Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დაბადების დღე’

ცხელი ლიმნიანი ჩაის ჭიქით ვითბობ ხელებს. სახლში უკვე აცივდა. მე კიდევ დავიწყე ოცნება ჩემს სახლზე, სადაც წითელი ხალიჩები მექნება დაფენილი და სქელ მძიმე ფარდებში ქუჩის ხმაური ვერ შემოატანს.  სადაც იქნება სითბო, სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, სადაც  სიყვარული გაგრძელდება ჭირსა და ლხინში და ვერავინ შეძლებს მთელს დედამიწის ზურგზე ამ სიყვარულის დარღვევას.

გუშინ, ჩემი დაბადების დღე იყო. აქამდე, ჩემს დაბადების დღესთან უცნაური დამოკიდებულება მქონდა და გუშინ მივხვდი, რომ ეს შეიცვალა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ჩემთვის, რომელიც საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დაიტვირთა. დილით, მე, უტას და ანდრიას ერთად გვეძინა, ის ყოველთვის გვასწრებს გაღვიძებას და გვიყურებს გაკვირვებული, სანამ ჩვენ თვითონ არ გავუცინებთ და მუცელზე არ დავუწყებთ კოცნას, მერე კი ისე ახითხითდება მის დანახვას არაფერი სჯობს. ვუყურებდით და ალბათ უტაც ისეთივე ბედნიერი იყო იმ წუთებში, როგორც მე. ბედნიერად, დაიწყო ჩემი დაბადების დღე. წელს უკვე სამნი ვართ, შარშან ვიყავით ორნი და ჩვენი თავების გარდა სხვები დიდად არ გვაინტერესებდა. ძალიან ლამაზი დილა იყო. წვიმდა. მე გვიან გავიღვიძე. უფრო სწორედ უტამ გამაღვიძა, საიდანღაც მოვიდა სველი თავით, სველი ყვავილებით და კაფკას წერილებით. იმ ყვავილების სუნი ახლაც მახსოვს.

იშვიათად მჩუქნის ვინმე ყვავილებს.

წელიწადში, ერთხელ და ერთი კვირით მე უტას ვეწევი ასაკში (რა ხანდაზმული სიტყვაა, გამაჟრიალა), ცოტა ხანს ორივე 26 წლის ვიქნებით. მერე უტა გახდება 27-ის და ა.შ ამბობენ 27 წელი იდუმალი და გარდამტეხი ასაკიაო.

მე არც ტორტებს ვაცხობ და არც რამე გემრიელობებს ვაკეთებ, თუ ამის ხასიათზე არ ვარ. ტორტი მარიმ გამომიცხო და დილით ტორტის გულის ნაჭერი და ცხელი ლიმნიანი ჩაი დამახვედრა. მარის უყვარს სამზარეულოში ყოფნა, უნდა ოდესმე თავისი  რესტორანი ჰქონდეს, როგორც პენელოპა კრუზს ფილმში “დაბრუნება”, მე კი დიდი სიამოვნებით გავხსნიდი და ვუხელმძღვანელებდი ისეთ წიგნის სახლს, როგორიც მეგ რაიანს აქვს ფილმში “You’ve Got Mail”:)

 

გაგრძელება საღამოს 20:58

ისევ ის სუნი, ისევ ის ყვავილები, ოღონდ სულ ფერადი, ყვითელი ჭარბობს. ბედნიერი ვარ, ბედნიერი, ბედნიერი. მერე, რა რომ დაბადების დღის მეორე საღამოა. მე მაინც მიხარია.

პ.ს  გუშინ, უტას დედის ნაჩუქარი ფულით, რომლითაც შევპირდი რომ ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” ვიყიდდი, ეზოში ჩასულს, ისპანახი, ბულგარული და კარტოფილი შემომეყიდა. არა უშავს, სახლის სიახლოვეს, რომ გავსცდები მასაც ვიყიდი. ისპანახი კიდევ ძალიან სასარგებლოა. მე კი ძალიან გამიმართლა, იმ ადამიანებით ვინც ღმერთმა მაჩუქა.

ეხლა ვარ, ძალიან გულჩვილი და ამ გულჩვილობით გაუსუსურებული მატლუკა:)

Read Full Post »

საოცრად ეკლექტური დილაა, დილის ლოცვების შემდეგ, ინტერნეტში ჰოროსკოპს ვათვალიერებ და ვფიქრობ როგორი დღე მიწინასწარმეტყველეს ვარსკვლავებმა, გუშინ ღამით კი ბლოკნოტში ვწერდი, ამ ღამით მკვდარი ვარ და დილით გავცოცხლდებითქო და მართლაც ასე მოხდა. საოცრად ცოცოხალი ვარ ამ დღეს. ჩემი დაბადების დღეა. შარშანაც ასეთი დღე იყო მოღრუბლული და იმ დღეს თმები მქონდა შეჭრილი და ძვლივს გაიზარდა ცოტათი…იმ დილით მარტო გამეღვიძა, დღეს კი უტასთან ერთად, მეორე წელს კი ალბათ სამი გავიღვიძებთ. როგორი იქნება ეს მესამე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ალბათ ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც მეორე…:)

ძალიან მიყვარს ფსალმუნის ის სიტყვები :”ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა”. ამ დილით წავიკითხე მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე ფსალმუნები, ბევრი კარგი რამე წერია ფსალმუნებში, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მეტად მომწონს, მიუხედავად ამისა მირანდას, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს თავის კლასელებთან, სულ სხვანაირი რამ მივწერე :” ადამიანი ხშირად მგელივით იქცევა, მაგრამ შენ უნდა აგრძნობინო რომ მგლების საზოგადოებაში არ ცხოვრობს”:)…ამ სიტყვების მიწერას, შემეძლო წარმატებით მიმეწერა ზემოთ მოყვანილი ფსალმუნის სიტყვები:) მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ სიტყვებს მისთვის მანუგეშებელი ეფექტი ჰქონოდა…

დაბადების დღეს არ ეხება, მაგრამ ამ ბოლო დროს საშინლად შემაწუხეს ჩემი გამხდრობით შეწუხებულმა ადამიანებმა თავიანთი გამოთქმებით, როგორ გამხდარხარ, მაგრამ არა უშავს ასე იცის გათხოვების დროს და მსგავსი ფრაზები, არადა სამი წელია სტაბილურ წონაზე ვარ და ეს ძალიან მომწონს და რაღა ეხლა დააბრალეს ეს ჩემი გამხდრობა (ამას თუ გამხდრობა ჰქვია) ჩემს გათხოვებას:) თავს ამ დროს ისე უხერხულად ვგრძნობ, მგონია ლოგინში მიძვრებიან…ყველაფერი კი იმის გამოა, რომ არ მიყვარს ცომეული, ტკბილეული და მსგავსი კალორიული რამეები და ჭირის დღესავით მძულს ის დღეები, როცა საკუთარ ლოყებს ვუყურებდი და მაგიტო სულაც არ ვაპირებ ტორტის გამოცხობას საკუთარ დაბადების დღეზე:) მაგრამ თუ დედაჩემი მოინდომებს, ხელს არ შევუშლი, მომენატრა როცა შვილად ვგრძნობ თავს.

არაფერი განსაკუთრებული დღეს არ მოხდება, რამდენიმე ადამიანი მოვა, რომლებმაც ისედაც იციან, რომ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე საკუთარ თავს შეიწუხებს და ჭახა–ჭუხს  ატეხავს და თითონაც არ ექნებათ იმის შეგრძნება რამით ხომ არ ვაწუხებო, თან საღამომდე ტესტებს უნდა შევაკლა თავი.

ხო კიდე სახლში გვყავს “ბაკუ”, რომელიც სამი დღის წინ დილით გამოჩნდა, საძინებლის წინა ოთახში გაიარა, მე და უტა ერთდროულად გაგვაღვიძა და მერე ისევ სადღაც დაიმალა. უტამ თქვა სულიაო, მე კიდე ვუთხარი რო სულები მაკლია ახლა აქთქო, მაგრამ თუ ისეთი სული იქნება, რომელიც ჭურჭელსაც გარეცხავს, საჭმელსაც გაამზადებს და დილით ყავასაც ამიდუღებს, მოვიდეს მე რას მიშლის:)

მიყვარხართ ყველა.

Read Full Post »

%d bloggers like this: