Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიზმარი’

გუშინ სიზმრებზე მელაპარაკებოდა ქეთი, მე ვუთხარი რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ მათ გახსენებას და მითხრა ეგ ძაან  ცუდიაო. დილით ორი საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა.

ბაღდათში , დედაჩემის სახლის  ქვედა სართულის სარდაფში ვიყავი,ოღონდ გაურემონტებელში, რატომღაც  კბილები უნდა გამეხეხა, არადა ადრე იქ არც პირსაბანი იყო და კბილებიც არასდროს გაგვიხეხია, ბებიაჩემი ძველ გადასაყრელ ნივთებს ინახავდა, ძველ დაჟანგებულ ღუმელს და შეშას. სულ სიბნელე იყო, მაგრამ მაინც გავარჩიე პირსაბანი და ორი კბილის ჯაგრისი. ორივე ვარდისფერი იყო, ხელი გადავუსვი ერთს და მივხვდი რომ ჩემს უფრო პრიალა ტარი ჰქონდა, ვიდრე ამას, მერე როცა ძალიან დავაკვირდი საშინლად ბინძური იყო, ჯაგრისთან ადგილები სულ ჩაშავებოდა და ჩაბინძურებოდა, ხელიდან გავაგდე, მერე მეორე ვარდისფერი კბილის ჯაგრისი ავიღე და ისიც საშინლად დაბინძურებული იყო. საშინელი შეგრძნება იყო, უცებ გამეღვიძა და ტუალეტში გავვარდი გადასაფურთხებლად, უტა კი ინსტიქტურად მოვატყუე, მეთქი მეგონა თოვდათქო…

სინამდვილეშიც ვარდისფერი ჯაგრისი მაქვს და კიდევ სალათისფერი:) ისე კი მთელი ღამე მეგონა, რომ უნდა მოეთოვა და რამდენჯერმე ავდექი და ფანჯარაში ვიხედებოდი, იქნებ თოვსთქო.

მეორე სიზმარი, ამ ამ სიზმრის შემდეგ დაახლოებით საათნახევარში დამესიზმრა.

ძალიან განათებულ ოთახში ვიჯექით მე და ჩემი ერთი მეგობარი, ის ინტერნეტში რაღაცას ეძებდა, წინ კი საკმაოდ დიდი თეთრი დაფა იდგა, აი ისეთი სოფლებში ჭერზე, რომ აკრავენ და ამ დიდ დაფაზე უამრავი მსუქანი და გრძელი ნაქსოვი კაშნეები და შარფები ეკიდა, ყველა ისეთი ლამაზი იყო და მეც ყველა მინდოდა, როგორც გაირკვა ეს ჩემი მეგობარი ინტერნეტში ასეთი ლამაზი შარფების მოძიებით იყო დაკავებული, რაღაც საიტისთვის მიეგნო, საიდანაც უსასყიდლოდ ჩუქმიდნენ ამ მსუქან შარფებს, გასაკვირი ის იყო, რომ რასაც აირჩევდა კომპიუტერიდან პირდაპირ მის კალთაში ცვიოდა და მე ამაზე ვგიჟდებოდი, ისე მშურდა და ისე მინდოდა ეს შარფები, ეს შეგრძნება წინა სიზმრის შეგრძნებებზე ემოციური იყო და საშინლად ვიტანჯებოდი, გული მებერებოდა, ვფიქრობდი მეც უნდა მოვძებნო ის საიტი, საიდანაც სქელ და ლამაზ კაშნეებს პირდაპირ კალთაში ჩამიყრიან და სრულიად უსასყიდლოდ. მოკლედ ვიტანჯებოდი.

და უცებ ამ სიმღერამ  გამაღვიძა, უტას ტელეფონი რეკავდა, წამოვხტი და მივურბენინე. უმაგრესი შეგრძნება, იყო რომ არანაირი საიტი არ არსებობდა, საიდანაც ნივთებს უსასყიდლოდ და პირდაპირ კალთაში გიყრიდნენ, არც ამ მეგობარს ვხედავდი,რომელმაც ეს საიტი მოიძია. რამდენიმე წუთი ვარწმუნებდი თავს, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, მერე დავიჯერე, წამოვდექი უტას ყიყლიყოები შევუწვი, სოსისი მოვუხარშე და ყველთან ერთად პატარა თავსახურიან თასში ჩავუწყვე.

შარშან მთელი წელი, იუნგს ვკითხულობდი, მაგრამ ეხლა არაფერი არ მახსოვს, მაშინ არც სიზმრები მესიზმრებოდა, ეხლა ხელახლა უნდა გადავიკითხო, უფრო კარგად გავიგებ, ყოველღამე უამრავი სიზმარი მესიზმრება.

პირველი პოსტია სიზმრებზე♥

Read Full Post »

ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება.

შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა.  კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება მანამდე მოვასწრო,სანამ მირანდა მოვა სახლში. ცოტა ხანს მარტო მინდა ვიყო. მარი რადიოშია,მუშაობს.დედაჩემი დღეს ერთი მწერალის და მისი მეგვარის შვილის ქორწილში მიდის. საშინლად გამიხარდა,როცა გავიგე,რომ შვილებით წასვლა სავალდებულო არ არის.

ჯერ კი თავის ტკივილმა უნდა გადამიაროს,ღამიდან და დილიდან საშინლად მტკივა,გუშინაც მტკიოდა,წამლებს კი არაფრის დიდებით არ ვსვამ. ცოტა ხანში ყავას დავლევ და ეს გადამივლის. დაძაბული დღეებია,ტვინს ვიჭყლიტავ. გუშინ მეორე პროექტი დავწერე. რაღაც საშინლად მომწონს, რამდენჯერმე გადავიკითხე და და ვფიქრობ,თუ წესიერად დააფინანსეს,მაგარი რაღაც გამოვა. ჰოდა დავიღალე. ტვინი მაქვს გადაღლილი,არც არაფრის მოსმენა მინდა ცოტა ხანი და არც არაფრის წაკითხვა,რაიმის ყურებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

უტას სურდო აქვს,მგონი ალერგია კიდევ. მე კიდე ვნერვიულობ ცუდად როა. ხანდახან ისე ვწერ მასზე,თითქოს ჩემს გვერდით ოთახში იყოს,თითქოს ჩემს გვერდით სუნთქავდეს,ჩემს გვერდით დადიოდეს,ჩემს გვერდით იწვეს,ჩემს გვერდით ეძინოს. არადა რამდენჯერ დავთვალე,ის კილომეტრები ამ რეალობასთან რომ მაშორებს. ჩემი სახლიდან იმ გაჩერებამდე,სადაც თბილისისკენ მიმავალი მარშრუტები დგას.ხანდახან ზუსტად ჩემი კორპუსის სადარბაზოდან ვიწყებ ამ კილომეტრების დათვლას,ხან კიდე ავტოსადგურიდან,ხან კიდევ ქუთაისის გასასვლელიდან. მიყვარს და მაინც ახლოს ვგრძნობ მის თავს.წარმოუდგენლად ბანალური ვარ დღეს,ტკივილი ხან ისევ წამომატკიებს თავს,ხან კიდევ გაყუჩდება. რამდენიმე წლის წინ,გაუყუჩებელი თავის ტკივილები მქონდა,ვიძახდი შაკიკი მაქვსთქო. არ მახსოვს,როდის გადამიარა,მაგრამ მას მივუძღვენი ერთი მინიატურა “თავის ტკივილები”,იქ ვწერდი აღარც დილით ვლოცულობ და აღარც ღამითთქო და ალბათ მაგიტომ დამეწყო ეს აუტანელი ტკივილებიმეთქი,არადა ახლა ყოველდილით და ყოველს საღამოს ვლოცულობ. სასაცილო ულოცველობას დააბრალო ატკიებული თავი.

კოშმარული ღამე მქონდა, საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა,დრო იწელებოდა,ძვლივს გათენდა. სულ 2 სიზმარი დამესიზმრა,ერთი ძაან ცუდი იყო,ამ ერთში მაგებინებდნენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს რაღაც დაემართა, მე კი ტკივილისგან და სიმწარისგან,რკინის ბოძის გადაღრღნას დავიწყე,რამდენიმე წუთში კი ვგებულობ,რომ ტყუილია. ამ სიზმარში ამ ამბავს ერთი მღვდელი მაგებინებს,ის მირეკავს. უუუფ საშინელება იყო. რა კაია რო თენდება ხოლმე.

გუშინ ერთი ახლო მეგობრისგან,რაღაც მეწყინა,მერე დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი,არ ვიყავი მართალი და დავასკვენი,რომ ყველას თავისი გზა და თავისი უფლება აქვს,ისე გააკეთოს რაღაც,როგორც ეს აწყობს და როგორც  მის კეთილდღეობას სჭირდება.  ამიტომ არ დავწერე  საყვედურნარევი ტონით აღსავსე პოსტი და მაგიტომ დავადრაფტე ბევრჯერ..ვფიქრობ,რომ კარგად მოვიქეცი.

მზეებია და ქარები ქუთაისში.სახლშიც თბილა,მაგრამ მე მაინც შალი მაქვს მოსხმული ზურგზე.არ მცივა,მაგრამ მაინც. 2 დღეა უტა გადაურებლად მენატრება.

რა სიტყვაა გადაუღებლად?დედაჩემმა რო წაიკითხოს,შემისწორებს და მეტყვის გარკვევით წერე წინადადებებიო.

გადაუღებელი წვიმები არ გაგიგიათ?

მონატრებამაც რომ ვერ გადაიღოს,რატომ არის წარმოუდგენელი?

ფუი ბანალურობის აპოგეავ !

tag: მენატრება,მიყვარს,მწყინს,მენატრება,მიყვარს,მიყვარს:)

Read Full Post »

ეხა როცა რამდენიმე საათის უკან ერთი პოსტის წერას მოვრჩი და მერე სანამ დავაპაბლიშებდი აღმოვაჩინე,რომ საკმაოდ კრიტიკული ვარ და საკმაოდ დიდაქტიკური, მაინც გამიხარდა, რადგან მე დღეს და გუშინ ხომ სიკვდილს ვაპირებდი.კი არ ვაპირებდი,უფროსწორად მეგონა რომ მოვკვდებოდი.მაგრამ ეხლა უკვე ვიცი, რომ კაი ხანს არ მოვკვდები და კიდევ საკმაოდ დიდხანს ვიცოცხლებ და კიდევ უამრავ პოსტს დავწერ ამ ბლოგზე,ან კიდე შეიძლება სხვა მისამართზე,მაგრამ რომ დავწერ ეს ვიცი.კიდევ დიდხანს ვიქნებით მე და უტა ერთად,კიდევ ბევრჯერ გავიკეთებ სახეზე ყინულის მასაჟს და ლოყებზე ყინულის წვეთები წამომივა,კიდევ ბევრჯერ,აი იმ ბევრის ათასში ერთხელ,რომელიმე დილას ისეთ ხასიათზე მომიყვანს ჩემი ცხოვრება, რომ კლუბურ მუსიკაზე ვიცეკვებ,სულ ბედნიერი ვიქნები და როცა მომინდება მაშინ ვაკოცებ უტას და რამდენჯერაც მომინდება იმდენჯერ.მოკლედ რასაც მომინდება იმას გავაკეთებ,მაგრამ ისიც ვიცი, რის გამოც ვიქნები ბედნიერი,ამას არავის გავუმხელ,ეს ყველა ადამიანმა თავის სულში უნდა აღმოაჩინოს,უნდა უნდოდეს ,რომ ჰქონდეს,არ უნდა ეზარებოდეს მოძებნა.მაშინ აღმოაჩენს,რომ იმ ცხოვრებაში,რომელიც მას მიეცა და მიეცა არა უპასუხისმგებლობისთვის,არამედ იმისთვის რომ კარგად და ჭკვიანურად გამოიყენოს,იგი ბედნიერი იქნება.

უტას გამოგზავნილ სიმღერებს ვუსმენ და კარგად ვარ.დღეს უფრო კარგად ვარ,ვიდრე გუშინ,ათიათასჯერ უფრო კარგად .სადღაც რამდენიმე ასეული კილომეტრის იქით,ჩემი ბიჭი სამსახურში ზის და მუშაობს,მე კიდე სადღაც ასეული კილომეტრის აქეთ იმ ბიჭის გოგო და მასზე საუკუნოდ შეყვარებული,სახლში ვზივარ და ცოტა არ იყოს მიჭირს უკვე იმ ემოციების გახსენება,რომელმაც გუშინ მთელი დღე ჩამიშხამა.გვიან ღამით მივხვდი,რომ ყველაფერი წინა ღამით რადიოში გადათენებული ღამის ბრალი იყო და ნერვები არ მქონდა წესრიგში,ეს უტასაც უთქვამს ბევრჯერ,მაგრამ სანამ ჩემით არ დავასკვენი და ვიგრძენი,ვერაფრით დავეთანხმე.არადა მერე რა კარგ და საყვარელ ნოტაზე დავეთანხმე:*

ამერიკაში მივფრინავდით მე და უტა,მოხდა ავია კატასტროფა და მე დავიღუპე,უტა მთელი ცხოვრება მე შემომტიროდა და ვერ მივიწყებდა.ეს მისი სიზმარია,რომელიც გუშინწინ დაესიზმრა.ვერაფრით გაეგო რატო მივფრინავდით ამერიკაში,თავიდან სანამ მეტყოდა მკითხა ხო არ გჯერა სიზმრებისო,მე კი მოვატყუე და ვუთხარი მკიდია,მიდი დაიწყე ეგ საშინელი სიზმარითქო.ასე არ მითქვამს,მარა კაი ხანს ვთხოვდი მოეყოლა და ბოლოს მითხრა,რომ იმ უცნაური კატასტროფის დროს გარდავიცვალე.მე კი ვუპასუხე,ნეტა რატო?რატო უნდა მოვკვდე და ამოვუშვი ღრიალი და ეს ღრიალი მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა
uta: shoren
uta: ar mokvdebi
uta: cudi sizmrebi
uta: kargia piriqit kargad xdeba

ვერაფრით წარმომედგინა რა უნდა ამხდარიყო კარგად,მას შემდეგ რაც მე მოვკდებოდი,ამერიკაში მიმავალ თვითმფრინავში და უტასთან ერთად ვეღარ შევძლებდი ცხოვრებას.იმ წუთას,მარტო უტაზე ვფიქრობდი და მარის და დედაჩემის ძაან შემრცხვა,ალბათ როგორ ინერვიულებდნენ,ჩემს სიკვდილს რომ გაიგებდნენ,უტას მერე(ასე უტას გონია) მარის ვუყვარვარ ყველაზე მეტად და მარის მერე დედაჩემს და უტას(ასე მარის ჰგონია)ჰოდა რა იქნებოდა ჩემს გარეშე მათი ცხოვრება,შევადგინე სია იმ ნივთებისა,რომელსაც ვერავის დავუტოვებდი,ამ სიაში შედიოდა უტას ნაჩუქარი თეთრი ზედაწელი,რომლითაც მთელი ევროპა მოიარა,ასე მითხრა თვითონ,და რომელსაც მე ზამთარში ლოგინში ვიცვამ,კიდე მიმქონდა “იქ” უტას ნაჩუქარი pacco rabanne-s ultravioleti ,რომელსაც თითქმის არ ვიყენებ,მაგრამ მაინც ვგიჟდები მის გრილ სუნზე,კიდე ჩიპს წავიღებდი,რავიცი მაინც რაში გამომადგებოდა:)ყველაფერს ვუტოვებდი მარის,ტანსაცმელს და ფეხსაცმელს,მერე თვითონ გაანაწილებდა მარი,რამდენიმე კაბას მირანდას მისცემდა,რაღაცეებს დედაჩემს,მარის ექნებოდა სულ გულის ტკივილები და უჰაერობა შეაწუხებდა.

უტას ჩემს ყველა ნაწერს,ჩემს დღიურებს,რომელიც უკვე ყველა მასთანაა,კიდე იმ სმს-ებს,რომლებსაც ბლოკნოტში ჩვენი ერთად ყოფნის დღიდან ვწერ,ჩემს პაროლებს დავუტოვებდი,რომელიც ისედაც იცის და კიდევ ამ ბლოგს,სადაც მერე შეძლებდა რაღაცეების გარედაქტირებას:)

ჩემი მეზობლები განუწყვეტლივ იჭორავებდნენ და იჭორავებდნენ,საქმე გამოუჩნდებოდათ,თან ახალი თემა,ათას ვერსიას გამოიგონებდნენ,დაამუშავებდნენ სადარბაზოს წინ,სადაც მთელ დღეს ატარებენ,იტყოდნენ საყვარელთან ერთად მიფრინავდა სადღაცო,მერე მეორე ვერსიას შეიმუშავებდნენ და იტყოდნენ,ალბათ ვინმესგან დაფეხმძიმდა მერე ამერიკაში გაიქცა და ბოლოს რომ მიხვდა თავის დანაშაულს,ავიაკატასტროფა მოაწყოო და თავი დაიღუპაო.აკო თუ მოვიდოდა მარისთან სახლში,იტყოდნენ ამ ბიჭს უყვარდაო ეგ,ან რავიცი რამდენ რამეს არ იტყოდნენ,მაგრამ რა დროს მეზობლები არიან.აკო დაწერდა თავის ბლოგზე ასეთ პოსტს:”ვინეებმა ატკინეს შოს გული და რატომ არიან ისევ ქუთაისში ამდენი ქალიშვილები,სექსი ჩვენი საუკუნის მთავარი პრობლემა,რამდენხანს უნდა იაროთ ქალიშვილებმა,მთავარია სექსი გინდოდეს და ყველა კი მოგცემს,როდის ვიქნებით ცივილიზებულები”.სათაური ალბათ ეს ექნებოდა:):):):):)და ჩემი სახელიც მარტო სათაურში იქნებოდა,რადგან ჩემზე საუბარი იმ დროს აქტუალური იქნებოდა და აკოს ექნებოდა ყველაზე დიდი უფლება ჩემზე ეწერა.

ვინც მიცნობს ქუთაისში და ამ ამბავს გაიგებდა,ჩემს ფოტოებს დააყენებდნენ “ოდნოკლასნიკებში” დაკრძალვამდე,ავატარებზე დააწერდნენ  “ვწუხვარ” და “რა მალე მთავრდება ახალგაზრდობა”

დედა შუშანიკი გაგიჟდებოდა,გული დაეწვებოდა.ერთხელ მომწერა:”შენ არ იცი ჩემთვის რას ნიშნავ,კაია რომ არ იცი”…ყველა ილოცებდა ჩემზე,დედა მაკრინე,მამა ელიზბარი,მამა იოანე.7 წირვაზე მეტს დამიყენებდნენ,რა შვიდს პრინციპში,ასე 200 მდე წირვას გადამიხდიდნენ,ყველა სასულიერო პირს გააგებინებდნენ და ყველა სამ-სამ წირვას მაინც დამიყენებდა.მამა პავლე თუ გაიგებდა,ცოდვებით გამიხსენებდა და იტყოდა:”ცოდვებმა დაღუპა ეგ გოგო” და მერე მრევლს მოუწოდებდა გაეძლიერებინათ ლოცვა.

რათქმაუნდა ყველაფერი გაგრძელდებოდა.

რადიოში ალბათ თითქმის ყველას დაწყდებოდა გული,მაგრამ ჩემს შემცვლელს ერთ დღეში მოძებნიდნენ,ასე რომ დიდი დანაკარგი არ ვიქნებოდი.

მეოთხე სართულზე იტყოდნენ ეგ ის არ იყო,ჩვენს გაზეთში,რომ ბეჭდავდა ხანდახან რაღაცეებსო,საწყალი გოგოო,რა ახალგაზრდა იყო,შვილი მაინც დარჩენოდაო.

გული მწყდებოდა,რომ სიკვდილის წინ ისევ სახლის დალაგება უნდა მომესწრო და  ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები თვალებიდან და ვალაგებდი სახლს.

მოკლედ მთელი დღე ასეთ მინორულ ღრიალში გავატარე,დედაჩემს ტირილით მოვუყევი,მერე რომ დამინახა კიდევ ვერ ვიყავი კარგად მითხრა სიცილით,შენ მართლა ხო არ გგონია რომ მოკვდებიო.გვიან ღამით გავისეირნე,მანქანები მეჯახებოდნენ,თან ყველა მე მეჯახებოდა,ასეთი შეგრძნება მქონდა,სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და ისევ სახლში დავბრუნდი.

მიკვირს ცოცხალი როგორ დავრჩი ამდენი ნერვიულობის შემდეგ:) მერე გამახსენდა ლაგერკვისტი,მასზე კარგად არავის არ უთქვამს სიკვდილზე,თან მანამდე უტამაც მომწერა:

uta: egre yvela movkvdebit bolos

uta: ra sayvarlad gechxvliteba loya

ჰო,ბოლოს ყველა მოვკვდებით:)

მოკლედ ძაან გვიან ღამით გამოვძვერი ამ შიშებისგან,უტამ დამირეკა კიდევ ამიხსნა,როგორი ვარჯიშები უნდა ვაკეთო,კიდევ ისეთი რაღაცეები მითხრა,რასაც ახლა არ გავამხელ.ასეთ რაღაცეების თქმის მერე ორმაგად ბედნიერი გავხდი და საერთოდ აღარ მომინდა სიკვდილი.კიდე უტამ რაღაც მთხოვა,რომლის შესრულება ხვალიდან ან ამ საღამოდან უნდა დავიწყო,ძაან საპასუხისმგებლო რამეა.

მადლობა ყველას ვინც ამ პოსტს ბოლომდე წაიკითხავს,ვისაც შევეცოდები  და დიდხანს სიცოცხლეს მისურვებს:) კიდე მარის ვეტყვი თუ წაიკითხავს და იტირებს,ყველაზე ჩერჩეტი გოგო იქნება ამ ქვეყანაზე.

კიდე მადლობა უტას და მადლობა ლაგერკვისტს.

Read Full Post »

%d bloggers like this: