Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თოვლი’

დღეს დილით  ვითომ თოვდა, მე კი ვერაფრით ფეხზე ვერ ვდგებოდი, უტას წასვლის დროს ძალით გამოვიფხიზლე თავი და მერე ისევ, დავიკარგე ძილში.

ლამაზტუჩებიანი სკარლეტიკოს ავატარი დავაყენე  ფეისბუქზე. ამ დღეების განმავლობაში, არანაირი ინტერნეტ სივრცისთვის არ მეცალა და ბოლო დროს, აკიდებული მიჯაჭვულობებიც მომეხსნა. კარგი რამეა, როცა დები შენთან არიან.

მარი სამზარეულოში  მწვანე სუპს აკეთებს. ჩემი ლურჯი ჟაკეტი აცვია.

საცხობიდან ისევ ჩვეულებისამებრ ამოდის კვამლი და ლურჯი ქოლგის ქვეშ ლურჯკურტკიანი ქალი ყიდის ჟურნალებს. ამ წელს პირველად შემიყვარდა ლურჯი ფერი.

ჩემი რეცენზიასავით ამბავი დაიბეჭდა “ქართულ მწერლობა”– ში და რამდენჯერმე დამავიწყდა, რომ მეყიდა. მამაჩემმა მისაყვედურა, რატომ არ  მითხარიო. მამაჩემს ჩემს მკითხველად, როგორც კი წარმოვიდგენ თვითცენზურის ღილაკი მერთვება, არადა ვიცი, გულში მაინც მოწონს ჩემი ნაწერები. რა თვითკმაყოფილი ვარ:)

ამ დღეებში მინიატურებისთვის მეცალა. ანალიტიკურობით გონება ვეღარ დავიძაბე. სულ ძველი ამბები მახსენდებოდა, ასე რამდენიმე თვის წინანადელები, მთელი ღამეები ვწერდი.

ველოდები რამდენიმე ქალისგან დახმარებას, თვითონ გადაწყვიტეს, რომ დამეხმარონ. ასე იყო სულ, სულ ქალები, კაცებმა ყოველთვის იმედები გამიცრუეს. დაგპირდებიან და მერე ძაღლივით მიგაგდებენ ქუჩაში. მერე გეტყვიან ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი მე და როგორც საკუთარი “მესთვის” ისე შენთვის სხვას ვერ შევაწუხებო.

ვეძებ საყრდენებს.

საშინლად მაწუხებს პიემესი. ეს დებილური ამბები ამ ქვეყანაში და კიდევ უამრავი, რაღაცა მაქვს დასაწერი.

პ.ს და რა უაზრო სათაურია

Read Full Post »

ბევრ რამეს ვაკეთებ უკუღმა, მაგრამ ამ ბევრიდან ერთს გამოვარჩევ. ჟურნალების კითხვას ბოლოდან ვიწყებ, მოვყვები და წინა გვერდამდე გადავათვალიერებ. ეს მარტო ჟურნალებზე მჭირს. ასე უკუღმა ვიწყებ ხოლმე რაღაცის მოყოლას, მთავარ სათქმელს ბოლოში მოვაქცევ და მსმენელს საერთოდ ვუკარგავ ინტერესს. განსაკუთრებულის თქმას არც ვაპირებ. ისე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც წინა დღეებში, წინა თვეებში, ჩვეულებრივად დავდივარ სადღაც- სადღაც, ხანდახან ვესწრები წირვებს, უფროსწორად ძირითადად ვესწრები ხოლმე, ვისმენ უამრავი ხალხის ლაპარაკს და ჯერჯერობით ყელში მაქვს ამოსული ჩემი რუტინა. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ რაღაც დიდი მოუთმენლობით ველოდები, ეს რუტინა ისევ როდის დამიდგება. ეგზოტიკური შეგრძნებები მოჰყვება ხოლმე ძველ ამბებს. მოკლედ 11 დღე რჩება ახალწლამდე, მე მიხარია, ახალ წელს ცოტას დავლევ, კარგად ვიქნები. ახლა სხვები მახსენდება. ნეტა ისინი რას იზამენ სულ შემთხვევით, რომ მოკვდნენ გუშინ? პატარა რვა წლის გოგონა და დედა. რა საჭიროა სიმბოლოები, არც ვიცი სიმბოლურია თუ არა, მაგრამ ახლა გავიგე იმ მემორიალზე გამოსახული ქალი, მწუხარე სახით გამოდმოსცემდა ტანჯვის და სიხარულის ზეიმს, სიკვდილის და სიცოცხლის ზეიმს, რომელიც ორივე სამყაროს ეკუთვნის. რა უცნაური დამთხვევაა, ახლაც უდანაშაულო ადამიანებს, პატარა გოგონას და დედის სახელს , ვიღაცეები ისევ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ. ასე უაზროდ არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები. უაზრო ბრძოლებში, უაზრო მშენებლობების დროს, უაზრო აფეთქებების დროს.

ტელევიზორს აღარ ვუყურებ ასე, რომ ამბებს მარტო სამარშრუტო ტაქსებში, მგზავრების საუბრებისგან ვგებულობ. გუშინ როცა სახლში ვბრუნდებოდი და მემორიალის ახლოს გზა ჩაკეტილი იყო და მარშუტკამაც, სხვა გზით მიმიყვანა სახლთან, მივხვდი რომ რარაც ცუდი ხდებოდა,მგზავრები იძახდნენ  მემორიალს 21-ში აფეთქებენო და დღეს ალბათ მიშა არის ჩამოსული და მაგიტომ გადაკეტეს გზებიო. მე არც ის ვიცოდი, როდის აფეთქებდნენ და არც ის გამეგო, მიშა კიდევ თუ ჩამოდიოდა ქუთაისში. მერე გავიფიქრე ალბათ ჩამოვიდა და კიდევ ვინმე ჩინოვნიკი გაროზგათქო.

პრეზიდენტმა შეწყვიტა იტალიაში ვიზიტი და ამ ამბის გამო დაბრუნდა საქართველოშიო, მესმოდა გუშინ ხმა სამზარეულოდან,ანუ ტელევიზორიდან. ვის სჯერა ახლა ამის? ეს საქმეც მალე ჩაიფარცხება, ვიღაცას ტყუილუბრალოდ დაადანაშაულებენ, შენს გამო დაიღუპა ის დედა-შვილიო, არასწორად დაგეგმე აფეთქებაო და კიდე უამრავი ხარხაურა. ცოტა ხანს ამ თემას ოპოზიციაც დაიხვევს ენაზე (ხელზე დახვევას ეძახიან ამას, მაგრამ ეგენი ენაზე დაიხვევენ), აი ნახეთ რა შედეგები მოგვიტანა გამარჯვების მემორიალის აფეთქებამო და სააკაშვილი ნამდვილად წასასვლელია იტყვიან. თან ადგილობრივი არჩევნებიც მოდის და ახლა უფრო მეტად გააქტიურდებიან. მთავრობა რას იზამს? ჯერ ამ საწყალ დედა-შვილს გაასვენებს, დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს მერე კი გამარჯვების მემორიალის ადგილზე პარლამენტის შენობას წამოჭიმავს.

არადა ვის რაში სჭირდება პარლამენტის შენობა იქ? ანდა ვის რაში სჭირდებოდა გამარჯვების მემორიალი? საბჭოური გადმონაშთი. მე ასეთი რწმენა მაქვს, თუ რამდე ხდება ახალი, ეს ახალი კარგი უნდა იყოს, სიხარული უნდა მოჰქონდეს, ადამიანების კეთილდღეობისათვის უნდა იცვლებოდეს ყველაფერი, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა მიდიოდეს  და არა ვიღაც ჩინოვნიკების კეთილდღეობისათვის, რომლებიც ისედაც მშვენივრად გრძნობენ თავს. არც არაფერში გვჭირდებოდა ის მემორიალი, სადაც მარტო შეყვარებული წყვილები დადიოდნენ “საზასაოდ” და ნარკომანები ნემსის გასაჩხერად. მაგრამ რა დააშავეს იმ დედა-შვილმა, რომელიც ამ მემორიალის აფეთქებას შეეწირნენ და რატომ არის ამაში დამნაშავე იმერეთის გუბერნატორი მიშა ჩოგოვაძე, რომელიც სააკაშვილმა ასე უცებ მოისროლა.

11 დღეში ახალი წელი მოვა, ჩემს ეკრანზე ნაძვის ხეები და თოვლები დააყენა მარიმ . ეკრანი გადამიბარდნა თოვლმა.  გარეთ მოღრუბლულია ზამთრულად. ვგრძნობ ყველა ემზადება ახალი წლისთვის. იმ პატარა 8 წლის გოგოზე ვფიქრობ, ასე უეცრად საახალწლო სურვილებით ავსებული, რომ ვეღარ შეხვდება ახალ წელს. უბედურ და ბედნიერ ოჯახებზე ვფიქრობ, და მინდა სხვების გულისტკივილიც მესმოდეს და ახლოს მოდიოდეს ჩემთან.

ქალაქს ახლა აღარც მერი ჰყავს და აღარც გუბერნატორი. მერამდენეა აღარ ვიცი, მერები ზვიადიმ დაითვალა და მათი სიაც გამოაკრა რადიოში. ახლა ალბათ გუბერნატორებს დაითვლის:)

აღარც გამაჯვების მემორიალი აქვს, ძაან რომ გაუჭირდა ხალხს ამ მემორიალზე გამოსახულ მწუხარე სახის ქალს, ძუძუები დააძრო და ჯართში ჩააბარა. მაშინ ყველაფერს ჯართში აბარებდნენ, საკანალიზაციო ჭის თავსახურებიდან დაწყებული ამ ქალის ძუძუებით დამთავრებული. ეხა დავფიქრდი, იმ ადგილას მგზავრს ჩასვლა რომ მოუნდება რას იტყვის ნეტა. ხალხი მალე ეჩვევა ცვლილებებს, ყველაფერს მალე ივიწყებს, ესეც მალე დაავიწყდება და მძღოლს გამომწვევად ეტყვის პარლამენტთან გამიჩერეთო, როგორც ახლა ეუბნებიან ქუთაისში ერთადერთ “პოპულთან”  ჩასვლის დროს, ადრე კი იმ გაჩერებას “კიკვიძის ძეგლთან” გაჩერება ერქვა. კიკვიძის საქმეც არაა კარგად, მასაც მალე აიღებენ. დაწყებულია უკვე მასზე საუბარი. გუშინ მარშუტკიდან მოვკარი თვალი და საშინლად აუშნოებს ყველაფერს.

სულაც არ მადარდებს ძეგლების, ამ ცრუ ავტორიტეტების ბედი, უბრალოდ ამ გადმონაშთების ნგრევას უბრალო და უდანაშაულო ადამიანები არ უნდა ეწირებოდნენ . მებრალებიან ის ორნი თუ სამნი, ვუყურებ ქუთაისის პარლამენტის შენობის დიზაინს და მიჩნდება აზრი, რომ იმ შენობით შესაძლოა პირდაპირ კოსმოსში გავფრინდეთ. და გულში და ახლა აქაც იმ ანდაზას ვციტირებ, უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო. იმედია ჩემი პესიმისტური განწყობა, ქუთაისურ პარლამენტთან დაკავშირებით არ გამართლდება. და ეს არ იქნება კიდევ ერთი უფუნქციო შენობა ქუთაისისთვის, იმ ძველი გამარჯვების მემორიალის მსგავსად.

მთბილა სახლში, ფეხებზე, ხელებზე და ყველგან. მსიამოვნებს დედაჩემი, საზარეულოში როცა ფუსფუსებს. დედა შუშანიკს ვკითხე რა ხდება ბედიანში არ მოუთოვია მეთქი. არაო, წვალობს,მაგრამ ჯერ არაო. მეც ველოდებიო. რო მოთოვს დედა შუშანიკი ადგება და თოვლიან ტყეში გაისეირნებს. ასე მითხრა მე. კიდე მითხრა ჩემი სიცოცხლე ბავშვი ხარო და ისე შემრცხვა, კინაღამ მოვკვდი სირცხვილისგან. გარეთ არა, მაგრამ აქ ისე დამითოვლა ეკრანი, წავედი რეზინის ბოტები უნდა ჩავიცვა და უნდა გადავთოვლო.

Read Full Post »

%d bloggers like this: