Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სახლი’

დღეს პირველამდე გვეძინა. მერე ანდრია წამოდგა და მატყუარას სროლა დაიწყო, ეს იმის  ნიშანი იყო, რომ უნდა წამოვმხტარიყავი  და საჭმელი მომემზადებინა. ხანდახან, უტა უმზადებს ფაფას  და ტანსაცმელსაც აცმევს, ის 5-10 წუთი კი , რომელსაც მარტო დარჩენილი ვატარებ ჩემთვის ისე სასიამოვნოდ იწელება, მგონი ყველაზე ნაყოფიერი ძილით მაგ დროს მძინავს.

ახალი წელი მოდის, მინდა ერთი დღე სადმე გავიდე და საჩუქრები შევარჩიო, საკუთარი თავისთვის, ანდრიასთვის და უტასთვის. ანდრიასთან ერთად ეს ყველაფერი არ გამოდის, მზადაა ყველაფერს ეცეს,  ძირს გადმოყაროს და ნივთები მიისაკუთროს.

მივხვდი რომ ყავის და ჩაის ჭიქები არასდროს დამტოვებენ გულგრილად, მაგრამ მათ მაშინ შევიძენ როცა საკუთარი, თეთრი სამზარეულო მექნება, სადაც ჩამოვჯდები მშვიდად და ქვევრივით ჭიქაში ყავას დავისხამ, შევხედავ თეთრი კაფელის კედლებს, სუფთა იატაკს, სადა ინტერიერს და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით დავტკბები (გუშინ კუნდერა დავამთავრე:). ღმერთო, რა ნეტარებაა მომავალ (?) საკუტარ სახლზე ლაპარაკი, ყველა ნივთს , რომელსაც ვხედავ ამ სახლისთვის ვიგულებ. არ ვიცი მექნება თუ არა, მაგრამ ხანდახან ჩემი სურვილებიც ხდება და იმედია ესეც ახდენას ექვემდებარება.

იწურება დეკემბერიც. ჩემი თავით კი მაინც უკმაყოფილო ვარ, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, უფრო მეტი ღამე უნდა გამეთენებინა,უფრო მეტი მესწავლა, უფრო მეტი მეფიქრა, ჩემი ქმარი კი იძახის, რომ არასდროს ვკმაყოფილდები და სულ უფრო მეტი მინდა. მართალია. ძალიან მინდა ბევრ საქმეს ვაკეთებდე, კარგი ანაზღაურება მქონდეს, ბავშვსაც ყურადღებას ვაქცევდე და საერთოდაც “იდეალური ” გოგო ვიყო, მგონი ყველაფერი ერთად არ გამოდის, მაგრამ ამ ახალ წელს ძალიან შევეცდები მაქსიმუმის გაკეთებას, იმ პირობებში რაც მექნება და არასდროს დავყრი ფარ-ხმალს და უაზროდ არ ვიწუწუნებ. წუწუნზე უსარგებლო რამ ცხოვრებაში არ გამიგია 🙂

ზამთარსაც გადავიტან და ანდრიას ბაღში მივიყვან, ასე ვგეგმავ და შემდეგ მე სამსახურს ვიშოვი და მუშაობას დავიწყებ, წარბებს დავიწვრილებ, ფრჩხილებს სამაგალითოდ მოვუვლი და აი ისე მოვიქცევი “შემდგარი” დედები რომ იქცევიან 🙂 ვხუმრობ რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან მომენატრა “შემდგარი” ქალი-დედასავით გამოწყობა, გამოპრანჭვა, მაღალ ქუსლიანებზე აფოლხვა და სადმე წაკუსკუსება. კინოში რამდენი ხანია არ ვყოფილვარ აღარ მახსოვს, ბოლოს რაღაც ანიმაცია ვნახე და მას შემდეგ არ ვყოფილვართ, არც “მანდარინები” მინახავს და არც “გრძელი, ნათელი დღეები”, ამის გამო კი არ ვგრძნობ თავს ფრუსტრირებულად უბრალოდ ხანდახან კარგია განმარტოება იმ ბიჭთან ვინც გიყვარს და ვინც ძალიან გენატრება, ხელში თუ ჩაიგდე, მძინარესაც ისე ელაპარაკები სისულელეებს, როგორც ფილმებში ხდება, ტან გძინავს და თან ლაპარაკობ, ის მდგომარეობაა როცა ერთს არ ესმის რას ეუბნებიან და მეორე ვერ ხვდება რას ლაპარაკობს 🙂 მინდა მომავალ წელს, უფრო მეტი დრო გვქონდეს ერთმანეთისთის მოსასმენად და ერთმანეთს ძილ-ღვიძილში არ ველაპარაკებოდეთ გაბრუებულები.

ჰო, მეორე წელს მინდა მარტენსები, ჰანტერის ბოტები და მგონი მეტი არაფერი. რა მოხდა ჯერ კიდევ გოგო ვარ და საკუტარი თავიც არ უნდა დავივიწყო 🙂

საახალწლოდ კი ღამის ნათურას თუ მაჩუქებს ვინმე ამისთვისაც მადლიერი ვიქნები.

საღამოვდება. ანდრიას ძინავს. ქაცვის ჩაით ვიჭყიპები. მას როცა ძინავს ისეთი ძალების მოზღვავებას ვგრძნობ, თითქოს შემიძლია მთები გადავაბრუნო. გაიღვიძებს და მისი კაპრიზების შემსრულებელი გავხდები და უცებ დამიმონავებს ❤

ბედნიერ შაბათს და კვირას გისურვებთ.

პ.ს არ ვიცი კითხულობთ თუ არა ჩემს ბლოგებს მასწავლებელი.ჯიზე, მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ ბოლო  ბლოგს, წინა საშობაო განწყობებზე და ყველაზე წითელ ქუდიან და კარტუზ ჩამოფხატულ ბიჭზე, რომელიც ისე ძალიან მიყვარს, რომ ყოველ წელს დეკემბრის შუა კვირაში მის ამბებს გადავიკითხავ და მერე ისეთი ბედნიერი ვარ, თითქოს მე ვიყო ის ბიჭი, ცოტა თავქარიანი და ყველაზე გულწრფელი.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=94

 

Advertisements

Read Full Post »

იმედია.

ალბათ ამას შევძლებთ, მოვახერხებთ როდესმე, სანამ ღრმად არ დავჩაჩანაკდებით.

ხო, ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ძალიან ცუდში. ეხლა აღარ მიკვირს იმ ხალხის, მთელი ცხოვრება სახლის ყიდვას რომ ცდილობენ, მეორე ცხოვრება მის გარემონტებას და კეთილ-მოწყობას. არა, აღარ დავცინებ მათ არასოდეს, არც დამიცინია, უბრალოდ სულ მეღიმებოდა. გუშინ მეზობელმა დააკაკუნა სახურავზე პატარა სახლუკები აიშენა და პრივატიზებისთვის ხელმოწერებს აგროვებდა. რა კარგია ჭერზე სახლი, მე სულ ვოცნებობდი, მას შემდეგ რაც კარლსონის ადგილსამყოფელი შევიტყვე. მესმის  ამ უაზრო რემონტებში გადის სიცოცხლე, მაგრამ როცა საყვარელ ადამიანთან იწყებ ცხოვრებას, როცა პატარა ბავშვი გყავს, როცა გინდა კიდევ გყავდეს ბავშვი, ოღონდ არა იმიტომ რომ ქვეყანას გენოფონდი გაუზარდო, უბრალოდ შენთვის გინდა, შენი სიხარულისთვის, მიუხედავად ათასი გათენებული უძილო ღამისა, ამ დროს საჭიროა, რაღაც ბუდის მაგვარი, სადაც არ შეგეშინდება მეორე დღის გათენება, სადაც როგორც გინდა ისე მოაწყობ საძინებელს, სამზარეულოში ათას ნივთს იყიდი, კომბაინებს და პურის საცხობებს, შეიძლება უმეტესობა ვერ გამოიყენო, მაგრამ მაინც საჭიროა საკუთარი სამზარეულო.

ხოდა, რომ დავწვებით ღამით და მომავალი შაბათ-კვირების დაგეგმვას შევუდგები (მე ძირითადად, ის მეორე დაღლილი მისმენს ან არ მისმენს) სად წავიყვანთ ბავშვს, როგორ გავერთობით, რა იქნება მისთვის უკეთესი, იქნებ ჩვენც წავიდეთ კინოში და ა.შ ბოლო სიტყვა მაინც სახლზე ჩამოვარდება :”ჩვენი სახლი რომ გვქონდეს…მაგარია სახლი. საკუთარი”, ხოდა ამ ტკბილ ნოტაზე ჩაგვეძინება.

გუშინ , საძინებლების პოსტის ნახვის შემდეგ, უფრო მეტად შემომაწვა საკუთარი სახლზე ფიქრები. სახლი და მისი ოთახები ისევე გამოხატავს ადამიანის იდენტობას, როგორც მისი რომელიმე ქცევა ან ხასიათი, მე ასე მგონია. ჩემი საძინებელი თეთრი იქნება, მაგრამ მუქი და სქელი ფარდებიც გვექნება, როცა უჟმურ ხასიათზე ვიქნები ყველაფერს ჩავაბნელებ და სავარძელში მოვიკუნტები.

ხოდა, ეხლა მესმის “სტენკის” დადგმის მნიშვნელობა. ყველას უნდა ჰქონდეს ადგილი ამ სამყაროში, სადაც თუ მოუნდება “სტენკას” დადგამს ან ლუდოვიკოს ავეჯს. გემოვნების ამბავია უბრალოდ.

პ.ს ხვალ კი კახეთში მივდივარ და მომდევნო პოსტს, იქაურ ამბებზე დავწერ. დიდი ფესტივალებია თურმე . ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.

კარგ ამინდიანი შაბათ-კვირა გვქონებოდეს 🙂

Read Full Post »

ეს დღეები, სულ ჩემს სახლზე ვფიქრობ, რომელიც იმედია ოდესმე გვექნება, ჩვენი საკუთარი და  არა სხვისი ვინმესი, არამედ ჩვენი, ჩემი, უტასი და ანდრიასი,იქნება ნათელი ოთახები, მზიანი,  სადაც ჩვენ თვითონ დავკიდებთ ფარდებს, ჩვენი გემოვნებით ვიყიდით ავეჯს, ელექტრო ტექნიკას, რბილ და ღუნღულა პუფებს, მოსახერხებელ სავარძლებს, სხვადასხვა ტონებში შევღებავ კედლებს, გავაკრავ ლამაზ შპალერს, სადაც ჩვენი იქნება ყველაფერი და სტუმრებიც მაშინ მოვლენ, როცა ჩვენ დავპატიჟებთ, მე არ მიყვარს ვინმესთან დაუკითხავად წასვლა, ხოდა ვინც მოვა ჩვენთან იმათთვის განსაკუთრებულად მოვემზადები, კარგი ყავა მექნება და კარგი ჩაი, გემრიელ ნამცხვრებს ვიყიდი ხოლმე და საერთოდაც, ყველაზე მეტად საკუთრების შეგრძენა მამშვიდებს.

ოქტომბრის დასაწყისი დღეებია, მგონია, რომ ნამდვილი შემოდგომა ეხლა იწყება, არეული ამინდებით და მონაცრისფრო დღეებით. ფანჯრიდან მოხალული მზესუმზირის სუნი შემოდის, რა ჭკვიანია ის ვიღაც, რომელმაც იცის რაში უნდა გამოიყენოს ასეთი მოქუფრული ამინდი. დიდი რამე თუ მთელი დღე  არაფერსაც არ გააკეთებ და მზესუმზირის კნაწაკნუწში გაიყვან საათებს. ანდრიას დაეძინა, ძალიან ვერიდები, რომ ჩემი ვირუსები მასაც არ გადავდო, მაგრამ ისიც ძალიან მიჭირს, რომ ყელში არ ჩავკოცნო და ცოტათი არ შემომეჭამოს. იცით როგორია? სულ იცინის, მთავარია სულ ცოტათი გაუღიმო, ეგრევე გაგიცინებს და თავს ბედნიერად იგრძნობ. უტამ თქვა ეხლა  ვხვდები  მშობლები, რატომ მიდიან ყველაფერზე შვილების გამოო. როგორც, ყველა დედას მეც ზუსტად ისეთივე ჭკვიანი და ლამაზი მგონია ჩემი შვილი, ხოდა მაგიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის არის ერთადერთი ლამაზი და ჭკვიანი ჩემთვის. ის კიდე მიღიმის და თავის უკბილო პირს ფართოდ აღებს და თვალები უბრწყინდება. ყველაზე მეტად მაშინ ერთობა თუ ცოტა უხეშად დავუწყებ ჯანჯღარს და ფეხებით გავწელავ აქეთ-იქეთ. მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერია და სულ ხითხითებს. ერთი კვირაა, რაც “აღუებს” მორჩა და მანამდე “ეღუებსაც” იძახდა, ეხლა დილით, როცა დანაყრებული თავისთვის წევს საკუთარ თავს ელაპარაკება. ეჟღურტულება.

მე კიდე, ბღუჯა-ბღუჯა მცვივა თმები და გამომიშრა სახის კანი. არადა ანდრია, რომ გაჩნდა ის ერთი თვე სახის კანი იდეალურად მქონდა, ბუნებრივად დანოტივებული და პრიალა.

ისეთი ამინდია, ავდგებოდი ჩემს პლაშს მოვიხურავდი და ფოტოების გადასაგებად წავიდოდი, სადაც არავინ შემხვდებოდა ნაცნობი და ნათესავი, ჩემთვის ვივლიდი მშვიდად და დავლევდი გემრიელ ყავას. რა სამწუხაროა, რომ თერმოსი გამიფუჭდა.

Read Full Post »

სანამ კბილის ჯაგრისს სააბაზანოში არ შევიტან,მანამდე სრულყოფილად დაბრუნებულად ვერ ვგრძნობ სახლში თავს.მერე ჩანთა უნდა ამოვალაგო და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინო.მეორე დღეა სახლში ვარ და მიჭირს აქ ყოფნა.საშინლად მიჭირს უტას გარეშე ყველაფერი.

კაი ხანია გამოვედი ვივალდის ექსპრესიიდან,თავზე საბანი გადავიფარე და როგორც ზამთარში მძინავს მოკუნტულს,ისე დავიძინე.

ხვალ უნდა ვიმუშაო,რადიო სულ გადამავიწყდა.მეგონა არც არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

წასაკითხი წიგნებიც გადავაწყვე,მაიკოს ვეუბნებოდი ფოლკნერი ხელახლა უნდა გადავიკითხოთქო.მირანდას მოუტანია სახლში ჰარი პოტერის წიგნები,მასაც უნდა ჩავუჯდე და საერთოდ ყველაფერი უნდა წავიკითხო.ხო არის ზოგიერთი ადამიანი,ენთუზიაზმს და შრომის და კითხვის განწყობას,რომ გადაგდებს.მთელ ღამეებს,რომ ათენებენ კითხვაში,ხატვაში,ყავის სმაში და წერაში.მაიაც ასე იყო,მთელი ღამით ხატავდა ანიმაციებს,ათენებდა და ყავასაც ზომაზე მეტს სვამდა.

ჩემთვის უკვე ზამთარია.თბილი წინდები მაცვია და უაზროდ ბევრ ლიმნიან ჩაის ვსვამ.

uta da me

სულ მახსენდება უტას ჩემს გვერდით მჯდომს,რომ ჩაეძინა და ზურგიდან რომ ვგრძნობდი,მის სუნთქვას.კიდევ შემთხვევით რომ მოვხვდით ჰელოუინის წინააღმდეგ შეკრებილი ხალხის აქციაზე,თავიდან ზვიადისტები რომ ეგონა უტას და მერე თავისი მრევლი შეიცნო ამ ხალხში:)კიდე რა?კიდე ძაან ბევრი, რამე ლესელიძეზე წვიმაში,რომ მელოდებოდა,უქოლგოდ რო დავდიოდით და თავზე პარკი გვეფარა,თითონ ხელები რომ უსველდებოდა წვეთები მკლავებში ჩადიოდა.

ეს ყველაფერი თანდათან  უფრო კარგად გამახსენდება.

ახლა რძე უნდა დავლიო

Read Full Post »

%d bloggers like this: