Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დოდკა’

დღეს მარი დავარეგისტრირე ტვიტერზე და ავუხსენი, რომ  140 სიმბოლო ზუსტად მისწრებაა მისთვის, რომ ჰქონდეს მიკრობლოგი, სადაც არ დაეზარება პოსტვა, რადგან ადრე ვორდპრესსზე დავარეგისტრირე და იქ რამდენიმე პოსტის მეტი აღარ  დაუწერია. სამაგიეროდ მარისგან განსხვავებით დედაჩემი დღესაც აქტიურად აგრძელებს თავის ბლოგზე პოსტვას და  ბედნიერია, რომ აქვს საკუთარი “ჟურნალი”. ამ ოჯახში  ყველას გვაქვს ბლოგი, მაგრამ აქტიური ბლოგერები მე და დედაჩემი ვართ:) მირანდა და მარი კი აქტიურად ფეისბუქს იყენებენ.

დღესვე ვგებულობ, რომ ფეისბუქის მომხმარებელმა გადააჭარბა გუგლის მომხმარებელს და დარწმუნებული ვარ, ტვიტერი ისეთივე პოპულარული სოციალური ქსელი გახდება ერთ წელში საქართველოში, როგორც ფეისბუქია.

თუ დავფიქრდებით, რატომ იზრდება სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი, პასუხის გაცემა აღარ გაგვიჭირდება. პასუხი ძალიან მარტივია. ძველი მედია აღარ გვაკმაყოფილებს, იგი ვეღარ ავსებს ჩვენს ინფორმაციულ მოთხოვნილებებს, თანდათან კარგავს თავის აქტუალობას, ავტორიტეტს და კომპეტენტურობას და ამ ადგილს ახალი, სოციალური მედია იკავებს, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, რომელიც არის ბევრად მოსახერხებელი, მრავალფეროვანი და ოპერატიული. (აქ არ იგულისხმება ფოტოების შეფასების 5+ ბალიანი სისტემა და გათხოვება-დაქორწინების პერსპექტივები)

ტელევიზორის სამზარეულოში გატანა, ეს ერთგვარი პროტესტი იყო ჩემს ოჯახში ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ბოლოდროინდელმა ამბებმა კი, მე იმედი მაქვს დაანახა ქართველ მაყურებელს, რომ იმ  ნდობის რამდენიმე მარცვალი, რომელიც აქამდე ჰქონდათ, თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. დასკვნა: ქართული მედია (რამდენიმეს გამოკლებით) სანდოობის თვალსაზრისით – უხარისხოა და მისი სამიზნე აუდიტორია სახლში დარჩენილი დიასახლისებია, რომლებსაც  მაია ასათიანი ატირებს და აქვითინებს. ახალი ამბები კი, რომელზეც ისედაც ვიცით, რომ გვატყუებენ, სერიალს დაემსგავსა, სადაც მუდმივად ერთი და იგივე ხდება, მიხეილ სააკაშვილი ხან რაჭაში, ხან თიანეთში ,ხან სად და ხან სად გაურკვეველი ფუნქციის კლუბებს ხსნის და გიგი უგულუვა, სადღაც რომელიღაცა უბანში გახეთქილი საკანალიზაციო მილის შეკეთებას ესწრება.

აზრი არა აქვს იმაზე საუბარსაც, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული მედიასაშუალება? რატომ და როგორ უნდა ზრუნავდეს მაყურებლის შემეცნებაზე? რატომ არ უნდა იტყუებოდეს? ეს ყველაფერი ჩვენ ისედაც ვიცით, მაგრამ ამას ვინც უნდა აკეთებდეს, ისინი ამით არ ინტერესდებიან. ჟურნალისტურ ოქროს წესზე – ობიექტურობის მოთხოვნაზე, კი  რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა, ლაპარაკიც ზედმეტია.

პოსტის ბოლოს ვცდილობ გვერდი ავუარო “იმედის” მოდელირებულ ქრონიკას. ამაზე ისედაც ისაუბრეს კომპეტენტურმა ადამიანებმა და  დღემდე განსჯის საგანია. მარტო იმას  ვიტყვი , რომ ტელეკომპანია “იმედმა” თავისდაუნებურად გაუკეთა ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლებას. როდის აიღებს ქართული მედია ვექტორს დასავლური ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტებისაკენ, ეს გაურკვეველია, მანამდე კი ქართული ტელეარხები ღია – სექსუალურ, მარაზმულ, პროპაგანდისტული და უნიჭო გადაცემების შექმნით არიან დაკავებულნი.

და ამის შემდეგ პირდაპირ დგება აუცილებლობა, განვითარდეს სხვა, ალტერნატიული მედია და საქართველოს ყველა მოქალაქეს, იქნება ის დედაქალაქში თუ გურიის მიკარგულ სოფელში, ჰქონდეს საშუალება მოისმინოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია.

დღეს შემთხვევით, რადიო “თავისუფლების” დილის პროგრამაში როკო, იგივე ნოდარ დავითური ქართული სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საუბრობდა, ვისაც არ მოუსმენია, მოუსმინეთ.

პ.ს ამ დღეებში მედია.ჯიზე ახალი მედიის ტრენინგის შესახებ ვნახე, ორგანიზატორი ისევ , Transitions Online არის. ტოლის ორგანიზებით 9-10 დეკემბერს ქუთაისში, დოდკამ ჩაატარა ორ დღიანი მედია სემინარი, ამაზე ადრეც ვწერდი ბლოგზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. იმედია ახლაც მოვახერხებ დავესწრო, ერთი ესაა 11-13 აპრილს ტარდება თბილისში და რამდენად მოვახერხებ ჩასვლას არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ ელზა ქეცბაიას ვწერდი ამ ტრენინგზე. მითხრა, რომ :”მომწონს შენი ბლოგი, საინტერესოდ წერ ხოლმე, ისე მე რომ მიყვარს, ემოციურად და გადაპრანჭვის გარეშე :)”-ხოდა მოკლედ გამიხარდა მისგან.

მეორე პ.ს ეს ხომ არ გამოვიდა ნეტა ზედმეტად გადაპრანჭული? დიდიხანია ასეთ თემაზე აღარაფერი დამიწერია,ჩემი თავით ვიყავი მოხიბლული. განვიხიბლე ეხლა.

🙂

Advertisements

Read Full Post »

ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა დავწერო. გერკულესიან თეფშიდან სასიამოვნო სუნი მომდის, ვერ გადამიწყვეტია ჯერ დავიწყო წერა თუ გერკულესი ვჭამო. მე ის ვარ  მანის ფაფებზე გული, რომ ერეოდა, ექიმი აიბოლიტის კაბინეტის დანახვაზე სწრაფად გარბოდა, წამლების სუნი აშინებდა და შუადღის ძილს ვერაფრით ეგუებოდა. არადა მართლა ისე მძულდა მანის ფაფები, ბაღიდან გაქცევასაც კი ვაპირებდი, მაგრამ მეშინოდა სახლისთვის ვერ მიმეგნო.

მოკლედ რა კარგია გერკულესი, ზამთარში მომინდება ხოლმე, მერე ის მახსენდება უტაც ამბობს სასარგებლოა და ჭამეო. მოკლედ ამ ორი რაღაცის გამო მიყვარს.

სიზმრების თვე მაქვს. აღარ შემიძლია. ჩემი სიზმრები ყველაზე მეტად მღლის, მძინარეს წამომაგდებს და რეკვებს ვიწყებ.  მოკლედ მორჩა დილის 6 საათზე გაღვიძებები, ამ კვირაში მორჩა, იმ კვირაში მთელი კვირა შემიძლია შუადღემდე ვიძინო. გენიალური ამინდები იდგა, მიხაროდა. ჩემს ძველ ნაწერებს გადავხედე, თაბახებზე მაქვს დაწერილი. ისეთი რამეები მიწერია, სულაც არ ვიყავი მაშინ შეყვარებული. ახლა კი ვერაფერს ვეღარ ვწერ. ყველა ჩემი ენერგია უტაში მიდის. მგონია, რომ ბოლომდე ვიწურებითქო. ლიმონი ვარ.

ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტიდან დამირეკეს. “ფორთოხალზე” დაწერე რამეო, ჟურნალს უშვებენ და რადიოს პროექტზე შენზე მეტად კარგად ვინ დაწერსო. თამთას ხმა გამიხარდა და საერთოდაც ყველა ისეთი კარგია და საყვარელია ამ სამსახურში მიკვირს, ასე როგორ მოიყარეს თავი. სამშაბათამდე უნდა დავწერო. ზოგადად კარგ რაღაცეებს მახსენებს “ფორთოხალი”, განსაკუთრებით ერთ “კარგ” რაღაცას, ლესბოსელი გოგო გვყავდა სტუმრად, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია მსმენელის, ერთმა ქუთაისელმა დეიდამ დაგვირეკა ეთერში, ეს გოგო ლანძღა, მასონები გვეძახა და კიდევ რაღაცეებით დაგვემუქრა. მანამდე წინა ორ კვირაში ჰომოსექსუალი და ტრანსვესტიტი, მოკლედ ისე გადაება, რომ არატრადიციული საღამოები გვქონდა და შეიძლება რამდენიმე ადამიანი კიდევაც გააღიზიანა. დედაჩემიც გაღიზიანებული იყო, ვუმალავდი ხოლმე გადაცემის თემას, ის კი სულ მეკითხებოდა, ამ კვირაში რაზე აკეთებთ და ა.შ. მოკლედ დასაწერი მაქვს, ამაზეც დავწერ და ამაზე კარგი რაღაცეების ხდებოდა “ფორთოხალში”, ასე რომ შაბათ-კვირა ამ სტატიას უნდა დავუთმო.

კიდევ რამდენიმე სასიამოვნო ბლოგები აღმოვაჩინე, საიდანაც ჩემთვის საჭირო პოზიტიური ემოციები მოდის, ამაზე მერე დავწერ. ახლა ისე ვარ, გარბენით, ან შემორბენით, ანდა ქუჩაში…რამდენიმე ადამიანი ძაან მენატრება, აი ეს მკლავს და ესენი მაცოცხლებენ:)

დოდკას პოსტი ეწერა ქუთაისზე , გამიხარდა…

არ შემიძლია, ურომანტიკოდ რამის წერა. ხმაურში და თავზე, რომ მადგებიან.

Read Full Post »

52 საათიანი უძილობის შემდეგ კარგად ვარ, უბრალოდ მინდა საჭმელი მომიტანონ და თავადვე მაჭამონ. ანუ ამას კარგად ყოფნა არ ჰქვია, მაგრამ მე მგონია რომ კარგად ვარ. და ალბათ მთავარია სწორედ ეს არის. დოდკას ორდღიანი სემინარები ქუთაისში გუშინ დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას რომ იმ 20 ადამიანისათვის “ოდნოკლასნიკების ” ერა მორჩა და ახლა სულ სხვა ძრავით დაიწყებენ დაქოქვას. რამდენიმე ადამიანს ბლოგის გაკეთების სურვილიც გაუჩნდა. მაქვს ამ დღეების ფოტოებიც, მაგრამ საშინლად უხარიხოა. რადგან ისეთივე გათიშული გამომეტყველებით ვზივარ კომპთან, როგორც გუშინ საღამოს, ამიტომ ჯობია ფოტოების ატვირთვა დავიწყო და შიგადაშიგ ჩაგერთვებით.

სემინარი ახალი მედიის შესახებ სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდა. დოდის ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები,ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რადიო ძველი ქალაქიდან მე,ზვიად ხუჯაძე და კიდევ დავით ლიკლიკაძე.

ეს თავად დავით ლიკლიკაძე, რომელიც დოდკას ტრენინგის დროს საინტერესო ჩანიშვნებს აწარმოებდა თავის ბლოკნოტში. მაგალითად ეს: “თეგი ანუ ბმული” და მისივე სიტყვებია ესეც “თეგი ჰობი არ არის,რომ წამოგცდეს” და კიდევ “ღარიბი მეგობრები ვინც მყავდა ოდნოკლასნიკში,ყველა წავშალე” და მერე როცა კითხეს ეგ როგორო, უთხრა რომ იხუმრა:)

საინტერესო იყო სემინარის პირველი დღე. თან დოდკა გავიცანი. გიჟურად დაიწყო ის დილა. მე ხომ არავინ არაფერს მაგებინებს სად რა ტარდება და ზოგადად ვერც სემინარებს ვესწრები, მიუხედავად საშინლად მძაფრი სურვილისა:) ჰოდა იმ დილით როცა კომპს მივუჯექი,ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი შევდივარ ფეისბუქზე და  ვგებულობ, რომ დოდკა ქუთაისში მოდის ორდღიანი სემინარის ჩასატარებლად და დიდხანს აღარ მიფიქრია, მგონი სადარბაზოში ვიცვამდი და იქ ვიხეხავდი კბილებს და ისე გავრბოდი:) ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ იყო, მაგრამ 12 ზე სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი, თან მივედი ისე რომ მხოლოდ ორი ადამიანი ელოდებოდა  სხვა დანარჩენებს. საინტერესო არ იქნება რომ მოვყვე, როგორ მესვა ტონალური სახეზე, მაგრამ ჩემი თვითკრიტიკის შემდეგ რამდენიმემ აღნიშნა, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი.

სემინარის მეორე დღე პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა, ბლოგის შექმნა, ვორდპრესის სარგებლიანობა, ტვიტერი, ფეისბუქზე რამე-რუმეების გარკვევა და შემდეგ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ინტერნეტ კაფეში ვიზიტით.

ჰო კიდევ, რომ არ გამომრჩეს დოდკა იყო დილით ჩემი გადაცემის სტუმარი. მოვიდა პუნქტუალურად, გაკვირვებული იყო ტაქსები რა იაფიაო და მე თვითონაც გამიკვირდა, ასე ცოტა როგორ გამოართვესთქო.

გადაცემაში ვილაპარაკეთ იმაზე თუ რა დიდი ძალაა ადამიანს ჰქონდეს ბლოგი, კიდევ ინტერნეტ რესურსებზე, ასევე იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონში სოციალური მედიის განვითარება და დოდიმ ასევე “ძველი ქალაქის” მსმენელებისთვის გააკეთა ერთგვარი რადიო ტუტორიალი, თუ როგორ უნდა შეექმნათ მსმენელებს საკუთარი ბლოგები. მსმენელის ზარი არ ყოფილა, რაც ძალიან ხშირად ხასიათს მიფუჭებს, მაგრამ ალბათ ყველა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს აუცილებლად შეეცდება იგი, მის სასიკეთოდ გამოიყენოს. ჰო კიდევ უნდა განახოთ დოდკას გადაღებული ვიდეო, რომელიც მან რადიოში სტუმრობის დროს გადაიღო.

თმები მაქვს აქ საშინლად და საერთოდაც რას ვგავარ. მაგრამ ამჯერად ამას ყურადღებას არ მივაქცევ, რა მოხდა ხანდახან თმები რომ გაგებურძგნოს და სახეზეც არ გესვას ტონალური, ვინ დამიჭერს ახლა ამის გამო:)

ახლა როცა სემინარებიც დამთავრდა, მეც 5 საათი მეძინა და ცოტა გონზე მოვედი, ვფიქრობ რა მომცა ამ ტრენინგებმა.

* გაჩნდა უფრო მეტი მოტივირება ბლოგის გააქტიურების.

* გამიჩნდა სურვილი შევცვალო თემატიკა,ან საერთოდ გავაკეთო ახალი ბლოგი, სადაც პოსტები შეეხება ქუთაისის კულტურულ ცხოვრებას, საზოგადოებრივ ცხოვრებას.

*ახალი მედიის შესახებ ბევრი რამ გავაგებინო რადიოს მსმენელებსაც.

*გავიცანი საინტერესო ადამიანები. დოდკა და ელზა.

ტრენინგის მერე, საღამოს როცა ჩემს ბლოგს გადავხედე, ისე არ მომეწონა, მომინდა ყველაფერი წამეშალა, მერე დოდკამ მომწერა: “არ წაშალო ბლოგიდან,გეუბნები მაგარი “პროგრეს ტრეკერია”.მაგრად წერ,რაც წავიკითხე,წიგნივით მიდიოდა.”

სემინარის პირველ დღეს დაემთხვა ქალაქის მერის ნუგზარ შამუგიას გადადგომა. მოკლედ ქუთაისი მერვე ქალაქის მერს ელოდება.

Read Full Post »

%d bloggers like this: