Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ძველი ქალაქი’

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები მქონდა გასწამენდითქო. ჰო, მთელი დილა ფანჯრებს ვწმენდდი და მკლავები დამაწყდა. მე ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ, ხალხი ახალი წლის წინა დღეებში წმენდს ფანჯრის მინებს, მე ახალი წლის დადგომის შემდეგ. ყველაფერს ინდივიდუალური განწყობა ჭირდება:)

წვიმს აქ საშინლად, მომაბეზრებლად და შეჩვეულივით ვარ ასეთ ამინდებს, მაგრამ მაინც ძაან მომბეზრდა წვიმა. ხვალ მოთოვსო ამბობენ და მეც დარწმუნებული ვიყავი მოთოვდა. შობას თოვლი იქნება. შობას დედა შუშანიკს ვნახავ, მანამდე ვნახავ უტას,  სადგურ “ოკრიბას” პაემანი ხვალაც არ ამცდება.

დედაჩემი მიხვდა ჰერპესების გამოჩენის მიზეზს, მამაჩემს მოვატყუე, მარის ისედაც ვუთხარი. დედაჩემსაც ვუთხარი და გაეცინა. რა ვქნა სასტიკად მეზარება ტყუილები.

ახლა ისე ვუზივარ კომპს, როგორც ზაფხულობით და გავიყინე.

დედა შუშანიკს ვენატრები. მეც მენატრება. რა კაია შობა ბედიანში.

აკოზე მინდა კიდე დაწერა. ამ ბოლო დღეებში ვხვდები, რომ ვერც ის გადამიყვარებს და ვერც მე გადავიყვარებ. შეიძლება ხშირად ვიჩხუბოთ და შეიძლება უმიზეზოდ არ გავცეთ ხმა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს. დედაჩემმაც თქვა, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. მაგრამ იცი რა არის? ახალი წლის დღეებში, მეგონა მომილოცავდა და რომ არ მომილოცა, ამაზეც გავბრაზდი. მერე არც მე მივულოცე. :ბოღმა: დღეს ველაპარაკე . რადიოში ჩემს დღეებში იმუშავებს. რო ჩამოვალ ბედიანიდან, ავალ სახლში მაგასთან, მაგის საყვარელ პუფში ჩავჯდები და დაუკითხავად რო მივადგები, არა მგონია სახლიდან გამომაგდოს. გილოცავ აკო. ახლა თუ კითხულობ ამ ნაწერს, გეტყვი რომ იმ კვირაში პრესის სახლის კიბეებზე რო შეგხვდი, რო გაგვეცინა ორივეს და რო მკითხე როგორ ხარ შოო, ძაან მომინდა შენთან ერთად ყავის დალევა. შენზე დაწერაც მინდა რაღაცეების,მაგრამ მე ხომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ამირომ ვერ ვფუთავ, ისე როგორც საჭიროა. ხვალ დილით რვის ნახევარზე რადიოში რო ახვალ და მუშაობას დაიწყებ, მე ისევ თბილისი-ქუთაისის მარშუტკაში ვიქნები და რაღაც სიმღერების გაშვებას მოგთხოვ. ზესტაფონამდე მოგისმენ, მერე ცოტას ახრიალდება “ძველი ქალაქი” და მერე ჩემს უმსგავს სიმღერებს მოვუსმენ.

წავედი ეხა თორემ უტა იეჭვიანებს.

Advertisements

Read Full Post »

დილაათქო მგონია, რადიო ძველი ქალაქის ივენთის ვიდეოებს ვუყურებ.

ამ ვიდეოს ჰქვია  “კაკადუ არ მინდა შენთან სექსი,მაგრამ არ ნიშნავს რომ არ მევასები” 🙂

კლუბის მეორე მხარეც რო ჩანდეს კაი იქნებოდა:)

ავთოს და აკოს მოვკარი თვალი:)

მორჩა დანარჩენი საინტერესო არაა. ვიდეოები ერთმანეთს ჰგავს.

Read Full Post »

დღე პირველი

სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა.

“რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად მადლობასაც ვუხდი. მადლობა სალბუნია სულის. რადიოში კალვინ ჰარისს ვუსმენდი და მოლოკოს. შენობიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი რომ უფრო ორიგინალურად შემეძლო დამშვიდობება და გული დამწყდა. ქარმა სადღაც თავის მიმართულებით წამათრია, მაგრამ კიდევ კარგი ბედად ჩემი მარშუტკა გამოჩნდა.

უცნაურ სინოპტიკურ დღეებში იციან ადამიანებმა დაკონტაქტება, მეზობლის ცოლი შემხვდა კიბეებზე, გამარჯობის მეტი რომ არასდროს არ მითქვამს და მითხრა რა საშინელი ქარიაო არა, ჰოდა მეც ვუპასუხე, შენ ზემოთ უნდა ნახო რეები ხდება მეთქი. ხელში ყუნწმოტეხილი ყავის ჭიქა ეჭირა და ძველი დრო გამახსენდა, მეზობლები ერთმანეთთან, რომ დადიოდნენ, შაქრის და ზეთის სასესხებლად.

სასიამოვნო სუნი მეცა კართან, ვიფიქრე როდის მოასწრო დედაჩემმა ჭადების გამოცხობათქო და სასიამოვნოდ გამიკვირდა როცა სამზარეულოში ცხელი ჭადები დამხვდა. მერე კი გავიფიქრე ალბათ ასეთი უაზრობების გამო ჩხუბობდნენ ხშირადთქო. “ჭადი ასე გახმება, რა უგემური საჭმელია, შარვალი რა ცუდი გაუთოებული, ნაკეცები არ ეტყობა და ა.შ” და კიდევ მეათასედ დავასკვენი, რომ დიდებული დედა მყავს, ჭადები კარადაში შევაწყვე და დედაჩემს მაინც მივეცი გულში შენიშვნა: “ეს ცხელი ჭადები აქ რომ დაგიყრია,ხო გახმებამეთქი”.

შექსპირი დამხვდა კიდევ. სკოლის ბიბლიოთეკიდან წამომიღო ეტყობა. ჰო კიდე შავი ღვინო, მეთქი კიბოს გაჩენას უშლის ხელსთქო და დავისხი. მერე გამახსენდა ყელი რომ მქონდა ჩამწვარი სიცხისგან და ვიფიქრე აი მეორე მოუხდებათქო. “ლაზოლვანის”:)  ეფექტი ჰქონდა მესამეს და მეოთხე აღარ დამისხამს, რადგან ვიცოდი ფატალური შედეგი მექნებოდა და უნიტაზთან გავატარებდი დილას და შევეშვი. მერე კი ვფიქრობდი, რით ვარ იმ კაცებზე უკეთესითქო, მაგრამ მაინც ჩემი თავი გავამართლე როგორც ყოველთვის. ამოტივტივდა უინტიმურესი აზრები, ეგრევე უარვყავი, ამაზე რომ რამე დავწერო და თუ გინდა ლიბერალური პოეზია დავარქვა, უტა მაინც მომკლავსთქო, მერე ისე მომეწონა ის გაფიქრება,თუ როგორ მომკლავდა უტა, სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ჩანთიდან ამოვყარე  ლოცვების,დაუჯდომლების,ინგლისური ლექსიკონის წიგნები და ჩემი ლიფი, რომელიც ამ ბოლო დროს სულ ჩანთით დამაქვს.

დღე პირველის მეორე ნახევარი

ეს ბლოგი, რომ რაღაცას უნდა დაემგვანოს ყველამ იცის.  მეც ვიცი და ამიტომ ვთხოვე, რამდენიმე დღის წინ თინის როცა მოიცლი დამამონიტორინგე მეთქი. ჰოდა ეტყობოდა თინის ეცალა და დავიწყეთ ვიდჯეტებით. “ეხლა მე შენ გაგიკეთებ ტოპ.ჯეს მთვლელსდა კიდე აიმ მთვლელს რამდენია ონლაინ.” მოკლედ ასე დაიწყო თინიმ:)ტოპ.ჯეს მთვლელის დაყენება რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ თინის სურდა მეორე მთვლელიც დაეყენებინა და ისეთი დიდი ენთუზიაზმით მეხმარებოდა,ვიფიქრე მართლა უმნიშვნელოვანესი საქმეა ბლოგერობამეთქი და უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთქო. მოკლედ ის “გული”-ს ფორმის მთვლელი ვერ დავაყენეთ,თინიმ ეტყობა ჩემი “მდგომარეობა” გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ შემომთავაზა, გულის ფორმის მთვლელი. მოკლედ საიდებარს, ორი ვიდჯეტი შევმატეთ, კიდევ ბლოგროლ.ჯიზე დარეგისტრირებაც ვეცადე, მაგრამ წერილი არ მომივიდა და დღესაც ველი. ჰო კიდე დიზაინი ის ძველი, ჩემი ტკვილი იყო, ჰედერსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ეხა კი მომეცა გაქანება:) საკუთარი სურვილით შევცვლი და რასაც მინდა იმას დავაყენებ. და ამის შემდეგ თინიმ დაიწყო პოსტის წერა და მეც გავათავისუფლე კომპი, რათა მირანდას მეთხუთმეტედ ეყურებინა “ბინდი”. დაჯდა და მე კარგად შევათვალიერე, ეს ბავშვიც ვამპირად ხომ არ გადაიქცათქო.

ძველი ქალაქის დაბ.დღე

მე არაფერი მკითხოთ, აზრზე არ ვარ რა ხდებოდა. ჩემი სურვილით და გადაწყვეტილებით, არ წავედი კლუბში სადაც რადიოს დაბ.დღე აღინიშნებოდა და ვიჯექი ეთერში და მომლოცველთა ზარებს ვპასუხობდი. ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნებოდა. კაკაკდუ (აუტსაიდერელი) დაუკრავდა და კიდევ ახალი როკ ჯგუფები, რომლებიც პრესის სახლის ბოლო სართულზე “ხერხავდნენ” და არეპეტიციებედნენ.ასე იქნებოდა კი არა, ასე იყო. ჯერ როკ კონცერტივით რაღაც ჩატარებულა,მერე დისკოტეკა, დიჯეი ლევანმა და ზაპამ დაუკრეს, კიდევ ალაფურშეტი დაკიდევ ისეთი რაღაცეები, რაც მე არ მინახავს. მოკლედ საერთოდ არ მწყდება გული, რადგან ყველაზე მეტად მარიმ იცის ჩემთვის რა არის დღესასწაული. მოკლედ რადიო 14 წლის გახდა. იმდენი დრო გავიდა იმ წლებიდან, როცა უშუქობაში ვუსმენდით რადიოებს და სიტყვა დიჯეიზე სუნთქვის შეჩერებები მჭირდა და ვერც ვიფიქრებდი, რომ მალე მეც “ძველი ქალაქელი” გავხდებოდი. ასეთი წარმატებით, რომ ამისრულდეს ყველა ოცნება, შეიძლება საბოლოო ჯამში გავაფრინო:)

პირადი-პირადი ამბები

ოცნებებში და ძილში ვარ გადავარდნილი. ისე ნელა გადის დრო, ნერვები მეშლება, ნევროზი რომ არ დამემართოს, ამიტომ სულ მძინავს. რა საჭირო იყო ამ პოსტის ასე სექციებად დაყოფა, აზრზე არ ვარ. აა შეიძლება, იმიტომ გავაკეთე, რომ ასე უფრო წაკითხვადად  და საყურადსაღებოდ გამოიყურებოდეს:) მოკლედ ინსტიქტები. კოკა-კოლას რეკლამის გამოჩენა ძველ, ბავშვურ ოცნებას მახსენებას, ნიუ-იორკში რომ მინდოდა ახალწელს და შობას შევხვედროდი, პრინციპში მინდოდა კი არა ეხლაც მინდა. მაგრამ ,ახლა უტა სადაცაა იქაა ჩემთვის დღესასწაული, ახალი წელი, შობა და იქაა ჩემი ნიუ-იორკი.

Read Full Post »

ბლოგის კალენდარს თვალი გადავავლე და უსიამოვნოდ გავვოცდი. რამდენი დღეები გამომიტოვებია. ამ დღეებში ბევრს ვათევდი, სხვა დღეებთან შედარებით ბევრს დავდიოდი და ბევრს ვკითხულობდი. აი ახლა ეს ბოლო წინადადება თავად მესიამოვნა, კითხვასთან დაკავშირებით. ხო ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობდი, დანარჩენს ლოგინში ძილის წინ. დავსნეულდი ამ ზამთრისკენ წიგნების კითხვით, ნეტა დიდხანს გასტანოს ამ დაავადებამ. მალე ოფიციალურად დაიწყება ზამთარი, ჩემთვის დღესაც ზამთარი იყო, როცა რადიოში გადაცემის პაუზის დროს, 9 საათზე გარეთ გავიხედე და ისევ უკუნითი სიბნელე იდგა. სადღაც მესიამოვნა და მომინდა ნეტა მთელი დღე ასე იყოს ჩაბნელებულითქო, არადა ღამეებიც ხომ უნდა მყოფნიდეს?!..უაზროდ ქალური სისულელეები წარმოვიდგინე, ბევრი ვიბოდიალე ხალათში, რძიანი პიურეც გავაკეთე (უტას უყვარს),საბანი ამოვუკეცე და ისე წამოვედი რადიოსკენ. თქვენ გჯერათ ახლა ეეს?

იცით როდის ვხვდები, რომ  ზამთარია? სახეზე ლაქები გადამდის და მაშინ. კი არ გადამდის, უბრალოდ დროებით  უფერულდება. კოსმეტოლოგმა მითხრა ასე. კიდე იმით, რომ სოფოსთან ასვლა მინდება და იქ ყავის დალევა. რაღაცნაირად ძაან საყვარელი მწვანე ყავის ჭიქები აქვს, პატარა ბოჭკებივით არიან და მგონია, იმ ჭიქებში არის ყველაზე გემრიელი ყავა. არადა სასტიკად ვეწინააღმდეგები მწვანე ფერს. ჰოო აცივდა და ესეც ძაან მაწუხებს, განსაკუთრებით როცა ადრე უნდა წავიდე რადიოში. ლოგინიდან გადმოძვრომა მეზიზღება, მაგრამ მაინც მოვფორთხავ და საკუთარი თავის თერაპიას ვიწყებ. ვფიქრობ, რომ უტას ძალიან ვუყვარვარ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, რომ ძალიან მეყვარება, მისგან შვილს გავაჩენ და რომ მისი ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ყველანაირად!!! მერე ვიცვამ, კბილებს ვიხეხავ და დილის ლოცვებს ვკითხულობ. ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორს თავის სვეტში   ეწერა, ქუჩაში მარტო  “ზასაობა” და პირჯვარის გადაწერა შეიძლებაო, ლოცვით სახლში ილოცეთო ჟურნალისტებმა. ჰოდა მეც ასე ვარ:) არც სახლში და არც გარეთ  არავის ვაწუხებ ჩემი ლოცვებით, არც ჩემი მარხვებით და არც ჩემი ცოდვებით. ავტოთერაპია მეხმარება იმაში, რომ სანამ მსმენელებს მივუგდებდე ერთ-ორ სიტყვას, მანამდე მე თითონ გამეღიმოს და ჩემი თავი გავამხნევო. ხოდა ამ ყველაფერს მარტო მე, რომ ვერ ვშველი ისეთ დილაადრიან, როცა გარეთ სუსხია და ყველაფერი იყინება, ამიტომ ღმერთს ასე ვთხოვ:  “მინდა ჩემთან ერთად იყო დღეს, ცოტახანს არ მიმატოვო, ცოტა ხანს გამიძლო. ოღონდ იცი როგორ ვქნათ? ისე მოვახერხოთ, რომ სხვებიც არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, უტასთანაც იყავი დღეს, მარისთანაც, მირანდასთან, ჩემს მშობლებთან, ჩემს ახლობლებთან. დღეს შენი თავი კატასტროფულად მჭირდება,განსაკუთრებით ახლა, დილის შვიდ საათზე, მაშინ როცა უტას ტკბილად  სძინავს და მესიჯიც,რომ მივწერო ვერაფერს მომწერს” …მერე ჩაბნელებულ კიბეებზე ჩავდივარ და ისე გავივლი ეზოს, მაყვალას და ბადრის მაღაზიას ,არც გავხედავ, შესაბამისად არც გამარჯობას ვეტყვი მათ. განა მისალმება მეზარება..პირიქით, თითონ ეზარებათ და ამ ბოლო დროს ისე გავივლი თითქოს არც დამენახოს. მერე შევდივარ სამარშრუტო ტაქსში (:) და აქაც ვაგრძელებ რელიგიურ ავტოთერაპიას, ფანჯარასთან ვჯდები ხოლმე და გვერდით ადგილს ღმერთს ვუთმობ, ისე როგორც დღეს მოვიქეცი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი გაჩერება უფრო წინაა. ხოდა ვჯდები ფანჯარასთან და ღმერთს ვეუბნები :” ჩემს გვერდით დაჯექი, სანამ პრესის სახლამდე ჩამოვალ,ჩემს გვერდით იყავი რა. რაღაც მარტოდ ვგრძნობ თავს და ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ჩემი დახმარება”. ისიც ჯდება ჩემს გვერდით გაყინულ სავარძელზე და მარტოობის შეგრძნებაც გადამდის. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იღებს სამგზავროს?

რამდენიმე დღის წინ ზღვის ფოტოებს ვათვალიერებდი. უამრავი ფოტოებია,აუცილებლად უნდა დავწერო დიდი და სურათებით დახუნძლული პოსტი. უამრავი კარგი რამე მოხდა ამ ზაფხულში ზღვაზე. 23 ივლისი კი არასოდეს დამავიწყდება, როცა გადამწვარი და გადაწითლებული კანით ბათუმში გავრბოდით მე და აკო. მადლობა აკოს, ის რომ არა იმ დღეს ვეგდებოდი ქობულეთში გულდათუთქული:).

გუშინ უტამ მითხრა არაფერი დაწეროო ბლოგზე ინტიმურიო. თავიდან ძაან მიკვირს როცა რაღაცას მეუბნება, ვეწინააღმდეგები, თავს ვიგიჟიანებ და ვიცოფიანებ და მერე ვხვდები, რომ იგი მაინც მართალია.  მაგრამ სანამ მივხვდები, რომ მართალია, მანამდე ერთ შოუს გამართვას მაინც ვასწრებ. ხანდახან ვეუბნები, ერთი დღე იქნება და დიდ რომანს დავწერ, ყველაფერს დავწერთქო ვეუბნები, მაგრამ აბა მე რისი დამწერი ვარ. თან რომანის? მოკლედ მანამდე იმ “ერთ” დღეზე ვიოცნებებ:)

მაკას გამოგზავნილი გრძელი წინდები მაცვია. თბილისიდან გამომიგზავნა შარშან, დიდი თეთრი კონვერტით, წერილიც იყო შიგნით, ამ ბოლო დროს ის წერილი ვეძიე და ვერ მივაგენი. დარწმუნებული ვარ, რომელიმე წიგნში მაქვს ჩარჩენილი და მაგიტომ ვერ ვპოულობ.

რამდენიმე წუთის წინ მეზობლის პატარა ბავშვმა მითხრა,თოვდაო. ჯერ თოვლი ვერ წარმომიდგენია, თუმცა საშობაო სიმღერა მაინც დავაყენე გუშინ რინგტონად. ვტკბები მოახლოებული შობის იდილიით. მგონი 35 დღე დარჩა და მინდება დათვივით დავიძინო იმ დღემდე, თითი ჩავიდო პირში და უცებ დადგეს შობა. არადა ვერ ვიტან დათვებს. დედაჩემის ერთმა მეგობარმა ერთხელ ფსიქოლოგიური ტესტი გამაკეთებინა, რაღაც უნდა დამეწერა. რამდენიმე სიტყვა იყო ჩამოწერილი და იმაზე სიუჟეტი უნდა ამეგო, დათვი ბოროტ სულად გამოვიყვანე, და ჩინური გასაღებით ცხრაკლიტულში ჩავკეტე. ჰოდა იმ კაცმა მითხრა, კაცების მიმართ შიში გაქვსო და მათ მტრად აღიქვამო. რამდენად მეშინია მათი, ამაზე არ მიფიქრია.

ძველი ქალაქი ჩაირთო ინტერნეტში. მგონი მსმენელებმაც მოიმატეს. კი ნამდვილად მოიმატა:) რამაც უფრო მეტად გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა. სხვა ისეთი არაფერი ხდება საინტერესო. ველოდები შობას, კიდე კრუასანები მომინდა, ერთი პერიოდი ძაან შემიყვარდა და მერე ისევ შემზიზღდა, როგორც ყველანაირი ტკბილეული. ყოველდღიურად არის ცვლილებები. თუ გინდა კრუასანების სიყვარული იყოს. ამ კვირაში გიჟურად მინდოდა შამპანური, არადა ადრე დასანახად ვერ ვიტანდი. რა კარგია ცვლილებები,თუნდაც ასე უმნიშვნელო.

ამ ბოლო დღეებში კიინს ვუსმენ გადაჭარბებულად. ხანდახან რაღაცეებს გადაჭარბებულად ვაკეთებ.

Read Full Post »

%d bloggers like this: