Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მამაჩემი’

რაც, მამაჩემი მოკვდა იმის მერე ისე ვარ თითქოს, რაღაცას ვიყავი მიერთებული და ეხლა იქედან ამომრთეს. ფაქტიურად, განვთავისუფლდი, აღარაფერზე აღარ ვარ შეერთებული, ერთი რაც დამრჩა უკონტროლობის შეგრძნებაა, დენს ვირტყმევინები. შორს, სწავლულო ფილოლოგებო და ტვინის მღრღნელებო!..თურმე, როგორ ჰგავს სიკვდილი ელექტრო მექანიკას, იმ დღეებში მივხვდი, როცა:

გამოჩნდნენ მეხარჯეები, გამყოფი მეზობლები, შემწე მეზობლები, ოჯახიდან სამი კაცი, თავქალები და თავკაცები, ჩემთვის ყველა ერთნაირები, დაუპატიჟებელი და მწუხარე ადამიანები, თვალთმაქცობის სენით გაჟღენთილი ტიკჭორები, მოგორავდნენ და ყველა ერთი და იგივეს ყვებოდა, დეტალურად მიხსნიდნენ ყველაფერს, გულის წასვლამდე მეზიზღებოდა თითოეული, მინდოდა წიხლები მერტყა, მეძახა მომწყდით თავიდან. გავივლიდი შუშაბანდში, სადაც, ოდესღაც უსიკვდილობის პერიოდში გულაბ მსხლებს ვამწიფებდით, შინდისფრად შეღებილი იატაკი გულაბებით იყო მოფენილი. მზე იყო და სიმშვიდე, ქინძის სუნელიანი ჭადები, კიბეებზე ვიჯექით ფეხშიშველები და ვინც იცოდა, ის ფანდურზე უხამს შაირებს უკრავდა, მერცხლები ბუდეებს ჩვენს თვალწინ იშენებდნენ, არსებობდა „ბებიას ოთახი“ და არსებობდა ბებია, იზრდებოდნენ ინდაურები და წიწილები, მუდმივი ჯუა–ჯუა–ჯუა, წიპა–წიპა–წიპა…

მე ისე შევედი, არ მიტირია, საერთოდ ბევრი არ მიტირია, იმიტო, რომ მე მექანიკური არსება ვარ, მამაჩემივით კუშტი და მიბღვერილი, ერთი ის ვიცოდი, შუბლზე უნდა მეკოცნა, როგორც ის კოცნიდა მიცვალებულებს. თეატრალური ტრაგედია, რაც შეიძლება მეტი დრამატიზმი. ყველამ, ერთად დავიძაბოთ და მერე, ყველამ ერთიანად გამოვუშვათ!!! ორთქლი. ორთქლი კი არა ცრემლი, კურცხალი,  ბღავილი, ტირილი, სლუკუნი. ემოციების გამოხმობა.

მამაჩემი თევზია. ამ დღეებში ვხვდები ამას. თევზივით სუფთაა და მაგიტომ, არის შენახული ამ მაცივარში. მაცივარი კი განუწყვეტლად გრუხუნებს, მინდა მივიდე და ფეხი მივარტყა. ეს ოხრები, თევზივით ყინავენ მამაჩემს. ჭირისუფალთა ადგილიდან ვემუქრები ამ კაც–მაცივარს, სადაც მამაჩემი სიცივისგან იყინება და კანკალებს. ხან მაცივარს ვაგინებ და ვლანძღავ ხან მამაჩემს. მოღალატეს ვეძახი. ასე მწარედ პირველად მიმატოვეს. გაუფრთხილებლად. მეორე ინფარქტია ცხოვრებაში ბებიაჩემის მერე. ჩვენ ყველა ასე გულით…ვერიჩკა, ნოდარი, შურა, გელა, გივი…ღმერთო, მოიხსენე მათი სულები. ღმერთო, შენთან გყავდეს რა…მირანდა საკურთხის თევზს დაათრევს და თევზს წვენი გასდის. ზალაშიც წვენი გასდის თევზს, თეთრი ზეწარი მოყვითალო ლაქებით სველდება. რა არის ეს? როდის გამორთეთ მაცივარი? მარი. იგივეს ვფიქრობ მეც, რასაც მარი. ჩვენ ვიცით მიცვალებულის წვენიც და მისი სუნიც. უბრალოდ, ეს მამაჩვენია. ნუ გეშინია, როგორც გაყინულ თევზს გასდის წვენი ისეა, მიცვალებულს კი არ სჭირს რამე. მამიდაშვილი. დაჯდა სულ 140 ლარი. ესეც ჩაიწერა.

მთავარია ფული არის! უფროსწორად, რაღაც ნაწილი არის, უტა რომ არა, მთელი სოფელი მიგვამარხავდა მამაჩემს უკან. მთავარია ფული არის. მერე კიდე გამოჩნდება, დანარჩენს სადმე ვიშოვით. ღვინო კაცზე ერთი ლიტრა იანგარიშება. რა ჯანდაბას სვამენ ამდენს? ძროხები, მოუპირავები! პროდუქტის სახეობას პოვარი დაადგენს. რა იდიოტური ქართულია. მარტო ვარ,“შტეფცელიდან“ ამომრთეს და ყველა ჩემთან მყოფი ნაწილაკი დავკარგე სადღაც, მივიხედ–მოვიხედე, მგონია ვიღაც არსებობს, ვინც დამეხმარება, ვერავის ვხედავ. დაცარიელებული რეალობაა. ტყავი აქვს გამძვრალი ყველაფერს. ასე, ერთ დღეში, როგორ გააძვრეს ყველაფერს ტყავი? კაბა სასტიკად მლანდავს, არა უშავს მეპატიება. ჭირისუფლები კოპწიობაზე წესით არ უნდა ფიქრობდნენ, არც ვფიქრობ, არც შავების საყიდლად წავალ არსად, ეს ლურჯი კაბა მეცმევა სანამ მთლად არ გაბინძურდება. ვფიქრობ.

მარი ზის პასტა და ფურცლით, წერს საჭირო პროდუქტებს, რამდენჯერმე ჩამოწერს, გადაწერს, ფასებს ჩამოუწერს, გადაშლის, მაქსიმალურს ანგარიშობს, მერე ისევ სულ თავიდან იწყებს. ვეხუტებით ერთმანეთს, ჩვენ მამაჩვენს ვასვენებთ. რაც, შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა! ხუმრობა საქმე კი არ არის გასვენება.

მოვა პოვარი და ის იტყვის.

მოვა პოვარი და ის გადაწყვეტს.

პოვარს ვკითხავთ და ის გვეტყვის.

ცოცხალი ბანკომატი ვარ. შემირჭეთ ბარათი და როცა, დაგჭირდებათ ფულებს გადმოგიყრით. ნამდვილი ცოცხალი ბანკომატი ვარ!!!

მიყვარს სოფლის ტუალეტები. აქამდე, არავისთვის მითქვამს. მუდმივად იმანჭებოდნენ, სოფლის ტუალეტების ხსენებაზე. იქ ვტირივარ ცოტას. სოფლის ტუალეტები ბავშვობას ჰგავს. ბავშვური ხელით მიჩხაპნილი 0 0 . მახსენდება ჩემი გულუბრყვილო, პრიმიტიული ურთიერთობა ღმერთთან ტუალეტში ყოფნის დროს. ღმერთო, თუ მართლა არსებობ, გარეთ, რომ გამოვალ ჩემი სახლი მოწყობილი დამახვედრე! გარინდება. ლოცვა. ბებიაჩემი მეცოდება ამდენს, რომ შრომობს, თორემ, შენ ხომ იცი სულ არ მჭირდება მოწყობილი სახლი…

ბიჭი ხან ტუალეტში შევა, ხან სიგარეტს გააბოლებს, ხან სქელ, მორგვივით ფეხებს გაშლის და არხეინად ზის. ყოველ მის დანახვაზე თავში ავტომატურად მოდის სიტყვა „ნძრევა“, ვერაფერს ვუხერხებ ამ სიტყვას, როგორც კი დავინახავ ეგრევე ეს სიტყვა მეხეთქება თავში. ეს უფრო ტრაგედიაა, ვიდრე მამაჩემის სიკვდილი. დადიოდე და ყველაფერი ერთ ადგილზე გეკიდოს.

ლურჯი კაბა მაცვია, თვალები ისედაც ავადმყოფურად მაქვს. როგორ გექცევიან ოჯახში? მეკითხება, ჩემი რომელიღაცა მეზობელი ქალი. ან ნუნუ, ან მედიკო, ან ნარგიზა ან კიდევ ვიღაცა, ზუსტად ვერ ვიხსენებ,რა მნიშვნელობა აქვს ყველა ერთნაირია. ვპასუხობ, რომ ჩვეულებრივად კარგად. მარის არ მოსწონს ჩემი პასუხი, ეტყობა ვერ დავაკმაყოფილე მათი ცნობისმოყვარეობა, უფრო მეტი უნდა მეთქვა, მაგალითად, ის რომ არ მცემენ, საჭმელს მაჭმევენ და ოქროში და ბაჯაღლოში ჩამსვეს. მგონი ჩემი ზედმეტი გამხდრობის გამოა ყველაფერი.

რაღა, ჯანდაბად დაემთხვა ეს ციცინათელების სეზონი. არა, კარგია რომ დაემთხვა მის ციცინათელათა კარავის კრებულს. ქილებში ვაგროვებდი ადრე და ბნელ ოთახში ვინახავდი, იქნებ გაანათოსთქო. რატომ, უკავშირდება ყველა სიტყვა „ბავშვობას.“ ნახვამდის ბავშვობავ, შე მოუპირავო ქვევრო, მაინც ყველაფერი შენ გრჩება ბოლოს, მე კიდე დიდი ღრმული გამიჩნდა მუცელში სიცარიელის და უმწეობის. მამაჩემი ცხრა თვისა უკვე გამართულად დადიოდა ფეხზე, მე კიდე ძვლივს დავლასლასებ.

ორი დღის შემდეგ ღვინის ფულს ვატანთ. გული მწყდება მამაჩემის დაკრძალვაზე, სხვისი ღვინო რომ უნდა იყოს. მარი ამოწმებს ყველაფერს, ის იწერს ფულის გაცემის და სხვადასხვა ხარჯის ანგარიშებს. ვუყურებ ხოლმე, მეშინია არ ატირდეს. მარი, რომ ატირდეს გული მომიკვდება, მერე ნამდვილად დავიჯერებ მამაჩემის სიკვდილს, თუ არ იტირებს ყველაფერს მშვიდად და ღირსეულად გადავიტანთ. მარი არ ტირის დაკრძალვის დღემდე, უბრალოდ მერე ეზოში ვეღარ უძლებს  ნერვები. მეტი უნდა ეთქვა, ისე კი ღირსეულად დაიტირა. მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ არავის მამაჩემიო. გული მოუკლა ყველას.  ქელეხი არის ცოცხალი ვაჭრობის კლასიკური მაგალითი, სიკვდილზე გამართული აღებ–მიცემობა.

სხვა დღეებში ეზო არის წვიმისგან ჩამპალი, მთელი დილა დავდივარ და ტალახებიდან ლურჯ სალფეთქებს ვაგროვებ, ლიმონათის თავსახურებს ვაძრობ მიწიდან, მოკლე ფრჩხილებით ამომაქვს, დასახოკი ფრჩხილები არ მაქვს, კარალიოკის ხის ძირთან მდგარ ვედროში ვყრი და ვცდილობ ნასიკვდილარი კვალი სწრაფად გავაქრო ეზოდან, ფაქტიურად მამაჩემს ვაძევებ მისი სახლიდან, ან უფრო იმ მტანჯველ და მომქანცველ დღეებს, რომლებმაც ცოტა დრო არ დამიტოვეს მამაჩემთან ურთიერთობისათვის. ტუმბოჩკას ვალაგებ, ბევრი ისეთი დეტალია, რასაც ვიმახსოვრებ, ზოგსაც ვიწერ, საჭირო გახდება ერთ დღეს ყველაფერი…

ჩიტები განუწყვტელად ჭიკჭიკებენ, ძაღლები ერთი წამით არ ისვენებენ, ტარაკნებივით აფუთფუთებულია ირგვლივ სამყარო, ბიცოლაჩემის აბანოშიც იმდენი ტარაკანი ფუთფუთებს, მთელს ტანში მივლის მათ დანახვაზე. ამ აბანოში ვუხეხავდი ბებიაჩემს ზურგს, ვიჯექით ჯორკო სკამებზე და სახეხით ერთმანეთს ზურგებს ვუწითლებდით. ზურგზე მოზრდილი, ვარდისფერი,ხალი. ბებიაჩემი, ბიძაჩემი, მისი შვილი…

დანარჩენს სხვა დროს დავწერ. მანამდე არ მინდა სენტიმენტებით გაგჟღინთოთ და  ჩემი სიკვდილები თავზე მოგახვიოთ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საუცხოო ადამიანები ცხოვრობენ ჩემს სოფელში, მათზე არასდროს მეყოფა დრო საწერად და ალბათ, ვერასოდეს მივაღწევ ისეთ უნარს, რასაც ისინი ფლობენ ადამიანური გაჭირვების დროს.

ამ პოსტსაც, დასრულება სჭირდება, მე რომ მამაჩემი ვყოფილიყავი სიკვდილის წინ ასე დავემშვიდობებოდი იმათ, ვინც მამაჩემის სიკვდილს ხელი შეუწყვეს.: “ნახვამდის ბოზებო, ჩვენ ყველა მოვკვდებით!“

 

 

Advertisements

Read Full Post »

ამ ბოლო დღეებში დავაკვირდი, რომ ზედმეტად აქტიური ვარ ვირტუალურ ურთიერთობებში, ვიდრე რეალურ სივრცეში და ეს სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ აქ ბევრად დაცული ხარ უაზრო, ნერვების მომშლელი სიტუაციებისგან და თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ამას ისევ რეალური პიროვნება აკეთებს, რომელთანაც ინტერნეტს გარეთ მინიმალური კონტაქტი დაგრჩენია. ასეთ დროს ჩემი პლიუსი ისაა, რომ ჩემი სამყაროს კარი მათთვის დახშულია, მათ არაფერი იციან ჩემი ინტერესების შესახებ, ჩემი გრძნობების შესახებ  და თუ მაინც ჩემზე არასწორ შეხედულებებს იქმნიან, ეს უკვე მათი პრობლემაა და მე ნაკლებად მაღელვებს. არ მინდა ხშირად გამოვიყენო სიტყვები : დავასკვენი, მივხვდი და ა.შ, რადგან ადამიანს ყოველდღიურად ახალი დასკვნების გამოტანა უხდება და არცერთი დასკვნა საბოლოო არა, სიტუაციები ხშირად იცვლება, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს ძალიან მომთხოვნები გახდნენ ერთმანეთის მიმართ, მაშინაც კი როცა არაფერი გავალდებულებს ამ ადამიანებთან, ხოდა ხანდახან “ცუდი გოგოს” იმიჯი იმუნიტეტია, პირობითი რეფლექსი, რომელსაც ჩვეულებრივ, ინდივიდუალური ცხოვრების პირობებში ორგანიზმი გამოიმუშავებს (საწყალი ორგანიზმი) და სადღაც წაკითხული წინადადება “სხვისი პრობლემა შენი პრობლემა არ არის” სულაც არ არის არაჰუმანური და უპასუხისმგებლო ადამიანების თავისმართლება, როცა რაღაც ამდაგვარი პრინციპი გაქვს შენც, ” შენი პრობლემა სხვისი პრობლემა არ არის” . უბრალოდ როცა ადამიანები ლამის ფიზიკურ ძალადობამდე მისული აქტივობით გახვევენ იმას, რაც წესით მათი გასაკეთებელია და მშვენივრად შეუძლიათ თვითონ გაართვან თავი საკუთარ საქმეს, ცოტა გამაღიზიანებელია მათი ბრალდება  ზერელეობაზე და უპასუხისმგებლობაზე, მოკლედ რთული ამბავია სერიოზულად  თუ შევხედავთ, მაგრამ მე ამ ყველაფერს მარტივად ვუყურებ, თან უკვე მზიან აივანზე ვსვამ უკვე დილ-დილობით ყავას და ერთადერთი რამით ვარ კმაყოფილი საკუთარი თავის, არავისგან არაფერს მოვითხოვ (თხოვნაზე არ მაქვს საუბარი) და არავიზე ვამყარებ იმედებს, რადგან რამდენჯერაც დავამყარე იმდენჯერვე ცუდად დამთავრდა ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქის სტატუსზე ხშირად მიხდება იმის დეკლარირება , რომ არცერთ თამაშს არ ვთამაშობ და ნუ გამომიგზავნიან სხვადასხვა აპლიკაციებს, რადგან მაინც აგზავნიან მეც უკვე თავმდაბლად  ვიღებ მათგან მაგნოლიის ხეებს, თეთრ ძროხებს, პატარა ყვავილებს,  პეტვილის ჰეფი რიქვესთებს და ჯიფთებს (მეზარება ინგლისურზე გადაყვანა) და ა.შ

ჰო კიდევ, დავწერე ახალი მედიის ტრენინგისთვის სამოტივაციო წერილი და კურიკულუმ ვიტაეც:) და ეს დღეები გამძაფრებულად ვგრძნობ იმას, რომ მიზერული ხელფასისთვის ჩაკეტილ წრეში ვტრიალებ, ჩემი ერთადერთი სასიამოვნო გასართობი ეს ბლოგია, სადაც ყველაზე მეტად მიხარია შესვლა და ის, რომ მალე მოკლე მაისურებს ჩავიცვამ და დილით ადრე ადგომაც აღარ გამიჭირდება.

fb-ზე ისევ ჩემი ფოტო დავაყენე, თორე ლამის მეც დამავიწყდა რომელი “მე” ვარ. აივანზე გავდივარ, დაბრეცილობამდე მისული თვალები უნდა დავასვენო და დასაწერი რაღაცეების  ლისტი ჩამოვწერო, ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად უნდა დავამთვარო ნასტასიასთვის პოსტი და კიდევ ძველი რაღაცეები გავაგრძელო და დავასრულო. მინდა ახალი და კარგი წიგნები. ახლა ვფიქრობ ახალი და კარგი წიგნები მირჩევნია თუ ახალი და კარგი ტანსაცმელები? მოკლედ მამაჩემს კარგ რაღაცეებში ვერაფრით დავემსგავსე.

პ.ს ამ პოსტის სათაური შეიძლება  ადეკვატური მხოლოდ ბოლო აბზაცთანაა, მაგრამ “ძალადობის აქტი” 🙂 რომ, დამერქმია ზედმეტად უტრირებული იქნებოდა და თავი შევიკავე.

Read Full Post »

ამ საშინელ ამბავს არ ველოდი,ასე დილა ადრიან.რადიოში ვარ და დავამთავრე მუშაობა.მარიმ დამირეკა და ინტერნეტი გაითიშაო(გაეთიშათ ცხოვრება:) და თითქოს ლოდი გადავყლაპე,მუცელი ისე დამიმძიმდა.

უეცარი გადაწყვეტილება :სახლში გვიან წავალ.

ჰოდა დღეს ვიბოდიალებ ბევრს გარეთ,მამაჩემს ვნახავ,იმ საშინელ ვითომ ზაგანი პუდრას გამოვცვლი და მერე წავალ სახლში.სადაც დავალაგებ,დავრეცხავ და დავაუთოვებ.არადა მართლა უამრავი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხა გამომიჩნდა თავისუფალი დრო:(

საინფორმაციოს წამყვანი აგვიანებს,პირველი გამოშვება არ ყოფილა.მეც ვზივარ და ველოდები ვინმეს,რომ მოვიდეს და გავვარდე აქედან,11ზე მოვრჩი მუშაობას,ამას უფრო ლაყბობა ჰქვია,მაგრამ რახან სხვები ამ ყველაფერს მუშაობას ეძახიან,მეც ასე ვუწოდებ.სხვებს კიდე თავიანთი თავი მაგრად მოსწონთ,მაგრამ მე სხვებს არ ვგავარ და ამ საკითხში,რომელიც რადიოს ეხება,სულაც არა ვარ ჩემი თავით აღფრთოვანებული.მეტი შემილია გავაკეთო,მაგრამ ახლა არა!როდესმე უფრო მეტს გავაკეთებ!

ყურები ამტკივდა.რამდენჯერ ვთქვი,რომ ყურთსასმენებს აღარ გამოვიყენებდი,მაგრამ ისე არ შემიძლია ჩემი ხმა დავარეგულირო ეთერში,ასე რომ მომავალში კიდევ ამტკივდება ყურები.რობი უილიამსსზე ჩავიხვიე დღეს,ახალ სინგლს ვუსმენდი.არ მომწონდა,მაგრამ მაინც ვუსმენდი:)

მორჩა მოვიდნენ.თან ერთი კი არა,ორი მოვიდა.ეხა მეც წავალ.დილა კარგად დაიწყო.უტამ დამირეკა.წვიმსო თბილისსშიო.აქ კიდე მზეა და ქარია.შევეჩვიე კარგ ამინდებს.ეხა უინტერნეტობას შევეჩვევი,სანამ დედაჩემი ჩამოვა თბილისიდან და ინტერნეტის თანხას გადაიხდის.

ეეეჰ:(

Read Full Post »

%d bloggers like this: