Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘უტა’

ხანდახან, მინდა შემოვიდე ამ – ჩემს ბლოგზე და ვიკითხო : ჰეი, აქ ხართ? მართლა მელოდებით? ცოტა რომ ავუწუნდე გექნებათ ჩემი თავი?

მოგიყვეთ იმაზე თუ როგორ მენატრება ჩემი ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ღამით ვხედავ და მიუხედავად მონატრებისა, როცა მოდის  ისე მეძინება მირჩევნია არ დამელაპარაკოს და ისე დაიძინოს. ვერა ვერ მოგიყვებით, მას არ უყვარს როცა პირადულზე ვლაპარაკობ, არც ის არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ. ხოდა რა უნდა მოვყვე?

ხო, ჩემს დაღლილობაზე მოგიყვებით. დილით შვილი, რომ ამასწრებს საწოლიდან და ოთახებში ეძებს მამას, მამამ კი გაასწრო სამსახურში, ძალიან  ეჩქარებოდა, საღამოსაც აგვიანდება მამას და ის – ბავშვი ისევ წვება საწოლში, თავის ქანცგაწყვეტილ დედასთან ერთად და ასეა კვირაში  6, ზოგჯერ 7  დღე. არაა ეს ნორმალური, მაგრამ რა ვქნათ, ნორმალურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და ამასაც უნდა გავუძლოთ.

მეც დავიღალე. დედა. ეზოში, კი ფსიქიურად ჯანმრთელი შეხედულების მოხუცი (არც ისე, უფრო ხანში შესული ეთქმოდა) ქალი ჩემი და ბავშვის დანახვაზე ქირქილებს. ბავშვს ვეუბნები :”წავიდეთ დე მაღაზიაში ბუშტები ვიყიდოთ”. ამ ქალს ან ჩემი გახეული ჯინსი არ მოეწონა ან ბუშტების ყიდვის იდეა. უცნაური ხალხია, მე კიდე მათგან სულ მცირე ემპათიის და მხარდამჭერის იმედი მაქვს, რა სულელი ვარ. კი არ მიდარდია, უბრალოდ რა ჭირს ამ ხალხს? ასე რა აღიზიანებთ? მეც ხომ მათნაირად დაღლილი ვარ და არ ვიგესლები? შემდეგ , წავედით და ვიყიდეთ ძალიან ბევრი ბუშტი, სხვადასხვანაირები, ფერადები და ვინც კი შეგხვდა პატარა ბავშვი ყველას მივეცით, დანარჩენი სახლში გავბერეთ და ანდრიაც მიხვდა, რომ სხვისი ბუშტი არ უნდა მიითვისოს, პირიქით დაუბრუნოს და როცა ექნება საკუტარიც გააჩუქოს. ისედაც წამში სკდებიან. ბუშტები არიან რა.

აი, ეხლა როცა ქანცგაწყვეტილი ცხენივით ვაგდივარ საწოლში (წესით უფრო კორექტული უნდა ვიყო საკუთარი თავის მიმართ)  მტკივა წელი და ვერაფრით ვახერხებ სამზარეულოში გასვლას და ნანატრი “მარტო ჩაის” რიტუალის შესრულებას, ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, რომელსაც ყოველ დღე დღევანდელივით ვგეგმავ და ბოლოს წელმოწყვეტილი ვწვები საწოლში, იძულების წესით და მკვდარივით მეძინება.

აი ასეთი გაჭირვებული, დაღლილი და გათიშულ ტვინიანი ვარ მე, ღამის თორმეტ საათზე.

იმედია, დროზე მოვა ახალი წელი და ცოტა ხნით ერთად ყოფნას მოვახერხებთ, მთელი ოჯახი. ქუჩაში გავისეირნებთ, პროდუქტებს ერთად ვიყიდით, ცოტას გამოვიძინებთ, ნაძვის ხეს გავაწყობთ, მე რამე გემრიელ ნამცხვარს გამოვაცხობ, თუ არ გამომივა არც მაგაზე ვიდარდებ. ესღა მასულდგმულებს.

ბოლოს კი დაგიტოვებთ ჩემს ბოლო ნაღვაწს მასწავლებელი.ჯისთვის დაწერილს.

ტკბილი ძილი მეგობრებო და კეთილი სიზმრები.

Advertisements

Read Full Post »

ცხელი ლიმნიანი ჩაის ჭიქით ვითბობ ხელებს. სახლში უკვე აცივდა. მე კიდევ დავიწყე ოცნება ჩემს სახლზე, სადაც წითელი ხალიჩები მექნება დაფენილი და სქელ მძიმე ფარდებში ქუჩის ხმაური ვერ შემოატანს.  სადაც იქნება სითბო, სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, სადაც  სიყვარული გაგრძელდება ჭირსა და ლხინში და ვერავინ შეძლებს მთელს დედამიწის ზურგზე ამ სიყვარულის დარღვევას.

გუშინ, ჩემი დაბადების დღე იყო. აქამდე, ჩემს დაბადების დღესთან უცნაური დამოკიდებულება მქონდა და გუშინ მივხვდი, რომ ეს შეიცვალა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ჩემთვის, რომელიც საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დაიტვირთა. დილით, მე, უტას და ანდრიას ერთად გვეძინა, ის ყოველთვის გვასწრებს გაღვიძებას და გვიყურებს გაკვირვებული, სანამ ჩვენ თვითონ არ გავუცინებთ და მუცელზე არ დავუწყებთ კოცნას, მერე კი ისე ახითხითდება მის დანახვას არაფერი სჯობს. ვუყურებდით და ალბათ უტაც ისეთივე ბედნიერი იყო იმ წუთებში, როგორც მე. ბედნიერად, დაიწყო ჩემი დაბადების დღე. წელს უკვე სამნი ვართ, შარშან ვიყავით ორნი და ჩვენი თავების გარდა სხვები დიდად არ გვაინტერესებდა. ძალიან ლამაზი დილა იყო. წვიმდა. მე გვიან გავიღვიძე. უფრო სწორედ უტამ გამაღვიძა, საიდანღაც მოვიდა სველი თავით, სველი ყვავილებით და კაფკას წერილებით. იმ ყვავილების სუნი ახლაც მახსოვს.

იშვიათად მჩუქნის ვინმე ყვავილებს.

წელიწადში, ერთხელ და ერთი კვირით მე უტას ვეწევი ასაკში (რა ხანდაზმული სიტყვაა, გამაჟრიალა), ცოტა ხანს ორივე 26 წლის ვიქნებით. მერე უტა გახდება 27-ის და ა.შ ამბობენ 27 წელი იდუმალი და გარდამტეხი ასაკიაო.

მე არც ტორტებს ვაცხობ და არც რამე გემრიელობებს ვაკეთებ, თუ ამის ხასიათზე არ ვარ. ტორტი მარიმ გამომიცხო და დილით ტორტის გულის ნაჭერი და ცხელი ლიმნიანი ჩაი დამახვედრა. მარის უყვარს სამზარეულოში ყოფნა, უნდა ოდესმე თავისი  რესტორანი ჰქონდეს, როგორც პენელოპა კრუზს ფილმში “დაბრუნება”, მე კი დიდი სიამოვნებით გავხსნიდი და ვუხელმძღვანელებდი ისეთ წიგნის სახლს, როგორიც მეგ რაიანს აქვს ფილმში “You’ve Got Mail”:)

 

გაგრძელება საღამოს 20:58

ისევ ის სუნი, ისევ ის ყვავილები, ოღონდ სულ ფერადი, ყვითელი ჭარბობს. ბედნიერი ვარ, ბედნიერი, ბედნიერი. მერე, რა რომ დაბადების დღის მეორე საღამოა. მე მაინც მიხარია.

პ.ს  გუშინ, უტას დედის ნაჩუქარი ფულით, რომლითაც შევპირდი რომ ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” ვიყიდდი, ეზოში ჩასულს, ისპანახი, ბულგარული და კარტოფილი შემომეყიდა. არა უშავს, სახლის სიახლოვეს, რომ გავსცდები მასაც ვიყიდი. ისპანახი კიდევ ძალიან სასარგებლოა. მე კი ძალიან გამიმართლა, იმ ადამიანებით ვინც ღმერთმა მაჩუქა.

ეხლა ვარ, ძალიან გულჩვილი და ამ გულჩვილობით გაუსუსურებული მატლუკა:)

Read Full Post »

ეს დღეები, სულ ჩემს სახლზე ვფიქრობ, რომელიც იმედია ოდესმე გვექნება, ჩვენი საკუთარი და  არა სხვისი ვინმესი, არამედ ჩვენი, ჩემი, უტასი და ანდრიასი,იქნება ნათელი ოთახები, მზიანი,  სადაც ჩვენ თვითონ დავკიდებთ ფარდებს, ჩვენი გემოვნებით ვიყიდით ავეჯს, ელექტრო ტექნიკას, რბილ და ღუნღულა პუფებს, მოსახერხებელ სავარძლებს, სხვადასხვა ტონებში შევღებავ კედლებს, გავაკრავ ლამაზ შპალერს, სადაც ჩვენი იქნება ყველაფერი და სტუმრებიც მაშინ მოვლენ, როცა ჩვენ დავპატიჟებთ, მე არ მიყვარს ვინმესთან დაუკითხავად წასვლა, ხოდა ვინც მოვა ჩვენთან იმათთვის განსაკუთრებულად მოვემზადები, კარგი ყავა მექნება და კარგი ჩაი, გემრიელ ნამცხვრებს ვიყიდი ხოლმე და საერთოდაც, ყველაზე მეტად საკუთრების შეგრძენა მამშვიდებს.

ოქტომბრის დასაწყისი დღეებია, მგონია, რომ ნამდვილი შემოდგომა ეხლა იწყება, არეული ამინდებით და მონაცრისფრო დღეებით. ფანჯრიდან მოხალული მზესუმზირის სუნი შემოდის, რა ჭკვიანია ის ვიღაც, რომელმაც იცის რაში უნდა გამოიყენოს ასეთი მოქუფრული ამინდი. დიდი რამე თუ მთელი დღე  არაფერსაც არ გააკეთებ და მზესუმზირის კნაწაკნუწში გაიყვან საათებს. ანდრიას დაეძინა, ძალიან ვერიდები, რომ ჩემი ვირუსები მასაც არ გადავდო, მაგრამ ისიც ძალიან მიჭირს, რომ ყელში არ ჩავკოცნო და ცოტათი არ შემომეჭამოს. იცით როგორია? სულ იცინის, მთავარია სულ ცოტათი გაუღიმო, ეგრევე გაგიცინებს და თავს ბედნიერად იგრძნობ. უტამ თქვა ეხლა  ვხვდები  მშობლები, რატომ მიდიან ყველაფერზე შვილების გამოო. როგორც, ყველა დედას მეც ზუსტად ისეთივე ჭკვიანი და ლამაზი მგონია ჩემი შვილი, ხოდა მაგიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის არის ერთადერთი ლამაზი და ჭკვიანი ჩემთვის. ის კიდე მიღიმის და თავის უკბილო პირს ფართოდ აღებს და თვალები უბრწყინდება. ყველაზე მეტად მაშინ ერთობა თუ ცოტა უხეშად დავუწყებ ჯანჯღარს და ფეხებით გავწელავ აქეთ-იქეთ. მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერია და სულ ხითხითებს. ერთი კვირაა, რაც “აღუებს” მორჩა და მანამდე “ეღუებსაც” იძახდა, ეხლა დილით, როცა დანაყრებული თავისთვის წევს საკუთარ თავს ელაპარაკება. ეჟღურტულება.

მე კიდე, ბღუჯა-ბღუჯა მცვივა თმები და გამომიშრა სახის კანი. არადა ანდრია, რომ გაჩნდა ის ერთი თვე სახის კანი იდეალურად მქონდა, ბუნებრივად დანოტივებული და პრიალა.

ისეთი ამინდია, ავდგებოდი ჩემს პლაშს მოვიხურავდი და ფოტოების გადასაგებად წავიდოდი, სადაც არავინ შემხვდებოდა ნაცნობი და ნათესავი, ჩემთვის ვივლიდი მშვიდად და დავლევდი გემრიელ ყავას. რა სამწუხაროა, რომ თერმოსი გამიფუჭდა.

Read Full Post »

შემზიზღდა ეს ბლოგი.ყოველდღე შემოვდივარ და არაფერი იცვლება, ისევ ძველი დიზაინი, ისევ ძველი პოსტები.
ნუთუ, აღარ მოგბეზრდა ეს მოხუცი ფილოსოფოსები და მოხუცი მწერლები?
რატომ, არ წერ შენს ძველ მეგობარზე, აივანზე მის ფანჯრამდე წითელი თოკი, რომ გაკიდე, სიგარეტის კოლოფი, რომ დაამაგრე და იმაში უყრიდი წერილებს? ალბათ იმ წერილებს სხვაც კითხულობდა. ან იმაზე რატომ არ წერ, მერე ეს გოგო, რომ გათხოვდა და ქუჩაში ლამის ისტერიული ტირილი აგივარდა, როცა შევხდი? გინდოდა ჩახუტებოდი, მაგრამ არ ჩაეხუტე, მერე ისევ დებილურად დაშორდი და მაინც მიტრიალდი, რომ შეგეხედა სად მიდიოდა. უყურებდი გულჩამწყდარი, ისე როგორც ადრე, როცა საშინლად ეჭვიანობდი სხვა მის მეგობრებზე, რომლებსაც ის შენსავით უყვარდათ. არა, შენ უფრო მეტად გიყვარდა, უბრალოდ არ გინდოდა სხვებსაც შენნაირად ყვარებოდა, მერე სულ იბოღმებოდი და დაბოღმილ წერილებს წერდი, მერე იმ წერილებს უკან იბრუნებდი.
ომის თემებს, რომ გადაეკიდე, ხანდახან მაინც გაიხსენე, მაღალსართულიანი კორპუსის თავზე, რომ ეწეოდით მეგობრის მამის სიგარეტებს, არც ერთმა არ იცოდით მაშინ მოწევა, ტყუილად აბოლებდით.
ერთხელ მაინც გაიხსენე, შენი ჯერ მეცხრე სართულის მეზობელი მანანა, რაც ფეხი მოაჭრეს პირველ სართულზე, რომ გადავიდა, ხანდახან მეზობლის კარს რომ ამტვრევდა, ქმარი, რომ პოლიციელი ჰყავდა.
ისიც გაიხსენე, ერთ დღეს ერთმა უშვილო მეზობელმა იმის გამო, რომ ამოგიყვანა ეზოდან, რომ ეკითხა შენ უფრო კარგად სწავლობ თუ შენ დაო და მერე პასუხის გარეშე დაესკვნა, მაინც ვიცოდი , რომ შენო.
იმაზეც დაწერე, ცოლ-ქმრობა მხოლოდ ნასკების რეცხვა, რომ გეგონა და მეტი არაფერი.
ან იმაზეც დაწერე, მთელი დღეები შენი ბიჭის აბრეშუმივით იღლიების სუნი, რომ გენატრება და ამ სუნის მონატრებას ლესელიძეზეც კი გრძნობ. რა კრიალა სუნი აქვს, რბილი და თეთრი. შენ თვითონაც, ხომ დარწმუნდი, რომ საყვარელი ადამიანის საცვლები, ყველაზე მაგარი რამეა და სულაც, არ ტეხავს ამაზე წერა.
ხომ შეგიძლია ხანდახან, მზისგან მოთქვიფო გოგლიმოგლი, ან ისე ჩაიარო მთელი პეკინი, თითქოს რაც მოგწონს მაღაზიებში ყველაფერი გეყიდოს. თამაშია ასეთი, ყველა მაღაზიასთან ჩერდები და რაც მოგწონს წარმოსახვით ყიდულობ, ამ დროს ყველაზე მეტად შეგიძლია შენს ბიჭს რაც უნდა ისინი უყიდო, რა მოხდა ფული თუ არ გაქვს, სამაგიეროდ წარმოსახვა გაქვს, ცოცხალი ხარ და თან ძალიან გულკეთილი, ყველას ყველაფერს უყიდდი ფული, რომ გქონდეს, სამაგიეროდ გული უნდა დაიმშვიდო, რომ მდიდრებს ფულის სწორად ხარჯვის უნარი არ აქვთ და ასე უფრო ჯობია.
ხოდა, დაწერე რა ამ ყველაფერზე:(

Read Full Post »

ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ თბილს მირჩევნოდა.

ჩემი ქმარი ნუშებს ჭამს ხოლმე, დილით ვარჯიშობს, მანამდე ერთ კოვზ თაფლს და ერთ ჭიქა წყალს სვამს, ტელევიზორს ფეხზე დამდგარი უყურებს და ამბობს “რა ნაძირალაა” , როცა სძინავს ხელები კისერქვეშ აქვს შეწყობილი, როცა სძინავს მისი ყელი სუნთქავს.

ჩემი ქმარი მარტო ჩემს ნაწერებს, ჩემს ბლოგს, ჩემს ნოუთებს, ჩემს ფეისბუქის სტატუსებს, ჩემს საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციებს, ჩემს ინტერვიუებში მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, დილის და ღამის ლოცვებს კითხულობს. საერთოდ, არ ადარდებს რა ხდება თანამედროვე ქართულ პროზაში და პოეზიაში და ეს მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული და დადებითი თვისებაა.

ჩემი ქმარი უელბეკს, მარტო ჩემთვის ყიდულობს და მერე გამყიდველ გოგოზე ბრაზდება.

ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს არ არის აუცილებელი საკითხავი. მეც ასე ვთვლი.

ჩემი ქმარი ძვირიან და ხარისხიან ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მყიდულობს, მაგრამ მე მაინც ჩამოძონძილი და ლაქებიანი კურტკით დავდივარ და ამაზე ცოფდება(ეს ცოფდება რაღაც მოუხდა), უბრალოდ ამბობს აბა რისთვის გიყიდეო.

ჩემი ქმარი დილით მარტო ლოცულობს, მე არ მაღვიძებს, თუ გამაღვიძებს მარტო იმიტომ, რომ კარი ჩავკეტო.

ჩემი ქმარი, ჩემთვის მუშაობს. ეს მე არ მეამაყება, უბრალოდ ამას თვითონ ამბობს.

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე მისი იმედი და ნუგეში ვარ და ეს მეამაყება.

ჩემი ქმარი ღმერთს სთხოვს, რომ სულ ერთად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთვის მოვა.

მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.

ჩემი ქმარი მეუბნება, რომ შვილიც რომ არ გვეყოლოს, არაფერიც არ მოხდება, მთავარია ჩემში არ დაინგრეს რამე, ისე კი შვილის გამო ცოლად არ მოვუყვანივარ.

ჩემი ქმარი ცდილობს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით ვიკვებოთ.

ჩემს ქმარს ეხლა სძინავს.

პ.ს უტა, რა კაი რამეებს ამბობ ხოლმე და რატო არაფერს არ ვიწერ

Read Full Post »

გუშინ სიზმრებზე მელაპარაკებოდა ქეთი, მე ვუთხარი რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ მათ გახსენებას და მითხრა ეგ ძაან  ცუდიაო. დილით ორი საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა.

ბაღდათში , დედაჩემის სახლის  ქვედა სართულის სარდაფში ვიყავი,ოღონდ გაურემონტებელში, რატომღაც  კბილები უნდა გამეხეხა, არადა ადრე იქ არც პირსაბანი იყო და კბილებიც არასდროს გაგვიხეხია, ბებიაჩემი ძველ გადასაყრელ ნივთებს ინახავდა, ძველ დაჟანგებულ ღუმელს და შეშას. სულ სიბნელე იყო, მაგრამ მაინც გავარჩიე პირსაბანი და ორი კბილის ჯაგრისი. ორივე ვარდისფერი იყო, ხელი გადავუსვი ერთს და მივხვდი რომ ჩემს უფრო პრიალა ტარი ჰქონდა, ვიდრე ამას, მერე როცა ძალიან დავაკვირდი საშინლად ბინძური იყო, ჯაგრისთან ადგილები სულ ჩაშავებოდა და ჩაბინძურებოდა, ხელიდან გავაგდე, მერე მეორე ვარდისფერი კბილის ჯაგრისი ავიღე და ისიც საშინლად დაბინძურებული იყო. საშინელი შეგრძნება იყო, უცებ გამეღვიძა და ტუალეტში გავვარდი გადასაფურთხებლად, უტა კი ინსტიქტურად მოვატყუე, მეთქი მეგონა თოვდათქო…

სინამდვილეშიც ვარდისფერი ჯაგრისი მაქვს და კიდევ სალათისფერი:) ისე კი მთელი ღამე მეგონა, რომ უნდა მოეთოვა და რამდენჯერმე ავდექი და ფანჯარაში ვიხედებოდი, იქნებ თოვსთქო.

მეორე სიზმარი, ამ ამ სიზმრის შემდეგ დაახლოებით საათნახევარში დამესიზმრა.

ძალიან განათებულ ოთახში ვიჯექით მე და ჩემი ერთი მეგობარი, ის ინტერნეტში რაღაცას ეძებდა, წინ კი საკმაოდ დიდი თეთრი დაფა იდგა, აი ისეთი სოფლებში ჭერზე, რომ აკრავენ და ამ დიდ დაფაზე უამრავი მსუქანი და გრძელი ნაქსოვი კაშნეები და შარფები ეკიდა, ყველა ისეთი ლამაზი იყო და მეც ყველა მინდოდა, როგორც გაირკვა ეს ჩემი მეგობარი ინტერნეტში ასეთი ლამაზი შარფების მოძიებით იყო დაკავებული, რაღაც საიტისთვის მიეგნო, საიდანაც უსასყიდლოდ ჩუქმიდნენ ამ მსუქან შარფებს, გასაკვირი ის იყო, რომ რასაც აირჩევდა კომპიუტერიდან პირდაპირ მის კალთაში ცვიოდა და მე ამაზე ვგიჟდებოდი, ისე მშურდა და ისე მინდოდა ეს შარფები, ეს შეგრძნება წინა სიზმრის შეგრძნებებზე ემოციური იყო და საშინლად ვიტანჯებოდი, გული მებერებოდა, ვფიქრობდი მეც უნდა მოვძებნო ის საიტი, საიდანაც სქელ და ლამაზ კაშნეებს პირდაპირ კალთაში ჩამიყრიან და სრულიად უსასყიდლოდ. მოკლედ ვიტანჯებოდი.

და უცებ ამ სიმღერამ  გამაღვიძა, უტას ტელეფონი რეკავდა, წამოვხტი და მივურბენინე. უმაგრესი შეგრძნება, იყო რომ არანაირი საიტი არ არსებობდა, საიდანაც ნივთებს უსასყიდლოდ და პირდაპირ კალთაში გიყრიდნენ, არც ამ მეგობარს ვხედავდი,რომელმაც ეს საიტი მოიძია. რამდენიმე წუთი ვარწმუნებდი თავს, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, მერე დავიჯერე, წამოვდექი უტას ყიყლიყოები შევუწვი, სოსისი მოვუხარშე და ყველთან ერთად პატარა თავსახურიან თასში ჩავუწყვე.

შარშან მთელი წელი, იუნგს ვკითხულობდი, მაგრამ ეხლა არაფერი არ მახსოვს, მაშინ არც სიზმრები მესიზმრებოდა, ეხლა ხელახლა უნდა გადავიკითხო, უფრო კარგად გავიგებ, ყოველღამე უამრავი სიზმარი მესიზმრება.

პირველი პოსტია სიზმრებზე♥

Read Full Post »

ცოტა ხანში ყავას მოვადუღებ და მერე ისევ გავაგრძელებ წერას. ამ დღეებში ისე ჩანდა თითქოს ბლოგი დავიკიდე, მაგრამ რაღაცის დაწერას ვაპირებდი და არ ვფიქრობდი, რომ რაც ჩემს თავს ხდება ესეც საინტერესოა ბლოგისთვის. ცვლილებების ქარი, რომ არ დატრიალდებოდა, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ჩემთანაც ხდებოდა ცოტ-ცოტა ცხოვრებისეული ამბები. ჯერ ყავა  თუ პოსტის მერე? მოკლედ ყავებს კარგა ხანია არ გავკარებივარ, დღეს კი ისეთი “მნიშვნელოვანი” დღეა, ნამდვილად ღირს დღის გახანგრძლივება.

რადიოდან წამოვედი. რაღაცნაირად სასაცილოდ ჟღერს, ეს ადგომა და წამოსვლა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა, გუშინ დილით გადაცემა “კბილის ჯაგრისი” წავიყვანე, საღამოსაც ვიმუშავე მუსიკალურ ეთერში, ავიღე ხელფასი- მგონი 85 თუ 87 ლარი,  მერე ღამის ორი საათის შემდეგ, მეორე სტუდიაში გავედი, მწვანე გადასაფარებლიან დივანზე გავშალე ჩემი სუფთა თეთრეული და დავიძინე. ეს იყო და ეს, არანაირი გამომშვიდობება მსმენელებთან და გულაჩუყებული ლაპარაკი, საერთოდ არაა საჭირო ვინმეს უთხრა რატომ მიდიხარ, მერე რას იზამ, რა გზას ეწევი და ა.შ. ხოდა ყველაფერი ძაან ბუნებრივად იყო, ამ დილითაც ძაან ბუნებრივად გამეღვიძა და საშინლად მტკიოდა გვერდები და მტკიოდა თავი უჰაერობისგან. ანუ საოცრებები ნამდვილად არ მომხდარა. თან მითუმეტეს რადიოში გადაცემის გაკეთება მაინც მომიწევს ყოველ მეორე სამშაბათს, ამიტომ ტრაგიკულად არაფერს ვუყურებ. ეს უბრალოდ შესვენებაა და მოტივაციის ამაღლების დღეებია იქამდე, სანამ რეალურად რამე ახალს დავიწყებ.

ახლა გავალ და ყავას მოვუდუღებ…

მუქია და მწარე გემო აქვს. დღეს ნამდვილად მეყოფა.

თან გუშინ პროექტის მეორე გადაცემა გავაკეთე, თემა იყო ასოციალური და კანონსაწინააღმდეგო ქცევების პრევენცია მოზარდებში და კრიზისში მყოფი ბავშვები. ორი საერთაშორისო ორგანიზაციდაან იყვნენ სტუმრები, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და პროექტის კოორდინატორი, ჩემთვისაც საინტერესო თემა იყო, ბევრი რამ გავიგე, ამიტომ ალბათ მომავალ, რომელიმე გადაცემას კიდევ მივუძღვნი არაფორმალურ განათლებას.

გარეთ არ ვიცი რა ხდება, ისევ იღრუბლება მგონი. ძველი ჟურნალები ამოვყარე, სანდრო კაკულიას “რადიოამბავს” ვეძებდი და ვიპოვე, ხელახლა უნდა გადავიკითხო. რატომღაც მიყვარს ეს მოთხრობა, ცოტათი მეც ვარ იქ, სადღაც გავიელვებ:)ხოდა დღეს უამრავ დაგროვებულ სახლის საქმეებს, რომ მივხედავ მერე ჩავუჯდები. გუშინ ძაან მომინდა ქრისტინესთან დარეკვა, საერთოდ სახლში არავის ვურეკავ, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. დღეს დავურეკავ და ამ დღეებში სადმე ვნახავ. იშვიათად ვინმეს ნახვა მომინდეს, მაგრამ ქრისტინე გამონაკლისია, მუდმივად დადებით იმპულსებს გადმომცემს, წინა შაბათ-კვირას უნდა მენახა, მაგრამ მე ხომ ხან ალთას ვარ ხან ბალთას. ბებიაჩემი, რომ ცოცხალი იყოს გაგიჟდებოდა ჩემი ამდენი წანწალით, მეტყოდა : “რამდენს დაწოწიალობო”…

უტა ქუტაისშია გადაღებაზე, დილით დამირეკა და ეს ამბავი მამცნო. შეიძლება უკვე ბათუმშიც წავიდნენ .

თბილისში, რომ აღმოვჩნდები ეკა უნდა ვნახო. მის ნახვას რამდენი ხანია ველოდები. ხოდა ვნახავ და დიდხანს ვილაპარაკებ მასთან. თან თავის მოთხრობებს წამიკითხავს და უბრალოდ ყავას დავლევთ ერთად. ეკა ჩემი ნათელი  წერტილი იყო უნივერსიტეტში სწავლის დროს, მასზე შეყვარებული ვერაფრით ვაცდენდი მის ლექციებს. ხოდა ახლა წლები გავიდა, რაც არ მინახავს და წინასწარ მიხარია მასთან შეხვედრა.

მოკლედ თინეიჯერობის წლები დამთავრდა:)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: