Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ზამთარი’

ბლოგის კალენდარს თვალი გადავავლე და უსიამოვნოდ გავვოცდი. რამდენი დღეები გამომიტოვებია. ამ დღეებში ბევრს ვათევდი, სხვა დღეებთან შედარებით ბევრს დავდიოდი და ბევრს ვკითხულობდი. აი ახლა ეს ბოლო წინადადება თავად მესიამოვნა, კითხვასთან დაკავშირებით. ხო ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობდი, დანარჩენს ლოგინში ძილის წინ. დავსნეულდი ამ ზამთრისკენ წიგნების კითხვით, ნეტა დიდხანს გასტანოს ამ დაავადებამ. მალე ოფიციალურად დაიწყება ზამთარი, ჩემთვის დღესაც ზამთარი იყო, როცა რადიოში გადაცემის პაუზის დროს, 9 საათზე გარეთ გავიხედე და ისევ უკუნითი სიბნელე იდგა. სადღაც მესიამოვნა და მომინდა ნეტა მთელი დღე ასე იყოს ჩაბნელებულითქო, არადა ღამეებიც ხომ უნდა მყოფნიდეს?!..უაზროდ ქალური სისულელეები წარმოვიდგინე, ბევრი ვიბოდიალე ხალათში, რძიანი პიურეც გავაკეთე (უტას უყვარს),საბანი ამოვუკეცე და ისე წამოვედი რადიოსკენ. თქვენ გჯერათ ახლა ეეს?

იცით როდის ვხვდები, რომ  ზამთარია? სახეზე ლაქები გადამდის და მაშინ. კი არ გადამდის, უბრალოდ დროებით  უფერულდება. კოსმეტოლოგმა მითხრა ასე. კიდე იმით, რომ სოფოსთან ასვლა მინდება და იქ ყავის დალევა. რაღაცნაირად ძაან საყვარელი მწვანე ყავის ჭიქები აქვს, პატარა ბოჭკებივით არიან და მგონია, იმ ჭიქებში არის ყველაზე გემრიელი ყავა. არადა სასტიკად ვეწინააღმდეგები მწვანე ფერს. ჰოო აცივდა და ესეც ძაან მაწუხებს, განსაკუთრებით როცა ადრე უნდა წავიდე რადიოში. ლოგინიდან გადმოძვრომა მეზიზღება, მაგრამ მაინც მოვფორთხავ და საკუთარი თავის თერაპიას ვიწყებ. ვფიქრობ, რომ უტას ძალიან ვუყვარვარ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, რომ ძალიან მეყვარება, მისგან შვილს გავაჩენ და რომ მისი ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ყველანაირად!!! მერე ვიცვამ, კბილებს ვიხეხავ და დილის ლოცვებს ვკითხულობ. ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორს თავის სვეტში   ეწერა, ქუჩაში მარტო  “ზასაობა” და პირჯვარის გადაწერა შეიძლებაო, ლოცვით სახლში ილოცეთო ჟურნალისტებმა. ჰოდა მეც ასე ვარ:) არც სახლში და არც გარეთ  არავის ვაწუხებ ჩემი ლოცვებით, არც ჩემი მარხვებით და არც ჩემი ცოდვებით. ავტოთერაპია მეხმარება იმაში, რომ სანამ მსმენელებს მივუგდებდე ერთ-ორ სიტყვას, მანამდე მე თითონ გამეღიმოს და ჩემი თავი გავამხნევო. ხოდა ამ ყველაფერს მარტო მე, რომ ვერ ვშველი ისეთ დილაადრიან, როცა გარეთ სუსხია და ყველაფერი იყინება, ამიტომ ღმერთს ასე ვთხოვ:  “მინდა ჩემთან ერთად იყო დღეს, ცოტახანს არ მიმატოვო, ცოტა ხანს გამიძლო. ოღონდ იცი როგორ ვქნათ? ისე მოვახერხოთ, რომ სხვებიც არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, უტასთანაც იყავი დღეს, მარისთანაც, მირანდასთან, ჩემს მშობლებთან, ჩემს ახლობლებთან. დღეს შენი თავი კატასტროფულად მჭირდება,განსაკუთრებით ახლა, დილის შვიდ საათზე, მაშინ როცა უტას ტკბილად  სძინავს და მესიჯიც,რომ მივწერო ვერაფერს მომწერს” …მერე ჩაბნელებულ კიბეებზე ჩავდივარ და ისე გავივლი ეზოს, მაყვალას და ბადრის მაღაზიას ,არც გავხედავ, შესაბამისად არც გამარჯობას ვეტყვი მათ. განა მისალმება მეზარება..პირიქით, თითონ ეზარებათ და ამ ბოლო დროს ისე გავივლი თითქოს არც დამენახოს. მერე შევდივარ სამარშრუტო ტაქსში (:) და აქაც ვაგრძელებ რელიგიურ ავტოთერაპიას, ფანჯარასთან ვჯდები ხოლმე და გვერდით ადგილს ღმერთს ვუთმობ, ისე როგორც დღეს მოვიქეცი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი გაჩერება უფრო წინაა. ხოდა ვჯდები ფანჯარასთან და ღმერთს ვეუბნები :” ჩემს გვერდით დაჯექი, სანამ პრესის სახლამდე ჩამოვალ,ჩემს გვერდით იყავი რა. რაღაც მარტოდ ვგრძნობ თავს და ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ჩემი დახმარება”. ისიც ჯდება ჩემს გვერდით გაყინულ სავარძელზე და მარტოობის შეგრძნებაც გადამდის. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იღებს სამგზავროს?

რამდენიმე დღის წინ ზღვის ფოტოებს ვათვალიერებდი. უამრავი ფოტოებია,აუცილებლად უნდა დავწერო დიდი და სურათებით დახუნძლული პოსტი. უამრავი კარგი რამე მოხდა ამ ზაფხულში ზღვაზე. 23 ივლისი კი არასოდეს დამავიწყდება, როცა გადამწვარი და გადაწითლებული კანით ბათუმში გავრბოდით მე და აკო. მადლობა აკოს, ის რომ არა იმ დღეს ვეგდებოდი ქობულეთში გულდათუთქული:).

გუშინ უტამ მითხრა არაფერი დაწეროო ბლოგზე ინტიმურიო. თავიდან ძაან მიკვირს როცა რაღაცას მეუბნება, ვეწინააღმდეგები, თავს ვიგიჟიანებ და ვიცოფიანებ და მერე ვხვდები, რომ იგი მაინც მართალია.  მაგრამ სანამ მივხვდები, რომ მართალია, მანამდე ერთ შოუს გამართვას მაინც ვასწრებ. ხანდახან ვეუბნები, ერთი დღე იქნება და დიდ რომანს დავწერ, ყველაფერს დავწერთქო ვეუბნები, მაგრამ აბა მე რისი დამწერი ვარ. თან რომანის? მოკლედ მანამდე იმ “ერთ” დღეზე ვიოცნებებ:)

მაკას გამოგზავნილი გრძელი წინდები მაცვია. თბილისიდან გამომიგზავნა შარშან, დიდი თეთრი კონვერტით, წერილიც იყო შიგნით, ამ ბოლო დროს ის წერილი ვეძიე და ვერ მივაგენი. დარწმუნებული ვარ, რომელიმე წიგნში მაქვს ჩარჩენილი და მაგიტომ ვერ ვპოულობ.

რამდენიმე წუთის წინ მეზობლის პატარა ბავშვმა მითხრა,თოვდაო. ჯერ თოვლი ვერ წარმომიდგენია, თუმცა საშობაო სიმღერა მაინც დავაყენე გუშინ რინგტონად. ვტკბები მოახლოებული შობის იდილიით. მგონი 35 დღე დარჩა და მინდება დათვივით დავიძინო იმ დღემდე, თითი ჩავიდო პირში და უცებ დადგეს შობა. არადა ვერ ვიტან დათვებს. დედაჩემის ერთმა მეგობარმა ერთხელ ფსიქოლოგიური ტესტი გამაკეთებინა, რაღაც უნდა დამეწერა. რამდენიმე სიტყვა იყო ჩამოწერილი და იმაზე სიუჟეტი უნდა ამეგო, დათვი ბოროტ სულად გამოვიყვანე, და ჩინური გასაღებით ცხრაკლიტულში ჩავკეტე. ჰოდა იმ კაცმა მითხრა, კაცების მიმართ შიში გაქვსო და მათ მტრად აღიქვამო. რამდენად მეშინია მათი, ამაზე არ მიფიქრია.

ძველი ქალაქი ჩაირთო ინტერნეტში. მგონი მსმენელებმაც მოიმატეს. კი ნამდვილად მოიმატა:) რამაც უფრო მეტად გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა. სხვა ისეთი არაფერი ხდება საინტერესო. ველოდები შობას, კიდე კრუასანები მომინდა, ერთი პერიოდი ძაან შემიყვარდა და მერე ისევ შემზიზღდა, როგორც ყველანაირი ტკბილეული. ყოველდღიურად არის ცვლილებები. თუ გინდა კრუასანების სიყვარული იყოს. ამ კვირაში გიჟურად მინდოდა შამპანური, არადა ადრე დასანახად ვერ ვიტანდი. რა კარგია ცვლილებები,თუნდაც ასე უმნიშვნელო.

ამ ბოლო დღეებში კიინს ვუსმენ გადაჭარბებულად. ხანდახან რაღაცეებს გადაჭარბებულად ვაკეთებ.

Advertisements

Read Full Post »

სახე თითქოს დაჭორფლილი,გაღიმებული ტუჩები და გგონია პეპის სახლის წინ დგახარ ეზოში და სახლის პარმაღიდან პეპი გიცინის,ჭორფლიანი,ხელები კი მაჭკატების ცომში აქვს ამოვლებული და მერე ისეთი განწყობა მოდის,რომ ძალიან მალე უნდა შეხვიდე მის სახლში და რაღაც ძაან იქაური,შვედური ყავა დალიო.ძალიან უნდა დაუმეგობრდე.

ოდნავ ჭორფლიანი ქალები ოდნავ უცნაურები არიან ,შეიძლება ქუჩაში ისეთ ადგილზე ჩამოჯდნენ,არავინ რომ არ ჩამოჯდება და ისე გაგიღიმონ,უცებ გახდე მასზე შეყვარებული.

4341_101188133640_547708640_1831634_4665624_nნეტა სად ცხოვრობენ ასეთი ქალები?სულაც არ გამიკვირდება სადმე ქოხი ჰქონდეთ,კომფორტულად და გემოვნებით მოწყობილი,და ფანჯრებზე ლურჯი ფარდები ჩამოკიდებული,უფრო მეტი სიმყუდროვისთვის.

თხელი კანი ჰქონდეთ სახეზე და თვალის უპეებთან.მთლიანად იყვნენ თხელი.თხელი კანი კიდევ ხელებზე.მოხერხებული ფეხსაცმელი ეცვათ და მაკიაჟს არ ატარებდნენ.ძალიან უცნაურები არიან ოდნავ ჭორფლიანი ქალები,თითქოს ყურებზე ალუბლის კუმპლის საყურეები უკეთიათ,შემოხედვით და ღიმილით გამშვიდებენ.

ადრე,რამდენიმე წლის წინ,მე და მაკა დავმეგობრდით,მერე რამდენჯერმე მითხრა,ჩემს სახელოსნოში მოდიო,თავმოუბმელი ადამიანი ვერაფერს ახერხებს,ისე კი ძალიან მინდოდა.მერე ტელეფონის ნომერი გამოვცვალე და ასე შეწყდა ჩვენი მეგობრობა,ეხლა ისევ ფაისბუქის დახმარებით ისევ აღდგა და ისევ მაქვს შანსი,მაკას თავის სახელოსნოში ვესტუმრო. სახელოსნოში,სადაც ალბათ არავინ  ეწევა.მაკა ხომ ყვავილია,ლამაზი ჭორფლიანი ყვავილი,დედაჩემის ლექსიდან ვიცი,სიგარეტის კვამლზე ყვავილები იწყენენ თურმე.ჰოდა,რომ არ მოიწყინოს,ალბათ იქ არავინ ეწევა.

ალბათ,ზამთარში მომიწევს მაკასთან სტუმრობა.

4875_90288508923_704558923_1926745_525684_n 5414_101235613923_704558923_2109330_3689973_n9435_139340238923_704558923_2605668_933505_n5414_101194633923_704558923_2108744_3508509_n9435_139337723923_704558923_2605657_5872631_n

Read Full Post »

%d bloggers like this: