Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დედაჩემი’

იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო.

გილოცამთ ყველას.

რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.

Advertisements

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი.

თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი არ მოდიოდა. რაღაცეებს თხრიან და დიდ მილებს ყრიან შიგნით, მგონი ქუთაისს მალე ეღირსება 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ მახარებს ეს გადათხრილი გზები.

კიდე წასაკითხებს ვეძებ. მშვიდ წასაკითხებს, სადაც სითბოს ვიგრძნობ, შემწვარი ვაშლის სუნს, სადაც სიყვარული დამხვდება და თბილი ფარდები. იატაკზე შემოდგომისფერი ხალიჩა და უამრავი ბალიშები. უტასთან, რომ ვიყავი მაშინაც მენატრებოდა, ახლა კი მთლად გიჟს ვგავარ. დავდივარ და ჩემს თავს ვეუბნები, არა არ უნდა გაგიჟდეთქო. დედა შუშანიკი მწერდა გუშინ, თუ გჭირდება ჩამოვალო. მართლა უნდა გავგიჟდე დედა შუშანიკი იმხელა გზიდან, ჩემს გამო რომ ჩამოვიყვანო, ისე კი ზუსტად ვიცი, რომ ვთხოვო მეორე დღესვე ჩამოვა ბედიანიდან. უტა მეუბნება რატო აგიჟებ დედაოსო. რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს დეპრესია. მერე რაღაცეებს შევეჩვევი და ისევ ჩავდგები ჩემს რეჟიმში. უტამ თმების შეღებვა, თუ გამოგიყვანს მაგ მდგომარეობიდან, მაშინ შეიღებეო, ოღონდ ჯერ აღსარება ჩააბარეო. მერე ისიც მითხრა თუ გინდა ვინმე საინტერესო ადამიანს მიწერე რამეო. იმას კი ვერ ხვდება, რომ საინტერესო ადამიანი აღარავინაა ჩემთვის.

ცხელი სასმელი მინდა. თუ გინდა იყოს მარწყვის ჩაი, უტა რომ მიმზადებდა და მე რომ ტკბილს სუნზე გული მერეოდა. რა ვქნა ახლა ყველაფერი მომინდება. ხვალ კარგად ვიქნები, ზეგ ცოტა ცუდად, მერე ისევ კარგად და თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ხანდახან მომინდება ვიღაცეებთან დაკონტაქტება, მაგრამ ისევ უარვყოფ ამ აზრებს. ვიცი რომ, ძაან დავიღლები და ამიტომ მირჩევნია ჩემი თავი ასეთი მარტოსული ავიტანო.

ყავას ახლა არავინ მომიდუღებს. ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი ახლა თუ დავლევ, ხვალ ღამემდე არ დამეძინება. უნდა გადმოვანგრიო წიგნების კარადა და იქნება რამე საინტერესო ვნახო წასაკითხი. წინა წლიდან შექსპირი გადმომყვა წასაკითხებში. არ მინდა და ვერ დამამშვიდებს სასულიერო ლიტერატურა, დიდი მოყვარული არც არასდროს ვყოფილვარ ასეთი წიგნების. მოკლედ ძიების პროცესში ვარ:)

ყველა სახლში ვართ. დედაჩემი კვლავაც დიდი ყურადღებით ეკიდება თავის ბლოგის განვითარებას. მარი თუ სახლშია სულ “პეტვილს” თამაშობს. სულ, სულ, სუუულ. აკოც პეტვილს თამაშობს, კიდე სოფო, კიდევ ზურა. ღმერთო რა საშინელებაა. მირანდა არ ვიცი რას აკეთებს, ჯერ სკოლა არ დაწყებია. რატომ არ ვწერ მამაჩემზე? რავიცი როდესმე დავწერ.

გუშინ ღამით წამომიარა და ერთ ქალს ფეისბუქიდან წერილი მივწერე, სადაც პატიებას ვთხოვდი და ბოდიშს ვუხდიდი. უტამ მომცა ამის სტიმული, რომ მიმეწერა. არადა იმ ქალს ადრე ჩემს მოსისხლე მტრად ვთვლიდი და მეგონა ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი რაღაცეებს. უუჰ რამდენი დრო გავიდა, მე კი ძვლივს მოვიშორე ძველი ბოღმები. ახლა მთელი მსოფლიოსთვის, რომ დამჭირდეს ბოდიშის მოხდა, დავუჩოქებ და ისე ვითხოვ პატიებას. ოღონდ ესეც უტამ უნდა მთხოვოს.

არანაირი მარწყვის მურაბიანი ჩაი, არც ყავა, მარიმ რძე მომიდუღა. უტამ სულაც არ მინდა ბლოგზე წერდე ჩემზეო…ნეტა მართლა ვახერხებდე ამას. ხვალიდან შევეცდები:)

წავედი წიგნები უნდა გადმოვანგრიო და ჩემი ისედაც დანგრეული დღის რეჟიმი ისევ უნდა ავბურდო. ცხელი სასმელებია ჩემი ნუგეში.

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები მქონდა გასწამენდითქო. ჰო, მთელი დილა ფანჯრებს ვწმენდდი და მკლავები დამაწყდა. მე ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ, ხალხი ახალი წლის წინა დღეებში წმენდს ფანჯრის მინებს, მე ახალი წლის დადგომის შემდეგ. ყველაფერს ინდივიდუალური განწყობა ჭირდება:)

წვიმს აქ საშინლად, მომაბეზრებლად და შეჩვეულივით ვარ ასეთ ამინდებს, მაგრამ მაინც ძაან მომბეზრდა წვიმა. ხვალ მოთოვსო ამბობენ და მეც დარწმუნებული ვიყავი მოთოვდა. შობას თოვლი იქნება. შობას დედა შუშანიკს ვნახავ, მანამდე ვნახავ უტას,  სადგურ “ოკრიბას” პაემანი ხვალაც არ ამცდება.

დედაჩემი მიხვდა ჰერპესების გამოჩენის მიზეზს, მამაჩემს მოვატყუე, მარის ისედაც ვუთხარი. დედაჩემსაც ვუთხარი და გაეცინა. რა ვქნა სასტიკად მეზარება ტყუილები.

ახლა ისე ვუზივარ კომპს, როგორც ზაფხულობით და გავიყინე.

დედა შუშანიკს ვენატრები. მეც მენატრება. რა კაია შობა ბედიანში.

აკოზე მინდა კიდე დაწერა. ამ ბოლო დღეებში ვხვდები, რომ ვერც ის გადამიყვარებს და ვერც მე გადავიყვარებ. შეიძლება ხშირად ვიჩხუბოთ და შეიძლება უმიზეზოდ არ გავცეთ ხმა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს. დედაჩემმაც თქვა, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. მაგრამ იცი რა არის? ახალი წლის დღეებში, მეგონა მომილოცავდა და რომ არ მომილოცა, ამაზეც გავბრაზდი. მერე არც მე მივულოცე. :ბოღმა: დღეს ველაპარაკე . რადიოში ჩემს დღეებში იმუშავებს. რო ჩამოვალ ბედიანიდან, ავალ სახლში მაგასთან, მაგის საყვარელ პუფში ჩავჯდები და დაუკითხავად რო მივადგები, არა მგონია სახლიდან გამომაგდოს. გილოცავ აკო. ახლა თუ კითხულობ ამ ნაწერს, გეტყვი რომ იმ კვირაში პრესის სახლის კიბეებზე რო შეგხვდი, რო გაგვეცინა ორივეს და რო მკითხე როგორ ხარ შოო, ძაან მომინდა შენთან ერთად ყავის დალევა. შენზე დაწერაც მინდა რაღაცეების,მაგრამ მე ხომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ამირომ ვერ ვფუთავ, ისე როგორც საჭიროა. ხვალ დილით რვის ნახევარზე რადიოში რო ახვალ და მუშაობას დაიწყებ, მე ისევ თბილისი-ქუთაისის მარშუტკაში ვიქნები და რაღაც სიმღერების გაშვებას მოგთხოვ. ზესტაფონამდე მოგისმენ, მერე ცოტას ახრიალდება “ძველი ქალაქი” და მერე ჩემს უმსგავს სიმღერებს მოვუსმენ.

წავედი ეხა თორემ უტა იეჭვიანებს.

Read Full Post »

ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან დაბალია ეს სულიერი ჭა. ჩემი სოფლის ჭა გამახსენდა, არც ის არის ღრმა, მაგრამ საშინლად მიყვარს. ადრე ლეღვის ხე ადგა თავზე  და ზაფხულში ყველაზე გრილი ადგილი იქ იყო. ჭის ახლოს ბიძაჩემი და მამაჩემი რგავდნენ თუთუნს და მახსოვს ძაან უფრთხილდებოდნენ. წყალსაც უსხამდენენ. გული მწყდება თუთუნის შეხვევა, რომ ვერ ვისწავლე. იქ გაყვითლებულ გაზეთებში ახვევევნ თუთუნს და თან ძაან ოსტატურად და სწრაფად. მე კიდე ვერასდროს ვერ მოვახერხე ეს გამეკეთებინა ლაზათიანად. სამაგიეროდ ყანებში ვტოვებდი კვალს სიგარეტის ნამწვავებით.  ხო ჭაზე ვყვებოდი, ბავშვობაში მეგონა შიგნით აუცილებლად დავიხრჩობოდი, მერე წამოვიზარდე და მივხვდი არც ისე დიდია, რომ დამახრჩოს. დედაჩემს არ უყვარდა ჩემი სოფლის ჭა და კიდევ ბევრს არ უყვარს ჭის წყალი, მარილიანიაო, ზედმეტად მლაშეაო, ამ დროს სულ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, რადგან ჩემია ალბათ ამიტომ არ მოწონთთქო.

საშობაო ღელვების ისტერიკა მაქვს. ველოდები, ველოდები და ველოდები. არაფერს არ ვაკეთებ ამ ლოდინის პერიოდში. არც სახლს ვალაგებ, თუ არ ჩავთვლით რომ ხანდახან იძულებული ვარ ჭურჭელი დავრეცხო, სამაგიეროდ იმხელა მოლოდინი მაქვს ყველაფერს გადაფარავს,რადგან ამ ლოდინის დროს ისე ძაან ვიღლები, ასე არცერთი საქმე არ დამღლიდა. კიდევ სიზმრები მესიზმრება ღორის გრიპზე, ჩემს სიზმრებში პანდემიის ბოლო ფაზაა, ადამიანები სამარშრუტო გაჩერებებთან ინფიცრდებიან და მარშუტკამდეც კი ვერ აღწევენ. დილას მესიზმრებოდა, დედაჩემს ხელებს და ფეხებს ვუკრავდი, მეთქი გარეთ არ გახვიდეთქო. საშინელი სანახავი იყო ჩემი სიზმარი, დახოცილი ჩემი უბნელების გვამები ქუჩაში ეყარა.და ასეეთ დროს გამოვხიზლდი და დიდხანს ვარწმუნებდი, რომ ასეთი საშინელი მდგომარეობა ჯერ მართლა არ გვქონდა:)რომ გადაღლილობის და უძილობის ბრალია, იმისი რომ ძვლივს უტას ღამის სამამდე ელაპარაკე სკაიპით და თან რა კაი რაღაცეებზე ელაპარაკეთქო. ჰოდა გადამიარა.

ამ კვირაში, ყოველდღე 6-ზე მიწევს ადგომა, ვდგები და გამოვრბივარ. მერე მოვდივარ და ვიწყებ მუშაობას და თუ ამ დროს, ჩემი რადიო სამარშრუტო ტაქსებში აქვთ ჩართული, მგონია რომ იქ მყოფ ხალხს მაგრად ვუჭედავ ტვინებს, რაღაცეებს ვაძალებ, სიყალბეებს,”კარგი განწყობის” ტერმინს ამოფარებული, ვხერხავ ჩემი ბოდვებით დილას. არადა ვის სჭირდება ეს ყველაფერი. ამ ხალხს ხომ, თავისი გასაჭირი ეყოფათ, დილის 6ზე გარბიან ბაზრებში, მაღაზიებში. არადა ამ დროს ძილი ხომ ყველას ურჩევნია და მე კიდე ვაგრძელებ, რომ დილით ადრე გაღვიძება თურმე ძაან სასიამოვნოა, არადა მე თვითონ შემიძლია შუადღემდე ვიძინო. ვის სჭირდება ახლა ეს დადგმული სპექტაკლები? არც არავის. ვის სჭირდება სასარგებლო რჩევები, რომელსაც მე ვაწვდი და რომელსაც მე თვითონაც არასდროს ვითვალისწინებ, ჩემი ცუდი მეხსიერების გამო, ვის სჭირდება იმის ცოდნა, რომ სექსი ვირუსის და გრიპის პრევენცია, ჰოდა რადგან საჭირო არ არის, არც მე ვილაპარაკე დღეს ამ თემაზე. არადა ყველაზე სასიამოვნო პრევენციაა, უამრავი საშიში ვირუსისგან თავის დასაცავად. ხანდახან დავფიქრდები, ვინ არის ჩემი აუდიტორია, მსმენელების აუდიტორია. რადგან დილით, ძაან ადრიანად რადიოს სამარშრუტო ტაქსებში და მანქანებში უსმენენ, ვფიქრობ მსმენელთა აუდიტორია, სწორედ ის ხალხია, დილის 7-ზე ბაზარში დასადგომად რომ მიდის, რომელსაც შეიძლება წელიწადზე მეტია სექსი  არ ჰქონიათ, ხოდა ხომ გაღიზიანდებიან? ხოდა რათ მინდა გაგიჟებულმა, სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა ქალმა დამირეკოს და მწყევლოს. რათ მინდა ასეთი ფიდბექი? არაფერში არ მჭირდება, ჰოდა ღირსები არიან, რომ არ მოვუყევი.

უტა ამბობს, რომ უზრდელი ვარ. რათ უნდა ამას თქმა, ისედაც აშკარად ჩანს. რა ვქნა უზრდელი ვარ, არც სინანულის ცრემლები მომდის ხშირად, ამ ბოლო დროს ხომ მთლად გამოვხმი და გამოვჩირდი. რო მკითხოთ კარგი რა გაქვსო, ვერც ამას გეტყვით. არაფერი მაქვს კარგი თქვენი მოსაწონი, მაგრამ მე ჩემი თავი მაინც მომწონს. ყოველდღე ვახარებ ჩემს ქალურ ეგოს, ძირითადად უტა მიხარებს ამ ეგოს:) მაგრამ სულაც არ მინდა, ეს სავალდებულო გახდეს მისთვის და ხასიათში გადაუვიდეს, მაგრამ რა ვქნა ძაან მომწონს.

დედაჩემთან მძინავს კაი ხანია. არადა დედაჩემთან მარი უნდა იძინებდეს, ასე ფიქრობს დედაჩემი. მარი მთელი ღამე ბოდავს, ამ ბოლო დროს უფრო გარკვევით ეჩხუბება თავის ბოდვებში თავის შეყვარებულს და ზუსტად ისეაა როგორც მე ვეჩხუბები უტას, აბა ეხა ვის წერდი სკაიპში, აბა ეხა ასე თუა მაშინ ისე რატო არ მოიქეცი და მოკლედ ხო მიმიხვდით ბოდვა ბოდვაა. დედაჩემი კი ფიქრობს დედის სითბო, მარის ბოდვას მოაშლევინებს. ამაზე თავისებური აზრები აქვს.

გუშინ დავფიქრდი, დავჯექი, სკამზე შემოვაწყვე ფეხები და თავს დავაძალე, მიდი ჩემო კარგო საკუთარ ეგოს ჩაუღმავდითქო, შენი ათვლის წერტილი იპოვე შენს გონებაში მეთქი, მაგრამ ჩაი მომინდა და შევეშვი. ბავშვებმა, რომ იციან თავის ტკივილის მომიზეზება როცა გაკვეთილების სწავლა ეზარებათ, მეც ეგრე მომინდა ჩაის დალევა. რომელიც სულაც არ ამიდუღებია.

მოკლედ ალბათ ისევ შემოვაწყობ სკამზე ფეხებზე, საკუთარ თავში სულიერი ჭის მოძებნას შევეცდები, მერე შიგნით ჩახედვას და ჩაღრმავებას, რაღაცეებს მოვნახავ და ალბათ ამით სხვებიც გახდებიან ბედნიერი, მანამდე კი ვფიქრობ შობაზე, უტაზე, მასაჟებზე, მალინისფერ პალტოზე, წმინდა ნიკოლოზზე, ღორის გრიპზე და ჩემებურ ბედნიერებებზე.

იქნება ამასობაში ის ჭაც ვიპოვო

Read Full Post »

გუშინწინაც რადიოში ვიყავი,გუშინ დილითაც,გუშინ საღამოსაც,მერე აქ დავრჩი,ახლაც აქა ვარ. დილაა და მე ისევ ვლაპარაკობ. მოლაპარაკე მაიმუნად გადავიქეცი. ამდენი მიმიკური მანჭვა -გრეხვის შემდეგ ჭკვიანი ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ყალბი იყო ყველა ის მიმიკა, ინტონაციებიც აშკარად ყალბი იყო, როდესაც ვიღაცეებს კარგი განწყობისკენ მოვუწოდებდი. აქცენტებიც არასწორად დასმული. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, საერთოდ რა ენაზე მეტყველებთ და საიდან მოიტანეთ ეს არაქართული აქცენტებიო. ახლა მის ნათქვამს ვიმეორებ, მე არასწორი აქცენტი საერთოდ არ შემიმჩნევია.

თუ დღეს გადავრჩი, მაშინ დიდხანს ვიცოცხლებ.  მთელი ღამე მეგონა აიიი ახლა ვკვდებითქო და მთელი ღამე ვცდილობდი ზურგზე ვწოლილიყავი. პრინციპში რა მთელი ღამე. სულ რაღაც 2 საათი და რაღაც წუთები მეძინა, მაგრამ რა საშიში ყოფილა როცა ის არ გყავს გვერდით ვინც ძაან გინდა და როცა ფიქრობ სადაცაა შეუერთდები მარადისობას. მოკლედ ისე დამაშინეს ამ ვირუსით, ფსიქოლოგიურად ისე განვიცადე ღორის გრიპით დაინფიცირებული ბავშვების ბედი, იგივე სიმპტომები დამეწყო. გულის რევის შეგრძნება. ამ შიშებით შეპყრობილმა, რამდენიმე გრძელი წერილი დავწერე და გავაგზავნე. სადაც ვწერდი თუ რას ვაკეთებდი შობის ღამეს,როგორ ვინახავდი ხაჭაპურის ნაჭერს ბალიშის ქვეშ, სურვილების ასახდენად და როგორ მოუხდებოდა ერთ გოგოს  წითელი პომადა, რომელიც მე ვერაფრით მოვიხდინე. ხოდა ასე წერილების წერაში გართულმა ვიგრძენი, რომ გულის რევის შეგრძნებამ გადამიარა. მორჩა ვიღაც ჩემს მუცელში ბოდიალს. მერე რადგან ისევ აქტიურად წამოვიწყე ფიქრი ამ საშინელ ვირუსზე, ისე გაცოცხლდა ჩემში ის კაცი:) და ისევ მოჰყვა ბოდიალს ჩემს მუცელში. სანამ არ ჩამეძინა არ გაჩერებულა.

რაღაცნაირად მოწოდებების ხასიათზე დავდექი დილიდან, თავი რომ ცოცხალი აღმოვაჩინე, თან ზედმეტად ცოცხალი და სიცოცხლის უნარიანი, ეგრევე რომ წამოხტა მაღვიძარას ხმაზე, მივხვდი რომ სწორი რეაქციე მივეცი. არა რა მოწოდებების, უბრალოდ ჩემს თავს მინდა შევძახო, ცოტა გამოიბერტყე ყურებითქო. საუკუნეა კარგი მაკიაჟი არ გამიკეთებია, ხოდა ამასაც შევძახებ. ცოტა ხალისიანი გოგო, რომ ვიყო წითელ პომადასაც წავისვამდი, რომელიც საშინლად არ მიხდება, მაგრამ აი ასე მაქვს ამოჩემებები, რომ არ მიხდება მინდა მომიხდეს, უფრო ხალისიანი გოგო რომ ვიყო, ბიუსჰალტერის გარეშე ვივლიდი და რამდენიმე დღით სადმე გავქრებოდი, სადაც ღორის გრიპზე არ ილაპარაკებდნენ. ახლა დავფიქრდი ნეტა თუ არის ასეთი ადგილი სადმე ახლოს, სადაც ინფორმაცია არ აღწევდეს, მოკლედ აღარ მინდა ინფორმაციები.

რას გავაკეთებ დღეეს? კარგად უნდა გამოიძინო. ერთი-ორი სასიყვარულო წერილი დავწერო, ძველი თაბახის ნაწერები უნდა გადავქექო და დავაკვირდე სად უფრო ვიყავი ”ჩემებური”. რამდენიმე წუთის წინ მისაყვედურეს, სწორი კუთხით გჭირდება საკუთარი თავის დანახვაო, მიდრეკილი ხარ ამაოებისკენ და წარმავალისაკენო. ისეთმა მისაყვედურა ამის უფლება, რომ აქვს. ამის თქმის უფლება. ყველას არ აქვს იმის უფლება საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ მომიწოდოს.ზედმეტად ”ნაგლი” ვარ დილისთვის:) დილაა ქუთაისში, ამ ფოტოებში რომ ჩანს აი ისეთი დილა, 7 გრადუსია გარეთ. მარტოც წავიდოდი ახლა და სადმე რამე კარგ ყავას დავლევდი, მაგრამ კიდევ ერთი საათი დამრჩა. არადა ერთ საათში ისე გათენდება, ეს განწყობაც გამიქრება. ხალხიც მოიმატებს ქუჩებში და ფერებიც უფრო მკვეთრი გახდება. მე კიდე მინდა ჩამონისლიანდეს და სადმე მივეგდო მარტო. ასე მგონია სანამ პარიზში არ მოვხვდები, მანამდე წითელ პომადას ვერ მოვიხდენთქო.

Read Full Post »

დღე პირველი

სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა.

“რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად მადლობასაც ვუხდი. მადლობა სალბუნია სულის. რადიოში კალვინ ჰარისს ვუსმენდი და მოლოკოს. შენობიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი რომ უფრო ორიგინალურად შემეძლო დამშვიდობება და გული დამწყდა. ქარმა სადღაც თავის მიმართულებით წამათრია, მაგრამ კიდევ კარგი ბედად ჩემი მარშუტკა გამოჩნდა.

უცნაურ სინოპტიკურ დღეებში იციან ადამიანებმა დაკონტაქტება, მეზობლის ცოლი შემხვდა კიბეებზე, გამარჯობის მეტი რომ არასდროს არ მითქვამს და მითხრა რა საშინელი ქარიაო არა, ჰოდა მეც ვუპასუხე, შენ ზემოთ უნდა ნახო რეები ხდება მეთქი. ხელში ყუნწმოტეხილი ყავის ჭიქა ეჭირა და ძველი დრო გამახსენდა, მეზობლები ერთმანეთთან, რომ დადიოდნენ, შაქრის და ზეთის სასესხებლად.

სასიამოვნო სუნი მეცა კართან, ვიფიქრე როდის მოასწრო დედაჩემმა ჭადების გამოცხობათქო და სასიამოვნოდ გამიკვირდა როცა სამზარეულოში ცხელი ჭადები დამხვდა. მერე კი გავიფიქრე ალბათ ასეთი უაზრობების გამო ჩხუბობდნენ ხშირადთქო. “ჭადი ასე გახმება, რა უგემური საჭმელია, შარვალი რა ცუდი გაუთოებული, ნაკეცები არ ეტყობა და ა.შ” და კიდევ მეათასედ დავასკვენი, რომ დიდებული დედა მყავს, ჭადები კარადაში შევაწყვე და დედაჩემს მაინც მივეცი გულში შენიშვნა: “ეს ცხელი ჭადები აქ რომ დაგიყრია,ხო გახმებამეთქი”.

შექსპირი დამხვდა კიდევ. სკოლის ბიბლიოთეკიდან წამომიღო ეტყობა. ჰო კიდე შავი ღვინო, მეთქი კიბოს გაჩენას უშლის ხელსთქო და დავისხი. მერე გამახსენდა ყელი რომ მქონდა ჩამწვარი სიცხისგან და ვიფიქრე აი მეორე მოუხდებათქო. “ლაზოლვანის”:)  ეფექტი ჰქონდა მესამეს და მეოთხე აღარ დამისხამს, რადგან ვიცოდი ფატალური შედეგი მექნებოდა და უნიტაზთან გავატარებდი დილას და შევეშვი. მერე კი ვფიქრობდი, რით ვარ იმ კაცებზე უკეთესითქო, მაგრამ მაინც ჩემი თავი გავამართლე როგორც ყოველთვის. ამოტივტივდა უინტიმურესი აზრები, ეგრევე უარვყავი, ამაზე რომ რამე დავწერო და თუ გინდა ლიბერალური პოეზია დავარქვა, უტა მაინც მომკლავსთქო, მერე ისე მომეწონა ის გაფიქრება,თუ როგორ მომკლავდა უტა, სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ჩანთიდან ამოვყარე  ლოცვების,დაუჯდომლების,ინგლისური ლექსიკონის წიგნები და ჩემი ლიფი, რომელიც ამ ბოლო დროს სულ ჩანთით დამაქვს.

დღე პირველის მეორე ნახევარი

ეს ბლოგი, რომ რაღაცას უნდა დაემგვანოს ყველამ იცის.  მეც ვიცი და ამიტომ ვთხოვე, რამდენიმე დღის წინ თინის როცა მოიცლი დამამონიტორინგე მეთქი. ჰოდა ეტყობოდა თინის ეცალა და დავიწყეთ ვიდჯეტებით. “ეხლა მე შენ გაგიკეთებ ტოპ.ჯეს მთვლელსდა კიდე აიმ მთვლელს რამდენია ონლაინ.” მოკლედ ასე დაიწყო თინიმ:)ტოპ.ჯეს მთვლელის დაყენება რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ თინის სურდა მეორე მთვლელიც დაეყენებინა და ისეთი დიდი ენთუზიაზმით მეხმარებოდა,ვიფიქრე მართლა უმნიშვნელოვანესი საქმეა ბლოგერობამეთქი და უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთქო. მოკლედ ის “გული”-ს ფორმის მთვლელი ვერ დავაყენეთ,თინიმ ეტყობა ჩემი “მდგომარეობა” გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ შემომთავაზა, გულის ფორმის მთვლელი. მოკლედ საიდებარს, ორი ვიდჯეტი შევმატეთ, კიდევ ბლოგროლ.ჯიზე დარეგისტრირებაც ვეცადე, მაგრამ წერილი არ მომივიდა და დღესაც ველი. ჰო კიდე დიზაინი ის ძველი, ჩემი ტკვილი იყო, ჰედერსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ეხა კი მომეცა გაქანება:) საკუთარი სურვილით შევცვლი და რასაც მინდა იმას დავაყენებ. და ამის შემდეგ თინიმ დაიწყო პოსტის წერა და მეც გავათავისუფლე კომპი, რათა მირანდას მეთხუთმეტედ ეყურებინა “ბინდი”. დაჯდა და მე კარგად შევათვალიერე, ეს ბავშვიც ვამპირად ხომ არ გადაიქცათქო.

ძველი ქალაქის დაბ.დღე

მე არაფერი მკითხოთ, აზრზე არ ვარ რა ხდებოდა. ჩემი სურვილით და გადაწყვეტილებით, არ წავედი კლუბში სადაც რადიოს დაბ.დღე აღინიშნებოდა და ვიჯექი ეთერში და მომლოცველთა ზარებს ვპასუხობდი. ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნებოდა. კაკაკდუ (აუტსაიდერელი) დაუკრავდა და კიდევ ახალი როკ ჯგუფები, რომლებიც პრესის სახლის ბოლო სართულზე “ხერხავდნენ” და არეპეტიციებედნენ.ასე იქნებოდა კი არა, ასე იყო. ჯერ როკ კონცერტივით რაღაც ჩატარებულა,მერე დისკოტეკა, დიჯეი ლევანმა და ზაპამ დაუკრეს, კიდევ ალაფურშეტი დაკიდევ ისეთი რაღაცეები, რაც მე არ მინახავს. მოკლედ საერთოდ არ მწყდება გული, რადგან ყველაზე მეტად მარიმ იცის ჩემთვის რა არის დღესასწაული. მოკლედ რადიო 14 წლის გახდა. იმდენი დრო გავიდა იმ წლებიდან, როცა უშუქობაში ვუსმენდით რადიოებს და სიტყვა დიჯეიზე სუნთქვის შეჩერებები მჭირდა და ვერც ვიფიქრებდი, რომ მალე მეც “ძველი ქალაქელი” გავხდებოდი. ასეთი წარმატებით, რომ ამისრულდეს ყველა ოცნება, შეიძლება საბოლოო ჯამში გავაფრინო:)

პირადი-პირადი ამბები

ოცნებებში და ძილში ვარ გადავარდნილი. ისე ნელა გადის დრო, ნერვები მეშლება, ნევროზი რომ არ დამემართოს, ამიტომ სულ მძინავს. რა საჭირო იყო ამ პოსტის ასე სექციებად დაყოფა, აზრზე არ ვარ. აა შეიძლება, იმიტომ გავაკეთე, რომ ასე უფრო წაკითხვადად  და საყურადსაღებოდ გამოიყურებოდეს:) მოკლედ ინსტიქტები. კოკა-კოლას რეკლამის გამოჩენა ძველ, ბავშვურ ოცნებას მახსენებას, ნიუ-იორკში რომ მინდოდა ახალწელს და შობას შევხვედროდი, პრინციპში მინდოდა კი არა ეხლაც მინდა. მაგრამ ,ახლა უტა სადაცაა იქაა ჩემთვის დღესასწაული, ახალი წელი, შობა და იქაა ჩემი ნიუ-იორკი.

Read Full Post »

ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება.

შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა.  კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება მანამდე მოვასწრო,სანამ მირანდა მოვა სახლში. ცოტა ხანს მარტო მინდა ვიყო. მარი რადიოშია,მუშაობს.დედაჩემი დღეს ერთი მწერალის და მისი მეგვარის შვილის ქორწილში მიდის. საშინლად გამიხარდა,როცა გავიგე,რომ შვილებით წასვლა სავალდებულო არ არის.

ჯერ კი თავის ტკივილმა უნდა გადამიაროს,ღამიდან და დილიდან საშინლად მტკივა,გუშინაც მტკიოდა,წამლებს კი არაფრის დიდებით არ ვსვამ. ცოტა ხანში ყავას დავლევ და ეს გადამივლის. დაძაბული დღეებია,ტვინს ვიჭყლიტავ. გუშინ მეორე პროექტი დავწერე. რაღაც საშინლად მომწონს, რამდენჯერმე გადავიკითხე და და ვფიქრობ,თუ წესიერად დააფინანსეს,მაგარი რაღაც გამოვა. ჰოდა დავიღალე. ტვინი მაქვს გადაღლილი,არც არაფრის მოსმენა მინდა ცოტა ხანი და არც არაფრის წაკითხვა,რაიმის ყურებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

უტას სურდო აქვს,მგონი ალერგია კიდევ. მე კიდე ვნერვიულობ ცუდად როა. ხანდახან ისე ვწერ მასზე,თითქოს ჩემს გვერდით ოთახში იყოს,თითქოს ჩემს გვერდით სუნთქავდეს,ჩემს გვერდით დადიოდეს,ჩემს გვერდით იწვეს,ჩემს გვერდით ეძინოს. არადა რამდენჯერ დავთვალე,ის კილომეტრები ამ რეალობასთან რომ მაშორებს. ჩემი სახლიდან იმ გაჩერებამდე,სადაც თბილისისკენ მიმავალი მარშრუტები დგას.ხანდახან ზუსტად ჩემი კორპუსის სადარბაზოდან ვიწყებ ამ კილომეტრების დათვლას,ხან კიდე ავტოსადგურიდან,ხან კიდევ ქუთაისის გასასვლელიდან. მიყვარს და მაინც ახლოს ვგრძნობ მის თავს.წარმოუდგენლად ბანალური ვარ დღეს,ტკივილი ხან ისევ წამომატკიებს თავს,ხან კიდევ გაყუჩდება. რამდენიმე წლის წინ,გაუყუჩებელი თავის ტკივილები მქონდა,ვიძახდი შაკიკი მაქვსთქო. არ მახსოვს,როდის გადამიარა,მაგრამ მას მივუძღვენი ერთი მინიატურა “თავის ტკივილები”,იქ ვწერდი აღარც დილით ვლოცულობ და აღარც ღამითთქო და ალბათ მაგიტომ დამეწყო ეს აუტანელი ტკივილებიმეთქი,არადა ახლა ყოველდილით და ყოველს საღამოს ვლოცულობ. სასაცილო ულოცველობას დააბრალო ატკიებული თავი.

კოშმარული ღამე მქონდა, საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა,დრო იწელებოდა,ძვლივს გათენდა. სულ 2 სიზმარი დამესიზმრა,ერთი ძაან ცუდი იყო,ამ ერთში მაგებინებდნენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს რაღაც დაემართა, მე კი ტკივილისგან და სიმწარისგან,რკინის ბოძის გადაღრღნას დავიწყე,რამდენიმე წუთში კი ვგებულობ,რომ ტყუილია. ამ სიზმარში ამ ამბავს ერთი მღვდელი მაგებინებს,ის მირეკავს. უუუფ საშინელება იყო. რა კაია რო თენდება ხოლმე.

გუშინ ერთი ახლო მეგობრისგან,რაღაც მეწყინა,მერე დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი,არ ვიყავი მართალი და დავასკვენი,რომ ყველას თავისი გზა და თავისი უფლება აქვს,ისე გააკეთოს რაღაც,როგორც ეს აწყობს და როგორც  მის კეთილდღეობას სჭირდება.  ამიტომ არ დავწერე  საყვედურნარევი ტონით აღსავსე პოსტი და მაგიტომ დავადრაფტე ბევრჯერ..ვფიქრობ,რომ კარგად მოვიქეცი.

მზეებია და ქარები ქუთაისში.სახლშიც თბილა,მაგრამ მე მაინც შალი მაქვს მოსხმული ზურგზე.არ მცივა,მაგრამ მაინც. 2 დღეა უტა გადაურებლად მენატრება.

რა სიტყვაა გადაუღებლად?დედაჩემმა რო წაიკითხოს,შემისწორებს და მეტყვის გარკვევით წერე წინადადებებიო.

გადაუღებელი წვიმები არ გაგიგიათ?

მონატრებამაც რომ ვერ გადაიღოს,რატომ არის წარმოუდგენელი?

ფუი ბანალურობის აპოგეავ !

tag: მენატრება,მიყვარს,მწყინს,მენატრება,მიყვარს,მიყვარს:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: