Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘2011’

ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე.

მანამდე კი ,გზაში  ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს ახალი შეყვარებულები ვიყავით და საყვარელი ბიჭი მანქანით მასეირნებდა  ლამაზ ადგილებში, სადაც სხეულის არაფიზიკურ ნაწილში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. რატომღაც, სულ ასეთი განწყობა მაქვს, როცა ბედიანში მივდივარ. წელს პირველად თოვლი ამ გზაზე ვნახე და რაც შემეძლო, ყველაფერს ვიღებდი მობილურით , ძირითადად გაბლანდულ ფოტოებს და ვიდეოებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან სასიამოვნო იყო.

პირველი სასიამოვნო გაკვირვება ის იყო, რომ ბედიანში ბილაინმა დაიჭირა და ამისთვის უდიდესი მადლობა ამ ქსელს, შემდეგ კი თავისუფლად შევძელი, ჩემი თოვლიანი ფოტო ბოროტული კმაყოფილებით ამეტვირთა ფეისბუქზე:) .მთელი გზა უტას საყვარელ სიმღერებს ვუსმენდით, მანდატურებზეც ჩამოვარდა საუბარი და მე მთელი გზის განმავლობაში დედა შუშანიკის ნაჩუქარი ფსკვნილი არ გამიშვია ხელიდან. საოცარი შეგრძნებაა, როცა იმ ადამიანზე ლოცულობ, რომელიც გვერდით გიზის, მაგრამ მაინც აკეთებ ამას. არ მაინტერესებს, არავის შეხედულებები და ირონიული გადახვევები, უბრალოდ თუ გრძნობ, რომ რაღაც კარგს აკეთებ , ეს გრძნობა არასოდეს მოგატყუებს. საკუთარი გულები არასდროს მოგვატყუებენ, ამაში ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული.

როგორ, მიყვარს აჯაჯულ–დაჯაჯული (ჩაცმულობას ვგულისხმობ) სოფლის ბავშვების დანახვა, ხელები და სახე ერთიანად, რომ გასწითლებიათ, ხელები გაუხეშებული აქვთ და მაინც ისე საყვარლად დააბოტებენ ტალახში.

დედა შუშანიკმაც, პატარა სიურპრიზი მოგვიწყო, უტას სახლში ჩამოვიდა, ღუმელი დაგვინთო და ცხელი ჩაი დაგვახვედრა. შობის ღამეს ყველაზე კარგად ბედიანში ვგრძნობ თავს და ეს ტრადიცია, არც ამჯერად დაგვირღვევია. შობის ღამისთევაზე კი ყველაფერი ტრადიციულად ხდება, 11–საათამდე ვისვენებთ, მერე ავდივართ ტაძარში, სადაც ბედიანის მონასტრის დედები ტაძარს ლიტურგიისთვის რთავენ, ღუმელს ანთებენ და ასევე ტრადიციულია ისიც, რომ შობის ღამეს, როგორც კი ჩამოვჯდები პატარა ხის მორზე, ცოტა ჩამეძინება და რამდენიმე წუთში უტაც ჩამიკაკუნებს და ავტომატურად ვფხიზლდები.ტრადიცია ისიც, რომ ლიტურგიის დაწყებამდე, დედა შუშანიკის კელიაში უნდა ავიდე და ცოტა ხანს უნდა ველაპარაკო. ადრე, როცა მარტო ვიყავი და ბედიანის დედათა მონასტერში ჩავდიოდი, ამ პაწაწუნა კელიაში მე მომიჩენდნენ ადგილს. ღამის ოთხზე ლოცვაზე ყოველთვის მიჭირდა ადგომა, მაგრამ ხან დედა აგნია და ხან დედა ანტონინა მაღვიძებდნენ და მერე ყველაფერი, მარტივად ხდებოდა. დიდ შალებში გახვეული მონაზვნები და სხვა სტუმრები ჩადიოდნენ ტაძარში.

ეს ცალთვალდათხრილი თოჯინა, მეორე დილით სახლის ქვემოთ მირანდამ იპოვა, ვფიქრობ რომ ჩამოვაყვანინო ვინმეს, თვალიც მივაკერო, ის ძუნძგლიანი ტანსაცმელი გახადო და ახალი ჩავაცვა. დიდი კაცივითაა, თოჯინის დაძახება მასზე შეურაცხყოფაც კია.

ბედიანში, რომ არ წავსულიყავით რა მოხდებოდა? ვერ ვნახავდი თოვლს, ვერც ამ თვალდათხრილ კაცუნას, არც უტა ჩამიკაკუნებდა მხრებზე, არც თმებს გადამიწევდა თვალებიდან, არც არავინ დაგვინთებდა ღუმელს და ვერც უტა შეჭამდა, გადანახულ ჩირებს,არც წამოსვლის დროს, გზაში ვიყიდიდით ყველს. ნეტა აქაც მოთოვოს, რა მოხდება?

Advertisements

Read Full Post »

ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ახალი წიგნების წაკითხვის დროს აღარ მაქვს სინანულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა იმ მოტივით, რომ ნეტა რატომ ადრე არ წავიკითხე, ნეტა მომესწრო და ა.შ. პირიქით ეხლა უფრო მიხარია, ახალი და აღმოუჩენელი წიგნების წაკითხვა.

საახალწლო და ბედობის დღეებში, იმის მაგივრად რომ საშობაო ლიტერატურა მეკითხა და ბედნიერი განცდები დამებედებინა, ავდექი და ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის “ჩემი ბრძოლა” კითხვა დავიწყე.

თავიდან ვფიქრობდი, რა ვიცი მე მასზე ან ამ წიგნიდან რას გავიგებ უფრო მეტს, რას შევიტყობ ადამიანზე, რომელმაც ვიწრო ნაციონალური და რასისტული ფანატიზმის გამო, უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა მოახდინა, იქნებ ამ წიგნმა პასუხი გამცეს ამ კითხვებზე და თავიდანვე ამ საკითხს ფროიდისეულად მივუდექი და ამ ადამიანის ბავშვობაში დავაპირე პასუხის მოძიება. მაგრამ, ვერც ერთი ისეთი დეტალი ვერ აღმოვაჩინე, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ჰიტლერის ბოროტებას რაღაც , ბავშვობისეულმა შემთხვევამ მისცა გასაქანი. შემდეგ, კი თვითონაც გულწრფელად აღიარა, როგორ გახდა გულგრილი დამკვირვებლი ფანატიკური ანტისემიტი. 

თავიდან კი მეც, ძალიან მცირე და დილეტანტური ინფორმაცია მქონდა ამ ადამიანზე, მაგრამ არც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დააგროვო კომპეტენტური ცოდნა კაცზე, რომლის სახელიც მთელს დედამიწაზე ბოროტების სიმბოლოსთან ასოცირდება, ადამიანზე რომელიც გვამებზე შემდგარი ქადაგებდა რასობრივი უპირატესობის თეორიას და  მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საინტერესოა, საჭირო კითხვებზე პასუხის მოსაძებნად, თავად პირველწყაროს ლიტერატურა დავიხმაროთ.

ტოტალიტარული რეჟიმები, ძირითადად მეორადი ქვეყნების ისტორიული თუ სამომავლო კუთვნილებაა, იგი ხშირად მეორდება სხვადასხვა ისტორიული ასპექტით, მაგრამ “ფაშიზმის” მოვლენა  უნიკალური ბოროტების გამომოვლინებაა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დიდხანს ვერ მიეკუთვნება ავადმყოფობის კატეგორიას, რომლითაც ძალიან უცნაურია, მაგრამ ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყანა დაავადდა და შემდეგ განიკურნა.

ამ დღეების ქართული მოვლენები, ვეტერანების უმოწყალო დარბევას ვგულისხმობ, მაფიქრებინებს, რომ ისტორია ციკლურია და რა თქმა უნდა მეორდება ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის დროს, იქნება ეს ლიბერალური–დემოკრატიული, ტოტალიტარული, ავტორიტარული თუ დიქტატორული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეტერანების დარბევას და ფაშისტურ მოვლენებს, ერთმანეთს ვადარებდე, უბრალოდ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია და სამწუხაროდ,  არსებობს სისტემები, რომლებიც ადამიანის ბოროტებას კვებავს და გასაქანს აძლევს.

გუშინ, ვკითხულობდი ნინია კაკაბაძის სტატიას, რომელიც ისევ და ისევ ვეტერანების საკითხს ეხებოდა, სადაც ავტორი წერდა, რომ ეს საკითხი შეიძლებოდა ძალიან მარტივად გადაწყვეტილიყო თუ კი პრეზიდენტი მივიდოდა და დაელაპარაკებოდა ვეტერანებს, მოუსმენდა მათ და ეს ყველაზე ღირსეული ჟესტი იქნებოდა და მართლა , შეიძლება რაც მოხდა ის არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ასეთი პროგრესული ნაბიჯების გახსენება ახლო ისტორიაში გადავწყვიტე, სამწუხაროდ ვერც  ერთი, ასეთი ღირსეული შემთხვევა ვერ გავიხსენე. შეიძლება პრეზიდენტობის  და ღირსების ცნებები, არ არის კარგი კომბინაცია. 

პოსტის ბოლოს, მინდოდა რამდენიმე ამონარიდი მომეყვანა ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე პარალელი თქვენ თვითონაც გაგევლოთ, მაგრამ მგონი ყველაფერი ისედაც სახეზეა, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ჩვენი პოლიტიკა პათოლოგიზირებულია და განვითარების და ადამიანების უფლების დაცვის ნაცვლად, ყოველდღიურად ფაშისტურ ჩიხებს ვაწყდებით და რადგან, რიტორიკა ყველასგან მოსაბეზრებელია, აღარ დავსვამ რიტორიკულ შეკითხვებს.

პ.ს იმ უამრავი პათოლოგიური ნიშნებიდან, რომელიც ჰიტლერს გააჩნდა, ერთ ღირსებას გამოვყოფდი, დასანახად ვერ იტანდა ჩინოვნიკებს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ღირსეული ჩინოვნიკების არსებობა? ეეჰ, ისევ რიტორიკა…

ბონუსად, კი ეს სურათი ჩემგან. პარალელები, აქაც სახეზეა:))

Read Full Post »

როცა, ახალი წელი მობოგინდა და წაბოგინდა, მე ვფიქრობდი , რომ არ მეცვა წითელი ტრუსიკი მარადიული სიყვარულის სიმბოლო და არ მქონდა ყვითელი ფერის მაისური ან კაბა, ნიშანი გამდიდრების წინაპირობისთვის  და მაგიტომაც, სტანდარტულად უჟმურ ხასიათზე ვიდექი. მერე  გამახსენდა  ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე გამოვიყენე პრაქტიკაში, ხოდა, რასაც ხშირად ვიყენებ იმის გამეორება არ მიყვარს.

არც ახალ წელს გავიმეორებ, გახსენებად არ ღირს. ჩემი ვეფხვი დანაყრებული წაძუნძულდა, კატისგან კი რა ხეირს უნდა ველოდო, არ ვიცი.

უამრავი რამე და ვინმე გადმოვიყოლე ახალ წელში, ზოგი წინა წელში დავტოვე და ამით, ფაქტიურად საბოლოო წერტილი დავუსვი მათ ფუნქციონირებას, უცნაური კი რათქმაუნდა არაფერი გამიკეთებია, ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი.

ლურჯები მეცვა, უამრავ ხალხში ვიყავი–ვიჯექი და მაინც, ძალიან ცოტათი მოვიდა საახალწლო განწყობა, შეიძლება მე მაქვს დაზიანებული აღქმის უნარი თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ  ძაან ტკბილად მახსენდება წინა ორი წლის ახალი წლები, სულმოუთქმელად ხდებოდა რაღაცეები, ზედემტად ეგოისტურად, საშინლად ეგოცენტრულად, წელს კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ოჯახურ პონტში ხდება, ავდექით, დავირაზმეთ და ასე დარაზმულები შევხვდით ახალ წელს.

მე კიდე საშინელი ეგოისტი ვარ, ყველაფერი ჩემთვის მინდა, ჩემს ნაჭუჭში,ჩემს სითბოში, ჩემს გრძნობებში  და ჩემს დღესასწაულში, ზედმეტად ეგოისტი ვარ ალტრუისტობისთვის, თუ გინდა უწითელ ტრუსიკოდ და უყვითელ კაბოდ(ფილოლოგები შემრისხავენ, მაგრამ ყველა შეცდომას გააზრებულად ვუშვებ:)

ხოდა, ბოლოს ჩემს თავს შევძახებ: “დღესასწაულებზე, ცოტა იეგოისტეთ”.

Read Full Post »

ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ამ წელს, დავანებე  რადიოში მუშაობას თავი და სხვა სამსახური ვიშოვე, სადაც მე ვფიქრობ ჩემი მრავალწლიანი შემოქმედებითმა უძრაობამ დნობა დაიწყო და მეც ბევრი რამის სწავლა და კეთება მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ რაღაც 2 თვე გაგრძელდა, ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით ისე მორალურადაც. მერე ისიც დავკარგე და მერე გავთხოვდი.

გათხოვების მიუხედავად, მაინც ვერ შევეჩვიე სიტყვებს “გათხოვება”, “მეუღლე”, “ქმარი” და “ჩემი ოჯახი”, ზუსტად ამის გამო მე არ მყავს არც დედამთილი და არც მამამთილი, მული და მაზლები, ნუ კი მყავს მაგრამ, ისინი უტას დები და ძმები და მშობლები არიან, არც მე არ ვარ რძალი, არც უტა არ არის სიძე, არც მას ჰყავს სიდედრი და სიმამრი და ა.შ. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ ქართული ტრადიცული რძალ–დედამთილობის  და სიძე–სიდედრობის ეს  გაუკუღმართებული ინსტიტუტი (დამახინჯებულ ურთიერთობებს ვგულისხმობ, მარტო) განსაკუთრებით მახინჯდება სამეტყველო ურთიერთობის დამახინჯების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ბრჭყალებში მოცემული სიტყვები, ჩვეულებრივი ლინგვისტური ფორმალური თავისებურებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში ძალიან  გაიცვითა და დღევანდელ ისტორიულ დროსთან, უკვე არაადექვატურად  და ნეგატიურ კონტექსტში გამოიყურება , მაინც მგონია, რომ ეს სხვადასხვა დროს გაჩენილი საზოგადოებრივი მეტყველების წარმონაქმნები,დღეს  უკვე გადასაფასებელია და დროა დამდგარი, ახალი ენობრივი ურთიერთობის დასაწყისისათვის.

ამ წლის და კიდე წინა ორი წლის ჩემი ბექგრაუნდი უტაა და ძირითადად, ყველაფერი მასზეა დაშენებული, ამ პოსტში არ მოვყვები, თუ როგორ მიყვარს, რატო მიყვარს, რას წარმოადგენს და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთვის, რომ რამე ვაკეთო, რამე მინდოდეს, ყველაფერი მას უკავშირდება ისედაც, ჩემი გეგმები და ჩემი სურვილები, ჩემი ამბიციები და ჩემი დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა, ამიტომ ეხლა ჩემს წარუმატებლობებზე გადავალ.

“უფხო” ნიშნავს თევზს, რომელსაც ფხა არ აქვს და ასეთი თევზის წარმოდგენა ალბათ არავის გაუჭირდება, როგორ საცოდავად სცდილობს, მოიქნიოს თავისი უფხო სხეული. უფხო ვარ მეც, ბებიაჩემიც ესე მეძახდა,” უფხო და უცხვირპირო” და “ოჯახში არშესაშვები” და კიდევ ბევრი რამეს მეუბნებოდა, ხოდა მე მაშინ სულაც არ ვბრაზობდი, როცა არც ქათმის და არც თევზის გამოშიგვნას ვსწავლობდი მის გვერდით. ხოდა უფხო არ ვარ, როცა ქათამს თავის კუჭიანად მოხარშავ, ხორცის სოუსს ჩაწვავ და ნახშირად აქცევ, ღომს უნიტაზში ჩაასხამ, ერთ დღეში ლობიოს ისე აამჟავებ, რომ თავსაც მოიწამლავ და ქმარსაც მოწამლავ? მოკლედ, კულინარიულ შეცდომებსაც 2010 წელს ვატან:)

ფინანსური თვალსაზრისით, თეთრი ვეფხვის წელიწადი ჩემთვის წარმატებული სულაც არ ყოფილა. ვეფხვი ჩემი წლის ნიშანია და  მისგან განსაკუთრებულად, ფინანსურ დივიდენდებს ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს,სარგებლის მოტანის თვალსაზრისით პოტენციურად 2011–იც შეიძლება იყოს.

ჩემს ერთ–ერთ სურვილად, ჩემი ბლოგის გე – დომენზე გადაყვანაც მოიაზრება, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან ყველაფერი ისევ  ფინანსებთანაა კავშირში და არც ჩემი ბლოგი არაა ისეთი, რომ მისგან ფიდბექებს ვიღებდე ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ სანამ ბლოგები არ გახდება გაყიდვადი, მეც მგონია, რომ იქამდე თავს შევიკავებ, თან  ვორდპრეს.ქომი–ც ჯერჯერობით ღირსეულად და ერთგულად  მემსახურება.

ამ წელს მქონდა, რამდენიმე ლიტერატურული აღმოჩენა და  რამდენიმე ლიტერატურული ჩავარდნა და ეხლა არცერთზე არ ვაპირებ ეხლა წერას.

სხვა რა დავწერო არ ვიცი. მინდა ჩემმა ბლოგმა იმდენხანს იარსებოს, რომ მერე ჩემმა შვილიშვილებმა და შვილებმა იკითხონ, თუ რათქმაუნდა თოვლის ბაბუა მომიყვანს ერთ შვილს:)

ყველას ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ.

პ.ს ადრე შობის ღამეს, მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და იქ წიგნებს ვკითხულობდი. ასე გამიგია, ეგრე საშობაო სურვილები სრულდებაო.

Read Full Post »

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სულაც ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას, მგონი ყველა ასეა. გუშინ, სხვისი ნაძვის ხე გავაწყვეთ სხვის სახლში, სხვისი სათამაშოები დავკიდეთ ნაძვის ხეზე, ფერად “წვიმებს” რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის ოცნებები მახსენდებოდა, რომელსაც ეხლა ცოტა სხვანაირად განვახორციელებდი. მოკლედ, არც სხვისი ნაძვის ხე და არც სხვისი სათამაშოები, არ არის გასაკვირი და საერთოდაც არაფერი მიკვირს ამ ბოლო დროს.

გარდა იმისა, რომ მთელი კვირა დღე უტამ ჩემთან ერთად, სახლში გაატარა, იჯდა კომპიუტერთან და რაღაც, მინიკლიპებს თამაშობდა, მე კიდევ ვიჯექი მასთან ახლოს და თბილ შალში გახვეული, ჩემს წიგნებს ვკითხულობდი, თან ვუყურებოდი როგორ აღებდა პირს, როცა ვინმე უგებდა ან თითონ უგებდა. რაც, შეეხება თამაშებს, ვერ ვარ ღირსეული პარტნიორი , არ ვიცი კომპიუტერული თამაშები, არც სურვილი მაქვს ცოდნის, არ ვიცი ასევე კარტის თამაში, ერთი ეგ ვიცი, რომ “ჯოკერი და კოზირი” უპირატესია და “ტუზის” დაცემა, ყველა “პონტში” ცუდი პონტია:)

კიდევ, ერთი ესეს წერა დავიწყე, ეს ყველაფერი კი მზიან ფანჯარასთან გატარებული დღეების პროდუქტია. რამდენიმე, სქელტანიან წიგნს ვკითხულობ ერთდროულად და დავასკვენი, აუცილებელი რამაა სწორედ, რომ სქელტანიანი წიგნების კითხვა.

არ მაქვს ფული, არცერთი თეთრი და ლარი, ამის გახსენებაზე კი ეს ეკონომიკური დეპრესია უფრო და უფრო მიმძაფრდება, არადა როგორ მინდა ახალი წლის დილით საჩუქარი დავახვედრო  ნაძის ხესთან (აქ არ არის შეცდომა). ჩემს საყვარელ ადამიანებს, საშობაო საჩუქრები შევურჩიო და ა.შ და ა.შ

დღეს კიდევ, ერთხელ დავიგრუზე საკუთარი თავის გამო და ასევე საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარვის აღარ მოვიხსენიებ ცუდად, ყოველშემთხვევაში ძალიან შევეცდები, აღარც ის მაინტერესებს ვინ კონფორმისტია და ვინ ნონკონფორმისტი, ამის გამო არავის განვსჯი და საერთოდაც ყველას შევეშვები, რადგან სხვისი განსჯა ჩემი საქმე არაა და სხვებმა გააგრძელონ გადაუმოწმებლად ტალახის სროლა “დამნაშავეებისთვის”.

დღეს, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ხშირად უნდა დაუჯერო საყვარელ ბიჭს, აი მაგალითად თუ ის გეუბნება, რომ ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანები L ზომა უნდა იყიდო, შენ არ უნდა იწუწუნო, რომ  M ზომა უფრო უკეთესია, რადგან ხელზე კარგად გაქვს მომდგარი და არც გძვრება, რა იცი რა დროს გამოგადგება ეს L ზომა, განსაკუთრებით, მაშინ თუ ცოლი პროფესორობს და ჭურჭლის რეცხვა თქვენ მოგიწევთ.

მოკლედ, გავყიდი სექსუალურ ფანტაზიებს, საახალწლოდ ერთი საჩუქრის ფული მაინც, რომ მოვაგროვო, სხვა გასაყიდი არაფერი გამაჩნია!!!

Read Full Post »

%d bloggers like this: