Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ხელფასი’

ვერ ვიტან, დიდი მსუქანი ფანტელების შემდეგ მზე , რომ გამოანათებს და ყველაფერს წყლად აქცევს, ასეთ უაზრო ამბავს ნამდვილად ჯობია,  გადაუღებლად ითოვოს და სამსახურში მიმავალს ისეთი შეგრძნება არ მქონდეს, რომ ტალახიან ხილფაფაში მივაბიჯებ. ისე კი,  ყველაფერს მირჩევნია მალე დადგეს გაზაფხული, ჩემი რამდენიმე ლამაზი კაბა ჩავიცვა და მსუქანი და მძიმე კურტკები კარადაში შევინახო. ჯერჯერობით, ცხელი ჩაი გაბრიაძის კაფეში დავლიო და თეთრი, ძველი ფარდები და ტილოები გავიხსენო, დიდიხნის წინ რომ გაცვდა…და სადღაც, ჯანდაბაში გადავყარეთ.

მოკლედ, ქალური ამბებია.

თან, გაზაფხულზე ბავშვიც უნდა გაჩნდეს, მინდა ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და ყველანაირი ქირურგიული კვეთის გარეშე მოხერხდეს, მერე ბავშვის დამტოვებელი და აღმზრდელი გამომიჩნდეს და მე, ჩემს საქმეს მივხედო. უტა იძახის ბავშვს უცხო ქალივით არ ელაპარაკო, ცოდოაო, მე კი აზრზე არ ვარ რა უნდა ვუთხრა და  როგორ, მოვეფერო, ჯერ მუცლად მყოფს.

ჩემი ხელფასი, რომ გაორმაგდეს ამაზე კარგი არაფერი იქნება, ამიტომ წელს ჯანმრთელობასთან და სიყვარულთან ერთად, ამაზეც უნდა ვიფიქრო. პირობას ვდებ მხოლოდ, ძალიან საჭირო და სასიხარულო რამეებში დავხარჯავ.

მასწავლებელი უნდა გავხდე. ამაზე დიდიხანია ვფიქრობ, მაგრამ აქამდე საკუთარი თვითშეფასება მიშლიდა ხელს, ამ თემაზე სერიოზულად მეფიქრა, ხოდა ეხლა მკაცრად გადავწყვიტე მომავალ წელს აუცილებლად მეყოლება პატარა ჯგუფი, სადაც კარგ და სასიამოვნო რამეებზე ვილაპარაკებთ, როცა მოგვინდება იატაკზე დავჯდებით და ისე წავიკითხავთ სხვადასხვა ტექსტებს, ერთმანეთს მხოლოდ კარგ რამეებს მოვუყვებით და ა.შ და ა.შ . მთავარ მიზნებზე და გეგმებზე ჯერჯერობით მხოლოდ, ვორდის ფაილში ვწერ, იმედია რამე გამომივა.

ხოდა ასე…

 

Read Full Post »

ძაან, ძაან თბილად ვარ ეს დღეები, კარგი რამეებიც მოხდა და ცუდიც, ზოგ–ზოგიერთებმა ნაადრევად მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, ასე უფრო ჯობია, ამის შემდეგ ის მაინც იცი, ვარგა თუ არ ვარგა ის ადამიანი. ეხლა ისე ვწერ, თითქოს ადამიანზე კი არა პროდუქტის ვარგისიანობაზე ვლაპარაკობდე, მაგრამ დროებითი სიმშვიდე, რომ შეინარჩუნო ჯობია მიარტყა ეტიკეტი და თავი და მიანებო. მე არ ვარ ზედმეტად მეგობრული ადამიანი. სულ, რამდენიმე მეგობარი მყავს და ვერ ვიტყვი მათით ვცოცხლობ და ვხარობ მეთქი, მაგრამ გადაუმოწმებლად ვიცი, რომ ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, არასოდეს შევპირდები მათ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩემს ძალებს აღემატება, არასოდეს მოვიტყუებ თავს ილუზიებით და არც მათ მოვატყუებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები რაც შემიძლია ის გავაკეთო მათთვის. მეგობრობა– ეს არ არის ჩემი საყვარელი თემა, არც ზოგ–ზოგიერთებივით ვბერავ  რეალურ ფრენდ ლისტს ადამიანებით, დიახ, არ მჭირდება ასე გეგმიურად შევსებული სამეგობრო ლიმიტი და არ მჭირდება მეგობრული ფაბრიკაციები.

კარგი ამბავი: სამსახური მაქვს, ხელფასიანი სამსახური, თითქმის დაუჯერებელი ამბავია ასეთი კომბინაცია 🙂 უამრავ რამეს ვგეგმავ, უამრავი რაღაცის სწავლას ვაპირებ, მოკლედ სიცოცხლეს ვაგრძელებ. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი საკუთარი ფული მექნება, რომელიც შეიძლება სულაც სხვისთვის დავხარჯო, მაგრამ მთავარია იარსებებს თანხა, რომელსაც მე გამოვიმუშავებ, აი ეს მჭირდებოდა, ეს გრძნობა მაკლდა ამ თვეების განმავლობაში, რომელიც ყველაფერს მიღრღნიდა და არაფერს მიტოვებდა საიმედოს, თავი გაუფასურებული ბანკნოტი მეგონა, რომელსაც ნებისმიერ დროს მოისვრიდნენ ნაგავში. სამაგიეროდ, ეხლა ყველაფერი კარგადაა, მე არ ვარ მხოლოდ მეორე ნახევარი, რომელიც სახლში ზის და წიგნებს კითხულობს, სახლს ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს, ტანსაცმელს აუთოვებს, ქმარი ასმევს და აჭმევს. ვერასოდეს შევეგუები ასეთ ცხოვრებას და თუ შევეგუები ბედნიერიც არ ვიქნები.

მეორე კარგი ამბავი: ე.წ მარშუტკებში ორ კვირაში ზუსტად სამი წიგნი დავამთავრე, აქამდე იშვიათად  ვკითხულობდი მგზავრობისას, ეხლა როცა წიგნებისთვის გამოყოფილი დრო, შესამჩნევად შემიმცირდა, მინდა ყველა წუთი კითხვისთვის გამოვიყენო. მშვენიერია, როცა დროის გადანაწილება შეგიძლია, ამაზე სულ ჩიოდა დედაჩემი, ეხლა მგონი ისწავლა:)

ნახვამდის, ზედმეტად არ გადაგტვირთავთ!!!

 

Read Full Post »

%d bloggers like this: