Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘რადიო’

მოცემულ მომენტში ქუთაისში 11 გრადუსია, საშინლად ცივა და ჯამბულას დაეკარგა შვიდი თვის, შავი ნაგაზი. თავის განცხადებაში, რომელიც რადიოში დატოვა წერია, რომ ძაღლს უკეთია საყელური და იქვე მითითებულია კოორდინატები. თოვლს ველოდები გუშინ დილიდან და ამ დღეებში ალბათ, ფიფქებს მოაფენს აღმოსავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები. ხო კიდევ ისე ეწერა, მპოვნელი დასაჩუქრდებაო. მოკლედ შავი ნაგაზია დაკარგული. და კიდევ იმ გოგოს დიდიხნის წინ , რომ გათხოვდა, უფრო გასქელებია ფეხები და მაინც მოკლე კაბები აცვია და კიდევ მე და ვიღაც ჩემზე ბევრად დიდი კაცი, ამ დილას ისე წაგვაფორთხიალა ქარმა, მეგონა ამ ბანკებს და ამ შენობებს უკან მოგვაწევსთქო, ლამის ხეები და ბუჩქებიც წალეკა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ და ჰაიტის ტრაგედია, იშვიათად მახსენდება და უფრო მაშინ, როცა ქარი სადღაც მიმაფორთხიალებს. არ მინდა თავში პრესის სახლის შენობიდან მომძვრალი აგური დამეცეს და იქ განვუტევო სული…სულ ასეა ხოლმე ქარში, სულ ცვივა ის აგურები და ხომ შეიძლება ერთ დღეს, იქ მიმავალს ვინმეს დაეცეს და შემოეჭყლიტოს ის არსება. სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ყურს არავინ გააბარტყუნებს და ტრაგედია, რომ მოხდება, ტრაგედია ყველაფერს გადაფარავს.  არადა მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება შენობას ის თხელი აგურები შემოაცალო, ყოველ ქარის ამოვარდნაზე რომ ცვივა კედელს და ძირს იმსხვრევა. არ ვიცი, ასეთი ზომების მიღება თუ შეიძლება, მაგრამ ის ვიცი, რომ საშიშია.

იმ ნაგაზს რა ეშველება არ ვიცი. ანდა ვინ დააბრუნებს. თუ იპოვეს ვიღა დააბრუნებს. რაღაც კარგის წაკითხვის და არაფრის კეთების ხასიათზე ვარ.

დილით რადიოში უშუქობაში მოხვედრილი, ბებიაჩემზე ვოცნებობდი, გამახსენდა “უხაბროს” რომ მეძახდა. უხაბროს ანუ მოუხერხებელს:) ერთხელ კი ცოტა, რომ წამოვიზარდე მითხრა “კაი კანჭებზე დგეხარო”. შუქი მაინც არ მოვიდა, იმ განცხადების წაკითხვა მინდოდა, ვფიქრობდი ამ უთენია დილით, იქნებ ვიღაცამ კი ნახა ის შავი ნაგაზი სადმეთქო.

გუშინ მწუხრის ლოცვაზე, აღსარებიდან დაბრუნებული,უცნაური მოხუცი დედა, თავის ასევე უცნაურ, წვრილ კანჭებიან გოგოს ეუბნებოდა, მამა ზურაბმა მითხრა “ბოროტი უნდა დაამარცხოო. ხო შემიწყობ შვილო შენ ხელს, ხო შემიწყობ?. ხომ აღარ ვიჩხუბებთ ჩემო სიცოცხლე? ხომ აღარ გაგიბრაზდები ჩემო ჭკვიანო?’ ამ გოგოს ჰქონდა ისეთი წვრილი ფეხები, ვფიქრობდი არ გადაუტყდეს ჩექმებშითქო. მათ გვერდით ვიდექი და სმენად ვიყავი გადაქცეული. უცნაური და მორწმუნე მოხუცი დედა, სახეზე ეფერებოდა თავის უცნაურ შვილს, რომელსაც ალბათ ბიჭისთვის არასოდეს გაეხედა და ეს გოგო თეძოებს ზემოთ უფრო დიდი იყო. მერე გაიტრუნენ და მე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამ გოგოსთან დამეგობრება.  ასე არასოდეს ავუტანივარ ცნობისმოყვარეობას, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მათ ყოფა-ცხოვრებაში შემეჭვრიტა და გამეგო მამა ზურაბის სიტყვის გარდა, რითი სულდგმულობდნენ. ამ უცნაურმა დედა-შვილმა სოფის გაცრეცილი ხელთათმანები და ბატონი ვანო გამახსენა.

საძაგელი ქარები იცის ქუთაისში. არასდროს მძინავს ასეთ ამინდებში, მეშინია ფანჯრები არ შემომიტანოს ქარმა ოთახში. სადღაც საჰაერო და სალიანდაგო რეისებიც გადაიდო დღეს უამინდობის გამო. მე კიდე თოვლი მინდა, რომელიც ისევე აუტანლად მოვა ქუთაისში, როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მთავარია დაიჭირო წამი ბედნიერების  და არ იფიქრო იმაზე, რომ მალე გადნება.

ჰო კიდევ რა? ჭიქის იოგურტი მინდა, არც ძაან ტკბილი.

Advertisements

Read Full Post »

დღეს შუადღიდან დრო ჩემს თავს დავუთმე და სასეირნოდ წავედი. ხშირად მწერენ კომენტარებში, რომ ქუთაისზე დაწერეო, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რაღა უნდა დავწერო ქუთაისზე, შეიძლება იმიტომ რომ ჩემთვის აქ ყველაფერი ნაცნობია, შეიძლება იმიტომაც რომ ყველა კაიფობს ქუთაისელ მერებზე და გუბერნატორებზე. ამ პოსტის და საერთოდ ფოტოების გადაღების იდეა კარნავალის პოსტზე დაწერილმა კომენტარმა შთამაგონა, სადაც ერთი სასიამოვნო გოგონა მწერს;” მართლა მაინტერესებს როგორც ცხოვრობთ ახალგაზრდები პროვინციებში რას აკეთებთ, რითი ერთობით?გთხოვ ხშირად წერე ოღონდ ქუთაისის ამბებიც დაამატე.“ეს პროვინცია ცოტა არ იყოს უხეშად წამოედო  ჩემს ყურს და მერე გადავწყვიტე, მართლა აუცილებელია დაანახო ადამიანს, რომ არ მომკვდარხართქო. ქუთაისზე ვამბობ:) ძალიან თბილად ჩავიცვი, დაახლოებით ათი კილოგრამი ტანსაცმელი და პირველად გაბაშვილის პარკში ავედი. ახლა ამ პარკს ყველა გორის პარკს ეძახის. ბავშვობაში ხშირად დავყავდით დედაჩემს აქ, ბოლოს კი ერთი გამხმარი ჯაგლაგი ცხენი მახსოვს და ეტყობა ისიც გადაშენდა. ახლა აქ ყველაფერი სხვანაირადაა, ახალი ატრაქციონები დაამონტაჟეს, საცურაო აუზის გაკეთებასაც აპირებენ და მოკლედ ქუთაისში მალე ცხოვრება “აყვავდება”. შეგიძლია ახვიდე საბაგიროთი, მარტოც დაჯდე, პატარა კაფეში ყავაც დალიო, შეგიძლია გარეთაც გაიტანო ეს ყავა, არამკითხე გვერდით არავინ  ჩამოგიჯდება და გაცნობას არ შემოგთავაზებს. დღეს ავედი, დიდხანს ვიჯექი მარტო ხის გრძელ სკამზე. ძალიან მომწონს იქაურობა, ოღონდ კვირა დღეს, კვირის სხვა დღეებთან შედარებით ნაკლები ხალხი დადის. აკოს ვუსმენდი რადიოში და რამდენიმე სიმღერაც გავაშვებინე. მეხუმრა, არ ვიტყვი, შენ რომ მანდ ხარ, თორემ ფანები ამოგაკითხავდნენო. მოკლედ ჰაჰაჰაჰააა:):):) თავი ნამდვილად, რომანის გმირი მგონია.

ბაგრატის ტაძართან დები იშხნელების ქუჩით გავდივარ, ქუჩა მქონდა დავიწყებული და მაღაზიასთან ვიკითხე, მერე გამახსენდა ამ ქუჩაზე ერთხელ კარალიოკები  დავკრიფეთ. ამ უბნის მაცხოვრებლები დაკვირვებით მიყურებენ და მეც სხვა ქალაქში მგონია თავი. სასიამოვნო შეგრძნებაა. გორა ქუთაისის ძველი, კოლორიტული, უბანია.სასიამოვნო და მყუდრო ქუჩებით, წმინდა გიორგის ეკლესიით და ბაგრატის ტაძრით.

ბაგრატის ტაძართან საუკუნეა არ ვყოფილვარ. ახლა დავფიქრდი არავინ ამბობს ასე: “ბაგრატის ტაძარში ვიყავი” მაგრამ ვამბობთ ასე: “ბაგრატზე ვიყავი“, ხოდა მეც ასე ვიტყვი . რაც ის გათხრები და თითქოს რესტავრაცია დაიწყეს, ხო საერთოდ აღარ მინდოდა იქ ასვლა. მამაომ დამლოცა, რა ნაცნობი სახე გაქვსო,მაგრამ არ აღმოვჩნდით ნაცნობები. მერე მესანთლესთან პატარა ბიჭუნა მივიდა სანთლების საყიდლად, ამ მამაომ, ბლომად სანთლები აჩუქა. პატარა გაიქცა. მადლობის თქმა კი დაავიწყდა. ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოები კი დღესაც მიმდინარეობდა.

ამ ახალმა კედელმა კი ძაან გამახარა. ჯერ სხვა კედელს გავხედე, ფერები ერთმანეთს შევადარე და ნამდვილად ახალი კედელი იყო. დავით და კონსტანტინეს ქუჩით გამოვედი და იმ კიბეებს ჩამოვყევი , ყოველთვის რომ მეზარება მათ გამო ბაგრატზე ასვლა. მეორე კვირას სხვა გეგმები მაქვს, მაგრამ სტაფილოს და ჭარხლის საჭრელის ყიდვას არც მეორე კვირას დავაპირებ. ისე კი ძაან მომეწონა ეს დაჭრილი ბოსტნეული, თავიდან ვერც კი მივხვდი რა იყო.

დღეს ბედნიერი ვარ, ამიტომ მეცვა  ვარდისფერი ჯემპრი და ამიტომ მეფარა ფერადი ქუდი. და ძალიან მიხარია ნაგვის ურნებს, როცა ვხედავ.

Read Full Post »

რადოში ვარ. 07:45.  ბლაბლაბლა. კალანდა, ძველით ახალი წელი საქართველოში, ჩიჩილაკს თურმე ”ბასილის წვერებს” ეძახოდნენ ადრე, ანუ ოდესღაც. ფუუ გადაცემა ”კბილის ჯაგრისი”. ფუუ კიდევ ნახევარი საათი დარჩენილი. ფუუ კიდევ ამას პლიუს ერთი საათი. ფუუ ამ ერთი საათის მერე კიდევ ერთი საათის სალაპარაკო. დაღლილი ვარ. უძილო, საერთოდ უძილო, ყავით გაჭყეპილი, ჩემს თავს ვებრძვი, ღამეებს ვათენებ, კი არ ვათენებ, შემომეთენებინება, მგონია ღამით მოხდება სასწაულები. წესით ასე უნდა იყოს, მარა მესამე ღამეა არ დამიძინია და ჯერ არაფერი მომხდარა. ღამით ჩემს სასწაულს სძინავს და აბა როგორ მოხდება სასწაული. დავიღალეე. რა საშინელებებს ვლაპარაკობ. რა საზიზღარი ხმა ამომდის. ფუუუ ხმა. რა საზიზღრად გამოვიყურები. ფუუ ეს ბლესკი.

”ჩემი ხმა ჩემი ფულის ტომარა” ეს აკოს ეწერა ოდესღაც თავის სტატუსზე და რომ წავიკითხე , თითონ რომ იცოდა თქმა რა გიწერია შჩმა და რომ ძვლივს, გადავაჩვიე ჩემთვის არ ეთქვა, მეც ეგრე დამემართა წაკითხვის მერე. რა ხმა, რა ფული და საერთოდ ფაქ დილით ადრე გაღვიძებას. ვის ვაბრალებ ჩემს უძილობებს, მარტო ჩემი ბრალია, მაგრამ ამ უძილობების ჟამს დავამთავრე შექსპირი თითქმის. გუშინ ღამით ”ვენეციელ ვაჭარს” ვკითხულობდი, დავამთავრე. ასეთი ანტისემიტური ტექსტი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. მომეწონა? რავიცი. ნუ კარგი იყო. მეგობრობა გზად და ხიდად, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა რომ შაილოკი თავის კუთვნილ ერთ გირვანქა ხორცს მიიღებდა.

არ გამოდის საკუთარი თავის ფოტოგრაფობა.

Read Full Post »

ალბათ 2 კვირა იქნებოდა რაც რადიოში არ ვყოფილვარ. რადიოში არ ვყოფილვარ ვგულისხმობ ეთერში არ ვყოფილვარ. ისე თუ საქმე არა მაქვს უკვე აღარც ავდივარ რადიოში. რა უნდა გავაკეთო იქ? არც არაფერი. სიგარეტს მე აღარ ვეწევი,ყავა თუ მომინდა სახლშიც დავლევ, ვინმესთან საუბარი თუ მომინდა, სახლიდანაც მშვენივრად მოვახერხებ ინტერნეტის დახმარებით. ხოდა რატომ უნდა ვიარო ყოველდღე თუ საქმე არ მაქვს. ჰოდა მე მაშინ დავდივარ, როცა ვმუშაობ და კიდევ კარგი არც მარავინ მაძალებს მოდიო. აი მარისთან სულ სხვა სიტუაციაა. თუ ეთერში არ მუშაობს,მაინც უნდა ავიდეს და დაჯდეს და ელოდოს რაღაცას…რას უნდა ელოდოს ეს არც მარიმ იცის და არც სხვამ…გუშინ ვკითხე მეთქი რო ახვედი რა გააკეთეთქო და მითხრა არაფერიო. წესით რამე უნდა გაეკეტებინა, სადმე უნდა წასულიყო, რაღაც დავალება ან რავი რამე ხო უნდა მიეცათ, ან სიუჟეტის გასაკეთებლად გაეშვათ. მაგრამ არა. ტყუილად იჯდა რადიოში, მერე რაღაც თემები ვუთხარი რაზეც შეიძლება სიუჟეტის გაკეთება, ადამიანების ჩაწერა და მოკლედ მარის რედაქტორი მგონი მე ვარ:)ხოდა ასეთ დროს ძაან ვბრაზდები. რა კარგია, რომ საინფორმაციოში არ ვმუშაობ. ძვლივს ტყუილად ყოფნას გადავეჩვიე. ახლაც იმიტომ ავწუწუნდი ასე, რომ თუ კი სახლიდან უაზროდ გადიხარ, დროს და ფულს ტყუილად ხარჯავ, მაშინ არ ჯობია სახლში დარჩე და მეტლახი მოხეხო? ანდა რაღაცეები რომ გაქვს გასაუთოებელი ის გააუთაო? მოკლედ უამრავი საქმეა და დრო კი ცოტა და მართლა უნდა გადაირიო კაცი, როცა ასე საჭირო დროს უაზროდ ფლანგავ. გამოსავალი არის კარგი მენეჯმენტი.

მარი თამაშობს პეტვილს ჩემი, დედაჩემის , მირანდას და თავისი ფეისბუქიდან. ვიღაც ვარდისფერ ტიკინას აჭმევს, აცმევს,სახლს ულაგებს, ავეჯს ყიდულობს და ამით არის ბედნიერი:) ზრუნვის საგანი ჰყავს, ვარდისფერი თოჯინა, რომელიც კარგად დანაყრების შემდეგ აბოყინებს და უკანალს იქექავს. რა უცნაური დამთხვევაა უსაქმურობის.

ხოდა იმას ვამბობდი კაი ხანია რადიოში არ ვყოფილვართქო. ისეთი ემოციური დღეები მქონდა, ყველაფერი გადამავიწყდა. დღეს დილით ამოვედი, ამოვიტანე ჩემი ყავა და დავლიე უშაქროდ. მენატრებოდა ეს დილა. მერე გადავწყვიტე რომელიმე ბლოგი წამეკითხა. ვეძებე, ვეძებე და მერე გადავწყვიტე  სოფის ბლოგი ბლოგი. მოკლე პოსტი იყო და თემატურიც მუსიკასთან. ჩემი მადონა  გამახსენდა. რადიოსთვის როცა მჭირდება ბლოგები, ძაან მიჭირს შერჩევა. ძირითადად ” ცხელი შოკოლადის” ბლოგებს ვკითხულობდი, ახლა რამდენიმე ისეთი ბლოგი ჩავამატე ბლოგროლში, რომელიც ეთერშიც შეიძლება გამოვიყენო.

უცნაურად თბილი ამინდებია, გაგიჟდება კაცი. დუტის ჟილეტით გამოვედი სახლიდან და საერთოდ არ ციოდა.შექსპირის კითხვაში გავათენე გუშინ. დღეს ყავით გავიჭყიპები. გაღიმებული ვწერ. რა კარგი დილაა:)

ჩემი კბილის ჯაგრისი მალინისფერია. შენი?

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები მქონდა გასწამენდითქო. ჰო, მთელი დილა ფანჯრებს ვწმენდდი და მკლავები დამაწყდა. მე ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ, ხალხი ახალი წლის წინა დღეებში წმენდს ფანჯრის მინებს, მე ახალი წლის დადგომის შემდეგ. ყველაფერს ინდივიდუალური განწყობა ჭირდება:)

წვიმს აქ საშინლად, მომაბეზრებლად და შეჩვეულივით ვარ ასეთ ამინდებს, მაგრამ მაინც ძაან მომბეზრდა წვიმა. ხვალ მოთოვსო ამბობენ და მეც დარწმუნებული ვიყავი მოთოვდა. შობას თოვლი იქნება. შობას დედა შუშანიკს ვნახავ, მანამდე ვნახავ უტას,  სადგურ “ოკრიბას” პაემანი ხვალაც არ ამცდება.

დედაჩემი მიხვდა ჰერპესების გამოჩენის მიზეზს, მამაჩემს მოვატყუე, მარის ისედაც ვუთხარი. დედაჩემსაც ვუთხარი და გაეცინა. რა ვქნა სასტიკად მეზარება ტყუილები.

ახლა ისე ვუზივარ კომპს, როგორც ზაფხულობით და გავიყინე.

დედა შუშანიკს ვენატრები. მეც მენატრება. რა კაია შობა ბედიანში.

აკოზე მინდა კიდე დაწერა. ამ ბოლო დღეებში ვხვდები, რომ ვერც ის გადამიყვარებს და ვერც მე გადავიყვარებ. შეიძლება ხშირად ვიჩხუბოთ და შეიძლება უმიზეზოდ არ გავცეთ ხმა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს. დედაჩემმაც თქვა, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. მაგრამ იცი რა არის? ახალი წლის დღეებში, მეგონა მომილოცავდა და რომ არ მომილოცა, ამაზეც გავბრაზდი. მერე არც მე მივულოცე. :ბოღმა: დღეს ველაპარაკე . რადიოში ჩემს დღეებში იმუშავებს. რო ჩამოვალ ბედიანიდან, ავალ სახლში მაგასთან, მაგის საყვარელ პუფში ჩავჯდები და დაუკითხავად რო მივადგები, არა მგონია სახლიდან გამომაგდოს. გილოცავ აკო. ახლა თუ კითხულობ ამ ნაწერს, გეტყვი რომ იმ კვირაში პრესის სახლის კიბეებზე რო შეგხვდი, რო გაგვეცინა ორივეს და რო მკითხე როგორ ხარ შოო, ძაან მომინდა შენთან ერთად ყავის დალევა. შენზე დაწერაც მინდა რაღაცეების,მაგრამ მე ხომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ამირომ ვერ ვფუთავ, ისე როგორც საჭიროა. ხვალ დილით რვის ნახევარზე რადიოში რო ახვალ და მუშაობას დაიწყებ, მე ისევ თბილისი-ქუთაისის მარშუტკაში ვიქნები და რაღაც სიმღერების გაშვებას მოგთხოვ. ზესტაფონამდე მოგისმენ, მერე ცოტას ახრიალდება “ძველი ქალაქი” და მერე ჩემს უმსგავს სიმღერებს მოვუსმენ.

წავედი ეხა თორემ უტა იეჭვიანებს.

Read Full Post »

რა ვქნა ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, დილის 10 საათზე სადარბაზოში რომ დგანან და ლაყბობენ. კაცთომყვარეობით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ამათ მართლა ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. უსაქმურები და ჭორიკნები. მოცლილები და უმოტივაციოები. უდარდელები და უაზროები. ცუდი ქმრები და ცუდი საყვარლები. უმუშევრები და სამსახურის შოვნის სურვილდაკარგულები. დედიკოს ბიჭები და მატყუარები. ლოთები, საეჭვო წარსულის მქონეები, ქურდული გაგებით მოლაპარაკეები, ჩაცუცქულები და ჩაკუნცხულები, უწიგნურები და ლიცეუმ დაუმთავრებლები. გაუნათლებლები. რომლებიც დგანან და დილიდან ლუდზე და ღვინოზე ლაპარაკობენ, ინტერესით შემოგაცქერდებიან როცა დაგინახავენ, ჩანთაში ჩაგიძვრებიან, სამეზობლოზე ლაპარაკობენ, ქირით მცხოვრებ გოგონებზე ჭორაობენ. აბორტის გასაკეთებლად წასულ ცოლებსაც რომ  არ მიყვებიან ექიმთან, აბორტის გაკეთების ფულსაც  ვერ აძლევენ თავიანთ მეუღლეებს. დედები და ცოლები საბერძნეთში, რომ გაუშვეს და თვითონ, დილიდან დაღამებამდე, ბირჟას რომ ამაგრებენ, დუშაშს აგორებენ, ჯოკრაობენ და იზაიას ბოზებზე რომ ოცნებობენ. და ასეთ დროს სამარცხვინოა  ყველაფრის ხელისუფლებაზე გადაბრალება, ის რომ სამსახურები არ არსებობს და დაუსაქმებელი რომ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი. საქმე თუ ვერ გამონახე, დაჯექი და შვილი ამეცადინე ქართულში და მათემატიკაში, გაკვეთილები მოსთხოვე და ჩაიბარე მისგან, მაგრამ არა, შენ იმით უფრო იამაყებ, თუ შენი ვირგლა შენ დაგემსგავსება უმოქმედობაში, შენთან ერთად გაამაგრებს ბირჟას და შენთან ერთად მიაწვება ქურდულს. ღირსი ხარ შენს ცოლს და შენს დედას, ვიღაც ბერძენი და თურქი თუ ჟიმავს. საერთოდ არ ხარ თავმოყვარე და მაგიტომ! ასე რომ გაამაგრე ბირჟა. უმოქმედობაში ამოგხდებათ სულ! ძაან მეცოდებით. გელათი, რომ არ გაქვთ ნანახი, სათაფლია და მოწამეთა. რა ცოდვები ხართ, მაგრამ მაინც მიშლით ნერვებს.

უუუფ რა განვიკითხეე და რა მივასხი. არადა გუშინ ვეზიარე. უფროსწორად  გუშინწინ. მაგრამ ჩემი მეზობელი კაცები, ეს ის თემაა, რომელსაც უმტკივნეულოდ ვერ ვეხები. იმიტომ, რომ ყოველდღე მიწევს სახლიდან გასვლა და საღამოს სახლში შემოსვლა, ასე რომ მათ “ინტერესიან” მზერებს ყოველთვის ვხედავ და ყოველთვის გულისრევის შეგრძნებით შემოვრბივარ სახლში.

გუშინ რადიოს დღე მქონდა, ანუ ღამისთევით როცა ვარ რადიოში:) გაუჩერებლად რომ ვლაყბობ და ყოველ მეორე სიმღერის შემდეგ, რომ ტვინს ვბურღავ გაცვეთილი ფრაზებით.  იმათ, ანუ მსმენელებს ბედნიერი ვგონივარ ასეთ დღეებში, მეუბნებიან რა კარგი პროფესიააო, რა ბედნიერი ხარო, რა კომფორტულად ხარო. გუშინ მითხრეს ეს და ძვლივს შევიკავე თავი მეთქვა,  ჯერერთი  დიდი ბედნიერება სულაც არ არის აქ რომ განუწყვეტლვ ვჟღურტულებთქო. მაინც შევეცადე გამომეყვანა ხიბლიდან ის მხიარული გოგონა და ვუთხარი, რომ აქ სიმღერების გაშვება და საათის გამოცხადება და ნიუსების კითხვა  სულაც არ არის დიდი პროფესიათქო. კიდევ კარგი ხელფასით არ დაინტერესდა, თორე იმ წამსვე გაუქრებოდა ეს ვარდისფერი ილუზიები.

კვირაში ერთხელ რადიოს ლიტურგია როცა მაქვს, ყოველთვის რეკავენ ქურდული და ძველბიჭური გაგების, ქობულეთელი თინეიჯერი ბიჭები. ყოველთვის მათთან ჩემი საუბარი სრულდება აგრესიული ტონალობით და გაფრთხილებით, რომ ჩაცუცქული საუბრები არ გამაგონონ.  გუშინაც განცხადება გავაკეთე:) რომ ჩემთან არ დარეკონ, წავიდნენ და რაც უნდათ ის უქნიათ. ოღონდ მე შემეშვან და დაბოლილი ხმით არ მელაპარაკონ. მოკლედ ამათზეც მერევა გული. ეს სულაც არ არის კარგი საქციელი, როცა წამყვანს მსმენელებზე ერევა გული და აშკარად გამოხატავს აგრესიას, მაგრამ რა ვქნა. როგორც ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, ასევე ვერ ვიტან ასეთ რეციდივებს.

კიდევ კარგი ეს მესიჯი ჩემი მისამართით არ არის გამოგზავნილი, თორე გული გამისკდებოდა. არა მე არ მოვწონვარ ქობულეთის “სასტავს”. ამ მანჩესტერასაც არ მოვწონვარ, ერთხელ მკაცრად გავაფრთხილე და იმის მერე არ დაურეკია. არ შემიძლია ეს პირფერობა. მოიცაათ! მეორეც მაქვს ამაზე უკეთესი მარგალიტი.

მიხვდებოდით, რომ ეს “განზედროუზი” ის ცნობილი როკ ჯგუფია. ბოლო წინადადება მომეწონა:) არა მართალი ვარ, რომ ვიძახი, სექსის  დეფიციტი აქვთქო.

ვიღაცა იტყვის რამ გაგაგიჟა, ეგეთები ყველგან არიანო, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიშლიან ნერვებს. შეიძლება ახლა იმიტომ ვარ ასეთი აგრესიული, სახლი რომ მაქვს დასალაგებელი და არ ვიცი საიდან დავიწყო, არადა საშინლად მეძინება. უცნაურად თბილი ამინდებია. კარგად ვარ. არ მინდა წვიმები, ყინვები და ქარები. რამდენიმე დღეში ახალი წელი მოვა და ქუთაისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილს კი ამ დროს ინდაურის სკინტის სუნი უდის. გული აგერევა ყველაფერზე.

ეს ჩიჩილაკები ძალიან მიყვარს.  მდედრობითი სქესის მგონია, თან სულ მიკვირს როგორ ჩეჩავენ ასე.

ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს შოკოლადებს და ჩურჩხელებს ჩამოვკიდებდით ხოლმე.

საშინლად არ მიყვარს ბაზრები, ინდაურები, ქათმები, გოჭები, საცივები, ხაჭაპურები, ბაჟეები და ათასი ჯურის ქართული კერძები.  სხვა თუ დიდი სიამოვნებით აკეთებს, მე იგივეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობ მისი გაკეთების დროს, ასე რომ არც მიცდია. მთელი ერთი წელი ქართველი კაცი ელოდება ახალ წელს, რომ მაგრად გამოძღეს , ნაღველი გაიღიზიანოს იმდენი ბაჟე ჭამოს და მეორე წელსაც ასეთი მადის აღმძვრელი სულისკვეთებით ელოდოს. გასტრონომიული სურვილებით გამოჭყეპილი ხალხი ვართ.

იცი რა მაღიზიანებს? ეს გაჭირვებული ქალები, წესიერად რომ ვერ იბანენ, თავს რომ ვერ უვლიან და ქმრებს , რომ არ უყვართ, და მარტო იმიტომ სჭირდებათ რომ “ნასკები” გაურეცხონ და “ბოვშები დაუყარონ” ანუ ჩვენს ენაზე დემოგრაფიულ  მდგომარეობაზე იზრუნონ, დგანან ახლა ამ სიცივეში, სახე აწითლებულები, ხელებ გამხმრები, დაკოჟრილები, მოუწესრიგებლები, შეციებულები, თმადაუვარცხნელები, და ხმამაღლა და გამეტებით ეპატიჟებიან მყიდველს, შემდეგ მოვლენ სახლებში და ისევ ცომში და საცივში ჩაყოფენ ხელებს, უსაქმური ქმრები და შვილები რომ გამოაძღონ… მათი ქმრები და მათი შვილები, კი დგანან სადარბაზოში და იზაიას ბორდელის გონჯ გოგოებზე ოცნებობენ.

პ.ს რეზიუმე აღარ უნდა .

Read Full Post »

რადგან ამ დღეებში არც არავის ვაინტერესებ, მარტო მე მაინტერესებს ჩემი თავი, ასე გამოდის. დღეს ვაპირებ ზედმეტად ეგოისტური ვიყო, ვისთვის მოუტანია კარგი ალტრუიზმს და სხვაზე გადაგებას. ამ ერთჯერად ყავებსაც ავითვისებ და ღამის ორამდე ასე გავატან. სტუდიაში რაღაცეებია არეული, ახალი მონიტორები დაამონტაჟეს, საშინლად მომეწონა რომ მოვედი. ყავაზე გავალ მალე. მანამდე იმ რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ, კვირას რომ გადავიღე:)უფროსწორად გადამიღეს და რამდენიმეში განსაკუთრებულად მომწონს ჩემი თავი.

ფეისბუქზე დავდე დასატესტად.ფისოს ჰგავხარო,მანამდე კატას ჰგავხარო. მოკლედ მომწონს ეს ფოტო და მომწონს ჩემი თავი. რახან დღეს არავის მოვწონვარ, მაცადეთ ცოტახანს ჩემი თავით ვიქნები აღფრთოვანებული. საშინლად არ მომწონს ჩემი თავი რადიოს საიტის წამყვანების გალერეაში. ხო მაქვს უფლება არ მომწონდეს. მოკლედ ყველას მოსწონს ჩემს გარდა და ნერვები მეშლება,არადა ხო ჩემი ნებაა მომეწონოს თუ არა.

ბინძურ ანეგდოტებზე რეაქციები მაინც მაქვს. ისევ რძიან ყავას ვსვამ. რადიოში ვარ და აქაც ღორის გრიპზე ლაპარაკობენ, მე ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი,აირწინაღი ავიფარო თუ ასე ვიტანტალო. კიდე ლაგერკვისტი. ეს როგორ წაიკითხე. სუ ეგ მახსენდება. ბოლოს კი მოვკვდებით,მაგრამ რაღაც საქმეები მაქვს მოსასწრები, კაპუჩინოს აპარატი მინდა ვიყიდო და სანამ ამას არ ვიზამ არ მინდა სიკვდილი.

მე ნამდვილად ჭურში მძინავს. პარლამენტის შენობის აშენებას გამარჯვების მემორიალზე თუ აპირებდნენ,რამდენიმე დღის წინ გავიგე, ისიც მარიამის მამამთილისგან. ისიც გავიგე,რომ კომუნისტების რეჟიმის დროს ერთ ლარად მაგრად გაერთობოდი და მაგრად იგულავებდი, თუ თინეიჯერი იყავი. 5 თეთრად იმგზავრებდი,შუადღის სეანსზე თუ წახვიდოდი კინოში, სადღაც 25 თეთერი დაგეხარჯებოდა, მერე მოსკოვში გადაფრინდებოდი, იქ მაგრად იქეიფებდი,საღამოს მაგარ რუს ნაშას აჭიმავდი და მოკლედ მაშინ ცხოვრება დუღდა.

არადა სიტყვა ”რეჟიმზე” რომელსაც ხანდახან რადიოში ვიყენებ ამ კონტექსტში ”კარგი განწყობის რეჟიმი” მაშინაც უხერხულად ვგრძნობ თავს და სულ ის თავზე ძალად მოხვეული კომუნისტური რეჟიმი მახსენდება. არადა როცა გუშინწინდელი დღეს მოსმენილისნნაირი რარაცეები, რომ მახსენდება მერე კი დავფიქრდები, არც არავის მოუხვევია თავზე ეს საშინელი რეჟიმითქო. კიდევ გრძელდება სევდიანი თვალებით, ნოსტალგიური საუბარი ”უწინდელ,კარგ დროებაზე”. ჰოდა აწი კრინტს აღარ დავძრავ რეჟიმზე.

ერთნაირი ფოტოებია, ერთნაირი განწყობა, მიმიკა, მანერა, ხელი ყურთან. ასე ვიცი ხოლმე. არ ვიცინი არსად, მგონი რომელიღაცაში გავიღიმე. არ მიხდება გულიანი სიცილი და საერთოდ სიცილი არ მიხდება. ჩემს  ”ბულგარის” სუნიან პლაშში(პლაშია მგონი)ჩავრგავ ცოტა ხანს თავს. თუ გინდა საერთოდ არავის ვუყვარდე ხასიათზე ვარ. მოკლედ ფისომ მოიწყინა:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: