Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ყავა’

ყავის გარეშე დილას დილა არ ქვია. მართლა გეუბნებით, მე ასე ვარ, თუ დილით ყავა არ დავლიე მგონია ჯერაც არ გათენებულა და ისევ ღამეა და ისევ უნდა ვიწვე. ხოდა  არც ყავა მაქვს, ანდრიასაც ტკბილი ძილით ძინავს ჩამუქებულ ოთახში და მეც ვერსად წავალ მის მოსაპოვებლად. მთელი ჩემო კონცენტრაცია კი სამზარეულოში გადაბარგდა და ჩაიდნის ღილაკზე დასკუპდა. გუშინ ერთმა ბიჭმა, რომელმაც მე და ჩემი შვილი მცხეთიდან ჩამოგვიყვანა მკითხა, ყავა რომ არ დალიო რა მოხდება? აი მე ერთხელაც არ დამილევია ცხოვრებაში ყავა და არასდროს მომნდომებია დამელია. მე ვუთხარი რომ ძალები არ მექნება და მთელი დღე დაშლილი ძვლებით ვიჯდები სავარძელში, მაგრამ ამასაც არავინ მაცლის. 

“სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ” – ერთ პიანისტ გოგოს წერდა ის ბიჭი, (დედას ვფიცავარ არ ჩამიჭყეტია ტელეფონში, უბრალოდ რაღაც ძალების მეშვეობით პირველი სიტყვა დავინახე და შემდეგსაც მივხვდი) მერე იმ გოგომ დაურეკა ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და სავარაუდოდ, ცოტა გვიან ალბათ შეხვდებოდნენ კიდევაც. რა მაგარია სიყვარული. სხვების სიყვარულიც ძალიან მაგარია.

სამაგიეროდ, პიანისტ და ხელოვან სარძლოებს ბიჭის მშობლები  არ წყალობენ. მთელი დღე უნდა ივარჯიშოსო, ჩვენს ოჯახს ვერ გაუგებს, მთელი ცხოვრება გასტროლებზე ივლისო – მოთქვამენ და მოთქვამენ. მე კიდე ვცდილობ მათ მდგომარეობაშიც შევიდე, მაგრამ არ გამომდის. ნეტა მე როგორი დედა ვიქნები, დავიცავ თუ არა ოქროს შუალედს შვილთან ურთიერთობაში, ნეტა რას ვიზამ? წინასწარ ვნერვიულობ და გული მისკდება.

სანამ, ჩემი ბიჭი ვინმეს სიყვარულით გადაირევა, მანამდე მე ცოტა  განსხვავებული დილები მაქვს. ვარჯიში დავიწყე. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ქმარი დილის შვიდზე საწოლიდან გადმომიღებს, მერე ფანჯარაში გამახედებს, ჰაერს ჩამასუნთქებს და გამომაფხიზლებს, მერე ვკადრულობ _  ვიცვამ ბოტასებს და მივდივარ სავარჯიშოდ. ოოო, ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა სიტყვებით ვერ აღვწერ. ის სუფთა ჰაერი, რომელიც ჯერ არ ჩაუყლაპავთ დახურულ ფანჯრიან ოთახებში გამოკეტილ მძინარე მაცხოვრებლებს, ყველა ჩემს ფილტვებში მიდის და მეც ამაყად ვზრდი ვარჯიშის ლიმიტს. თითქმის ყოველდღე 5 წუთს ვუმატებ.

მერე მოვდივარ სახლში და ყავა არ მხვდება. და მაინც ძალიან კარგია სირბილი, ძალიან კარგი  🙂

Read Full Post »

ვეჭვობ, ახალი წლის ღამესაც მაგიდის ქვეშ შევძვრები, მარტო წერის სურვილი მექნება და ჩემი ბედნიერების კელაპტარსაც მაგიდის ქვეშ ავინთებ. ასე რამდენიმე წლის წინ ერთ შობის ღამეს გავაკათე,მონასტრიდან ვიყავი ჩამოსული, რაღაცის დაწერას ვაპირებდი და სანამ იქ არ შევძვერი, მანამდე ვერაფერი დავწერე. ახლა ვფიქრობ ეტყობა ნამეტანი მარტოსული ვიყავი, ჩემმა მარტოსულობამ იქ რომ შემაძვრინათქო. მანამდე უფრო ადრე, ბავშვობაში კარადაში ვძვრებოდი,მოვყუჩდებოდი და ვიჯექი გატრუნული დიდხანს. იმ დროს მეგონა, ასეთ გადამალვას ყოველთვის შევძლებდი. ახლა მგონია სიმყუდროვე დავკარგეთქო. რატომღაც  მგონია ასე,მაგრამ ვგრძნობ მაშინ უფრო მშვიდად ვიყავი. იმ შობის ღამეს დავწერე ოთხი თაბახი, მერე პოსტ-კრიპტუმის რედაქციაში მივიტანე და რატომღაც აღვფრთოვანდნენ. აი ისე უჰონორაროდ აღფრთოვანდნენ და ერთი კვირის შემდეგ, ამ აღფრთოვანების შემდეგ მომცეს ოთხი გაზეთი და ასე წამოვედი სახლში. მაშინ ჩავიქნიე ხელი ამათზე. მერე თბილისიდან 30 ლარის ჰონორარი, რომ გამომიგზავნეს და მე აზრზე არ ვიყავი რატომ გამომიგზავნეს  უცნაურად გაკვირვებული დავრჩი. ამას აღარ ერქვა სასიამოვნო გაკვირვება. მოკლედ კაი ხანია აღარც თაბახებზე ვწერ და აღარც მაგიდის ქვეშ მივძვრები, არც ფარდებს ვკიდებ ამ მაგიდის გარშემო და არც ეზოში ვაშენებ აგურებით,სამზარეულოს და მისაღებ ოთახს. საუკუნეა გავიდა რაც ჩემი საშინელი მეზობლები თბილისში გადავიდნენ და კიდევ კარგი ლიფტშიც რაღაცეები მოიპარეს, თორე ის ჩემი მეზობლები ისეთი ავსულები იყვნენ ეხლაც ლიფტში ჩამკეტავდნენ.

დღეს დედაჩემს ვკითხე, როგორ დამთავრდა ის ფილმი გუშინ რომ უყურებდი მეთქი. ის ქალი დაუბრუნდა ბავშვებს, ის კაცი კი იმ ქალს გაეკიდაო. კაი მეთქი დეთქო. რუსთავი 2-ზე სიყვარული ყველას უნდა გადიოდა და მეც დამახსოვრებული ჰანგებით ავყევი ფილმს და მერე ვიკითხე ხო ის სიმღერაა,ამ ფილმში რომ მღერიან მეთქი. მშვენიერი კომუნისტური რომანია, ადრე ვიძახდი ვგიჟდები სოფლურ რომანტიულ ურთიერთობებზეთქო:)

მარიამს ჩემთვის მოეწონა ეს კაბა:) ამის მეტი არაფერი მოგიხდებაო. მეც მგონია, რომ მომიხდება. თუ გავირუჯები მომიხდება, თუ არა აზრი არა აქვს ასეთ კაბას:)

არაჩვეულებრივი დღეები მაქვს. მომწონს ჩემი თავი, მარიამის გადაღებულ ფოტოებშიც კარგად გამოვედი. რა კაია ხანდახან მაინც რომ კმაყოფილი ვარ . მარიამთან ერთად ვარ მთელი დღეა, ქუთაისი ძველი უბნები დავათვალიერებინე. მოწონს. რა მშვიდი ქუჩააო იძახდა. მეც მომწონს, როცა კარგი ამინდია და მომწონს როცა ადამიანები არ მღლიან. საუკუნოვანი ურთიერთობები მანც სხვაა. უამრავი რამე გავიხსენეთ. ებრაელები სადაც ცხოვრობდნენ ქუთაისსში იმ ქუჩაზე დავდივართ. ხარების ეკლესიაშიც გავიარეთ. ქუთაისელი მღვდლები მანქანაში იჯდნენ, რო შეხედავ მაინც მიხვდები რომ ქუთაისელი მღვდლები არიან. მარიამმაც იგივე თქვა. ეტყობათო:) კატა იყო სახურავზე შემომჯდარი და იმის მერეა ტენესი უილიამსზე ვფიქრობ. განა წამიკითხავს როდესმე? ან სპექტაკლს მიყურებია? არა ისე ვიცი ტენესი უილიამსი. ნახეთ რა ლამაზი კატაა და რა ცუდი ფოტოა. შებინდებულზეა გადაღებული.

ძაან მაღალზე იჯდა. კი მოვაახლოვე, მაგრამ ისე ბნელოდა კარგად აღარ გამოჩნდა. მაგრამ მთელი საღამო მახსენდებოდა კატა თუნუქის ცხელ სახურავზე და გადავწყვიტე აუცილებლად წავიკითხო. ისიც ძაან მიყვარს ჰემინგუეის კატა წვიმაში. მარტო როცა ვარ მაშინ მიყვარს კატები, ადამიანი როცა არ მყავს დამლაპარაკებელი, სოფელში რომ გავდივარ და ბებიაჩემი რო აღარ არის ეგ რო მახსენდება, იმ ღამით ყოველთვის კატას ვიწვენ ლოგინში. თუ კი გადაძვრება ვუცდი, როდის შემოძვრება ისევ ლოგინში. მოკლედ ასეთ დღეებში, კატებს ძალიან ვუფრთხილდები. კატებს კი არა კატას. არადა კატებს დასანახად ვერ ვიტანდი, უბრალოდ ჩემს სოფელში რადგან ყველაფერი ბებიაჩემს მახსენებს იმ კატასაც მაგიტო ვიწვენდი ლოგინში.

ახლა გამახსენდა, ერთ ღამით იმ დროს ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან საიდუმლოებებზე მქონდა მიმოწერა და მახსოვს მითხრა, კატასთანაც მქონდა სექსუალური კავშირიო. საწყალი კატა. ახლა შემეცოდა.

გაგიჟდები ისეთი ამინდი იდგა დღეს ქუთაისში. ყავას რომ ერთჯერად ჭიქაში ჩაისხამ და ასე, რომ ივლი ზუსტად ასეთი ამინდი. კიდე ოცჯერ, რომ იტყვი რა მაგარი ამინდიაო, და იმიტო კი არ იტყვი რომ მდუმარება დაარღვიო. არა! მართლა კაი ამინდი, როა და სულ რო ვერ ხვდები ოცჯერ თუ თქვი. მთელი დღე უტა მენატრებოდა, იმდენჯერ ვინატრე ნეტა ასეთ კარგ ამინდში ჩემს გვერდით იყოთქო, მგონი თვითონაც იგრძნო.

საღამომდე იმ მიზნით შემოვრჩით ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ვიფიქრე ვნახავ, როგორ გაანათებენ ქუთაისსთქო. სულ ტყუილად ველოდეთ. ეჭვი მაქვს, მაგიდის ქვეშ შევძვრები ამ ახალ წელს. მარიამმა იმდენი ლანძღა დღეს ქუთაისლები და იმდენი იძახა მაინც პროვინციელები არიანო, დამნაშავედ ვიგრძენი თავი, აქ რომ ვცხოვრობდი. არადა მართალი იყო. გაბაშვილის გორის პარკში ავიყვანე. რამდენიმე ადამიანი დადიოდა, ერთი შეყვარებული წყვილი, რომელიც მოპარულად და ჩუმად კოცნიდნენ ერთმანეთს და კიდევ რამდენიმე ადმინისტრციის წევრი. ერთჯერად ჭიქებში ჩავასხმევინეთ ყავა ვიღაც ქალს და კიბეებზე ჩამოვჯექით. მოდის დაცვა და გვეუბნება,რომ თურმე აქ არ შეიძლება ჩამოჯდომა (აქ-ანუ კიბეებზე) რადგან არ შეიძლება, ასეთი კანონი გამოუგონებიათ თურმე ამ პარკის მეპატრონეს, ეს კაცი გვიხსნის თავისი ჭკუით ანუ გვიყვირის, რომ ეს კერძო საკუთრებაა და როგორც გვეტყვიან ისე უნდა მოვიქცეთ და კიდევ სხვა მრავალი.მერე მარიამმა გამოიძახა ადმინისტრაცია:) მოვიდა კეთილი სახის და მოხუცი ადმინისტრაცია, რომელმაც გვითხრა შვილებო გაცივდებითო აქ, კიბეებზე რო ჩამომჯდარხართო. თორე აბა ისე ვინ გიშლითო ჩამოჯდომასო. მოკლედ კონფლიქტი განიმუხტა. უზრდელი დაცვა წავიდა, მედიატორ “ადმინისტრაციას”  მადლობა გადავუხადე, მეთქი მადლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავთთქო. ამასობაში ის ყავები გაცივდა. მერე კაი ხანს ვფიქრობდი კერძო მესაკუთრის ატრაქციონების პარკში ქვის ცივ კიბეებზე ჩამოჯდომა, რომელი კანონით არის აკრძალულითქო და კიდევ ერთხელ შევაგინე იმ პროვინციული აზრებით დაასლევებულ დაცვას. წამოვედით.

პ.ს ფოტოები მარიამის ციფრულშია და დავდებ მერე:)

Read Full Post »

მსოფლიო ტუალეტების დღეს გილოცავთ და სუფთა ტუალეტებს გისურვებთ,ალბათ ასე უნდა დავიწყო ამ პოსტის წერა. ტუალეტების დღე ყოფილა თურმე დღეს,რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ეს ნიკო ნერგაძემ თქვა დილის გადაცემაში,ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვახსენებ ნიკოს,ისე ხშირად ვკითხულობ მის ბლოგს გადაცემაში,ვინმემ შეიძლება იფიქროს ხომ არ შეუყვარდაო. რა მნიშვნელოვანი თარიღია. არა! სულაც არ ვხუმრობ,სრული სერიოზულობით ვიდღესასწაულებ ამ დღეს,როდესაც გარეთა საქმეებს მოვრჩები,რაშც კიდევ ერთი საათის განმავლობაში დარჩენილი ლაპარაკი შედის,სხვადასხვა უაზრო თემების შესახებ,ასტროლოგიური,სინოპტიკური და ვიკიპედიური კალენდარით. ვიკიპედიაზე და მის მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე,ან პოსტის ბოლოს ვისაუბრებ თუ დრო მეყოს,ან არასოდეს,რადგან ამჯერად მხოლოდ 20 წუთი მაქვს დარჩენილი ამ პოსტის საწერად.

ანუ რას გავაკეთებ? და ვისთან ერთად ავღნიშნავ? ჯერ ამ საქმეებს უნდა მოვრჩე,რომელსაც სერიოზული თვალით ვერასდროს ვერ ვუყურებ,მერე კი წავალ სახლში და ტუალეტების ზეიმსაც წამოვიწყებ.

უშუქოდ დარჩენილი 103 ნომერის ოთახებში,მარტოდ დარჩენილი,ხელზე წითელი რეზინის ხელთათმანებით,შევუდგები ტუალეტის ხეხვას და არიელიზაციას. გავხეხავ ძირიდან ზედაპირამდე,მგონი ჩემზე კარგად ვერავინ ხეხავს უნიტაზებს და მგონი ჩემსავით არავის უყვარს ტუალეტში სკამის შეტანა,წიგნის კითხვა და ყავის სმა. ხომ არ შეგძულდით? ასე ზაფხულობით ვიქცევი,რადგან ოთახებში ქუჩიდან გამაყრუებელი ხმაური შემოდის და ვერაფრის წაკითხვას ვახერხებ. მე რომანტიული მეტუალეტე ვარ.

გაწმენდის შემდეგ დავიწყებ უნიტაზის პატივგებას და ამ სადღესასწაულო ლიტურგიაზე,მარტო ორი ვიქნებით,მე და უნიტაზი, მთელი მისი სიქათქათით და ბრწყინვალებით.

ვიცი დღეს ყველაფერი კარგად იქნება. წვიმიანი დღე არის,მაგრამ კიდევ კარგი ჩემს ტუალეტში წვიმა არ ჩამოდის. რამდენიმე წლის წინ ჩამოდიოდა ჭერიდან, კრიშას რომ ვეძახით ხშირად და მერე დედაჩემმა იმდენი ირბინა მერიაში და მუნიციპალიტეტებში,რომ მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის კაცები და მთელი ჭერი გადახურეს. საერთოდ სულ ასეა,დედაჩემი დარბის ყველგან,მეზობლებს კი განცხადებაზე ხელისმოწერაც კი არ უნდათ,ეშინიათ ნაციონალური პარტიის მხარდამჭერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი არ გააღიზიანონ. ჭერის შეკეთება და წყლით ავსებული სარდაფების პრობლემა,ხომ მუნიციპალიტეტების პრობლემაცაა. მოკლედ არ ვაღიზიანებთ. პრობლემები გამახსენდა და ეგრევე ხასიათი გამიუჭდა,იმდენია რომ ჩამოვთვალო,თქვენც დაგგრუზავთ,ასე დილა ადრიან. რა არის ეს ”გრუზი” კიდევ? მგონი იქაც აკლია ბრჭყალები,მაგრამ არა უშავს,ჩვენ ხომ რადიოს ვებგვერდებზეც კი კბილის ჯაგრისი მაგივრად,კბილის ჩოთქს ვწერთ,ღამით დასატენიანებლად ღამის ”მაზს” ვისვამთ და ფეხსაცმელსაც მაზით ვაპრიალებთ.

რა მინდა ეხლა რატომ ვახურებ? რა მეფილოსოფიურება და მებარბარიზმება? დღეს ფილოსოფიის დღეც ყოფილა. გილოცავთ ამასაც.

მხოლოდ 3 წუთი წინ. ბარემ ვიკიპედიაზეც ვიტყვი, რომელმაც დღეს ჩემი აღშოთება გამოიწვია. ადრე კალენდრულ სექციებში,დღესასწაულების სექციაში,ხშირად მხვდებოდა მსოფლიო დღესასწაულები,ამ ბოლო დროს კი მარტო მართლმადიდებლური ზეიმები მხვდება. მოდით თქვენც მოგილოცავთ შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გალაქტიონის და ეპისტიმიასი

პატრობა,ერმე,ლინოსი,გაიოზი და ფილოლიგე -სამოცდაათთაგანნი

ასევე წმინდა გრიგოლის ხსენების დღეს.

ტუალეტები არც გაგვხსენებია. მე ტუალეტის ხსენების დღეს ვიდღესასწაულებ.

საზოგადოებრივ ტუალეტებში სუფთა უნიტაზების იმედებით გემშვიდობებით!

Read Full Post »

მგონი ჩემს ბლოგს არა აქვს პოსტების კატეგორიები. ჯერ ასეთ რამეებში ვერ ვერკვევი,რომ ჰქონდეს აუცილებლად გავაკეთებდი ”კოფებრეიქის” კატეგორიას,ანუ როცა დილით ვცდილობ მოვასწრო პოსტის დაწერა,გვერდით მიდგას ფინჯნით ყავა,რომელსაც საშინლად საამური:) სუნი ასდის. გადაბმულად ვწერ დილის პოსტებს,აქ უფრო მიადვილდება,უფრო მყუდროდ ვარ ვიდრე სახლში. მორიგე დიჯეიც წავიდა,რომელიც ლამის არასოდეს იღიმება,მასთან დაკავშირებით მეც ჩემი გაღიმების რეჟიმი გამომიმუშავდა,ანუ არც ვუღიმი და ისე მივუგდებ ”პრივეტს”  და რადიოში ვრჩები სულ  მარტო. ამ მომენტზე ვგიჟდები ხოლმე. მთავარია კომპიუტერები და ინტერნეტი არ წავიდეს სადმე,სხვა ვისაც უნდა დროულად ეწიოს თავის გზას.

ეს ერთსაათიანი პაუზა რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა,ამ დროს უამრავი რაღაცის გაკეთებას ვასწრებ. ერთი როგორც ავღნიშნე,ვახდენ გადაბლოგებას ანუ გადაბარგებას ბლოგზე,მერე საახლობლოს ჩამოვუვლი და ყველას მოვიკითხავ,ვინც ჯეოსელის აბონენტია,რადიო თავისუფლების ბლოგსაც ვესტუმრები ჩემ ფინჯან ყავასთან ერთად თუ კიდევ  დრო მაინც მრჩება, შოკოლადს და ლიბერალს  ვეწვევი უკვე ცარიელი ფინჯნით.ასე მთავრდება ჩემი ბლოგრევიუ.თუ კიდე მოხდა სასწაული და რამდენიმე წუთი კიდევ შემომრჩა ვცდილობ ამ დროს მოვასწრო ჭიქის გარეცხვა. ამით ძალიან ვამაყობ,რომ საკუთარ ჭიქას არასდროს ვტოვებ გაურეცხავს,საეთერო მაგიდას არასდროს ვტოვებ ნაგვიანს,კიდევ კარგი აღარ ვეწევი და აღარც ბიჩოკებით გატენილი საფერფლე მიდგას წინ. ახლა ამ ყველაფერს დაემატა ღორის გრიპი და ჩვეუებრივი პრევირუსული ისტერიკა საქართველოში ,რისიც საშინლად მეშინია და რამდენად სწორად ვცდილობ არ ვიცი,მაგრამ დილით სამარშრუტო ტაქსში,ცხვირი ჯილეტში მაქვს ჩარგული,ხელებს ისედაც ხშირად ვიბანდი,სველი სალფეთქით ვწმენდ სამუშაო მაგიდას და ხშირად ვანიავებ სტუდიას. ერთი კვირის წინ ისეთი დაზაფრული დავდიოდი,ამ ვირუსის გამო,მგონი ახლა აჯობებს ექიმთან წავიდე,ფსიქოლოგიურად ხო არ შემეყარა ეს ვირუსი.

ნიკო ნერგაძის პოსტი წავიკითხე რადიო თავისუფლების ბლოგზე ერთი ჩვეულებრივი დილის შემოვლის შემდეგ. ლოოლ ვუერთდები ცვლილებების მოთხოვნას.ლოოლ. რაღაც ძაან კაი იყო.სტიმული მომცა წინადადებამ:”ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ”:) ჰო კიდე იქ ბევრი სხვა მოთხოვნილი ცვლილება იყო, მერე უნდა გავიხსენო მე რა ცვლილებების მოთხოვნას ვაპირებ.აი ეხლა გამახსენდა ერთი,რასაც მოვითხოვ,ეს არის რომ დილის 7 საათზე სამარშრუტო ტაქსში არ მესმოდეს წინადადებები:”იცი რა ოჯახი მაქვს?თუ გინდა 20 კაცი მოვიდეს,სტუმრად მაგათ გამასპინძლებას ყოველთვის შევძლებ,მარა ხო იცი დიდ ოჯახს უფრო მეტი სჭირდება.ჩემთვის არაა პრობლემა,20 კაცს მოვასვენებ სახლში.”აი ასეთი და კიდე როგორ დაამჟავეს კიტრის მწნილი,როგორი ნიჭიერი შვილი ჰყავს.ვითხოვ ასეთი თავმომწონე  საუბრები და წინადადებები არ მესმოდეს ხმამაღალ რეგისტრში.იმ ქალს,20 კაცის მოსვენება რომ შეეძლო ყოველ დღეს თავის სახლში,ცოტა დამაკლდა და ვაპირებდი მეთქვა გაჩუმებულიყო.

შარშანდელ ამ დროს ვიხსენებ,როცა დილით ადრე მიწევდა რადიოში წამოსვლა,სიგარეტის სუნით გაბუღულ ბინძურ მარშუტკაში ვჯდებოდი,სადაც შესვლის მომენტიდან იწყებდნენ ერთმანეთთან კონტაქტს.დასაკონტაქტებელი თემები იყო სიცივე,წვიმა,თოვლი.მოკლედ საქართველოს სინოპტიკური რუკა.

ახლა ვაკვირდები და ასეთი აქტიური საუბრები ჯერ არ მომისმენია,იმ ქალის საუბარს არ ვთვლი,რომელიც თავის ოჯახში ყოველდღე შეძლებს 20 კაცის მოსვენებას და გამასპინძლებას.ფუიიიი,რა მეტიჩრობაა.არადა მწვანილის გასაყიდად მიდიოდა მგონი ბაზარში.რა დიადი და ამაღლებული ქართული სტუმართმოყვარეობის სული ედგა იმ ძვირფას და წმინდა სასულეში დილის 7 საათზე. კიდევ კარგი ჯერ არ დაწყებულა ყინვები,თოვა და საშინელი ამინდები,რაც მაძლევს საშუალებას მშვიდად და წყნარად ვვიმგზავრო ჩემი სახლის გაჩერებიდან-რადიოს გაჩერებამდე.

მთელი დილაა ტვინს ვბურღავ და ნერვები მეშლება კირილზე. ”რა უნდა კირილს?რატო ჩამოდის?რა უნდა კირილს?რატო ჩამოდის?” და ა.შ. რაღაცნაირად გული მწყდება,რომ ეს ჩემს ბევრ დამოკიდებულებასაც შეცვლის. ეჭვებს გამიჩენს მერე კიდევ მომიწევს ტვინის გადაბურღვა და დასკვნის გამოტანას შევეწინააღმდეგები.ანუ ჩემეული დასკვნების გამოტანას, რომელიც ბევრ რამეზე  შემაცვლევინებს წარმოდგენებს. ხოდა ცოტახანს არ გამოვიტან ჩემს დასკვნებს და ვიჯდები წყვდიადში. დედა მაკრინემ მომწერა დროებით მოშორდიო ინტერნეტსო,უტამაც ეს მითხრა გუშინ. ”დამშვიდდი მთავარი არის პირადი სიწმინდე,საშიში და სამარცხვინო ცოდვის სიყვარულია და არა რუსეთის პატრიარქის ჩამოსვლა”. ესეც მითხრა დედა მაკრინემ. რა ვიცი ალბათ ხო. ან რავი კიდევ.  რა კაია აკუტაგავას სეზონი დგება ჩემთან. პირად საკუთრებაში მაქვს სეზონები.

კიდევ ნიკო ნერგაძე და ნინო გელაშვილი.

კიდე ერთი ფინჯანი ყავა.წავედი

Read Full Post »

აღარ მოვყვები იმაზე,თუ როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე,როგორ ვარ ამ დღეს ცუდ ხასიათზე და როგორი ცუდი ამინდები იყო თბილისში.საერთოდ ამ დღეებში ისეთი დაბანგული დავდიოდი,ქუჩაში ხალხს ვერ ვამჩნევდი:)უტას მარჯვენა მკლავის ქვეშ მქონდა თავი შეყოფილი და ჯანდაბაში ვაგზავნიდი ყველას,ვისაც რამე არ მოეწონებოდა ჩემი.

ხუთშაბათ დილით სულაც ვერ ვგრძნობდი,რომ უკვე 23 წლის გოგო ვარ.მაგარი ყავა დავლიე  და მერე სულ არ გამხსენებია ჩემი დაბადების დღე.უტამ დილით დამირეკა,საღამომდე უნდა ემუშავა და მერე უნდა მენახა.სამი კარგი რამ მისურვა,ისეთი რამეები,რაც ორივეს დაგვჭირდება კარგად რო ვიყოთ მთელი ცხოვრება:)ანის სანახავად წავედი,ჯერ სამსახურში მივაკითხე.რაც ქუთაისიდან თბილისში გადაბარგდა ანი,არ მენახა.რაღაცნაირად კარგი შეგრძნებაა,როცა მეგობარს ნახულობ სხვა ქალაქში,რომელიც შენი არაა.ანი იყო ისევ ხუჭუჭა და ისევ ვინსტონს ეწეოდა.ვაკეში წავედით მასთან,შუადღის 2 საათზე ვაკოს ეძინა და რომ დამინახა ჩემი დაბადების დღე გაახსენდა.გამიკვირდა რომ ახსოვდა.2 წლის წინ ასე მომილოცა სმს-ით:” თუ მარკესს დავუჯერებთ,შენ არასდროს დაბერდები შო”.მეც ასე ვფიქრობ ახლა და მარკესის საოცრად მჯერა.პირველად ვაკოსთან და ანისთან გავსინჯე ლიმნიანი ყავა და ულიმნო ყავას ალბათ ვეღარც დავლევ.იმათ მოწიეს,მერე იმაზე ვილაპარაკეთ რა არის სასიამოვნო სიგარეტის მოწევაში და შევჯერდით იმაზე:)რომ ყველა ყოფილ მწეველს მოწევის მანერა ენატრება.ორ თითშუა მოქცეული სიგარეტი…მერე ქუთაისზე ვილაპარაკეთ,რადიოზე,მეგობრებზე .

მგონი კიდევ დავლიეთ ყავა.კიდევ ლიმნიანი.უტამაც დარეკა მერე.

ვერასდროს ვიხსენებ უტას ნახვის მერე,რას ვაკეთებდით,როგორ დავინახე,რა ვიგრძენი.იმდენად ძლიერი ემოციაა მგონი ეგრევე ამნეზია მემართება.სუნი არასდროს მავიწყდება მისი და საერთოდ ყველაფერი მახსოვს,მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი ვიღაც თავში მკარნახობს,რომ არ დაწეროოო.

საშინლად ცრუმორწმუნე ვარ.

ჩემი დაბადების დღე პირველად იყო ლამაზი,სულ ოდნავ წამოწვიმა და მერე შეწყდა.

ვააააიჰ:) რა კარგად ვგრძნობ თავს როცა ამას ვიძახი,მარტო უტამ იცის და მარტო უტას უყვარს როცა ამას ვიძახი.

Read Full Post »

აი ეს ვიდეო,ისე მულწიკების თვალიერების დროს შემომეძებნა ხელში და ვუყურე და გული დამეწვა.დავფიქრდი,როგორი უზრდელები ვართ ხშირ შემთხვევაში ადამიანები,რათქმაუნდა ყველაზე არ ვამბობ,უბრალოდ ისეთ ხალხზე,რომლებიც ნაგვის ურნებს ჩაუვლიან და თავიანთ ნაგავს მაინც სადღაც მოისვრიან.ეს ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემი აზრით,როდესაც გარკვეული სიბოროტით ანაგვიანებ გარემოს.

არიან კიდევ ისეთი ადამიანები,რომლებიც თუ ნაგვის ურნას ვერ აღმოაჩენენ,გაივლიან და მაინც ქუჩაში მოისვრიან თავიანთ ნაგავს.ასე რამდენჯერმე მეც მოვქცეულვარ,მხოლოდ იმის გამო,რომ ვაპროტესტებდი იმას,რომ ნაგვის ურნები საერთოდ არ იდგა ქუჩებში.მერე მივხვდი,რომ ასეთი პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს.

არიან კიდევ ისეთი ადამიანები,რომლებიც თავიანთ ნაგავს,თუ ნაგვის ურნას ვერ დაინახავენ,ატარებენ ჩანთით.ასეთი ადამიანები არიან მაგალითად დედაჩემი და უტა.და ასე ვიქცევი მეც უკვე კარგა ხანია.

მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი,არსებობენ ადამიანები,რომლებიც ვერც ნაგვის ურნას ამჩნევენ და თავხედურად მოისვრიან თავიანთ ნაგავს დასფუთავებულ ქუჩაში.რა უნდა თქვა ასეთ ადამიანებზე.არაფერი მომდის თავში მათ გასალანძღად,შეიძლება იმიტომ რომ დილაა და მარტო ყავაზე ვფიქრობ,რომელიც რადიოში ვერ აღმოვაჩინე.

დილით,როდესაც რადიოში მოვდიოდი,სიბნელეში ის მოხუცი ქალი იქექებოდა ნაგავში,თავიდანვე მივხვდი,რომ მარტო ის იქნებოდა ასეთ ნაგავთან.რომელიც ძირითადად ყველაფერს ალაგებს ქუჩაში,ყველანაირ ნაგავს ეხება მისი ხელები,ფრჩხილები მუდმივად ჩაშავებული აქვს და ვერაფრით წარმოვიდგენ,თუ როგორ უნდა ჭამოს ვინმემ,მისი გაკეთებული საჭმელი.მასზე შეიძლება ვთქვა,რომ სტაჟიანი მენაგვეა.პატარა,გამხმარი,მოხუცი ქალი,რომელსაც მუდმივად ნაგავთან სიახლოვეს ვხედავ.ალაგებს და ხვეტავს.

ამ გამხმარი ქალის სილუეტი,რომ აღმოვაჩინე დილის 7 საათზე ნაგვის ბუნკერის სიახლოვეს,ტომ სვიპი გამახსენდა და გული დამეწვა ამაზეც.

Read Full Post »

%d bloggers like this: