Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მარი’

ცხელი ლიმნიანი ჩაის ჭიქით ვითბობ ხელებს. სახლში უკვე აცივდა. მე კიდევ დავიწყე ოცნება ჩემს სახლზე, სადაც წითელი ხალიჩები მექნება დაფენილი და სქელ მძიმე ფარდებში ქუჩის ხმაური ვერ შემოატანს.  სადაც იქნება სითბო, სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, სადაც  სიყვარული გაგრძელდება ჭირსა და ლხინში და ვერავინ შეძლებს მთელს დედამიწის ზურგზე ამ სიყვარულის დარღვევას.

გუშინ, ჩემი დაბადების დღე იყო. აქამდე, ჩემს დაბადების დღესთან უცნაური დამოკიდებულება მქონდა და გუშინ მივხვდი, რომ ეს შეიცვალა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ჩემთვის, რომელიც საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დაიტვირთა. დილით, მე, უტას და ანდრიას ერთად გვეძინა, ის ყოველთვის გვასწრებს გაღვიძებას და გვიყურებს გაკვირვებული, სანამ ჩვენ თვითონ არ გავუცინებთ და მუცელზე არ დავუწყებთ კოცნას, მერე კი ისე ახითხითდება მის დანახვას არაფერი სჯობს. ვუყურებდით და ალბათ უტაც ისეთივე ბედნიერი იყო იმ წუთებში, როგორც მე. ბედნიერად, დაიწყო ჩემი დაბადების დღე. წელს უკვე სამნი ვართ, შარშან ვიყავით ორნი და ჩვენი თავების გარდა სხვები დიდად არ გვაინტერესებდა. ძალიან ლამაზი დილა იყო. წვიმდა. მე გვიან გავიღვიძე. უფრო სწორედ უტამ გამაღვიძა, საიდანღაც მოვიდა სველი თავით, სველი ყვავილებით და კაფკას წერილებით. იმ ყვავილების სუნი ახლაც მახსოვს.

იშვიათად მჩუქნის ვინმე ყვავილებს.

წელიწადში, ერთხელ და ერთი კვირით მე უტას ვეწევი ასაკში (რა ხანდაზმული სიტყვაა, გამაჟრიალა), ცოტა ხანს ორივე 26 წლის ვიქნებით. მერე უტა გახდება 27-ის და ა.შ ამბობენ 27 წელი იდუმალი და გარდამტეხი ასაკიაო.

მე არც ტორტებს ვაცხობ და არც რამე გემრიელობებს ვაკეთებ, თუ ამის ხასიათზე არ ვარ. ტორტი მარიმ გამომიცხო და დილით ტორტის გულის ნაჭერი და ცხელი ლიმნიანი ჩაი დამახვედრა. მარის უყვარს სამზარეულოში ყოფნა, უნდა ოდესმე თავისი  რესტორანი ჰქონდეს, როგორც პენელოპა კრუზს ფილმში “დაბრუნება”, მე კი დიდი სიამოვნებით გავხსნიდი და ვუხელმძღვანელებდი ისეთ წიგნის სახლს, როგორიც მეგ რაიანს აქვს ფილმში “You’ve Got Mail”:)

 

გაგრძელება საღამოს 20:58

ისევ ის სუნი, ისევ ის ყვავილები, ოღონდ სულ ფერადი, ყვითელი ჭარბობს. ბედნიერი ვარ, ბედნიერი, ბედნიერი. მერე, რა რომ დაბადების დღის მეორე საღამოა. მე მაინც მიხარია.

პ.ს  გუშინ, უტას დედის ნაჩუქარი ფულით, რომლითაც შევპირდი რომ ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” ვიყიდდი, ეზოში ჩასულს, ისპანახი, ბულგარული და კარტოფილი შემომეყიდა. არა უშავს, სახლის სიახლოვეს, რომ გავსცდები მასაც ვიყიდი. ისპანახი კიდევ ძალიან სასარგებლოა. მე კი ძალიან გამიმართლა, იმ ადამიანებით ვინც ღმერთმა მაჩუქა.

ეხლა ვარ, ძალიან გულჩვილი და ამ გულჩვილობით გაუსუსურებული მატლუკა:)

Advertisements

Read Full Post »

შემზიზღდა ეს ბლოგი.ყოველდღე შემოვდივარ და არაფერი იცვლება, ისევ ძველი დიზაინი, ისევ ძველი პოსტები.
ნუთუ, აღარ მოგბეზრდა ეს მოხუცი ფილოსოფოსები და მოხუცი მწერლები?
რატომ, არ წერ შენს ძველ მეგობარზე, აივანზე მის ფანჯრამდე წითელი თოკი, რომ გაკიდე, სიგარეტის კოლოფი, რომ დაამაგრე და იმაში უყრიდი წერილებს? ალბათ იმ წერილებს სხვაც კითხულობდა. ან იმაზე რატომ არ წერ, მერე ეს გოგო, რომ გათხოვდა და ქუჩაში ლამის ისტერიული ტირილი აგივარდა, როცა შევხდი? გინდოდა ჩახუტებოდი, მაგრამ არ ჩაეხუტე, მერე ისევ დებილურად დაშორდი და მაინც მიტრიალდი, რომ შეგეხედა სად მიდიოდა. უყურებდი გულჩამწყდარი, ისე როგორც ადრე, როცა საშინლად ეჭვიანობდი სხვა მის მეგობრებზე, რომლებსაც ის შენსავით უყვარდათ. არა, შენ უფრო მეტად გიყვარდა, უბრალოდ არ გინდოდა სხვებსაც შენნაირად ყვარებოდა, მერე სულ იბოღმებოდი და დაბოღმილ წერილებს წერდი, მერე იმ წერილებს უკან იბრუნებდი.
ომის თემებს, რომ გადაეკიდე, ხანდახან მაინც გაიხსენე, მაღალსართულიანი კორპუსის თავზე, რომ ეწეოდით მეგობრის მამის სიგარეტებს, არც ერთმა არ იცოდით მაშინ მოწევა, ტყუილად აბოლებდით.
ერთხელ მაინც გაიხსენე, შენი ჯერ მეცხრე სართულის მეზობელი მანანა, რაც ფეხი მოაჭრეს პირველ სართულზე, რომ გადავიდა, ხანდახან მეზობლის კარს რომ ამტვრევდა, ქმარი, რომ პოლიციელი ჰყავდა.
ისიც გაიხსენე, ერთ დღეს ერთმა უშვილო მეზობელმა იმის გამო, რომ ამოგიყვანა ეზოდან, რომ ეკითხა შენ უფრო კარგად სწავლობ თუ შენ დაო და მერე პასუხის გარეშე დაესკვნა, მაინც ვიცოდი , რომ შენო.
იმაზეც დაწერე, ცოლ-ქმრობა მხოლოდ ნასკების რეცხვა, რომ გეგონა და მეტი არაფერი.
ან იმაზეც დაწერე, მთელი დღეები შენი ბიჭის აბრეშუმივით იღლიების სუნი, რომ გენატრება და ამ სუნის მონატრებას ლესელიძეზეც კი გრძნობ. რა კრიალა სუნი აქვს, რბილი და თეთრი. შენ თვითონაც, ხომ დარწმუნდი, რომ საყვარელი ადამიანის საცვლები, ყველაზე მაგარი რამეა და სულაც, არ ტეხავს ამაზე წერა.
ხომ შეგიძლია ხანდახან, მზისგან მოთქვიფო გოგლიმოგლი, ან ისე ჩაიარო მთელი პეკინი, თითქოს რაც მოგწონს მაღაზიებში ყველაფერი გეყიდოს. თამაშია ასეთი, ყველა მაღაზიასთან ჩერდები და რაც მოგწონს წარმოსახვით ყიდულობ, ამ დროს ყველაზე მეტად შეგიძლია შენს ბიჭს რაც უნდა ისინი უყიდო, რა მოხდა ფული თუ არ გაქვს, სამაგიეროდ წარმოსახვა გაქვს, ცოცხალი ხარ და თან ძალიან გულკეთილი, ყველას ყველაფერს უყიდდი ფული, რომ გქონდეს, სამაგიეროდ გული უნდა დაიმშვიდო, რომ მდიდრებს ფულის სწორად ხარჯვის უნარი არ აქვთ და ასე უფრო ჯობია.
ხოდა, დაწერე რა ამ ყველაფერზე:(

Read Full Post »

გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა არ არის და ცვლილებებს ველოდები და სანამ ეს ცვლილებები მოხდება, მანამდე არა უშავს ჩემი ბლოგი ღრუბელივით თუ შეიწოვს ჩემს უხასიათობებს.

მამა ვიტალის საფლავზე ვიყავით მე და მარი. თურმე მარის დიდიხნის სურვილი ყოფილა იქ წასვლა, ხოდა დღეს მოვინახულეთ.

ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს საკუთარი თავის დაკრძალვაზე ვიყავი, ჩაშავებული და ჩათბუნული  პირ–ცხვირით.

მერე მაღაზიებში შევიარეთ. ამან  სულ ბოლო მომიღო, ჩემი საყვარელი ჯინსის კურტკები სულ რაღაც, 38 ლარი ღირდა, ხარისხი რათქმაუნდა აღარ მირკვევია, მაინც ძალიან სიმპათიურად და ვიწროდ გამოიყურებოდა. ეს სივიწროვე კი ყველაზე მთავარი დეტალია ჩემთვის.

თუ გინდა საკუთარი თავი მაგრად მიჟიმო, 50 % ფასდაკლების სრულიად უფულოდ უნდა შეხვიდე მაღაზიაში, ყველაფერი უნდა დაათვალიერო, მოგეწონოს და ვერაფერიც ვერ იყიდო.

მერე მაინც, თავის დამშვიდებას შეეცადო, რომ ყველაფერი არარაობაა და განსაკუთრებით ეს უხარისხო ძონძები.

ჩემთვის ვიქნები და პეპის ვიკითხავ დღეს.

Read Full Post »

დღეს დილით  ვითომ თოვდა, მე კი ვერაფრით ფეხზე ვერ ვდგებოდი, უტას წასვლის დროს ძალით გამოვიფხიზლე თავი და მერე ისევ, დავიკარგე ძილში.

ლამაზტუჩებიანი სკარლეტიკოს ავატარი დავაყენე  ფეისბუქზე. ამ დღეების განმავლობაში, არანაირი ინტერნეტ სივრცისთვის არ მეცალა და ბოლო დროს, აკიდებული მიჯაჭვულობებიც მომეხსნა. კარგი რამეა, როცა დები შენთან არიან.

მარი სამზარეულოში  მწვანე სუპს აკეთებს. ჩემი ლურჯი ჟაკეტი აცვია.

საცხობიდან ისევ ჩვეულებისამებრ ამოდის კვამლი და ლურჯი ქოლგის ქვეშ ლურჯკურტკიანი ქალი ყიდის ჟურნალებს. ამ წელს პირველად შემიყვარდა ლურჯი ფერი.

ჩემი რეცენზიასავით ამბავი დაიბეჭდა “ქართულ მწერლობა”– ში და რამდენჯერმე დამავიწყდა, რომ მეყიდა. მამაჩემმა მისაყვედურა, რატომ არ  მითხარიო. მამაჩემს ჩემს მკითხველად, როგორც კი წარმოვიდგენ თვითცენზურის ღილაკი მერთვება, არადა ვიცი, გულში მაინც მოწონს ჩემი ნაწერები. რა თვითკმაყოფილი ვარ:)

ამ დღეებში მინიატურებისთვის მეცალა. ანალიტიკურობით გონება ვეღარ დავიძაბე. სულ ძველი ამბები მახსენდებოდა, ასე რამდენიმე თვის წინანადელები, მთელი ღამეები ვწერდი.

ველოდები რამდენიმე ქალისგან დახმარებას, თვითონ გადაწყვიტეს, რომ დამეხმარონ. ასე იყო სულ, სულ ქალები, კაცებმა ყოველთვის იმედები გამიცრუეს. დაგპირდებიან და მერე ძაღლივით მიგაგდებენ ქუჩაში. მერე გეტყვიან ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი მე და როგორც საკუთარი “მესთვის” ისე შენთვის სხვას ვერ შევაწუხებო.

ვეძებ საყრდენებს.

საშინლად მაწუხებს პიემესი. ეს დებილური ამბები ამ ქვეყანაში და კიდევ უამრავი, რაღაცა მაქვს დასაწერი.

პ.ს და რა უაზრო სათაურია

Read Full Post »

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები რომელიც ჩუმად, მაგრამ მაინც კითხულობენ ჩემს ბლოგს და ამას არ აფიქსირებენ.

კიდევ რაზე ვფიქრობდი? არ მიყვარს, როცა უცებ მივიღებ სადმე წასვლის გადაწყვეტილებას, უცებ ჩავყრი ჩანთაში საჭირო ნივთებს და გავრბივარ. ასეთ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მარის მიმართ მიჩნდება:”მარი ხომ არ გწყინს, რომ მივდივარ? მარი ორშაბათს ჩამოვალ. მარი ცუდად ვიქცევი?”-ვეკითხები. ასე დამემართა გუშინ საღამოს, უტას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცებ მთხოვა, რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი თბილისში, თავიდან ვიფიქრე, რომ სერიოზულად არ მეუბნებოდა, მაგრამ როცა ფილმიდან “სვანი” სიყვარულის მისაბაძი, რომელიღაცა ეპიზოდი შემახსენა, სადაც ცოლი თავის ქმართან შესახვედრად არ ერიდება საშიშ და ბნელ ღამეს, მერე კი ვიკადრე წამოდგომა და თმადაუვარცხნელი გავვარდი ქუთაისი-თბილისის ბოლო რეისზე.

ახლა ვარ დაღლილი და გამოუძინებელი, კიდევ მაქვს სამი კბილის ჯაგრისი და მყავს ბიჭი, რომელიც დილით მიმზადებს ჯანმრთელ საკვებს ანუ გერკულესს და მერე მიდუღებს ყავას ან ადუღების ინიციატივას გამოთქვამს, საბოლოო ჯამში ყავას ადუღებს მაიკო და ის ადუღებს შემდეგ რამდენჯერმე ჩაის და მოაქვს ჩემამდე. მე ვზივარ ასეთ დროს გაზთან და ვკითხულობ “უდაბნოს”, რომელსაც ალბათ მორიგი ჩამოსვლისას თუ  დავამთავრებ.. ხოდა ახლა ჩემს უკან დგას თავისი კამერიანად და რაღაცას იღებს და ნერვებს მიშლის, მეუბნება მარტო კლავიატურას ვიღებო და შენ გააგრძელე ბეჭდვაო. ხოდა ასე არ შემიძლია რამე დავწერო, როცა თავზე ან გვერდით მადგას ვინმე. ჰო კიდე არ შემიძლია, ეს ბიჭი დაათრევდეს მძიმე პარკებს და მე ერთსაც არ მაძლევდეს, რომ ეს სიმძიმე მეც გავინაწილო. ხოდა ეს საშინლად არ მომწონს (ხოდა ნუ იღებ რა ). დედაჩემი ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა თავის დროზე მაშინ დაუშვა როცა საქმეები არ გადაანაწილა და ყველაფრის გაკეთება თავის თავზე აიღო. ამას ისე უბრალოდ ამბობს, არც არაფერზე წუწუნებს. ხოდა როცა უტას მერამდენეათასჯერ ვთხოვ, რომ ეს მძიმე პარკები მეც წამოვათრიო, რადგან მერე მთელი ცხოვრება არ მინდა სულ თვითონ ათრიოს ყველაფერი, მეუბნება:”როგორ გეტყობა ძმა, რომ არ გყავს.” არადა ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა  სხვა სათრევ პარკებთან ერთად მათრიოს და ამას მიმაჩვიოს, მე ხომ საკმაოდ ჯან-ღონიანი და საკმაოდ მოტივირებული გოგო ვარ სხვადასხვა სიმძიმეების სათრევად და ამას მიჩვეული ვარ:)

ხოდა ეხლა ზის და ამონტაჟებს იმ რაღაცეებს, რაშიც ზუსტად ვიცი თმები მექნება საშინლად და დამაფრთხობლად და იმ წამს მოვითხოვ მის წაშლას. მივდივარ. წინასწარ გილოცავთ ბზობას, ნანა ზარდიაშვილმა რაღაც წერილი დამიტაგა და უნდა წავიკითხო.

Read Full Post »

იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო.

გილოცამთ ყველას.

რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი.

თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი არ მოდიოდა. რაღაცეებს თხრიან და დიდ მილებს ყრიან შიგნით, მგონი ქუთაისს მალე ეღირსება 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ მახარებს ეს გადათხრილი გზები.

კიდე წასაკითხებს ვეძებ. მშვიდ წასაკითხებს, სადაც სითბოს ვიგრძნობ, შემწვარი ვაშლის სუნს, სადაც სიყვარული დამხვდება და თბილი ფარდები. იატაკზე შემოდგომისფერი ხალიჩა და უამრავი ბალიშები. უტასთან, რომ ვიყავი მაშინაც მენატრებოდა, ახლა კი მთლად გიჟს ვგავარ. დავდივარ და ჩემს თავს ვეუბნები, არა არ უნდა გაგიჟდეთქო. დედა შუშანიკი მწერდა გუშინ, თუ გჭირდება ჩამოვალო. მართლა უნდა გავგიჟდე დედა შუშანიკი იმხელა გზიდან, ჩემს გამო რომ ჩამოვიყვანო, ისე კი ზუსტად ვიცი, რომ ვთხოვო მეორე დღესვე ჩამოვა ბედიანიდან. უტა მეუბნება რატო აგიჟებ დედაოსო. რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს დეპრესია. მერე რაღაცეებს შევეჩვევი და ისევ ჩავდგები ჩემს რეჟიმში. უტამ თმების შეღებვა, თუ გამოგიყვანს მაგ მდგომარეობიდან, მაშინ შეიღებეო, ოღონდ ჯერ აღსარება ჩააბარეო. მერე ისიც მითხრა თუ გინდა ვინმე საინტერესო ადამიანს მიწერე რამეო. იმას კი ვერ ხვდება, რომ საინტერესო ადამიანი აღარავინაა ჩემთვის.

ცხელი სასმელი მინდა. თუ გინდა იყოს მარწყვის ჩაი, უტა რომ მიმზადებდა და მე რომ ტკბილს სუნზე გული მერეოდა. რა ვქნა ახლა ყველაფერი მომინდება. ხვალ კარგად ვიქნები, ზეგ ცოტა ცუდად, მერე ისევ კარგად და თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ხანდახან მომინდება ვიღაცეებთან დაკონტაქტება, მაგრამ ისევ უარვყოფ ამ აზრებს. ვიცი რომ, ძაან დავიღლები და ამიტომ მირჩევნია ჩემი თავი ასეთი მარტოსული ავიტანო.

ყავას ახლა არავინ მომიდუღებს. ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი ახლა თუ დავლევ, ხვალ ღამემდე არ დამეძინება. უნდა გადმოვანგრიო წიგნების კარადა და იქნება რამე საინტერესო ვნახო წასაკითხი. წინა წლიდან შექსპირი გადმომყვა წასაკითხებში. არ მინდა და ვერ დამამშვიდებს სასულიერო ლიტერატურა, დიდი მოყვარული არც არასდროს ვყოფილვარ ასეთი წიგნების. მოკლედ ძიების პროცესში ვარ:)

ყველა სახლში ვართ. დედაჩემი კვლავაც დიდი ყურადღებით ეკიდება თავის ბლოგის განვითარებას. მარი თუ სახლშია სულ “პეტვილს” თამაშობს. სულ, სულ, სუუულ. აკოც პეტვილს თამაშობს, კიდე სოფო, კიდევ ზურა. ღმერთო რა საშინელებაა. მირანდა არ ვიცი რას აკეთებს, ჯერ სკოლა არ დაწყებია. რატომ არ ვწერ მამაჩემზე? რავიცი როდესმე დავწერ.

გუშინ ღამით წამომიარა და ერთ ქალს ფეისბუქიდან წერილი მივწერე, სადაც პატიებას ვთხოვდი და ბოდიშს ვუხდიდი. უტამ მომცა ამის სტიმული, რომ მიმეწერა. არადა იმ ქალს ადრე ჩემს მოსისხლე მტრად ვთვლიდი და მეგონა ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი რაღაცეებს. უუჰ რამდენი დრო გავიდა, მე კი ძვლივს მოვიშორე ძველი ბოღმები. ახლა მთელი მსოფლიოსთვის, რომ დამჭირდეს ბოდიშის მოხდა, დავუჩოქებ და ისე ვითხოვ პატიებას. ოღონდ ესეც უტამ უნდა მთხოვოს.

არანაირი მარწყვის მურაბიანი ჩაი, არც ყავა, მარიმ რძე მომიდუღა. უტამ სულაც არ მინდა ბლოგზე წერდე ჩემზეო…ნეტა მართლა ვახერხებდე ამას. ხვალიდან შევეცდები:)

წავედი წიგნები უნდა გადმოვანგრიო და ჩემი ისედაც დანგრეული დღის რეჟიმი ისევ უნდა ავბურდო. ცხელი სასმელებია ჩემი ნუგეში.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: