Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბოტასი’

მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ბავშვობის ტარაკნებზე, ნავთის სარკიან ლამფებზე, პატარა ნავთის წვეთოვან “ფეჩებზე” , მეექვსე  სართულის ძია ვანოზე, მესამე სართულის ძია ცეზარზე, ჩვენი კარის მეზობელ მურმანზე, მეცხრე და პირველი სართულების, ლიფტების დეიდა მანანაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ იდგა ყველგან ნამწვის სუნი, შეიძლება გზადაგზა რამეც გამოვიგონო, ოდნავ შევალამაზო ის ხისტი ამბები, არცერთი ბედნიერი ბავშვის ბავშვობაში, რომ არ მომხდარა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დამაწყებინებთ იმის მტკიცებას, რა მოვიგონე და რა იყო სიმართლე, თქვენთვის რა მნიშნელობა აქვს მე სად ვიფანტაზიორე, მთავარია ყველამ, მეც, შენც, მანაც, იმათმაც დაივიწყონ დღის მოსაწყენი ამბები, შტერი და ბრიყვი პოლიტიკოსების ასეთივე გამოსვლები, მე უბრალოდ ვერაფერი ვნახე წასაკითხი ჩემი წიგნების თაროზე და თავად ვაპირებ საღამოსთვის დავწერო ტექსტი, რომელსაც ალბათ დიდი სიამოვნებით ვერ გადავიკითხავ, უბრალოდ მზესუმზირასავით შევექცევი ჩემი ბავშვობის ყველაზე უსახურ ამბებს ერთ ჩვეულებრივ უსახურ ზაფხულის ცხელ საღამოს.

მოწყენილობისგან ვკვდები და ვწერ. კარგი გამოსავალი ვნახე, ტუალეტში აბებით გაჭყეპვას ხომ ნამდვილად ჯობია წერო.

ხოდა…

ტარაკნები  მყავდა, მართლა, დედას გეფიცებით. მთელი ზამთარი თავს ვევლებოდით, ვზრდიდით, ღამით კედელთან მიმდგარ ტახტზე, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვიწექით და ვთბებოდით, ვცდილობდით კედელს არ შევხებოდით, რომ ტარაკანას შემთხვევით გზა არ შეშლოდა და ჩვენს საბანზე არ გადმოხოხებულიყო, არ ვიცი როგორ ვეტეოდით მთელი ოჯახი, იმ ტახტის მწვანე მატრასზე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ეს ნამდვილად ასე იყო. ზამთრის ღამეები გრძელი და ცივი იყო, დედაჩემი რაც ნანას მეცადინეობას მორჩებოდა სანთლის შუქზე (მგონი სულ ტყუილად ირჯებოდა), უზეთო, წყალწყალა  ლობიოს შევჭამდით და მერე ყველა ერთად ვიძინებდით და გატრუნულები ვუსმენდით ტარაკნების სევდიან ვალსს, ყველაზე  სექსუალურ სვლას ჩვენი ოთახის კედლებზე. ისინი ჩუმად დადიოდნენ სიბნელეში და ტოვებდნენ თავიანთ სველ კვალს, რომელიც ღამით ანათებდა. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ არ მეზიზღებოდნენ, დღესაც მეზიზღებიან, მაგრამ მათაც ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ არა ჩვენს პატარა სახლში, რომელშიც ჩვენც ძლივს ვეტეოდით. ამიტომ, მიხაროდა გაზაფხულის მოსვლა, სკოლის დამთავრება და ცოტა ხნით სოფელში წასვლა არდადეგებზე, სადაც დავლევდი ჩვეულებრივ წყალს და არა გამოხარშულს, სადაც არც ტარაკნებზე ვიფიქრებდი. დედაჩემი ასეთ დროს სპეციალურ ცარცს იყიდდა, პლინტუსების პარალელურად ხაზებს გაავლებდა, ყველა კუთხეში, ერთი ადგილიც არ დარჩებოდა დაუხაზავი, მერე გამოიკეტავდა კარს და როცა სახლში ვბრუნდებოდით, ჩვენ ისინი დახოცილები გვხვდებოდნენ, გამხმარი ტარაკნები, ძირს მიმოფანტულები, გადასაყრელი ექსპონანტები.

ზაფხულში თუ ტარაკნებს და თაგვებს ვხოცავდით, სექტემბერში ბოტასებს ვღებავდი თეთრად ემულსიით, რომლითაც ჭერი შევათეთრეთ, ალბათ იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ერთ დღესაც ჩემს თეთრ ბოტასებს შემსამჩნევად გაუყვითლდა ძირები. მეგონა სასოწარკვეთილებისგან მოვკვდებოდი, მაგრამ ემულსიამ მიხსნა, ავდექი და ფუნჯით კარგად შევუღებე ძირები, მერე კი ამაყად წავედი სკოლაში. მე -5  მესამე კლასის მოსწავლე გოგო. ძალიან უშნო ვიყავი, წვრილი და ცისფერი ავადმყოფური თვალები მქონდა, მგონი არავისაც არ ვუყვარდი, მარტო იზოლდას ვუყვარდი, ქართულის მასწავლებელს. მან შემიფარა და ჩემი თავისუფალი თემა “პატარა , თეთრი მტრედის ხუნდი” მთელი კლასის წინაშე წამაკითხა და ყველაზე საუკეთესოდ აღიარა. დღევანდელი გადმოსახედიდან ის თავიუფალი თემა მტრედის ხუნდზე, სრული ნაგავი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ნაგავსაც აქვს არსებობის უფლება, ამიტომ მე ის დიდხანს მქონდა შენახული ჩემი დღიურების ყუთში, წითელ ხავერდ გადაკრულ სკივრში, რომელზეც საშობაოდ ჩიჩილაკს ვდგამდით და შოკოლადებს ვკიდებდით.

მე და იზოლდა ერთნაირები ვიყავით, ორივე წვრილები, ქერები, გამხდრები, სუსტები, ის ჩემგან განსხვავებით ლტოლვილი იყო და ცალი ფეხით კოჭლობდა, მგონი სიცივისგან დაემართა, იმის მერე სულ მეშინოდა მეც იგივე ბედი არ მწეოდა. ჩვენ ხომ რაღაცით ვგავდით ერთმანეთს, თან ორივეს პატარა ძუძუები გქვონდა, ასეთებს კი ყურადღება ხშირად აკლიათ. მე ბედნიერი ვიყავი, ის რომ არსებობდა და ის, რომ ჩემი ქართულის განაკვეთის მასწავლებელი იყო, მე მას თვალებში შევციცინებდი და თავისუფალ თემებს ვუწერდი.

იმ წელს ჩვენს სკოლაში, მაღალ კლასებში რამდენიმე უცხო გოგო გადმოვიდა, მათ ყველასგან განსხვავებულად ეცვათ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მე ხომ ჩვეულებრივი მაისურით და შავი კაბით დავდიოდი სკოლაში + არაფრით გამორჩეული ვიყავი, პირიქით რატომღაც გამირბოდნენ და არც მიმეგობრდებოდნენ. ამჯერადაც გამიმართლა, ძალიან მალე გათხოვდნენ, უბნის ყველაზე შტერ ბიჭებს გაყვნენ ცოლად, ალბათ დედამთილებმა აჩუქეს ვარდისფერი პერანგები და საძინებლის ჩუსტები, მერე კი ჩუმად დაუდარაჯდნენ საძინებლის კართან. ჩვენი პერვერტული ქართველი დედები, განუხორციელებელი სექსუალური სურვილებით. მე მიხაროდა მათი გათხოვება, ნიშნისმოგებით ვუყურებდი ცოტა ხანში, როგორ მრგვალდებოდნენ, ფეხებდასიებულები ვეღარც დადიოდნენ, ქმრებს ფანჯრიდან ეძახდნენ და რაღაცას სთხოვდნენ, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩაცუცქულები მშვიდად იფურთხებოდნენ. მე  გამარჯვებას ვზეიმობდი, მერე რა რომ ერთი ძველი ჯინსი, მაისური და გაყვითლებულ ძირიანი ბოტასები მქონდა, მათ აღარც კი ვღებავდი, აზრი აღარ ჰქონდა, წვიმიანი ამინდები დადგა და წვიმის შეხებისთანავე საღებავი სანიაღვრე მილებს უერთდებოდა.

ერთხელ მაკამ თქვა, პრეზერვატივებით სავსეა მთელი სახლი და ბუშტებს ბერავენ ქალები…ჩვენ  სკოლიდან რომელიღაც სპექტაკლზე ვიყავით თეატრში და სახლში ვბრუნდებოდით.

მე ავხედე მაღალ ჭერიან, კარგად განათებულ, დიდ ფანჯრიან ოთახს და წარმოვიდგინე ბევრი ფერადი ბუშტი, ვარდისფერი ბუშტები და ელექტრონით განათებული ოთახი, სადაც არის ბევრი ლამაზი ქალი და კაცი, სვამენ შამპანურს  და უბრალოდ მხიარულობენ. მაკასთვის არაფერი მიკითხავს, შემრცხვა მეღიარებინა, რომ ვერაფერი ვერ გავიგე, მე ხომ ხუთოსანი გოგო ვიყავი, ბევრ წიგნებს ვკითხულობდი, მწერალი მშობლები მყავდა და თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი.

მაკა ადრე გათხოვდა, მგონი სკოლა არც კი დაამთავრა. მისი ამბავი მას შემდეგ აღარ ვიცი. ადამიანები თავისუფლად ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავენ.

პრინციპში ვინც მნიშვნელოვანი იყო ისინიც დავივიწყე.

სკოლის ამბები ეხლა, რომ მახსენდება მესექსუალურება. რაღაცნაირი კარგი ამბები იყო, მშვიდი, წყნარი დღეები, სკოლის ლამაზი დიდძუძუებიანი გოგოები და მათი თაყვანისმცემელი ულაყებივით ბიჭები. მართლა ცხენებივით იდგნენ ასვეტილი ჩვენი საკლასო ოთახის კართან. კიდევ კარგი, არასდროს ავღფრთოვანებულვარ მათით, სულ გულს მირევდნენ.

ამის შემდეგ მე მეგობარი გამომიჩნდა, რომელიც არავის არ დავუთმე,ყველას გადავუმალე და მარტო მე დავისაკუთრე,  რომელმაც მასწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მთელს დედამიწის ზურგზე და თუ ხანდახან, საკუთარ თავთან პრობლემები შემექმნება, გამოსავალი მასთან საუბარია…საკუთარ თავთან. დღესაც იგივე გამიმეორა და მე მისი მჯერა.

პ.ს ღმერთო ჩემო, ისეთი შეგრძნება მაქვს შუაღამემდე შემიძლია გაუთავებლად მოვყვე ათასი ამბავი, მაგრამ ეხლა დავამთავრებ. დასაწყისში მოხსენიებულ პიროვნებებს კი აუცილებლად გავიხსენებ მორიგ პოსტში, რომელსაც ხვალ დავწერ. საკმაოდ, გრძელი გამოვიდა მგონი. ბოლომდე ჩაკითხვა დიდად არ არის საჭირო.

 

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: