Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘გენდერი’

დეკემბერი კარგი იყო, ღამით სტატიებს ვწერდი, დილით ბლინებს ვაცხობდი, შუადღით ბავშვთან ერთად გარეთ ვსეირნობდი – რა უნდა მექნა, სახლში ვერ გააჩერებ- ფაჯნრიდან გადავა, საჭმელებს ვაკეთებდი, სულ არ მსიამოვნებდა, მაგრამ რა მექნა,  ვწუწუნებდი დაღლილობაზე და ვტიროდი ხოლმე, კიდევ როგორ მოვახერხე არ ვიცი, მაგრამ უცებ კარგი რაღაცაც მოხდა საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის  ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, კონკურსი გენდერული უთანასწორობის და თანასწორობის შესახებ ახალგაზრდული ხედვის წარმოჩენას ეხებოდა, დაჯილდოება 6 დეკემბერს გაიმართა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გადმოგვცეს საჩუქრები და  სიგელები, ხოდა  რა უნდა იყოს ამაზე კარგი სტიმული დედისთვის, რომელიც სახლშია, ათას საქმეს აწყდება და სხვები მაინც ვერ ხვდებიან, რომ მისი საქმეც საქმეა და მისი საქმეც დასაფასებელია, არა პედესტალზე შემოსადგმელი, უბრალოდ ოდნავ დასაფასებელი და დაფასებას ვინ დარდობს, ხელი მაინც არ შემიშალონ, დახმარებას ვიღა ჩივის 🙂

ამ წელს ვინც ძალას და საკუთარი თავის რწმენად მიღრმავებდა ჩემი ბიჭი იყო, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა “ღირს”, “გააკეთე”, “შენ სხვაზე მეტად შეგიძლია”, “მე რაც შემეძლება ხელს შეგიწყობ” , “გთხოვ კარგად იკვებე”, “ღამის თევას ჯობია დილით ადგე, მე გაგაღვიძებ” და ასეც იქცეოდა, ბავშვს აბანავებდა, აძინებდა, აჭმევდა, პროდუქტებს ეზიდებოდა, ტკბილეული მოჰქონდა, რომ ღამეების გათენება არ გამჭირვებოდა, ისიც დაღლილი იყო , ძილი არ ყოფნიდა, სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა. ყველაზე კარგი ამ თვეში რაც გააკეთა ისაა, რომ ველოსიპედით სიარული დაიწყო სამსახურში და სახლშიც ტელევიზორს ნაკლებად მოიხმარს, ვუთხარი ეს ოხერი არხები საერთოდ გავათიშინოთ მეთქი და ვნახოთ რას იზამს.

ბავშვმა ბევრი რამე ისწავლა, ერთ-ერთი ბოტების ჩაცმა და აქეთ-იქით ბაკუნია, ჩაიცვამს თავის ლურჯ ბოტებს და დახტუნაობს ოთახიდან ოთახში, ლაპარაკის დაწყებას დიდად არ ცდილობს. იცის არას თქმა და თავის საყვარელ თაფლს – თაფის ეძახის, მთელი დღე მღერის და ქარიან ამინდებში ხატავს, მე არაფერს არ ვაძალებ, როცა უნდა მაშინ დაიწყებს ლაპარაკს, სად წავა. მე კი ვუყვები ათას ამბავს და არეულ ზღაპრებს. დავიწყებ :”იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, გავიმეორებ ამას სამჯერ და ვეღარ ვხვდები როგორ გავაგრძელო. ამ საკითხში სამცადინო მაქვს ბევრი.

ესეც ჩემი ბოლო პოსტი მასწავლებელი.ჯისთვის დაწერილი

Advertisements

Read Full Post »

ამასწინათ ვფიქრობდი, თუ მთელი სამყარო სტერეოტიპებზე დგას და ერთ დღესაც ყველანაირი აგური დაიშლება და ყველაფერი ხუხულასავით ჩამოიქცევა, რა მოუვათ იმ კაცებსა და ქალებს, რომელთა მენტალობა სტერეოტიპებით ნოყიერად იყო ნაკვები?…

რამდენიმე თვის წინ, მეგობარი რომელმაც ბავშვი გააჩინა, მერე ისევ სამსახურს დაუბრუნდა და ეხლა იმდენი ელაპარაკეს იმაზე, რომ დედა აუცილებლად სახლში უნდა იჯდეს და ბავშვი გაზარდოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ  ლამის სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა, ბევრი ველაპარაკე რომ მსგავსი რამის გაკეთება ყველაზე სუსლელური საქციელი იქნებოდა მის სიტუაციაში და შემდეგ აუცილებლად მწარედ ინანებდა. გადაიფიქრა. სიტუაცია კრიტიკულია, ახლადშექმნილ ოჯახში ე.წ შემომტანი მხოლოდ ქალია, ქმარი – კაცის საქმეს ეძებს, კაცის დედა წუხს, რომ მისი ვაჟი კაცის საქმეს ვერ პოულობს და ხანდახან თავის პატარა ფეხებქათქათა გოგოს პამპერსს უცვლის და მშვენივრად უვლის, წუხს იმის გამო, რომ ეს ქალის საქმეა, ქალი კი ამ დროს სამსახურშია და ქმარი კი ამ დროს პატარა გოგოზე ზრუნავს. თითქოს ეს ყველაფერი კრიტიკულ სიტუაციას უნდა აბალანსებდეს, მაგრამ არა. ჩვენს ქვეყანაში ბავშვის გაზრდა მემკვიდრეობით ქალზე გადადის, მხოლოს ქალს აქვს დაკისრებული ეს მოვალეობა. შვილის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებული მხოლოდ დედაა, კაცმა კი სხვა რამ უნდა გააკეთოს, ფული შემოიტანოს და ოჯახი გამოკვებოს. მიუხედავად იმისა, რომ კაცის ეს საქმე არც ისე მარტივია, ეს არ აიოლებს იმ პრობლემას რომ კაცები შვილების აღზრდაში ნაკლებად არიან ჩართულები.

მსგავსი სტერეოტიპები მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის  დამახასიათებელი თვისება არ არის, იგი ზოგადად ყველა ქვეყნის სოციო-კულტურული გარემოსთვის დამახასიათებელია , თუმცა ნელ-ნელა იკვეთება ნიშნები, როგორ იცვლება მსგავსი დამოკიდებულებები პოზიტიურად, კაცები უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან, აფასებენ ამ ურთიერთობას, სწავლობენ ამ ურთიერთობით, იცნობენ თავიანთ შვილებს უფრო კარგად, მათ თვალწინ ხდება ის სასწაულები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დედის თვალწინ ხდებოდა. იქნებ დროა ვუთხრათ კაცებს, რომ ეს არ აკნინებს მათ კაცურობას საზოგადოების თვალში და თუკი იგი ამ მოვალეობით მაინც კნინდება საზოგადოებაში, იქნებ საზოგადოების ბრალია ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება.

მოკლედ ასე, არ არსებობს გატიხრული საქმეები, ქალის საქმე და კაცის საქმე, არსებობს საქმე, რომელსაც ჭირდება შრომა, თავგანწირვა, ღამეების თენება და შედეგისთვის ბრძოლა, სქესს კი მნიშვნელობა არა აქვს.

Read Full Post »

ერთხელ, მამაჩემმა მითხრა _  ისტორიის სწავლა ხარკია შენი ქვეყნის წინაშე, ძალიან გვეზარება, მოვლენებს ყურადღებას არ ვაქცევთ, კარგად არ ვაანალიზებთ, ვცდილობთ თარიღების დამახსოვრებით გავიდეთ ფონს, გვგონია თარიღების ზუსტი ცოდნა აგვიხსნის მოვლენის სიღრმეს,  სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ისტორიამ გამოვტოვეთ, როგორც თარიღების მეცნიერება, ან კიდევ გამოგვატოვებინეს იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც  მხოლოდ ციფრული ისტორია დაიზუთხეს გადასარევად.

დადგა დრო და ჩვენ ხელახლა ვსწავლობთ ისტორიას, ჩვენი ინიციატივით, ხარკს ვაბარებთ წარსულს, რომელსაც საკმარისი დრო არ დავუთმეთ, რადგან არ გვესმოდა თუ როგორი მნიშვნელოვანია, იცნობდე შენს ისტორიას და პირნათელი იყო მის წინაშე.

აი ის, უკმარობის საშინელი განცდა მქონდა და არც შემდეგ მტოვებდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამოცემულ ერთ-ერთ სერიას გავეცანი “დაკარგული ისტორია . მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ”. ამ წიგნში იმ ქალების ცხოვრების შესახებ ამბებია თავმოყრილი, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს შემდგენლებმა, ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს, როგორც მეორადი გმირები, მეორადი ქალები, რომელთა ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არ ყოფილან ე.წ  ‘კუხნის ქალები’, პირიქით ძალიან წარმატებეული, ჭკვიანი, ძლიერი და საშიში ქალები იყვნენ წითელი რეჟიმისთვის და სწორედ, ამიტომ რეჟიმი   ზედმეტად რეაქციული და დაუნდობელი იყო მათთან.

ვკითხულობდი მათ სულისშემძვრელ წერილებს, ტუჩების კვნეტით, ბღავილით, თითების დაჭმით, ძნელია ატარებდე ისეთ სერიოზულ ბრალდებას, როგორიცაა “ხალხის მტერი, ხალხის მტრის შვილი, მოღალატე ქმრების იდეური და ხორციელი თანამგზავრი, მავნებლურ-დივერსანტულ, ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი” და იყო ჩაკეტილ წრეში, არავის არ ესმოდეს შენი, არ არსებობდეს პიროვნების სიმართლე, პირიქით ყველაფერი მიმართული იყო იქეთკენ, რომ სწორედ ინდივიდების სიმართლე და სამართლიანობა განადგურდეს.

ხომ, იქნებოდნენ ისეთებიც, რომლები სწორად ვერ გაიგებდნენ ამ ცრუ ბრალდებებს, გარიყავდა მათ და თავიდან მოიშორებდა, თუმცა ასეც ხდებოდა.

რამდენიმე, ციტატა საილუსტრაციოდ:

“მერე ჩემმა დამ ჰკითხა :რატომ გვცემო?

– შვილო, იმიტომ გცემთ, რომ არა გცემოთ- გაიყინებით! ხომ ხედავთ ის კაცი, როგორ ოხრავს გაყინულიო.”

“ლარა, ძვირფასო  მაპატიე! მე წყალში ჩამაყენეს და სანამ, ხელი არ მოვაწერე , რომ თქვენ ტროცკისტების წრეში იყავით , არაფრით ზემოთ არ ამომიყვანეს. ლამის მოვკვდი აი ასე იყო”

“პარტიის ისტორიის წიგნს თქვენს სამზარეულოში ინახავდით. ლენინის პორტრეტი არსად არ გაქვთ.”

“ჩვენ მაინც გვჯეროდა საბჭოთა კავშირის, სტალინის. მაინც ხომ ამდენად დაჩაგრულები ვიყავით, მაგრამ სტალინი იყო…რაღაც, განსაკუთრებული იყო. როცა მოკლეს , მეორე დღეს გამოვიდა ისეთი დემონსტრაცია, უბრალოდ საშინელი  – იმდენი ხალხი იყო ტუფლიც კი დავკარგე. იმდენი ხალხი იყო მე კი არ მივდიოდი, – ფეხები არა მქონდა მიწაზე , ხალხს მივყავდი. ყველა ტიროდა. რაზე ტიროდნენ? არავის არ უყვარდა სტალინი, მაგრამ მაინც შიგნით რაღაც სიდიადის გრძნობა გვქონდა, გაიგეთ? მეც ვტიროდი…

სტალინის პორტრეტი გვქონდა და არასდროს დამავიწყდება: ერთხელ 30 მანეთი ჩავდე სურათის უკან და როცა უკვე ყველაფერი გადატრიალდა, უკვე დამთავრდა სტალინი-მალინი, ეს პორტრეტი ჩამოვიღე და იქედან 30 მანეთი გადმოვარდა. ისე გამიხარდა! გავიქეცი, ხილი ვიყიდე და სტალინის სიკვდილის დღე ავღნიშნეთ.”

საქართველოს ისტორია, არა მარტო გმირების და მეფეების ისტორიაა, არამედ ზედმეტად პატრიარქალურია და ძალიან ცოტა ქალი ჩანს ამ ისტორიულ გალერეაში წარმოდგენილი, რომელთა არსებობაც ხაზს გაუსვამდა მათ პიროვნულ ღირსებებს, რომ ისინიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და უბრალოდ უკეთესი ცხოვრებისთვის.

აი ასეთი ისტორიაც არსებობს, მეინსტრიმული ისტორიის ალტერნატივა, რომელიც “მეორად გმირებსაც” მოძებნის და თვალწინ აგვაფარებს, მაგალითს მოგვცემს, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ვართ და საზოგადოებრივი  განვითარებისთვის ჩვენი წვლილიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

Read Full Post »

ხანდახან მინდა ჯანიანი ქალი ვიყო, სქელი ფეხები და სქელი მკლავები მქონდეს, მიწაზე მყარად ვიდგე და იშიათად ვიღლებოდე, დილით ადრე ვდგებოდე და ღამითაც გვიან ვიძინებდე, ყველაფერს ვასწრებდე, წუწუნის და საკუთარი თავის შებრალების გარეშე ვაკეთებედე საუზმეს, სადილს, ვახშამს, ვრეცხავდე ფარდებს, ჭურჭელს, თეთრეულს, ვაუთოვებდე და ვატკიცინებდე ქმრის და ბავშვის ტანსაცმელს, ფანჯრის მინებს და სარკეებს ვაკრიალებდე, ფრჩხილების გაკეთებასაც ვახერხებდე, “თავის ფორმაში მოყვანას”, დიეტას ვიწყებდე ყოველ ორშაბათიდან, საღამოს ქმარს ბედნიერი, გაღიმებული და მხიარული ვხვდებოდე, არც ვწუწუნებდე, ყველაფერი “აჟურში” მქონდეს (როგორც, იტყვიან სხვა ქალებზე).

მერე ვფიქრობ ნამდვილად არსებობენ თუ არა ასეთი ქალები და ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამას შევძლებ. არა, ნამდვილად ვერ შევძლებ, ასე მგონია გადავგგვარდები და ქალის გარდა ყველაფერი ვიქნები. ჩემზე სიცოცხლისუნარიანი ჯირკიც კი იქნება.

სინამდვილეში კი მთელი დღე ვწუწუნებ, დილიდან როცა ანდრია თავზე გადაგვაბობღდება, მუცელზე დამადებს თავს, მერე მხარზე, მერე გულზე, რა თქმა უნდა ამ დროს ვნატრობ ცოტა ხნით ვინმე აიყვანდეს ხელში და მე დილის ძილით გამოვიძინებდე, ღამითაც ვწუწუნებ, მთელი ღამე ვოხრავ, როცა მას ხან ერთი მხრიდან მივუწვები ძუძუს საჭმელად და ხან მეორე მხრიდან. მერე მთელი დღე ვწუწუნებ და ვიძახი, რომ მეტი აღარ შემიძლია, რომ დავიღალე, რომ სადაცაა გავაფრენ, რომ ქალების არავის არ ესმის, რომ დედობა გმირობაა, ყველა ქალი გმირია, ვისაც კი ერთი შვილი გაუზრდია.

ნუთუ შეიძლება უწყინარი წუწუნის გამო გადამიყვაროს მან ვისაც ვუყვარვარ, გადამიყვაროს იმის გამო, რომ დილით ნაცემი ძაღლივით მიკანკალებს ფეხები დაღლილობისგან, გადამიყვაროს იმის გამო, რომ სახლში მოსულს, დაღლილს, არანორმირებული შრომისგან თვალებ დაწითლებულს მე კერძი ვერ დავახვედრე, რომ გემრიელად ევახშმა და მერე ტკბილად დაგვეძინა ჩვენ სამს დილამდე. არა მგონია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა , მიუხედავად უსასტიკესი დაღლილობის შეგრძნებისა, მე მაინც ვასწრებ დილიდან ბავშვის საჭმელების მომზადებას, სახლის დალაგებას, თეთრეულის დარეცხვას, კერძების მომზადებას, ეზოში გასეირნებას და ბავშვთან ერთად თამაშს, უბრალოდ მის გვერდით ყოფნას და როცა რამე მხიარულ ტელეგადაცემაზე ვიცინი და ანდრიაც ხმამაღლა ხითხითებს ჩემს გვერდით, ვგრძნობ როგორი გადამდებია ჩვენი სიყვარული.

მერე, რა რომ სქელი და ჯანღონიანი ქალი არა ვარ, სულ ვწუწუნებ და დაღლილობისგან ხშირად ფეხები მეკვეთება, მერე რა რომ ქმართან გენდერის და ოჯახური საქმეების გადანაწილებაზე ხშირად ვლაპარაკობ, მაგრამ არაფერი მირჩევნია მისი მაისურების დაუთოებას, მისთვის გემრიელი კერძის მომზადებას, არაფერი მირჩევნია ჩვენ სამზე ფიქრს და დამქანცველი დღის ბოლო აკორდს, დაღლილი  ფეხების 5 წუთიან მასაჟს.

ხანდახან, არაფერი მირჩევნია, ვინმესთვის უბრალო, მაგრამ რეალურად კი ძალიან საჭირო პატარ-პატარა თავგანწირვებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ სიხარული, რომელიც არსებობს ბუნებაში, რომელსაც ხანდახან გადაღლილობის და უძილობის გამო ვერ ვამჩნევთ, თავის პატრონს აუცილებლად იპოვნის და დაგვიბრუნდება.

Read Full Post »

%d bloggers like this: