძლო.

მოკლედ,  ჩემს შვილს ეყოლება ბებია, რომელიც თავის მეხსიერების ხურჯინიდან ამოულაგებს სხვადასხვა ფერის ამბებს, გახდის ფეხზე და ფეხშიშველი გაატარებს მინდორზე, აჩვენებს ყვავილებს, მოასმენინებს ჩიტების ჭიკჭიკს, დაელაპარაკება სიკეთეზე და ბოროტებაზე, ამ ყბადაღებულ თემებზე…

მანამდე, კი ჩემი ვერცხლისფერი ლეპტოპის გვერდით, მოკრძალებით დევს იანუშ კორჩაკის წიგნი :”როგორ უნდა ბავშვის სიყვარული” ასეთი სასაჩუქრე წარწერით : “ჩემი შვილის ლამაზს და ჭკვიანს, უტას მეუღლეს, მომავალ ბედნიერ დედას…თამარ დეიდასგან (ტრადიციულად დედამთილისგან)” და ა.შ წიგნი, რომელიც ორსულობაში არ წავიკითხე და ახლა კი ყველა სიტყვას ვისრუტავ. რადგან, იანუშ კორჩაკი, ყველაზე კეთილი პედაგოგი მსოფლიოში ჩემი გარგარის კურკისხელა შვილის შესახებაც წერს და ყველა სიტყვა ისეთი ძვირფასია ჩემთვის, როგორც “გარგარის კურკასავით პაწაწინა გულისცემა ექოა შენი მაჯისცემის… ”.

ამჯერად, აქ დავამთავრებ.

Read Full Post »

მოვიდა შემოდგომა და მე უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ სად მაქვს გასაქცევი, თან ცოტა კომფორტული და სად შევაფარებ თავს  შემოდგომის დეპრესიებს. დედაჩემმა ამ დილით მითხრა, ვიცოდი შენს მელანქოლიებს ანდრია გააქარწყლებდაო, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე, მართალია ანდრიამ შეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, მაგრამ მელანქოლია იმდენად ჩემეულია, თითქოს ძარღვებში სისხლის ნაცვლად ეგ დამიდის, ფაქტიურად ეგ მაცოცხლებს, ეგ რომ არა სხვანაირი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეგ რომ არა, სულ სხვანაირი ვიქნებოდი.

რახანია ჩამოვედი, უკან მოვიტოვე სიზმრების საწოლი, სადაც ყოველ ღამე ათასნაირ სიზმარს ვნახულობდი შუაღამით და გამთენიისას,  დილით კი დაფეთებული ვიღვიძებდი და გულში ათასგვარ ლოცვას ბუტბუტებდი, ვცდილობდი რაც შეიძლება მალე დამეფერთხა ღამიდან გამოყოლილი აჩრდილები, რომ არცერთი ცუდი სიზმარი არ ამხდენოდა. ვერაფრით მოვშორდი ამ საწოლს, ჩემს და უტას საწოლად იქცა, მოყანყალებული ფეხებით და დაჟანგული ზამბარებით. სიზმრების საწოლი დავარქვი, მაგრამ არავისთვის მომიყოლია ეს სიზმრები…ნელ-ნელა გადამავიწყდა ყველა.

კაი ხანია წამოვედით, იმის მერე მინდა დავწერო და ვერ ვწერ, ხან რას ველოდები და ხან რას, განწყობა მოვა, დრო არ მაქვს, დრო მაქვს განწყობაა სადღაც ჯანდაბაში წასული, ხან მინდა , რომ იწვიმოს და ვიტყვი მაშინ დავწერ, იწვიმებს და ათასი საქმე მაყრია თავზე, ხან ღრუბლიანი ამინდი მინდა და ხან ტყეში გასეირნება და ათას რამეზე რეფლექსირება, ხან შოკოლადი არ მაქვს და ხან ყავა, ხანდახან კარგი ყავაც მაქვს და შოკოლადიც, მაგრამ ყავის აპარატის გამოყენება მეზარება, მოკლედ მე ის ტიპი ვარ, მიზეზები, რომ არასოდეს გამოელევა.

არადა, უკვე შემოდგომაა, მე ისევ მინდა გაქცევა ამ ქვეყნიდან, მგონი სიბერეში მაინც შევძლებ ამას, გავიქცევი და ვიცხოვრებ მშვიდად…ვითომ. ვიტყუები.

ამასწინათ, დილით მხრები, რომ გამეყინა და არავინ არ მყავდა გვერდზე რომ გავეთბე, ბედიანი გამახსენდა. წარმოვიდგინე იქ როგორ ეციება, ერთი საბანი არ გეყოფა, სუსხი გაგიყინავს მხრებს და თუ ვინმე არ გყავს გვერდით წესიერი, რომელიც თავის თბილ მკლავებში შეგყუჟავს იქნები უბედურად გაყინული, მერე ადგები და დახორკლილი ფეხებით გადმოცოცდები, თბილ წინდებს ამოიცვამ, ყავას დაადგამ, აივანზე გახვალ, მერე ნესტიან ბალახს გათელავ და ეზოს პირსაბანთან დაიბან პირს. საშინლად გაიყინები, მაგრამ რაღაც მაინც კარგია, უზომოდ დიდი სიჯანსაღეა ესეთ პასტორალურ ყოფაში. ფაქტობრივად, ბედიანში ლოკოკინას ემსგავსები შემოდგომაზე, გამოცოცდები შენი ნიჟარიდან და ირგვლივ ყველაფერი ნესტითაა გაჟღენთილი, მე მიყვარს ეს სინესტეები, ღრუბლიანი დღეები, ირგვლივ ყველგან ცრის და ცივა, სიჩუმეა და დრო მიდის წყნარად, არა ისე აჩქარებულად, როგორც ქალაქში, არამედ უფრო სხვანაირად, თავისებურად, მშვიდად.

დილით გრიშა თავის ოთხ ძროხას გარეკავს ჩვენი ბოსელიდან,რა სამწუხაროა, რომ ოთხივეს სახელი ჩავიწერე და წამიშლია, მარტა და მაია მახსოვს მხოლოდ, გრიშას ბოსელი დროებით ვათხოვეთ და მგონი მიითვისა, ქვემოთა მეზობლები კი ბოსლის სუნით წუხდებიან, აქაოდა ტაძრის წინ რომ ასეთი სუნიაო და წუნწუხის სუნიაო და მოკლედ, დაავიწყდათ ამ მორწმუნეებს მაცხოვარი სად დაიბადა, მე კი შევახსენებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვიცი უტა გაბრაზდება, არ უყვარს ვინმეს სწორ შენიშვნებს, რომ ვაძლევ:) არადა, ბედიანი დაბაა, ხალხს ძროხები ჰყავს და ქათმები, კიდე გოჭები და ღორები, ვისაც რა შეუძლია ის ჰყავს, ხოდა შენ, რომ ჩამოდიხარ თბილისიდან, სახლს ყიდულობ, რაღაც წითელ “ფანერკას” აკრავ, ვითომ გემოვნებით, რომ აწყობ, კი კარგია, მაგრამ არ გაქვს იმის უფლება მეზობელს ბოსლის სუნის გამო მოსთხოვო, რომ გააუქმოს ბოსელი, ან მოგყიდოს, რომ მერე დაანგრიო, ან რავიცი ათასი სულელური აზრი მოგდის  თავში, ხოდა წადი და იცხოვრე თბილისში, თუ ბოსლის სუნი არ გინდა სოფლად, წადი და ზაფხულში რკინით გაჯერებული ჰაერი ისუნთქე, რატო გინდა გადააქციო თბილისად ეს ადგილი…მოკლედ, რომ ვბრაზდები ერთ რამეზე ვბჟირდები და ვიძახი ერთი და იგივეს. არადა მართლა საშინლად გავბრაზდი.

კიდე რაზე ვბრაზდებოდი? საღამოს ქუჩაში არ გაისვლება, უბრალოდ ისეთი სიბნელეა, თითს თვალთან ვერ მიიტან, არადა სოფელს გამგებელიც ჰყავს და ჰაი-ჰუი, ნაციონალური მოძრაობა გადაგვარჩენს, მეტი სარგებელი ხალხს, მეტი სარგებელი ხალხს და ა.შ არადა ეს ადგილობრივი მთავრობა გეუბნება შენ (ადგილობრივო მცხოვრებო) კი აგინთებ გარეთ შუქს, მაგრამ შენ გადაიხადე ეგ ქუჩის განათებაო, არადა ხალხი სახლში რა შუქსაც წვავს იმის ფულსაც გაჭირვებით იხდის, მოკლედ ჩვეულებრივი, ძაან ყოფითი უსამართლობაა და ეხლა ამას ვერც მე ვუშელი, ვერც გამგებელი და ა.შ სისტემაა დასანგრევი. ამ დღეებმა ამ თეზისის უეჭველობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

ამ სახლში თათა ბედიანის ინგლისურის მასწავლებელი, მისი ქმარი პლასიდი და პატარა მარია-ჯესიკა ცხოვრობენ. მიყვარს ფერადი სახლები, საკუთარი სახლი, რომ მექნება ოდესმე, ერთ ოთახს მაინც სულ ფერადებში შევღებავ.

მინდა ბედიანზე ფილმი გადავიღო, მაგრამ არა ისეთი მეცხრე არხზე, რომ გაუშვეს, ასეთი უინტერესო ნამდვილად არ არის ბედიანი, არც მხოლოდ ტრაგიკული ისტორიების გადაღებას ვაპირებ, შეიძლება ამასაც შეიცავდეს, მაგრამ აი სულ სხვანაირი იქნება, სცენარს მე დავწერ, უტა კი გადაიღებს, ოდესმე თუ მოიცლის ჩემთვის რა თქმა უნდა, მოკლედ ფინანსებს თუ ვიშოვი, უტასაც გადმოვიბირებ, დროებით შევისყიდი და ჩემთან ვამუშავებ, კარგი თვალი აქვს და ზუსტად იცის რა უნდა გადაიღოს 🙂

ბედიანში ჩემს პერსონაჟებს, გრიშას და მის ცოლს და მის ბიჭს, კიდე უსაყვარლეს სომეხ გოგოს ლარისას, კიდე მწყემსების ოჯახს, მონასტრის დედებს, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებს, ერთი ძალიან კეთილი და სევდიანი ადამიანი დაემატა.

ეს არის პალამბო.

პალამბო ახალგაზრდა ბიჭია, ფსიქიატრიულშია გამომწყვდეული და ხანდახან გაქცევაზეც ფიქრობს, მაგრამ ისიც იცის რომ აზრი არ აქვს გაქცევას. სადაც არ უნდა გაიქცეს მაინც ყველგან იპოვნიან, შეიძლება ტყეს შეაფაროს ცოტა ხანს თავი, მაგრამ ტყეში ტურები კივიან, შეიძლება მგლებიც იყვნენ, თან ტყეში სიგარეტის გარეშე დიდხანს ვერ გაჩერდება. მთავარია სიგარეტი იყოს და მას არსად გაუჭირდება ყოფნა. თუ მიიღებენ მონასტერშიც წავიდოდა, მაგრამ მონასტერში პალამბოსნაირებს არ იღებენ, თან მონასტერში სიგარეტსაც არ ეწევიან, პალამბოს კი უსიგარეტოდ გაუჭირდება. ერთ დღეში ორი კოლოფი სიგარეტი ყოფნის, ეს კი ძაან ბევრია პალამბოსნაირი გამხდარი და მქრქალი ბიჭისთვის.

 

პალამბოს თბილისში ურჩევნია, იმიტომ რომ მაინც ქალაქია, გაივლის- გამოივლის არ მობეზრდება. სამოწყალოდ აჭმევენ კიდევაც, სიგარეტსაც მოაწევინებენ, ხურდასაც ჩაუყრიან გაშლილ ხელისგულზე. დღესასწაულებზე ავლაბრის დედათა მონასტრის ჭიშკართან დადგება და მრევლი ხურდას ჩაუყრის ქუდში.

 

ერთი შეკვრა სიგარეტი ჩამოუტანა უტამ თბილისიდან პალამბოს, ჩუმად მოსწევს, თავისთვის მარტო და გამოიზოგებს დიდხანს, რომ ეყოს. თუ ცოტა ფულსაც დავუტოვებთ სანიტარს მისცემს და ისიც სიგარეტს უყიდის. რა ცუდია პალამბოს არავინ ჰყავს…

 

პალამბო ერთ დროს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კიდევ ბევრ სხვა ხალხთან. ეს ხალხი ყვება მასზე ათასგვარ ამბებს, მაგრამ მე რაც არ მინახავს, იმაზე არ მინდა ვწერო, თან მითუმეტეს ცუდზე. პალამბოს ბავშვობაში  მენინგიტი დაემართა და სწორედ მაგიტომაა ეხლა ფსიქიატრიულში გამომწყვდეული, თუმცა ასი წელი, რომ გავიდეს იგი თითს არავის დააკარებს, არც აგრესიული არაა, ექიმები კი ალბათ მაინც ჭყიპავენ წამლებით, როგორც სხვა დანარჩენებს.

პალამბოს თბილისში უნდა, მაინც ქალაქია, გაიხედავს აქეთ-იქეთ და გახალისდება, მაგრამ თბილისს მისთვის თავშესაფარი არ აქვს და ღამით ქუჩაში მოუწევს გათენება, თუ ვინმე არ დაეხმარა შეიძლება ულუკმაპუროდაც დარჩეს…

პალამბოს მონასტერში უნდა, ერთი ნაცნობი დაპირდა ვიღაც ბერზე, მოვა და წაგიყვანსო, მაგრამ მე ეჭვი მეპარება პირადად. ალბათ გულის გაკეთება უნდოდა პალამბოსთვის, მაგრამ ასეთი კეთილი ტყუილები საშინელებაა. იმის მერე ელოდება პალამბო იმ ბერს და ელოდება. მონასტერში კი მისნაირები არ მიყავთ, იმიტომ რომ პალამბომ ბავშვობაში მენინგიტი გადაიტანა, დედამაც მიატოვა, მერე გაიზარდა და სიგარეტის მოწევაც დაიწყო, ეხლა ფსიქიატრიულშია და არც მაკმერფის მსგავსი გამბედაობა არ აქვს, ჭიშკარს დაკრას ფეხი და გაიქცეს ამ დამჟავებული ციხესიმაგრიდან.

 

-პალამბო ფული, რომ დაგიტოვოთ ხომ არავინ წაგართმევს?

 

– არა, აქ არავინ პარავს ერთმანეთს.

 

– პალამბო აქ ხომ კარგად გექცევიან?

 

– კი, ძალიან კარგად.

 

–      პალამბო ხომ, კარგად გაჭმევენ?

–      კი ძალიან კარგად.

 

პალამბოს გულისმომკვლელი მადლიერება მკლავს.

 

წაიყვანეთ რა პარლამბო ჯერ თბილისში, მერე მონასტერში.

 

მე აქ დავამთავრებ ამ ამბავს, დანარჩენს შემდეგში მოვყვები. ღამის ორი საათია და უნდა დავიძინო. ასეა საჭირო და იმიტომ.

 

 

Read Full Post »

ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე.

მანამდე კი ,გზაში  ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს ახალი შეყვარებულები ვიყავით და საყვარელი ბიჭი მანქანით მასეირნებდა  ლამაზ ადგილებში, სადაც სხეულის არაფიზიკურ ნაწილში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. რატომღაც, სულ ასეთი განწყობა მაქვს, როცა ბედიანში მივდივარ. წელს პირველად თოვლი ამ გზაზე ვნახე და რაც შემეძლო, ყველაფერს ვიღებდი მობილურით , ძირითადად გაბლანდულ ფოტოებს და ვიდეოებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან სასიამოვნო იყო.

პირველი სასიამოვნო გაკვირვება ის იყო, რომ ბედიანში ბილაინმა დაიჭირა და ამისთვის უდიდესი მადლობა ამ ქსელს, შემდეგ კი თავისუფლად შევძელი, ჩემი თოვლიანი ფოტო ბოროტული კმაყოფილებით ამეტვირთა ფეისბუქზე:) .მთელი გზა უტას საყვარელ სიმღერებს ვუსმენდით, მანდატურებზეც ჩამოვარდა საუბარი და მე მთელი გზის განმავლობაში დედა შუშანიკის ნაჩუქარი ფსკვნილი არ გამიშვია ხელიდან. საოცარი შეგრძნებაა, როცა იმ ადამიანზე ლოცულობ, რომელიც გვერდით გიზის, მაგრამ მაინც აკეთებ ამას. არ მაინტერესებს, არავის შეხედულებები და ირონიული გადახვევები, უბრალოდ თუ გრძნობ, რომ რაღაც კარგს აკეთებ , ეს გრძნობა არასოდეს მოგატყუებს. საკუთარი გულები არასდროს მოგვატყუებენ, ამაში ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული.

როგორ, მიყვარს აჯაჯულ–დაჯაჯული (ჩაცმულობას ვგულისხმობ) სოფლის ბავშვების დანახვა, ხელები და სახე ერთიანად, რომ გასწითლებიათ, ხელები გაუხეშებული აქვთ და მაინც ისე საყვარლად დააბოტებენ ტალახში.

დედა შუშანიკმაც, პატარა სიურპრიზი მოგვიწყო, უტას სახლში ჩამოვიდა, ღუმელი დაგვინთო და ცხელი ჩაი დაგვახვედრა. შობის ღამეს ყველაზე კარგად ბედიანში ვგრძნობ თავს და ეს ტრადიცია, არც ამჯერად დაგვირღვევია. შობის ღამისთევაზე კი ყველაფერი ტრადიციულად ხდება, 11–საათამდე ვისვენებთ, მერე ავდივართ ტაძარში, სადაც ბედიანის მონასტრის დედები ტაძარს ლიტურგიისთვის რთავენ, ღუმელს ანთებენ და ასევე ტრადიციულია ისიც, რომ შობის ღამეს, როგორც კი ჩამოვჯდები პატარა ხის მორზე, ცოტა ჩამეძინება და რამდენიმე წუთში უტაც ჩამიკაკუნებს და ავტომატურად ვფხიზლდები.ტრადიცია ისიც, რომ ლიტურგიის დაწყებამდე, დედა შუშანიკის კელიაში უნდა ავიდე და ცოტა ხანს უნდა ველაპარაკო. ადრე, როცა მარტო ვიყავი და ბედიანის დედათა მონასტერში ჩავდიოდი, ამ პაწაწუნა კელიაში მე მომიჩენდნენ ადგილს. ღამის ოთხზე ლოცვაზე ყოველთვის მიჭირდა ადგომა, მაგრამ ხან დედა აგნია და ხან დედა ანტონინა მაღვიძებდნენ და მერე ყველაფერი, მარტივად ხდებოდა. დიდ შალებში გახვეული მონაზვნები და სხვა სტუმრები ჩადიოდნენ ტაძარში.

ეს ცალთვალდათხრილი თოჯინა, მეორე დილით სახლის ქვემოთ მირანდამ იპოვა, ვფიქრობ რომ ჩამოვაყვანინო ვინმეს, თვალიც მივაკერო, ის ძუნძგლიანი ტანსაცმელი გახადო და ახალი ჩავაცვა. დიდი კაცივითაა, თოჯინის დაძახება მასზე შეურაცხყოფაც კია.

ბედიანში, რომ არ წავსულიყავით რა მოხდებოდა? ვერ ვნახავდი თოვლს, ვერც ამ თვალდათხრილ კაცუნას, არც უტა ჩამიკაკუნებდა მხრებზე, არც თმებს გადამიწევდა თვალებიდან, არც არავინ დაგვინთებდა ღუმელს და ვერც უტა შეჭამდა, გადანახულ ჩირებს,არც წამოსვლის დროს, გზაში ვიყიდიდით ყველს. ნეტა აქაც მოთოვოს, რა მოხდება?

Read Full Post »

გაზაფხულზე იცით როგორაა? ალაგ-ალაგ ამწვანდება ტყე, ალაგ-ალაგ გაყვითლდება, მერე თეთრდება და თანდათან მთლიანად გაგაზაფხულდება ხოლმე. აღდგომის ღამეს კი ლიტურგიის დროს ტაძარში აყვავებული კელაპტრების დღესასწაულია და ბედიანი წყვდიადშია. ბერძნები, ქართველები და სომხები მეგობრულად თანაარსებობენ და შეშასაც უჩეხავენ ერთმანეთს, თუკი ვინმეს დახმარება სჭირდება, ლიტურგიაზე კი ყველა დაუზარებლად ადის ტაძარში, რადგან ბედიანში სხვა არაფერი ხდება. კვერნასთვის კი აბსოლიტურად არა აქვს მნიშვნელობა, გაზაფხულია თუ ზაფხული, მთავარია საქათმის კარი დარჩეს პატრონს ღია, ჩასაფრებულია საქათმეში შესავარდნად და საწყალი ქათმებისთვის ყელის გამოსაჭმელად. და თუ ისე მოხდა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ვიღაცამ მაინც მოახერხა გაქცევა, არა მგონია რამე დაგიშავოთ, გარდა ერთი რამისა, გარეთ ფეხსაცმელები არ უნდა დატოვოთ, თორემ შეიძლება მარტივად აგაწაპნონ. ადრე ბედიანში იყო ლარისა, შავთვალება, მხარბეჭიანი სომხის გოგო, დადიოდა და სულ იცინოდა, მეც სულ მიცინოდა, ერთხელ ყავაზე დამპატიჟა, ცოტა ხნის წინ გათხოვდა და ახლა უკვე შვილები ეყოლება. მამამისს, კი სულ არ ვიცი რა ჰქვია, სკოლის დარაჯი იყო, მამფორიას ეძახიან ბედიანში, ექიმი ყოფილა ვიღაც ფსიქიატრიულლში მამფორია და თურმე მას ჰგავდა ლარისას მამა და მერე მაგიტო შეარქვეს. “გამოვა წყალს მოუშვებს, მერე ისევ მოკეტავს და მერე ისევ მოუშვებს, ასე აკეთებს სულ”- მითხრა უტამ ამ კაცზე. ბედიანში არიან საქულიკა და გურგენა, საქულიკამ სულ ცოტა ხანია, რაც ვიღაც გოგო დააფეხმძიმა, გურგენა კი მგონი კარგი ბიჭი უნდა იყოს, უტა ამბობს კარგიაო და მეც არ ვარ წინააღმდეგი მისი სიკარგის, აი კოპა კი არასდროს მომწონდა, მასაც ჰყავს ვიღაცეები დაფეხმძიმებული, მაგრამ სულ სხვა მოიყვანა ცოლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბედიანი ძაან პატარაა და თუ აქ ვინმეს ეზოში, შებინდებულზე მოხვდი ეს არავის დარჩება შეუმჩნეველი.

ბედიანი არის ის ადგილი, სადაც პირველად ვნახე უტა, ოღონდ ფოტოში ვიღაც გოგოსთან  ერთად და ისე ვიეჭვიანე იმ სურათზე, მეგონა გული გამისკდებოდა, არადა ვინ მეკითხებოდა, საერთოდ არასდროს არ მყავდა ნანახი, ჰო კიდე ის ადგილია უტას გვერდით, რომ ჩავურბინე და როგორც თითონ ამბობს, ყურადღებაც არ მივაქციე, ამას სულ წამომაძახებს ხოლმე…მერე კი თეთრი მაისური ეცვა, როცა ვნახე, დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა და მის დანახვისას გავშეშდი, იმ საღამოს გამომაცილა და მერე გამომიტყდა სულ უკან გიყურებდიო, მერე ამაზე ორივე ვიცინოდით.

ბედიანში წასვლამდე თბილისში ჩავედი, ადრე მომიწია წასვლა, უტას ჩემთვის არ ეცალა, მე კი როცა უტა უნდა ვნახო, სხვა არავის ნახვა არ შემიძლია. ჯერ მინდოდა სიონში ლოცვას დავსწრებოდი, მაგრამ იქამდე როცა მივფორთხდი, მივხვდი, რომ არაფრის თავი არ მქონდა და იქვე “მამა ტარიელის” კაფეში დავეგდე. ადრე ამ კაფეში დავდიოდით მე და მარიამი, როცა ერთად ვცხოვრობდით ფერიცვალების მონასტერში. გამოვვარდებოდით, ვჭამდით ლობიანებს, ვსვამდით ყავას და მერე ისევ მონასტერში ავრბოდით, ვინმეს რომ არ შეემჩნია ჩვენი გაუჩინარება. ეხლა კი ლობიანიც გაუფუჭებიათ, თეფშებიც დაუმტრვრევიათ , ჭიქებიც და აღარც გამოუცვლიათ. აღარც ის ჩანაწერების რვეულები იდო მაგიდაზე…დავლიე წყალ-წყალა ყავა და თავის ტკივილმაც გადამიარა, არსადაც არ მეჩქარებოდა, გატრუნული ვიჯექი, რადგან ყოველი მსუბუქი შერხევისას თავში რაღაც აუტანლად მიყანყალებდა. ჩემს წინ მორწმუნე გოგო და მორწმუნე ბიჭი მორწმუნე თემებზე საუბრობდნენ და გოგო იყო აშკარად დომინანტი ამ საუბარში,  და საერთოდაც კარგად ეტყობოდა, ცხოვრებაშიც ისეთი ტიპი დადგებოდა “მამალ ქალებს” რომ ეძახიან. დიდი და ფართო სარკმელები აქვს ამ კაფეს, მე კი ზუსტად მანდ ვიჯექი, სარკმელთან, მიჭუჭკნული საკუთარი ნებით, მერე კი გამახსენდა მაიასთვის წამოღებული ფორუყ ფაროხზადი და კითხვა დავიწყე. ამოვიღე წიგნი და ისევ მოფრინდნენ ჩემთან ირანული ბაღჩების ჩიტები და ყვავილები, სევდიანი მელოდიები და ფორუყ ფაროხზადი ახლა უკვე მეორედ ტკბილად მიჩერებდა დროს. ჩემი დრო სასიამოვნოდ ირინდებოდა ამ მოუხერხებელი სკამებით ავსებულ კაფეში და მეც ამ ქალთან ერთად დავდიოდი სირაჩხანის ბაღებში  “ყვავილების გენოციდზე” ვფიქრობდი. მოსაღამოვდა, მე კი მინდოდა ბოლომდე ჩამეკითხა წიგნი, მაგრამ ნაცნობი მონაზონი, რომელიც ჩემს შორიახლოს იჯდა მძაბავდა თავისი მზრუნველობით, რადგან ეგონა, რომ ჩემი “მეგობარი” აგვიანებდა, მე კი მართლა კარგად ვიყავი. მერე მოვიდა ის ჩემი “მეგობარი”, წამიყვანა სახლში და იმ საღამოს, რაღაც ფრანგულ კომედიაზე გულიანად იცინა, მე კი მკვდარივით ჩამეძინა. ფორუყ ფაროხზადი აღარ გამიგრძელებია, მაიას მივეცი და იმან კიდე მარი მეტრაია შემახსენა, დედაჩემს დავაბარებო და წამოგიღებო.

ბედიანში ჩემი მგზავრობა ფერებთან ასოცირდება. რა ფერის მარშუტკით ვმგზავრობ ისეთივე ფერისაა ჩემი მგზავრობა. ადრე ყვითელი მგზავრობები მქონდა, მერე თეთრი და ეხლა კი წითელი, მაგრამ ყოველთვის მტვრიანი. ბედიანის გაჩერებასთან მამუკა დაგვხვდა ჩემი და უტას მეგობარი, რომელსაც ქვემოთ კიდევ ვახსენებ, მან ჩაილაგა ბარგი მანქანაში, მე და უტა კი ფეხით გავყევით გზას. ყველაფერი რაც კი დამიკარგავს ცხოვრებაში უტას გამოჩენისთანავე დამიბრუნდა და თანდათან ყველაფერი ისევ ჩემთან იყრის თავს, იმ მატერიალური სიხარულის სახით, რასაც ბედნიერი ღიმილები ჰქვია. ერთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც მანქანში მასავით ახალგაზრდა გოგო ესვა სოფელში სტუმრობის ჟამს, ისე მოხდა , რომ გადაუღებელი წვიმების გამო მანქანა ტალახში ჩაუვარდა და სანამ წვიმებმა არ გადაიღო და ტალახი არ გაშრა, მანამდე სოფლის იზოლაციაში აღმოჩნდნენ. იყვნენ ბებიასთან ერთად სახლში, სადაც ოთახებში იდგა დანესტიანებული ბუმბულის ბალიშების სუნი. ეს ადრე მოზარდობაში წავიკითხე და ძალიან მომწონდა, მათი რამდენიმე დღიანი სოფლური რომანტიკა, მერე უტასაც ბევრჯერ მოვუყევი. “წარმოიდგინე ერთი მილიონი, რომ მოგვცა მე და შენ, ტყეში კომფორტულ სახლს ავაშენებდით, გვეყოლებოდა ფუტკარი, გვექნებოდა ინტერნეტი (ეს მე ჩავურთე)დავაყენებდით დაცვის სისტემას და ვიქნებოდით მარტო “- მითხრა უტამ და მეც გავიფიქრე აღარც ალერგია შეაწუხებდათქო, მაგრამ მერე გაახსენდა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და უცებ გადავიფიქრეთ, რადგან ვერანაირი დაცვის სისტემა უსაფრთხოების გარანტიას ვერ გვაძლევდა :). მერე თმებში ყვავილები ჩამიბნია და სახლში მისულს გათიშული ჩამეძინა, უტამ რაღაც გადამაფარა და ვგრძნობდი, რომ სადღაც გადიოდა და გამოდიოდა, თურმე წყლები მოუტანია. მე კი ძილში ვფიქრობდი სახლის აივანზე, რომელსაც აქვს ხის იატაკი, ხის რიკულები, ამ აივნის წინ ყვავის ტყემალი და ღამით კი დედოფალივით დგას სიბნელეში. ამ აივნიდან ჩანს დაბალი შუქით განათებული ბედიანის სახლების ფანჯრები და რომ,უტას აქვს წამოღებული ლითონისქილით “ბევრი” ლოვენბრაუ, ლიტვური, ნივრიანი კრეკერები და სხვადასხვა სამარხვო სახრაშუნოები. ხოდა მივზანტდი მთლად.

დედა შუშანიკი კი მე იმედი მაქვს საბოლოოდ დამკვიდრდება ბედიანის მონასტერში, ნუ იქამდე მაინც სანამ აფხაზეთს და კოდორს არ დავიბრუნებთ, ოსეთზე აღარაფერს აღარ ვამბობ, რადგან ამ საკითხში უკიდურეს პესიმიზმს ვამჟღავნებ და არ მჯერა იმ პროპაგანდისტი, დემაგოგი და მატყუარა ადამიანების დაპირებების, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ “დავიბრუნებთ” . ხოდა მანამდე ,სანამ დაიბრუნებენ დედა შუშანიკი ბედიანშია და რაც დრო გადის ჩემი პასუხისმგებლობები უფრო იზრდება მის მიმართ, იზრდება ჩემი მზრუნველობა და სიყვარული. მინდა ყურადღებას ვაქცევდე, ვახარებდე, ვანებივრებდე. ისე როგორც თავად მანებივრებდა, მაშინ როცა ძალიან ბავშვი ვიყავი, როცა მასმევდნენ ჭარხლის წვენს, მქონდა წვრილი, გაძვალყტავებული ფეხები და მყავდა რობოტი, რომელიც მუდმივად ვარდებოდა მაგიდიდან. ეს რობოტი, მამა იოანემ (ბიძაჩემმა) უნგრეთიდან ჩამომიტანა, სადაც სავალდებულო ჯარის სამსახურს იხდიდა.

უტას მოსწონდა ბედიანში და კიდევ ერთი კვირით მოუნდა დარჩენა. მეც დავრჩებოდი ერთი კვირითაც და მეტითაც, მილიონის გარეშე:) თუ ისევ ამიდუღებდა წყალს, დამაბანინებდა ხელ-პირს, თუ ისეირნებდა ჩემთან, თუ დამაბარინებდა მიწას, თუ ერთად გავიხეხავდით კბილებს, თუ ერთად დავლევდით ლუდს აივანზე, თუ ერთად მოვამზადებდით ომლეტს. აბა რა ჰქვია ძეხვით და კვერცხით შემწვარ რაღაცას?:)

სანამ წამოვიდოდით საღამოს მამუკასთან ავედით, მოვიდუღე ყავა და ციალა ბებო მიყვებოდა კომუნისტურ შრომაზე, დღიურ გეგმაზე და იმ “კარგ”  ცხოვრებაზე. ტელევიზორში გადიოდა “მხიარული რომანი” და კომუნისტებზე შთაგონება ამით გვეწვია. მე კი კომუნიზმის არმნახველს და ამით ბედნიერს, მაინც მიკვირდა რა სისტემა იყო ასეთი, რომელმაც ადამიანების საქმიანობა და შრომა ასე მოაწესრიგა.

კიდევ რა? დავწანწალებდით და დავყიალებდით. წამოსვლის ღამეს, მანქანით გავისერინეთ, ბედიანი წყვდიადში იყო, ასეთი ჩაბნელებული ბედიანი 7 წლის წინათაც არ მახსოვს, როცა რევოლუციები ხდებოდა. მამუკასთვის ძალიან მინდოდა მეკითხა რა კეთდება ამ სოფლისთვისთქო, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ვიცოდი წესიერ პასუხს არ მაღირსებდა და ამიტომ დამეზარა.

ხოლო ბედიანიდან წამოსვლის დღეს უტამ მოასწრო მიწის დაბარვა, მთლად ვერა, მაგრამ მაინც, მნიშვნელოვანი ნაწილის. სადღაც იქვე ქვაზე ვიჯექი და ვუყურებდი, ვფიქრობდი ბავშვობა მიბრუნდებათქო. ლურჯები ეცვა. დილით კი უტას ბაბუამ ძეხვი შეგვიწვა და თან გაგვაფრთხილა ჩაი აუცილებლად დალიეთო, ამ დროს მეგონა უტა ძმა იყო ჩემი, უფროსი ძმა, რომელიც თავის პატარა დას არავის დააჩაგვრინებს. მოკლედ ავადმყოფურად ვარ შეყვარებული ინცესტურ ეპიზოდებზე 🙂

ვიმგზავრეთ წითელით. უტას ხაკისფერი ქურთუკი ზურგზე დაულაქავდა.

პ.ს ვწერ ნინოს კომენტარით წახალისებული,რადგან ამხელა რაღაცას კარგა ხანს თავს ვერ მოვაბამდი.

Read Full Post »

ვემზადები წასასვლელად, იმდენს დავდივარ გაუჩერებლად, რომ  თავი მატარებელი მგონია. დღეს პირველი აპრილია, ჩემთვის ნამდვილი გაზაფხული ამ დღეს იწყება, ადრე სულ ვწერდი აპრილზე, აპრილის თბილ საღამოებზე და დილებზე, რძის სურნელი ასდისთქო ვამბობდი. ხოდა მიყვარს აპრილი, აივანზე ჯდომებს და სტუდენტობას მახსენებს, კიდევ ყავებს და  ჩემს პიგმენტურ ლაქებს (არადა ისეთი არაფერი მაქვს  გასახსენებელი სტუდენტობაში).

ხვალ მე და უტა ბედიანში მივდივართ, მე დედა შუშანიკთან ის თავის ბაბუასთან, ნუ მაინც ორივე ერთად ვხვდებით აღდგომას ბედიანის ტაძარში, რაც საშინლად მახარებს. არ ვიცი შარვალი მეცვას თუ კაბა ჯობია, მოკლედ როცა გადავწყვეთ, უკვე გავალ სახლიდან. ვკითხულობ თაკო კაკაბაძის წერილებს და ვერ ვასწრებ, რომ დავბრუნდები ისევ ჩავუჯდები.

ჰო დღეს პირველი აპრილია. თუ ადრე ეს სიტყვა მხოლოდ ტყუილთან ასოცირდებოდა,ახლა უკვე “მოდელირებული ქრონიკის” შემდეგ მოდელირებულ ცხოვრებასაც გაახსენებს ადამიანებს. ფეისბუქზე პირველი აპრილის დადგომა მოდელირებული ამბებით გახსნეს. მე არ მაქვს მოდელირების ნიჭი, დღეს არავის მოტყუებას არ ვაპირებ.

მოკლედ ნახვამდის, მაზეგის მაზეგამდე. გილოცავთ აღდგომას!

Read Full Post »

ჩვეულებრივი საღამო იყო ქუთაისში, როცა ჩამოვედი. ცრიდა და მეც ფრთხილად ავიწიე ქურთუკის საყელო. შინ დამხვდა ცხელი ჩაი, ცხელი ყავა და ქრისტინეს მესიჯი:”მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას, ბედი გვქონდეს, თოვდეს მინდა, მინდა ოდენ მეჯდე წინ და ,შენ ლექსს ქსოვდე, მე კი წინდას”. ღამით ისევ მოწვიმა და მე ჩემს ორკვირანახევარზემეტხნიან მოგზაურობაზე დამაწყებინა ფიქრი. ახლა, ზუსტად 03:19 წუთზე, გწერთ ყველაზე კომფორტული ადგილიდან, მაგიდის ქვეშ შემძვრალი. თქვენ ოდესმე გითამაშიათ მაგიდის ქვეშ სახლობანა, ჩამოგიფარებიათ ფარდები?…მე დღემდე მიყვარს ეს ადგილი, განსაკუთრებით- ზამთარში და, თუ მხოლოდ აქ გეწერება , ძალიან თბილ რამეებს დაწერ…                                                                                                        

დავიწყებდი ისე, როგორც ვახუშტი ამბობს:”მოდიმნახეს ქვემოთ არს მონასტერი უგუმბათო, მშვენიერ ალაგს, მის ქვემოთ, სადაც ქციას კლდეისის-ხევის წყალი ერთვის, რომელიც საწყისს ბენდერის მთაზე იღებს”. ვახუშტი ამ ადგილას მოიხსენიებდა მონასტერს (”ადგილი მონასტერი”). რუკაზე აღნიშნული აქვს ეს ადგილი ”ვარდის ჭალად”.

მონასტერი ფერდზე დგას, არც მაინცდამაინც მაღლა, ტყიანი მთებით გარშემორტყმულ მშვენიერ ხეობაში. ამის თავზეა ზურტაკეთის ველი, უამრავი ხუროთმოძღვრული ნაშთით. 1944 წლამდე ეს ადგილი უდაბური იყო, ხრამჰესის აგების შემდეგ აქ სოფელი გაჩნდა, ერთხანს მას ხრამჰეს ორს უწოდებდნენ, მერე დაერქვა ბედიანი.

ლეგენდის თანახმად, ამ მხარეში დავით აღმაშენებელი ნადირობდა. იმ დღეს განსაკუთრებით გაუმართლა. როცა ამ ადგილას მოხვდა კარგად უნადირია და აღტაცებულს უთქვამს:”რა ბედიანი ადგილიაო”, ძალიან მოსწონებია, აუშენებია ტაძარი და ამის შემდეგ ეწოდა ამ ადგილს ”ბედიანი”. ერთ-ერთი ცნობით, ბედიანის ტაძარი აფხაზეთში არსებული ბედიის მონასტრის ნაწილია, ფეოდალურ ხანაში ეკლესიებს უამრავი ტერიტორია ჰქონდათ სხვადასხვა კუთხეში და აქ ტაძრებს აშენებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ დავით აღმაშენებელს თავისი მეფობის წლებში აშენებდა სამკურნალო სახლებს და ბედიანშიც დაუარსებია ასეთი ქსენონი. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ დღეს იქ არსებობს ფსიქიატრიული საავადმყოფო.

ჩემი სამყარო გრუხუნებდა და გადავწყვიტე გამესწრო, სანამ ამ სამყაროს ნამტვრევი გამჭყლეტდა. თან ვიფიქრე, სანამ გამოცდები დამეწყება ერთს კარგად დავისვენებ-მეთქი. ჩემი ლურჯი ჩანთა, ბოლომდე გავტენე გრძელი ქვედაბოლოებით და მუქი ტანსაცმლით. გეზი წალკისკენ, ბედიანის დედათა მონასტრისკენ. თუ ჰერმან ჰესეს ”ნარცისი და გოლდმუნდი” წაგიკითხავთ, მგონი აუცილებლად გაგიჩნდებოდათ სურვილი, რომელიმე მონასტერს სწვეოდით, თუნდაც არ იყოს მარიაბრონის მამათა მონასტრის მსგავსი, სადაც ნარცისი და გოლდმუნდი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. რომანის ძირითადი დედააზრი საკუთარი თავის პოვნაა. სწორედ ამას ეუბნება ნარცისი გოლდმუნდს :”ნუ ეცდები, მიბაძო მოაზროვნესა და ასკეტს, შენ შენი თავი იყაი, შენ შენი თავი განახორციელე”. და თუ გადაწყვეტთ წასვლას, მერწმუნეთ , გიცნობთ ყველა ხე, კარიბჭეები და ფანჯრები, დერეფნის ქის ფილები და დამჭკნარი ვარდის ბუჩქების გალერეა, წეროების ბუდეები ბეღელზე და სატრაპეზოზე-ეს პატარა ნაწყვეტია იმ ეპიზოდიდან, როცა გოლდმუნდი მარიაბრონის მონასტერში დაბრუნდა. ძალიან საინტერესო და გრძელი ისტორიაა, და აი, ამ ყველაფრის შემდეგ თუ გადაწყვეტთ წახვიდეთ, იქნებ ჩანთით ეს პატარა წიგნიც გაიყოლიოთ.

”შეგეწიოს ღვთისმშობელი, ჩემო ჭკუის კოლოფო, ჩემო შორენიკო, ჩემო ბორენიკო, ჩემო ცხვირპირდახატულო ბარტყო! გაგახაროს ღვთისმშობელმა,დღეს ღვთისმშობლის შობაა, ამიტომ გილოცავ დღევანდელ დღეს და შევთხოვ ღვთისმშობელს, მალე ჩამოგიყვანოს ბედიანში. ძალიან გამახარა და მანუგეშა შენმა წერილმა. მიხარია, რომ უშედეგოდ არ ჩაუვლია შენს ყოფნას მონასტერში. ღმერთმა მოგცეს ძალა, უფრო სწორად იცხოვრო. სულიერებაში ჯერჯერობით ორიანი, მაგრამ ეგეც გამოსწორდება. გკოცნი ბევრს შენით მონატრებული დედა აგნია. ღმერთმა მალე შეგვახვედროს, ისე, ზამთარი არანაკლებ კარგია ზაფხულზე, მართალია მდინარეზე ვერ ვივლით, მაგრამ თოვლში ხომ მაინც გაგუნდავებ. თუ მოახერხე, ჩამოდი. ღმერთს ებარებოდე!”

ამის მერეა, ვფიქრობ: დათოვლილ ბედიანს ვენატრები და დედა აგნიას წერილი ნამდვილი გამოწვევაა იქ ჩასასვლელად, თან ამ დროს, ზამთარში, როცა მთელს სოფელს თოვლის ქუდები ახურავს , მონასტრის სატრაპეზოში კი ღუმელი გუგუნებს. დედა ანტონინა, დილიდანვე მორჩილებებს ანაწილებს, დედა სალომე კი ლურჯ სუფრას ქარგავს. ეს ალბათ, უფრო დღის პირველი მონაკვეთია, საქმე უამრავია, ზამთარი არ გასვენებს, ან საქმე…

გუგული ვარ და ჩემს დროებით ბუდე კელიაში ვცხოვრობ,მოცუცქნული დარაბით და ასკეტური ტახტით. ვცდილობ ჩემს და ცხოვრების ურთიერთობას, რაღაც ფორმა მოვარგო, სახურავებს გადავუფრინო. ვფიქრობ ყველაფერზე: ჩემს ოჯახზე, ბიძაშვილებზე, მშვენიერ რემედიოსზე და ბონდის ხიდებზე და ”ხიდზე”…ჩემს გადაცემაზე რადიოში და დღევანდელ შაბათზე, შობა რომ თენდება.

ვზივარ ფეხმორთხმული ჩემს ტახტზე და მოცუცქნული დარაბიდან ტყის კედლებს ვხედავ. ახლა გავიაზრე, რომ გავიზარდე და მოსაფერებელი და თავზე ხელის გადასასმელი დრო აღარ არის…დამაღონა.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, ”ტიპიკონი” ლათინური სიტყვაა და ქართულად განაწესს ან რაღაც ამდაგვარს ნიშნავს. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მე ისევ ჩემი ”ერული დროით”ვცხოვრობ მონასტერში და ახლა ამიტომაც მეძინება. ვისაც ბედიანი უნახავს, დამეთანხმება, რომ ულამაზესი ცა აქვს და ღამის ცაზე ვარსკვლავები დედა სალომემ მოქარგა. ცისკრის ზარები გაუბედავად ირეკება, კარებზე დედა ანტონინამ უკვე დააკაკუნა და თქვა: ”შორე, ადექი.” მეც, თუკი რამე მაქვს თბილი, ლამისაა ყველაფერი ცავიცვა. გეოგრაფიის ცოდნით დიდად არასოდეს გამოვირჩეოდი, თან ახლახან პატარა კონფლიქტიც მქონდა გეოგრაფიის ლექტორთან, მაგრამ მორყეულ ფილაქანზე  ნახევრად მძინარი სახით, ყოველი ცისკრის ლოცვის წინ ცაში დიდი დათვის თანავასრკვლავედს ვეძებ და ერთზე მაქვს ეწვი, ისაა. ჩავდივარ ტაძარში. სამეკლესიანი ბაზილიკაა, მესამე, პატარა ეკლესიის კედელზე ვეყრდნობი. ვცდილობ ლოცვას ყური დავუგდო, არ გამომდის და მერე დედა შუშანიკის ნაჩუქარ ფსკვნილზე იესოს ლოცვას ვმარცვლავ. ღუმელი გუგნებს, მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს ჩამთვლიმოს. ღამის 4-ზე დაწყებული ლოცვა შვიდის ნახევარზე ღვთისმშობლის დაუჯდომლით და სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე ლოცვით სრულდება.

დილის შვიდის ნახევრისთვის მაინც ძალიან ბნელა. ვცდილობ, უხმაუროდ ავიდე კიბეზე და უამრავ ქოთნის ყვავილს არ გამოვედო. მგონია, ჩემს კელიასაც ჰყავს ადგილის დედა, რომელიც თავისკენ მიხმობს. თვალდახუჭული სევდივარ, ძილის სურვილი, რომ არ განელდეს და უკვე ბალიშზე თავმიდებული, მაინც გადავწევ მინიატურული სარკმლის თეთრი ტილოს ფარდას, ვაკვირდები ელექტრონით განათებულ მონასტრის ზედა ტერასას და მუხტარას შემოღობილ ავტონომიას. ძაღლი ღამით წკმუტუნებს, ერთი გასეირნების დროს ყინულმა ფეხი ჩაჭრა და სისხლდენა არ შეუჩერდა.

სადღაც, ჩვენ ზემოთ, ზურტაკეთის ველია და ხელის გაწვდენაზეა ცა…

ბედიანის დროით 10 საათზე, ტრაპეზის ზარი ირეკება. წამოსვლის ბოლო დღეებში, ტრაპეზის დროს დედა აგნიას გვერდით ვზივარ. მონასტერი დაცარიელდა სტუმრებისგან, ჯერჯერობით, მხოლოდ მე შემოვრჩი, ამიტომაც არის ასეთი შეუსაბამო იერარქია დასხდომის დროს. მორჩილი კესარია მამა პაისი მთაწმინდელის  ”სულიერ გამოღვიძებას” კითხულობს. თემები აქტუალურია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც ერის ადამიანისთვის. მგონია, რომ მამა პაისი ჩემს ჩაცმულობაზე ლაპარაკობს და მეცინება. ერიმება დედა აგნიასაც და მესმის ხმადაბალი ჩურჩული : ”შენზეა ლაპარაკი”

გამახსენდა, ერთ ზაფხულს მე და დედა აგნია ბოსლიდან ვბრუნდებოდით, სკების სიახლოვეს გავიარეთ და მე შიშინი მომესმა. სკა შრიალებდა თურმე, მე კი მეგონა სადღაც წყლის მილი გასკდა და წყალი იღვრებოდა. სიცხემ ფიჭა, რომ არ დაადნოს და სკაში სტაბილურად იყოს 32 გრადუსი ცელსიუსის სითბო, უტკრები თურმე სკის კარებთან სხედან, ფრთებს იქნევენ და ასე აგრილებენ ფიჭას-ეს დედა აგნიამ ამიხსნა.

საღამოა. მწუხრის ლოცვა, დაახლოებით ერთი საათია მორჩა. ვფიქრობ ჩემს ფუტკრებზე, რომლებიც ახლა კელიებში არიან. ადამიანი- ფუტკრები, რომლებიც თავიანთ სკა-კელიებში, თავიანთი ლოცვით აგრილებენ იმ სამყაროს, რომელზეც მამა პაისი წერს: ”უბედური სამყარო, სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.”

როცა მონასტერზე წერ, ყველა წერტილი და მძიმე მნიშვნელოვანია, თორემ შეიძლება რომელიმე უკიდურესობაში გადავარდნა, რასაც რელიგიურად ”ხიბლში” ყოფნა ჰქვია. ასე რომ, ძალიან უნდა მოგენატროს რაღაც და ვიღაც, ადგე და თეთრი კონვერტებით წერილები გაუგზავნო. დედაჩემს სჩვევია, ერთ ფურცელზე ჩამოიწეროს, რას გააკეთებს მომავალში. მაგ: იყიდოს სარეცხი საშუალებები, გამოიაროს ჟურნალის ასაწყობად და ა.შ. მეც იგივე დავიწყე და ჩემს ბლოკნოტშც გაჩნდა გეგმა, გასაკეთებელი საქმეების. თეთრი კონვერტები უნდა ვიყიდო და ყველას მივწერო წერილები, პირველ რიგში- დედა სალომეს, რადგან მითხრა, რომ ეს დღეს განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ურთიერთობის დეფიციტია და უწმინდესის კურთხევაცაა, ხშირად ვწეროთ წერილები. მეც დავწერ, თეთრ კონვერტში შევფუთავ და გავაგზავნი. ზაფხულში კი აუცილებლად უნდა ჩავირბინო ბედიანში. ჩემი ტრადიციული მორჩილება-ჭურჭლის რეცხვა-დამშრალება უნდა შევასრულო. იქნება, ბოსტნის კვლებიც გავასუფთავო და დედა აგნიამ ისევ მითხრას ხუმრობით ან ნაკლებად ხუმრობით, რომ მის თვალში ავმაღლდი. სკამ ძალიან იცის შეჩვევა,უკვე მენატრებიან ჩემი ადამიანი-ფუტკრები…

ჩვეულებრივ დღის სამ საათზე ,დავტოვე ბედიანი, წინა დღის ნაზიარებმა. დედა აგნიამ და მამუკამ გამომაცილეს. იმ წუთებში უკვე ზაფხულის ბედიანზე ვფიქრობდი, ცისკრის ლოცვის ზარებზე გააზრებულად, რომ წამოხტები და ეს ლოცვა, რომ დიდი ნუგეშია. ამ დროს აღარც მოდური ტანსაცმელი გიტრიალებს თავში და არც სასიყვარულო გატაცებები.

დამშვიდობება არ ყოფილა ძალიან ნაღვლიანი. ნაღვლიანი უფრო ის თვალები იყო, შობის დილას მონასტრის დედებთან ერთად, შობის მისალოცად ჩასულმა, რომ დავინახე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ყველა გადავკოცნე და უცებ შევხტი რეზოს ყვითელ ”მარშუტკაში,” იმ იმედით რომ ამ გამოცდებსაც ჩავაბარებ და ისევ წამოვალ-მეთქი. ფანჯრიდან ჩანდა პატარა, ვიწრო ხიდი და ტყეში ჩამაგრებული ულამაზესი ღილი- ბედიანის მონასტერი, თავში ჰოლდენ კოლფილდის სიტყვები ამიმოძრავდა :”თავში აზრადაც არ მომსვლია გუდ-ბაი მაი ლავ, გუდ- ბაი და ეგეთები-უბრალოდ, როცა მიდიხარ, უნდა გრძნობდე, რომ რაღაცას ”ტოვებ”.

2007 წელი:)

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი.

თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი არ მოდიოდა. რაღაცეებს თხრიან და დიდ მილებს ყრიან შიგნით, მგონი ქუთაისს მალე ეღირსება 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ მახარებს ეს გადათხრილი გზები.

კიდე წასაკითხებს ვეძებ. მშვიდ წასაკითხებს, სადაც სითბოს ვიგრძნობ, შემწვარი ვაშლის სუნს, სადაც სიყვარული დამხვდება და თბილი ფარდები. იატაკზე შემოდგომისფერი ხალიჩა და უამრავი ბალიშები. უტასთან, რომ ვიყავი მაშინაც მენატრებოდა, ახლა კი მთლად გიჟს ვგავარ. დავდივარ და ჩემს თავს ვეუბნები, არა არ უნდა გაგიჟდეთქო. დედა შუშანიკი მწერდა გუშინ, თუ გჭირდება ჩამოვალო. მართლა უნდა გავგიჟდე დედა შუშანიკი იმხელა გზიდან, ჩემს გამო რომ ჩამოვიყვანო, ისე კი ზუსტად ვიცი, რომ ვთხოვო მეორე დღესვე ჩამოვა ბედიანიდან. უტა მეუბნება რატო აგიჟებ დედაოსო. რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს დეპრესია. მერე რაღაცეებს შევეჩვევი და ისევ ჩავდგები ჩემს რეჟიმში. უტამ თმების შეღებვა, თუ გამოგიყვანს მაგ მდგომარეობიდან, მაშინ შეიღებეო, ოღონდ ჯერ აღსარება ჩააბარეო. მერე ისიც მითხრა თუ გინდა ვინმე საინტერესო ადამიანს მიწერე რამეო. იმას კი ვერ ხვდება, რომ საინტერესო ადამიანი აღარავინაა ჩემთვის.

ცხელი სასმელი მინდა. თუ გინდა იყოს მარწყვის ჩაი, უტა რომ მიმზადებდა და მე რომ ტკბილს სუნზე გული მერეოდა. რა ვქნა ახლა ყველაფერი მომინდება. ხვალ კარგად ვიქნები, ზეგ ცოტა ცუდად, მერე ისევ კარგად და თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ხანდახან მომინდება ვიღაცეებთან დაკონტაქტება, მაგრამ ისევ უარვყოფ ამ აზრებს. ვიცი რომ, ძაან დავიღლები და ამიტომ მირჩევნია ჩემი თავი ასეთი მარტოსული ავიტანო.

ყავას ახლა არავინ მომიდუღებს. ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი ახლა თუ დავლევ, ხვალ ღამემდე არ დამეძინება. უნდა გადმოვანგრიო წიგნების კარადა და იქნება რამე საინტერესო ვნახო წასაკითხი. წინა წლიდან შექსპირი გადმომყვა წასაკითხებში. არ მინდა და ვერ დამამშვიდებს სასულიერო ლიტერატურა, დიდი მოყვარული არც არასდროს ვყოფილვარ ასეთი წიგნების. მოკლედ ძიების პროცესში ვარ:)

ყველა სახლში ვართ. დედაჩემი კვლავაც დიდი ყურადღებით ეკიდება თავის ბლოგის განვითარებას. მარი თუ სახლშია სულ “პეტვილს” თამაშობს. სულ, სულ, სუუულ. აკოც პეტვილს თამაშობს, კიდე სოფო, კიდევ ზურა. ღმერთო რა საშინელებაა. მირანდა არ ვიცი რას აკეთებს, ჯერ სკოლა არ დაწყებია. რატომ არ ვწერ მამაჩემზე? რავიცი როდესმე დავწერ.

გუშინ ღამით წამომიარა და ერთ ქალს ფეისბუქიდან წერილი მივწერე, სადაც პატიებას ვთხოვდი და ბოდიშს ვუხდიდი. უტამ მომცა ამის სტიმული, რომ მიმეწერა. არადა იმ ქალს ადრე ჩემს მოსისხლე მტრად ვთვლიდი და მეგონა ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი რაღაცეებს. უუჰ რამდენი დრო გავიდა, მე კი ძვლივს მოვიშორე ძველი ბოღმები. ახლა მთელი მსოფლიოსთვის, რომ დამჭირდეს ბოდიშის მოხდა, დავუჩოქებ და ისე ვითხოვ პატიებას. ოღონდ ესეც უტამ უნდა მთხოვოს.

არანაირი მარწყვის მურაბიანი ჩაი, არც ყავა, მარიმ რძე მომიდუღა. უტამ სულაც არ მინდა ბლოგზე წერდე ჩემზეო…ნეტა მართლა ვახერხებდე ამას. ხვალიდან შევეცდები:)

წავედი წიგნები უნდა გადმოვანგრიო და ჩემი ისედაც დანგრეული დღის რეჟიმი ისევ უნდა ავბურდო. ცხელი სასმელებია ჩემი ნუგეში.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: