Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბლოგი’

ამ პოსტის ინსპირატორი კორტასარის “კლასობანა” გახდა, თუ მთლიანად წიგნი არა, დიალოგის ერთი ნაგლეჯი, როცა პოლიციელი მაწანწალებს აგინებს და ლანძღავს, ორასიო ოლივეირა მაგას ეუბნება:”ამ უნიფორმიდან მოქალაქეთა სირცხვილის სუნი გვცემს. წავიდეთ, კიდევ ერთხელ გავიქცეთ”. პოსტი სწორედ ასეთ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ქუჩაში მოსიარულე ასობით პოლიციელების უნიფორმიდან საკუთარ სირცხვილს გრძნობს, საკუთარ სირცხვილს გრძნობს კარში გაჩრილ გადასახადებისგან, საკუთარ სირცხვილს გრძნობს ან ვერ გრძნობს რუსთაველი პენსიონერი, რომელსაც გაზრდილი პენსია 100 ლარი პრეზიდენტმა თავისი ხელით ჩაუტანა და კიდევ, რამდენი რამეა, როცა სირცხვილი უნდა ვიგრძნოთ.

როცა, ამ თვეში კომუნალურმა გადასახადებმა 160 ლარს მიაღწია, სერიოზულად დავფიქრდი, როგორ შეიძლება რაღაცის ხარჯზე გავანახევროთ ან ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ, კომუნალური გადასახადები. გამოსავალი რა თქმა უნდა არის: თუ საკუთარ თავს მოვიძულებთ და კვირაში ერთხელ ვიბანავებთ (სწორედ, ამ სტატისტიკით ბანაობს ყოველი მეორე ქართველი) გამოვრთავთ მაცივარს, კომპიუტერს, ხშირად არ გამოვიყენებთ მადუღარას, იშვიათად გავრეცხავთ სარეცხს, არ ვუყურებთ ტელევიზორს ( რა ხეირი ყრია, ბინძური ქართული შოუების ყურებაში, რომლის თვალის მოკვრა უკვე მთელი საღამოს გაფუჭებას ნიშნავს. ამაზრზენი და მყრალი სანახაობა) ყველანაირი გზა იქეთ მიდის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ასკეტები, ყველაფერზე უარი ვთქვათ, არ დავიბანოთ, არ გამოვიყენოთ სარეცხი მანქანა, არ წავიდეთ კინოში, თეატრში, კონცერტზე, კაფეში ყავის დასალევად, არ შევიძინოთ ფეხსაცმელი, პიჯაკი, კაბა, შარვალი, არ შევავსოთ ბალანსი მობილურზე, არ გავაჩინოთ შვილები, რადგან თუ გავაჩენთ უნდა ვუყიდოთ 120 ლარიანი სახელმძღვანელოები, არასოდეს დავეზღვიოთ, წელიწადში ერთხელ ვერ უნდა მივიდეთ ექიმთან, ვერ დავიპლომბოთ კბილი, ვერ ავიღოთ ანალიზები, არ ვიყიდოთ პროდუქტები და საერთოდ, უარი ვთქვათ კვებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადამხდელ უნარიანების რიგებში ჩავეწერებით. მოკლედ, ასკეტიკა სერიოზული რამეა ასეთ შემთხვევაში. მაგრამ, რომ გადარჩე და გახდე გადასახადების გადამხდელი, მხოლოდ ფიზიკური შემოძარცვა არ გამოგადგება, საჭიროა სულიერადაც შეამზადო საკუთარი თავი, რომ გადასახადების ქვითარზე დასუფთავების გრაფაში 45 ლარის დანახვას გაუძლო, მოკლედ ორივე საჭიროა ფიზიკური და მორალური სიმტკიცეც, რომ არ დაეცე.

არის კიდევ სხვა გზა, წუწუნი სოციალურ ქსელებში და პირად ბლოგებში, რასაც ახლა მე ვაკეთებ და სხვადასხვა საპროტესტო ხასიათის შემცველი ჯგუფების შექმნა, სადაც ასი ათას კაცამდე გაწევრიანდება, დრო და დრო დავპოსტავთ, ვაგინებთ და დავწყველით მთავრობას, გულს მოვიოხებთ, ვიამბოხებთ და არაფიზიკურ სამოქალაქო სივრცეში, რომელიც უფრო და უფრო ემგვანება ასეთი სიტუაციისთვის შესაფერის გამოთქმას:”ამირან გულში მღეროდა”.

80 თეთრიანი მარშუტკების გამოჩენის შემდეგ, ჩემი სატრანსპორტო საშუალებები შეიცვალა და უკვე მეტროთი და ავტობუსით ვმგზავრობ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო ყვითელი მიკროავტობუსების მიმართ, სამაგიეროდ, ეხლა ვხვდები უამრავ უცნაურ ადამიანს, წითელი კეტების გამყიდველ გოგოს, მოხუც ბებოებს, სიყვარულის ჟინით ატანილ შეყვარებულებს, თავის თავთან მოლაპარაკე კაცებს და ქალებს, კეთილ და ბოროტ კონდუქტორებს და კიდევ მრავალ სახეს, ვიმახსოვრებ დროსა და სივრცეს და თუ ამ ტრანსპორტსაც გაძვირება დაემუქრება, მერე ალბათ ველოსიპედს ვიყიდი და ვივლი, სანამ ფეხით სიარული არ გახდება ფასიანი.

როცა, გამოსავალს ეძებ, სხვადასხვა ვარიანტებს მონიშნავ ხოლმე, გარდა ერთისა, რომელიც ჯანსაღი პროტესტის გზაა, სოციალური აქტივობის დასტური, სამოქალაქო სულიერების (მგონი) ყველაზე კარგი თვითგამოხატვის ფორმა, ვგულისხმობ რა თქმა უნდა ჯანსაღ ფორმას და არა “მიშა გადადექის” და ა.შ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ეს კულტურა, იოტისოდენა სოლიდარობის განცდა, არც მაგალითის მიმცემები მოიძებნებიან, ყველა სადღაცაა შეყუჟული და თვითგადარჩენის ტრაქტატებს თხზავენ, სამაგიეროდ აქტიურად მოღვაწეობენ პრეზიდენტის ჟურნალისტები და სასახლის კარზე დაახლოებული ხელოვანები. მიუხედავად, იმისა რომ ყოველ დღე გვესმის “სამოქალაქო ურთიერთობების, ღირებულებების” და ასეთი ფასეულობების შესახებ, სხვადასხვა ენჯეოების და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების” ამ კუთხით გაწეული შრომის რეალური შედეგი არადამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, შედეგი არც არის.

ეხლა , კარგად ჟღერს, იყო რაღაც “უფლებების დამცველი”, დღეს რომ სოციუმის “ღირსეული” წევრი იყო ვიღაცის უფლებებს უნდა იცავდე, დასავლურ ღირებულებებს უნდა ავრცელებდე, ყოველ წუთში განგაშს ტეხდე და ა.შ და ა.შ. ისე კი ძალიან საინტერესოა, ეს ადამიანები, რატომ ერთხელაც არ გააბარტყუნებენ ყურს სოციალური შეჭირვების და დევნის დროს, როცა ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ღირებულების არსებობა ეჭვქვეშ დგება თუ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არსებობს და მხოლოდ, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების დაცვაა მათი პრიორიტეტი? ვინღამ უნდა დაიცვას უმრავლესობის ღირებულებები? ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს, რა თქმა უნდა უმრაველსობამ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს უმრავლესობას გენეტიკურად მოგვდგამს პოლიტიკური და სამოქალაქო უსუსურობა. დღევანდელი ჩვენი ყოფა კი უმოქმედოა და სიცოცხლის უნარს მოკლებული, მუზეუმში დაცული ექსპონანტებივით გამოვიყურებით, მხოლოდ ეთნოგრაფიულ ნარჩენებს თუ მოგვაგონებს თანამედროვე ქართველი, რომელსაც მუზეუმის კაპასი თანამშრომელი მხოლოდ ტურისტის დასანახად თუ გაასუფთავებს და მტვერს გადაწმინდავს, არადა გამოსუფთავება შიგნიდან გვჭირდება, ამას თავად ხალხი უნდა მიხვდეს, რომ საჭიროა მენტალობის გამოხეხვა, ის რასაც ქალები “გენერალურ უბორკას” ეძახიან, ასე ზემოდან დაბერტყილი ღირებულებები კი ვერაფერს გვიშველის და ეს სულ სხვა თემაა, რადგან თანამედროვე ქართველი ჯერაც არ გამოსულა იმ პირველკლასელის ასაკიდან, რომელიც თავის “ქარიზმატულ” მშობელს ელოდება, რათა ხელი კარგად ჩასჭიდოს და სკოლიდან გამოიყვანოს.

“მარშუტკების “გაძვირება და დასუფთავების გადასახადის ახალი ტარიფები უნდა ყოფილიყო სერიოზული სოციალური პროტესტის საფუძველი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ჩვენთან არც ლონდონია, არც პარიზი და არც მადრიდი, სადაც ადამიანები თავიან უფლებებს პატივს სცემენ და ბოლომდე იცავენ მათ. მათგან, განსხვავებით აქ ხელისუფლების და გაჭირვებული ხალხის რიტორიკა უნისონშია, “გზები ხომ დავაგეთ, სასტუმროებს, ხომ ვაშენებთ და შუქი ხომ გვაქვს” ამ დემაგოგიას ხალხიც იზიარებს და ბატებივით აყიყინდებიან, როცა მათი მეთაური ყიყინს მორთავს. პრინციპში, რა საჭიროა პროტესტი, როცა “საზოგადოება” თავად უცხადებს ყველანაირ სოციალურ თანხმობას ხელისუფლებას, ისინი განდობილებივით არიან, ერთმანეთს თვალს უკრავენ, ჩუმად მოქმედებენ, კარგ ტიპებს სასწრაფოდ იშორებენ და ასე მიზანმიმართულად ახდენენ უსამართლობის ლეგიტიმაციას, რომელსაც ასე შეიძლება ვუწოდოთ :“რაღაც, ხომ კეთდება”.

მერე მოდის ისევ არჩევნების დრო, ისევ დაბნეულობა, ისევ თავგზა არეულობა, ნოყიერი და მაძღარი პრეტენდენტები სახით შემოთავაზებული მენიუ, ვირჩევთ რომელიმე კარგად დანაყრებულ ჰაბიტუსს, რომელიც არჩევის შემდეგ , გვარიანად ნაყრდება და ევსება ფიგურა, ებერება სახე, ლოყები, თვალები, ქუთუთოები, მუცელი, გავის შემოწერილობა ეზრდება, ფეხები უმრგვალდება, მთლიანად სქელდება და თვალებიდან ვეღარ იყურება და ვერც იმ ელექტორატს ამჩნევს, რომელმაც ის აირჩია…

Read Full Post »

ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ თბილს მირჩევნოდა.

ჩემი ქმარი ნუშებს ჭამს ხოლმე, დილით ვარჯიშობს, მანამდე ერთ კოვზ თაფლს და ერთ ჭიქა წყალს სვამს, ტელევიზორს ფეხზე დამდგარი უყურებს და ამბობს “რა ნაძირალაა” , როცა სძინავს ხელები კისერქვეშ აქვს შეწყობილი, როცა სძინავს მისი ყელი სუნთქავს.

ჩემი ქმარი მარტო ჩემს ნაწერებს, ჩემს ბლოგს, ჩემს ნოუთებს, ჩემს ფეისბუქის სტატუსებს, ჩემს საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციებს, ჩემს ინტერვიუებში მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, დილის და ღამის ლოცვებს კითხულობს. საერთოდ, არ ადარდებს რა ხდება თანამედროვე ქართულ პროზაში და პოეზიაში და ეს მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული და დადებითი თვისებაა.

ჩემი ქმარი უელბეკს, მარტო ჩემთვის ყიდულობს და მერე გამყიდველ გოგოზე ბრაზდება.

ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს არ არის აუცილებელი საკითხავი. მეც ასე ვთვლი.

ჩემი ქმარი ძვირიან და ხარისხიან ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მყიდულობს, მაგრამ მე მაინც ჩამოძონძილი და ლაქებიანი კურტკით დავდივარ და ამაზე ცოფდება(ეს ცოფდება რაღაც მოუხდა), უბრალოდ ამბობს აბა რისთვის გიყიდეო.

ჩემი ქმარი დილით მარტო ლოცულობს, მე არ მაღვიძებს, თუ გამაღვიძებს მარტო იმიტომ, რომ კარი ჩავკეტო.

ჩემი ქმარი, ჩემთვის მუშაობს. ეს მე არ მეამაყება, უბრალოდ ამას თვითონ ამბობს.

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე მისი იმედი და ნუგეში ვარ და ეს მეამაყება.

ჩემი ქმარი ღმერთს სთხოვს, რომ სულ ერთად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთვის მოვა.

მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.

ჩემი ქმარი მეუბნება, რომ შვილიც რომ არ გვეყოლოს, არაფერიც არ მოხდება, მთავარია ჩემში არ დაინგრეს რამე, ისე კი შვილის გამო ცოლად არ მოვუყვანივარ.

ჩემი ქმარი ცდილობს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით ვიკვებოთ.

ჩემს ქმარს ეხლა სძინავს.

პ.ს უტა, რა კაი რამეებს ამბობ ხოლმე და რატო არაფერს არ ვიწერ

Read Full Post »

გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა არ არის და ცვლილებებს ველოდები და სანამ ეს ცვლილებები მოხდება, მანამდე არა უშავს ჩემი ბლოგი ღრუბელივით თუ შეიწოვს ჩემს უხასიათობებს.

მამა ვიტალის საფლავზე ვიყავით მე და მარი. თურმე მარის დიდიხნის სურვილი ყოფილა იქ წასვლა, ხოდა დღეს მოვინახულეთ.

ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს საკუთარი თავის დაკრძალვაზე ვიყავი, ჩაშავებული და ჩათბუნული  პირ–ცხვირით.

მერე მაღაზიებში შევიარეთ. ამან  სულ ბოლო მომიღო, ჩემი საყვარელი ჯინსის კურტკები სულ რაღაც, 38 ლარი ღირდა, ხარისხი რათქმაუნდა აღარ მირკვევია, მაინც ძალიან სიმპათიურად და ვიწროდ გამოიყურებოდა. ეს სივიწროვე კი ყველაზე მთავარი დეტალია ჩემთვის.

თუ გინდა საკუთარი თავი მაგრად მიჟიმო, 50 % ფასდაკლების სრულიად უფულოდ უნდა შეხვიდე მაღაზიაში, ყველაფერი უნდა დაათვალიერო, მოგეწონოს და ვერაფერიც ვერ იყიდო.

მერე მაინც, თავის დამშვიდებას შეეცადო, რომ ყველაფერი არარაობაა და განსაკუთრებით ეს უხარისხო ძონძები.

ჩემთვის ვიქნები და პეპის ვიკითხავ დღეს.

Read Full Post »

იდეაში, მინდა სიყვარულზე დავწერო, ოღონ ეხლავე და აქვე, თორე შეიძლება განწყობები გამიქრნენ და დავრჩე ისე, როგორიც ვარ სხვა ჩვეულებრივ დღეებში.

რამდენიმე, წუთის წინ ჩემს თავზე ვფიქრობდი, რომ შეძლებისდაგვარად ტოლერანტული ვარ, განსხვავებული აზრების მიუხედავად პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ ზოგიერთი ადამიანის მიმართ, ზოგი იმ წამს ისე მიყვარს, გული მიჩქარდება, ზოგს მინდა რაღაც თბილი და კარგი ვუთხრა, რამდენიმე წამით ბედნიერი გავხადო, მერე იმან ბედნიერი სხვა გახადოს და ა.შ. ასე  მგონი იმ ფილმშია, პატარა ბიჭი სიკეთის კეთების სქემას, რომ დახაზავს, რაღაც დიდ მიზანს, რომ დაისახავს და ამ ყველაფერს დიდი კაცის გულმოდგინებით იწყებს. ჯერ ასეთი შესაშური გულმოდგინება არ გამჩენია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიღაცის მიმართ თბილი გრძნობები გიჩნდება.

იდეაში, ისიც მინდოდა, რომ მეთქი ამ უსაზიზღრეს იუზერნეიმიან ბლოგს, სხვა თემატურ ბლოგს მივაბამ, მაგრამ ნაწილობრივ გადავიფიქრე ,რადგან  კონკრეტულად ვერცერთი თემა ვერ ავირჩიე, რის გარშემოც კონცენტრირებას მოვახდენდი, თითიდან გამოწოვილ თემებზე დავწერდი, გავჭედავდი, ტვინს გავბურღავდი, ჩაბჟირებამდე გავბურღავდი ტვინს, გულის შეწუხებამდე, სულის შეღონებამდე, სისხლის გამოწურვამდე…ხოდა ასეთი მანიაკალური თემატიკა დროებით გვერდზე გადავდე:)

მანამდე, მირჩევნია ჩემს სიზმრებზე, ჩემს ბიჭზე, ჩემს დღეებზე, ჩემს გრძნობებზე ვწერო. ჯერჯერობით, ესენია ყველაზე ღირებული და ძვირფასი  ჩემთვის.

მანამდე, კი ყოველდღიურად ჩემს სიყვარულს და ჩემს ემოციებს სუპერ სოციალურად “გიშეარებთ” ფეისბუქზე, ვისაც არ გჭირდებათ  “დამაჰაიდეთ”:))

Read Full Post »

თაა უკვე მეორე ბლოგერია თბილისიდან, დოდკას შემდეგ, რომელიც რადიოში მესტუმრა და მასთან ინტერვიუც ჩავწერე. ჯერ თავისი საქმეები მოაგვარა რადიოში, რეკლამაზე და მედია გეგმებზე ესაუბრა ჩვენს მარკეტინგის წარმომადგენელს და მერე ჩვენც მივხედეთ ჩვენს საქმეებს. რადიო ხალხით იყო გადაჭედილი და ძვლივს მოვძებნე ადგილი, რომ წყნარად ჩამეწერა. უახლოეს მომავალში გადაცემას გავაკეთებ ინტერნეტზე, სოციალურ მედიის განვითარებაზე, ბლოგებზე და ა.შ და ა.შ და რამდენიმე ინტერვიუ ძალიან მჭირდებოდა რამდენიმე ცნობილი ბლოგერთან. უახლოეს დღეებში დოდკასთან ჩავწერ სატელეფონო ინტერვიუს და კიდევ მოვძებნი ვინმეს, ქუთაისში კი არა მგონია ვეტერანი ბლოგერი გვყავდეს და ამიტომ ალბათ, უფრო სხვა მიმართულებით დავინტერესდები, თუმცა აქაც ძალიან საინტერესოა ამ კუთხით მუშაობა და შემდეგ სხვადსხვა თემები გამოიკვეთება.

დღეს დიდი დღე მაქვს, დილიდან დავრბივარ, ჯერ დილით ვმუშაობდი, შემდეგ ბიძაშვილის და ბიძაშვილისშვილის სანახავად ვიყავი სამშობიაროში, ჰოდა თურმე არ უშვებდნენ ხალხს, აი ისე, როგორც მე მგონია და კარგა ხანს მომიწია ეზოში ლოდინი, მარტო ფანჯრიდან შევძელი დამენახა ორივე, ახალგაზრდა დედიკო და პატარა გეგი. შემდეგ კი ისევ სახლში გამოვიქეცი და შემდეგ ისევ რადიოში. ჰოდა ეხლახან თაც გავაცილე და ვემზადები დღევანდელი საღამოს ეთერისთვის.

ეს შაბათ-კვირა ისე სასიამოვნოდ გავატარე, მგონია უახლოეს დღეებშიც სადმე გავვარდები სიმწვანეში, დავამთავრებ იუნგის კითხვას და სხვა ახალი რამის წაკითხვასაც ვაპირებ და კიდევ საუკუნე უსრულდება იმ დაწყებულ ზღაპარს, ჰოდა იმას გავაგრძელებ. დედა მაკრინე და შუშანიკი ისევ ბაღდათში არიან და ხვალ უკვე წავლენ თავიანთ მონასტრებში.

ჰოდა სამშაბათია. სილვია პლათის ლექსები მინდა, ვინმეს არ გაქვთ?

Read Full Post »

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები რომელიც ჩუმად, მაგრამ მაინც კითხულობენ ჩემს ბლოგს და ამას არ აფიქსირებენ.

კიდევ რაზე ვფიქრობდი? არ მიყვარს, როცა უცებ მივიღებ სადმე წასვლის გადაწყვეტილებას, უცებ ჩავყრი ჩანთაში საჭირო ნივთებს და გავრბივარ. ასეთ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მარის მიმართ მიჩნდება:”მარი ხომ არ გწყინს, რომ მივდივარ? მარი ორშაბათს ჩამოვალ. მარი ცუდად ვიქცევი?”-ვეკითხები. ასე დამემართა გუშინ საღამოს, უტას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცებ მთხოვა, რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი თბილისში, თავიდან ვიფიქრე, რომ სერიოზულად არ მეუბნებოდა, მაგრამ როცა ფილმიდან “სვანი” სიყვარულის მისაბაძი, რომელიღაცა ეპიზოდი შემახსენა, სადაც ცოლი თავის ქმართან შესახვედრად არ ერიდება საშიშ და ბნელ ღამეს, მერე კი ვიკადრე წამოდგომა და თმადაუვარცხნელი გავვარდი ქუთაისი-თბილისის ბოლო რეისზე.

ახლა ვარ დაღლილი და გამოუძინებელი, კიდევ მაქვს სამი კბილის ჯაგრისი და მყავს ბიჭი, რომელიც დილით მიმზადებს ჯანმრთელ საკვებს ანუ გერკულესს და მერე მიდუღებს ყავას ან ადუღების ინიციატივას გამოთქვამს, საბოლოო ჯამში ყავას ადუღებს მაიკო და ის ადუღებს შემდეგ რამდენჯერმე ჩაის და მოაქვს ჩემამდე. მე ვზივარ ასეთ დროს გაზთან და ვკითხულობ “უდაბნოს”, რომელსაც ალბათ მორიგი ჩამოსვლისას თუ  დავამთავრებ.. ხოდა ახლა ჩემს უკან დგას თავისი კამერიანად და რაღაცას იღებს და ნერვებს მიშლის, მეუბნება მარტო კლავიატურას ვიღებო და შენ გააგრძელე ბეჭდვაო. ხოდა ასე არ შემიძლია რამე დავწერო, როცა თავზე ან გვერდით მადგას ვინმე. ჰო კიდე არ შემიძლია, ეს ბიჭი დაათრევდეს მძიმე პარკებს და მე ერთსაც არ მაძლევდეს, რომ ეს სიმძიმე მეც გავინაწილო. ხოდა ეს საშინლად არ მომწონს (ხოდა ნუ იღებ რა ). დედაჩემი ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა თავის დროზე მაშინ დაუშვა როცა საქმეები არ გადაანაწილა და ყველაფრის გაკეთება თავის თავზე აიღო. ამას ისე უბრალოდ ამბობს, არც არაფერზე წუწუნებს. ხოდა როცა უტას მერამდენეათასჯერ ვთხოვ, რომ ეს მძიმე პარკები მეც წამოვათრიო, რადგან მერე მთელი ცხოვრება არ მინდა სულ თვითონ ათრიოს ყველაფერი, მეუბნება:”როგორ გეტყობა ძმა, რომ არ გყავს.” არადა ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა  სხვა სათრევ პარკებთან ერთად მათრიოს და ამას მიმაჩვიოს, მე ხომ საკმაოდ ჯან-ღონიანი და საკმაოდ მოტივირებული გოგო ვარ სხვადასხვა სიმძიმეების სათრევად და ამას მიჩვეული ვარ:)

ხოდა ეხლა ზის და ამონტაჟებს იმ რაღაცეებს, რაშიც ზუსტად ვიცი თმები მექნება საშინლად და დამაფრთხობლად და იმ წამს მოვითხოვ მის წაშლას. მივდივარ. წინასწარ გილოცავთ ბზობას, ნანა ზარდიაშვილმა რაღაც წერილი დამიტაგა და უნდა წავიკითხო.

Read Full Post »

გახსოვთ ხელები, რომ გეყინებოდათ მაუსზე და კლავიატურაზე, ქაფქაფა ყავას და ჩაის სვამდით და ვერაფრით თბებოდით, მორჩა ამ ყველაფერმა ჩაიარა და სულ აღარ გვახსენდება, როგორ გვციოდა ზამთარში.

გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის  ღრიანცელის და ხმაურის სეზონი დაიწყო . არაუშავს გავუძლებ, ხმაურიან ქეიფებს და საქეიფო სიმღერებს შუაღამისას, ჩემი უბნიდან, სადაც პატრული ყურს არ გაიბერტყავს ასეთ ველურ გამოვლინებებზე. გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მყუდროებას ვეღარ ვიპოვი აივანზე, სადაც ზემო სართულიდან ერთი სახენაყვავილარი ბიჭი სიგარეტს დააფერფლავს ჩემს სარეცხს, დამიწვავს მაისურებს და ჩანთებს და ამას ვიღა ჩივის, ისე გადმოიხრება იმ თავისი აივნიდან ჩემს აივანზე ჩამოსახედად შემეშინდება არ გადმოვარდეს. მოკლედ ამასაც გავუძლებ, ოღონდ ასეთი ამინდები გაგრძელდეს. ერთხელ ეს ბიჭი ადგა და ისე, რომ თავის დედას არაფერი ჰკითხა, წავიდა და სადღაც გადაიკარგა, მერე კი თვითონ დაბრუნდა. ყველას მკვდარი ეგონა და დედამისი თურმე მეგრულად დასტიროდა, ეს დედაჩემმა მითხრა, როცა მეც ჩამოვწანწალდი სახლში. ახლა მგონი აღარსად გარბის, დგას მუდამ აივანზე და იყურება მისი პატარა სამყაროს მეცხრე სართულიდან, ხანდახან ვესალმები და ვხვდები, რომ უხარია, მერე მეც მადლობებლი ვრჩები მისი, რომ ის იღიმება და სახლიდან აღარ გარბის. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს დაეხმარო? ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე და რეალურად რაც შემიძლია, ისაა რომ არ ვაგრძნობინო თავი საზოგადოების დაკარგულ ნაწილაკად, მივესალმო, ხანდახან საათი ვკითხო, ხანდახან დახმარება ვთხოვო, ხანდახან დედამისს და მას მსხალი და ვაშლი ავუტანო. ასეთი ადამიანები სხვა ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო მეტად ყურადღებიანი არიან და უფრო მეტად ინიციატივიანი, რაღაც კარგი გააკეთონ. ეს ხვიჩაა, რომელიც ახლაც აივანზე დგას და გაჰყურებს კორპუსებით გამოტენილ სივრცეს, რომელიც გაზაფხულობით სეირნობს დედასთან ერთად და აცვია ძალიან ძველი, დახეული ბოტასები და საერთოდაც ყველაფერი ძველი აცვია.

ბჟოლებში (უბანია ასეთი ქუთაისში) კი არის კაცი, რომელიც დგას მწერალთა სახლის წინ და მტრედებს აჭმევს. ეს მარიმ მითხრა გუშინ. ბჟოლებში კი არის ძველი საპარიკმახერო, სადაც ბიძაჩემი მუშაობდა და ყველა “ვანსკის” სახელით იცნობდა. ახლა იქ ნოდარიკოა, მაგრამ მაინც მამძიმებს ის ადგილი.

დასასრულს კი ძალიან კარგი ამბავი. სოფომ ბლოგი გააკეთა, ჯერჯერობით იქ არაფერია, მაგრამ ზუსტად ვიცი ბევრ კარგ რაღაცეებს დაწერს. სოოფ პო გახსოვს? დედაჩემმა მოიტანა ადრე მე, რომ შენზე პატარა ვიყავი და შენ რომ დიდი გოგო იყავი, თან ჟურნალისტიკაზე სწავლობდი და მე ვფიქრობდი, რა მაგარი გოგოათქო. იმ ქსეროქსებზე ამოღებულ მოთხრობას პო ერქვა თუ პოს ეძღვნებოდა?

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: