Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მწერალი’

მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ბავშვობის ტარაკნებზე, ნავთის სარკიან ლამფებზე, პატარა ნავთის წვეთოვან “ფეჩებზე” , მეექვსე  სართულის ძია ვანოზე, მესამე სართულის ძია ცეზარზე, ჩვენი კარის მეზობელ მურმანზე, მეცხრე და პირველი სართულების, ლიფტების დეიდა მანანაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ იდგა ყველგან ნამწვის სუნი, შეიძლება გზადაგზა რამეც გამოვიგონო, ოდნავ შევალამაზო ის ხისტი ამბები, არცერთი ბედნიერი ბავშვის ბავშვობაში, რომ არ მომხდარა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დამაწყებინებთ იმის მტკიცებას, რა მოვიგონე და რა იყო სიმართლე, თქვენთვის რა მნიშნელობა აქვს მე სად ვიფანტაზიორე, მთავარია ყველამ, მეც, შენც, მანაც, იმათმაც დაივიწყონ დღის მოსაწყენი ამბები, შტერი და ბრიყვი პოლიტიკოსების ასეთივე გამოსვლები, მე უბრალოდ ვერაფერი ვნახე წასაკითხი ჩემი წიგნების თაროზე და თავად ვაპირებ საღამოსთვის დავწერო ტექსტი, რომელსაც ალბათ დიდი სიამოვნებით ვერ გადავიკითხავ, უბრალოდ მზესუმზირასავით შევექცევი ჩემი ბავშვობის ყველაზე უსახურ ამბებს ერთ ჩვეულებრივ უსახურ ზაფხულის ცხელ საღამოს.

მოწყენილობისგან ვკვდები და ვწერ. კარგი გამოსავალი ვნახე, ტუალეტში აბებით გაჭყეპვას ხომ ნამდვილად ჯობია წერო.

ხოდა…

ტარაკნები  მყავდა, მართლა, დედას გეფიცებით. მთელი ზამთარი თავს ვევლებოდით, ვზრდიდით, ღამით კედელთან მიმდგარ ტახტზე, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვიწექით და ვთბებოდით, ვცდილობდით კედელს არ შევხებოდით, რომ ტარაკანას შემთხვევით გზა არ შეშლოდა და ჩვენს საბანზე არ გადმოხოხებულიყო, არ ვიცი როგორ ვეტეოდით მთელი ოჯახი, იმ ტახტის მწვანე მატრასზე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ეს ნამდვილად ასე იყო. ზამთრის ღამეები გრძელი და ცივი იყო, დედაჩემი რაც ნანას მეცადინეობას მორჩებოდა სანთლის შუქზე (მგონი სულ ტყუილად ირჯებოდა), უზეთო, წყალწყალა  ლობიოს შევჭამდით და მერე ყველა ერთად ვიძინებდით და გატრუნულები ვუსმენდით ტარაკნების სევდიან ვალსს, ყველაზე  სექსუალურ სვლას ჩვენი ოთახის კედლებზე. ისინი ჩუმად დადიოდნენ სიბნელეში და ტოვებდნენ თავიანთ სველ კვალს, რომელიც ღამით ანათებდა. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ არ მეზიზღებოდნენ, დღესაც მეზიზღებიან, მაგრამ მათაც ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ არა ჩვენს პატარა სახლში, რომელშიც ჩვენც ძლივს ვეტეოდით. ამიტომ, მიხაროდა გაზაფხულის მოსვლა, სკოლის დამთავრება და ცოტა ხნით სოფელში წასვლა არდადეგებზე, სადაც დავლევდი ჩვეულებრივ წყალს და არა გამოხარშულს, სადაც არც ტარაკნებზე ვიფიქრებდი. დედაჩემი ასეთ დროს სპეციალურ ცარცს იყიდდა, პლინტუსების პარალელურად ხაზებს გაავლებდა, ყველა კუთხეში, ერთი ადგილიც არ დარჩებოდა დაუხაზავი, მერე გამოიკეტავდა კარს და როცა სახლში ვბრუნდებოდით, ჩვენ ისინი დახოცილები გვხვდებოდნენ, გამხმარი ტარაკნები, ძირს მიმოფანტულები, გადასაყრელი ექსპონანტები.

ზაფხულში თუ ტარაკნებს და თაგვებს ვხოცავდით, სექტემბერში ბოტასებს ვღებავდი თეთრად ემულსიით, რომლითაც ჭერი შევათეთრეთ, ალბათ იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ერთ დღესაც ჩემს თეთრ ბოტასებს შემსამჩნევად გაუყვითლდა ძირები. მეგონა სასოწარკვეთილებისგან მოვკვდებოდი, მაგრამ ემულსიამ მიხსნა, ავდექი და ფუნჯით კარგად შევუღებე ძირები, მერე კი ამაყად წავედი სკოლაში. მე -5  მესამე კლასის მოსწავლე გოგო. ძალიან უშნო ვიყავი, წვრილი და ცისფერი ავადმყოფური თვალები მქონდა, მგონი არავისაც არ ვუყვარდი, მარტო იზოლდას ვუყვარდი, ქართულის მასწავლებელს. მან შემიფარა და ჩემი თავისუფალი თემა “პატარა , თეთრი მტრედის ხუნდი” მთელი კლასის წინაშე წამაკითხა და ყველაზე საუკეთესოდ აღიარა. დღევანდელი გადმოსახედიდან ის თავიუფალი თემა მტრედის ხუნდზე, სრული ნაგავი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ნაგავსაც აქვს არსებობის უფლება, ამიტომ მე ის დიდხანს მქონდა შენახული ჩემი დღიურების ყუთში, წითელ ხავერდ გადაკრულ სკივრში, რომელზეც საშობაოდ ჩიჩილაკს ვდგამდით და შოკოლადებს ვკიდებდით.

მე და იზოლდა ერთნაირები ვიყავით, ორივე წვრილები, ქერები, გამხდრები, სუსტები, ის ჩემგან განსხვავებით ლტოლვილი იყო და ცალი ფეხით კოჭლობდა, მგონი სიცივისგან დაემართა, იმის მერე სულ მეშინოდა მეც იგივე ბედი არ მწეოდა. ჩვენ ხომ რაღაცით ვგავდით ერთმანეთს, თან ორივეს პატარა ძუძუები გქვონდა, ასეთებს კი ყურადღება ხშირად აკლიათ. მე ბედნიერი ვიყავი, ის რომ არსებობდა და ის, რომ ჩემი ქართულის განაკვეთის მასწავლებელი იყო, მე მას თვალებში შევციცინებდი და თავისუფალ თემებს ვუწერდი.

იმ წელს ჩვენს სკოლაში, მაღალ კლასებში რამდენიმე უცხო გოგო გადმოვიდა, მათ ყველასგან განსხვავებულად ეცვათ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მე ხომ ჩვეულებრივი მაისურით და შავი კაბით დავდიოდი სკოლაში + არაფრით გამორჩეული ვიყავი, პირიქით რატომღაც გამირბოდნენ და არც მიმეგობრდებოდნენ. ამჯერადაც გამიმართლა, ძალიან მალე გათხოვდნენ, უბნის ყველაზე შტერ ბიჭებს გაყვნენ ცოლად, ალბათ დედამთილებმა აჩუქეს ვარდისფერი პერანგები და საძინებლის ჩუსტები, მერე კი ჩუმად დაუდარაჯდნენ საძინებლის კართან. ჩვენი პერვერტული ქართველი დედები, განუხორციელებელი სექსუალური სურვილებით. მე მიხაროდა მათი გათხოვება, ნიშნისმოგებით ვუყურებდი ცოტა ხანში, როგორ მრგვალდებოდნენ, ფეხებდასიებულები ვეღარც დადიოდნენ, ქმრებს ფანჯრიდან ეძახდნენ და რაღაცას სთხოვდნენ, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩაცუცქულები მშვიდად იფურთხებოდნენ. მე  გამარჯვებას ვზეიმობდი, მერე რა რომ ერთი ძველი ჯინსი, მაისური და გაყვითლებულ ძირიანი ბოტასები მქონდა, მათ აღარც კი ვღებავდი, აზრი აღარ ჰქონდა, წვიმიანი ამინდები დადგა და წვიმის შეხებისთანავე საღებავი სანიაღვრე მილებს უერთდებოდა.

ერთხელ მაკამ თქვა, პრეზერვატივებით სავსეა მთელი სახლი და ბუშტებს ბერავენ ქალები…ჩვენ  სკოლიდან რომელიღაც სპექტაკლზე ვიყავით თეატრში და სახლში ვბრუნდებოდით.

მე ავხედე მაღალ ჭერიან, კარგად განათებულ, დიდ ფანჯრიან ოთახს და წარმოვიდგინე ბევრი ფერადი ბუშტი, ვარდისფერი ბუშტები და ელექტრონით განათებული ოთახი, სადაც არის ბევრი ლამაზი ქალი და კაცი, სვამენ შამპანურს  და უბრალოდ მხიარულობენ. მაკასთვის არაფერი მიკითხავს, შემრცხვა მეღიარებინა, რომ ვერაფერი ვერ გავიგე, მე ხომ ხუთოსანი გოგო ვიყავი, ბევრ წიგნებს ვკითხულობდი, მწერალი მშობლები მყავდა და თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი.

მაკა ადრე გათხოვდა, მგონი სკოლა არც კი დაამთავრა. მისი ამბავი მას შემდეგ აღარ ვიცი. ადამიანები თავისუფლად ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავენ.

პრინციპში ვინც მნიშვნელოვანი იყო ისინიც დავივიწყე.

სკოლის ამბები ეხლა, რომ მახსენდება მესექსუალურება. რაღაცნაირი კარგი ამბები იყო, მშვიდი, წყნარი დღეები, სკოლის ლამაზი დიდძუძუებიანი გოგოები და მათი თაყვანისმცემელი ულაყებივით ბიჭები. მართლა ცხენებივით იდგნენ ასვეტილი ჩვენი საკლასო ოთახის კართან. კიდევ კარგი, არასდროს ავღფრთოვანებულვარ მათით, სულ გულს მირევდნენ.

ამის შემდეგ მე მეგობარი გამომიჩნდა, რომელიც არავის არ დავუთმე,ყველას გადავუმალე და მარტო მე დავისაკუთრე,  რომელმაც მასწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მთელს დედამიწის ზურგზე და თუ ხანდახან, საკუთარ თავთან პრობლემები შემექმნება, გამოსავალი მასთან საუბარია…საკუთარ თავთან. დღესაც იგივე გამიმეორა და მე მისი მჯერა.

პ.ს ღმერთო ჩემო, ისეთი შეგრძნება მაქვს შუაღამემდე შემიძლია გაუთავებლად მოვყვე ათასი ამბავი, მაგრამ ეხლა დავამთავრებ. დასაწყისში მოხსენიებულ პიროვნებებს კი აუცილებლად გავიხსენებ მორიგ პოსტში, რომელსაც ხვალ დავწერ. საკმაოდ, გრძელი გამოვიდა მგონი. ბოლომდე ჩაკითხვა დიდად არ არის საჭირო.

 

Read Full Post »

გუშინ მარიმ მითხრა:”გახსოვს პურის რიგებში რომ ვიდექით დილით,სკოლაში წასვლის წინო?” გამიკვირდა,ეს რომ ახსოვდა.მარი ჩემზე 3 წლით უმცროსია და ყოველთვის მგონია,ალბათ ბევრი რამ დაავიწყდათქო.მე ვერაფერი გავიხსენე,იმ ზოგადი მძიმე სოციალური ფონის გარდა,რაც კარგა ხანს იყო საქართველოში.მერე დიდხანს ვფიქრობდი,მე რატომ არ მახსოვს პურის რიგში “დგომები” მეთქი და გავიხსენე.

გავიხსენე,თუ როგორ ვიდექი პურის რიგში.მგონი მარტო ვიყავი,სხვა არავინ მახსოვს ჩემს გვერდით,ერთი მეზობელი ქალის გარდა,რომელიც თავის ბავშვებს რეზინის ჩუსტებს ურტყამდა წელზე და თვითონ მუდმივად მეზობელ ქალებთან ჯოკერს თამაშობდა.ეს ქალი იდგა ჩემს წინ ჭყლეტაში და ცხვირზე ჟღვინტმოცხებული,მახსოვს რამდენჯერმე შევეცადე თვალი ამერიდებინა,მაგრამ მაინც მას ვხედავდი.ხუჭუჭთმიანს და ცხვირზე ჟღვინტმოცხებულს.ალბათ პატარა ვიქნებოდი.ესეც კი არ მახსოვს.უბრალოდ მახსოვს ის განცდა,რომ რამდენჯერმე დავაპირე მეთქვა ცხვირი მოიწმინდეთ დარეჯან დეიდათქო,მაგრამ ბევრჯერ შევყოვნდი.ვიცოდი ვერ გამიგებდა.შეიძლება ეთქვა შე უზრდელო,შენს ჟღვინტებს მიხედეოო.შეიძლება ვერ ეთქვა,რადგან ის ვერ წარმოიდგენდნენ როგორ უნდა იყოს მწერალი ცოლ-ქმარის შვილი უზრდელი.მახსოვს სხვა მეზობლებიც იყვნენ იქ,მაგრამ არავის უთქვამს მისთვის ცხვირი მოიწმინდეო.ვერაფრით ვაშორებდი თვალს.წვიმიანი დღე იყო,აი ასეთი ნოემბრისეული,ახლა რომაა და საერთოდ ვერ ვიხსენებ,მივაღწიე თუ არა იმ ბოლო რიგამდე და ავიღე თუ არა პური.ეს საერთოდ არ მახსოვს და ამიტომ ვუთხარი მარის, მე საერთოდ დავიწყებული მაქვს პურის რიგებში თუ ვიდექითთქო.

ბავშვობიდან,რომ მეზიზღება პური ალბათ მაგიტომ არ მახსოვდა.ან კიდევ იმის გამო,რომ ცუდი მეხსიერება მაქვს და ყველაფერი მალე მავიწყდება,რისი დავიწყებაც მინდა.

ახლა ვფიქრობ,რატომ არავინ  უთხრა დარეჯან დეიდას ცხვირი მოიწმინდეო?არადა იმის გვერდით ის მეზობლები იდგნენ,ვისთანაც ჯოკერს თამაშობდა,ვისთანაც კარტს არიგებდა.არავის არაფერი უთქვამს და მე ვინ მეკითხებოდა, რამე მეთქვა  მის ჟღვინტებზე.ახლა ვიხსენებ,რომ არასდროს მისარგებლია იმით,რომ პატარა ვიყავი და რიგში არ გავმძვრალვარ.დიდები უფრო იქცეოდნენ ასე,ყველაფერზე მიდიოდნენ,ოღონდ სწრაფად აეღოთ პური.მე კი დღესაც ასე ვარ,მშვიდად ველოდები ჩემს რიგს.

ნოემბერი და მოქუფრული ამინდი როა მაგიტო გამახსენდა ქალების კარტით თამაში,ხმამაღალი სიცილი,”გახვიშტვა”,”შეტენვა”,”არიგე” და ა.შ. მერვე,მეშვიდე,მეცხრე,მეექვსე,მეხუთე,მეოთხე,მესამე,მეორე,პირველი სართულის ქალები ყველა თამშობდა ჯოკერს.დედაჩემს არ ეცალა არასოდეს,რომც ჰქონოდა თავისუფალი დრო  იმათთან ერთად არ დაჯდებოდა სათამაშოდ.და მე მრცხვენოდა,რომ დედაჩემი მწერალი იყო,ლექსებს წერდა და მთელს სამეზობლოს ეგონა, მწერალთა სახლში მუშაობდა.და მეც ვფიქრობდი,რომ ჩვენ მიუხედავად იმისა,რომ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდით,მეზობელი სოციუმისგან გარიყული ფენა ვიყავით. ჯოკერის თამაში,რომ ვერ ვისწავლე ეს დედაჩემის დამსახურებაა. ეს ,დღეს ძალიან ბევრს არ სჯერა და ხშირად მეუბნებიან,იაპონური მაინც გეცოდინება,მაშინ ბურა ვითამაშოთ.

არც ესენი არ ვიცოდი,კარტით მარტო “ტუალეტობანა” მქონდა ნათამაშარი და ისიც,სულ წარუმატებლად,მუდმივად ტუალეტში ვვარდებოდი.ეს ძალიან ადრე ხდებოდა,ბაღდათში,მაშინ როცა არც დედა შუშანიკი არ იყო დედა შუშანიკი და არც დედა მაკრინე დედა მაკრინე.მათთან ერთად ვთამაშობდი ბუხრის ოთახში.სადაც თბილოდა,იდგა დიდი მრგვალი მაგიდა და ჩვენ ირგვლივ ვიყავით შემომსხდარნი.იყო ნოემბერივით წუნწკლიანი ამინდი და ჩემს გვერდით დედა შუშანიკი,რომელიც მაშინაც ეგოისტურად მიყვარდა.

მარის უყვარს ისეთი რაღაცეების თქმა,რაც მე დიდიხანია დავიწყებული მაქვს და არაფრის დიდებით არ მინდა მისი გახსენება.მერე ყოველთვის ვხუჭავ ზედმეტი ემოციურობისგან თვალებს და შევთხოვ,გაჩუმდი მე აღარ მახსოვსმეთქი.ასე იყო გუშინ,ვერაფრით რომ ვერ გავიხსენე პურის რიგები.გუშინ კარგი ამინდი იყო,დღეს წვიმს.ნოემბერია.მადლობა ღმერთს,პურს აღარ ვჭამ და რომც ვჭამდე,პურის რიგის გარეშეც იოლად ვიყიდი.ჩემი მეზობელი ქალები დღეს ჯოკერს აღარ თამაშობენ,ყველა სადღაც სადღაც მუშაობს,ზოგი მწვანილს ყიდის,ზოგი წისქვილში დგას,ზოგი კიდევ  სად და ზოგი კიდევ სად.დარეჯან დეიდა ჩვენი უბნიდან გადავიდა,პატარა ნაკვეთი და პატარა სახლი იყიდა,გოგოებიც გაათხოვა,აი ისინი რეზინის ჩუსტებს რომ ურტყამდა,ახლა შვილიშვილებიც ეყოლება უკვე.ნიკა,უმცროსი შვილი ცოლსაც მოიყვანდა.

ჩვენ მისი სახლი ვიყიდეთ და მერვე სართულზე ამოვიწიეთ მეშვიდედან(მაშინ ძაან იაფი ღირდა ბინები,ერთოთახიანი 600-700 ლარი,დღეს საშინლად გაძვირდა.ფულის შოვნა,კი დღესაც იმნაირად ჭირს).ცას მივუახლოვდით.აქ უფრო კარგია ჰაერი.

Read Full Post »

%d bloggers like this: