Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ვეტერანები’

ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ახალი წიგნების წაკითხვის დროს აღარ მაქვს სინანულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა იმ მოტივით, რომ ნეტა რატომ ადრე არ წავიკითხე, ნეტა მომესწრო და ა.შ. პირიქით ეხლა უფრო მიხარია, ახალი და აღმოუჩენელი წიგნების წაკითხვა.

საახალწლო და ბედობის დღეებში, იმის მაგივრად რომ საშობაო ლიტერატურა მეკითხა და ბედნიერი განცდები დამებედებინა, ავდექი და ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის “ჩემი ბრძოლა” კითხვა დავიწყე.

თავიდან ვფიქრობდი, რა ვიცი მე მასზე ან ამ წიგნიდან რას გავიგებ უფრო მეტს, რას შევიტყობ ადამიანზე, რომელმაც ვიწრო ნაციონალური და რასისტული ფანატიზმის გამო, უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა მოახდინა, იქნებ ამ წიგნმა პასუხი გამცეს ამ კითხვებზე და თავიდანვე ამ საკითხს ფროიდისეულად მივუდექი და ამ ადამიანის ბავშვობაში დავაპირე პასუხის მოძიება. მაგრამ, ვერც ერთი ისეთი დეტალი ვერ აღმოვაჩინე, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ჰიტლერის ბოროტებას რაღაც , ბავშვობისეულმა შემთხვევამ მისცა გასაქანი. შემდეგ, კი თვითონაც გულწრფელად აღიარა, როგორ გახდა გულგრილი დამკვირვებლი ფანატიკური ანტისემიტი. 

თავიდან კი მეც, ძალიან მცირე და დილეტანტური ინფორმაცია მქონდა ამ ადამიანზე, მაგრამ არც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დააგროვო კომპეტენტური ცოდნა კაცზე, რომლის სახელიც მთელს დედამიწაზე ბოროტების სიმბოლოსთან ასოცირდება, ადამიანზე რომელიც გვამებზე შემდგარი ქადაგებდა რასობრივი უპირატესობის თეორიას და  მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საინტერესოა, საჭირო კითხვებზე პასუხის მოსაძებნად, თავად პირველწყაროს ლიტერატურა დავიხმაროთ.

ტოტალიტარული რეჟიმები, ძირითადად მეორადი ქვეყნების ისტორიული თუ სამომავლო კუთვნილებაა, იგი ხშირად მეორდება სხვადასხვა ისტორიული ასპექტით, მაგრამ “ფაშიზმის” მოვლენა  უნიკალური ბოროტების გამომოვლინებაა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დიდხანს ვერ მიეკუთვნება ავადმყოფობის კატეგორიას, რომლითაც ძალიან უცნაურია, მაგრამ ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყანა დაავადდა და შემდეგ განიკურნა.

ამ დღეების ქართული მოვლენები, ვეტერანების უმოწყალო დარბევას ვგულისხმობ, მაფიქრებინებს, რომ ისტორია ციკლურია და რა თქმა უნდა მეორდება ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის დროს, იქნება ეს ლიბერალური–დემოკრატიული, ტოტალიტარული, ავტორიტარული თუ დიქტატორული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეტერანების დარბევას და ფაშისტურ მოვლენებს, ერთმანეთს ვადარებდე, უბრალოდ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია და სამწუხაროდ,  არსებობს სისტემები, რომლებიც ადამიანის ბოროტებას კვებავს და გასაქანს აძლევს.

გუშინ, ვკითხულობდი ნინია კაკაბაძის სტატიას, რომელიც ისევ და ისევ ვეტერანების საკითხს ეხებოდა, სადაც ავტორი წერდა, რომ ეს საკითხი შეიძლებოდა ძალიან მარტივად გადაწყვეტილიყო თუ კი პრეზიდენტი მივიდოდა და დაელაპარაკებოდა ვეტერანებს, მოუსმენდა მათ და ეს ყველაზე ღირსეული ჟესტი იქნებოდა და მართლა , შეიძლება რაც მოხდა ის არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ასეთი პროგრესული ნაბიჯების გახსენება ახლო ისტორიაში გადავწყვიტე, სამწუხაროდ ვერც  ერთი, ასეთი ღირსეული შემთხვევა ვერ გავიხსენე. შეიძლება პრეზიდენტობის  და ღირსების ცნებები, არ არის კარგი კომბინაცია. 

პოსტის ბოლოს, მინდოდა რამდენიმე ამონარიდი მომეყვანა ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე პარალელი თქვენ თვითონაც გაგევლოთ, მაგრამ მგონი ყველაფერი ისედაც სახეზეა, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ჩვენი პოლიტიკა პათოლოგიზირებულია და განვითარების და ადამიანების უფლების დაცვის ნაცვლად, ყოველდღიურად ფაშისტურ ჩიხებს ვაწყდებით და რადგან, რიტორიკა ყველასგან მოსაბეზრებელია, აღარ დავსვამ რიტორიკულ შეკითხვებს.

პ.ს იმ უამრავი პათოლოგიური ნიშნებიდან, რომელიც ჰიტლერს გააჩნდა, ერთ ღირსებას გამოვყოფდი, დასანახად ვერ იტანდა ჩინოვნიკებს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ღირსეული ჩინოვნიკების არსებობა? ეეჰ, ისევ რიტორიკა…

ბონუსად, კი ეს სურათი ჩემგან. პარალელები, აქაც სახეზეა:))

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: